გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2019
საქმის ნომერი
080210017002233358
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N2/3993-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

 

მოსარჩელე - მ--- ლ-------ე;

წარმომადგენელი - რ--------- ხ----–--–--ა;

მოპასუხე - ი---- ფ----------ე;

წარმომადგენელი - ი---- ბ-----–--ე, ს--–---- ბ--------–---–ი;

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):

 

მ--- ლ-------ე სასარჩელო განცხადებით მოითხოვს აეკრძალოს მოპასუხე მხარეს მისი საკუთრების ხელშეშლა და დაევალოს მისი კუთვნილი ნივთების - ტანსაცმელების გატანა მოსარჩელის საკუთრებიდან.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

 

ქ.ქუთაისში, ყ-------ს ქუჩა N21-ში მდებარე (საკადასტრო კოდი 0-----------) უძრავი ქონება არის მ--- ლ-------ის საკუთრება. ქონების სარგებლობასა და მფლობელობაში ხელს უშლის მოპასუხე, რადგან სახლში მდებარე დიდ კარადაში განთავსებული აქვს მისი ტანსაცმელები, რომელიც არ მიაქვს და აღნიშნულით ხელი ეშლება მოსარჩელეს შეუზღუდავად ისარგებლოს მისი საკუთრებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. ი---- ფ----------ის წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენლის განმარტებით, ყველა მოძრავი ნივთი შეძენილია მოპასუხის მიერ და დღეს უკანონოდ აქვს შეზღუდული ისარგებლოს მისი საკუთრებით. მოსარჩელემ ისინი უკანონოდ მიითვისა. სახლი რომელზედაც დავა არის, საცხოვრებლად ვარგისი სწორედ მოპასუხემ გახადა. შესაბამისად, არარსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ქ.ქუთაისში, ყ-------ს ქუჩა N21-ში (საკადასტრო კოდი 0-----------) მდებარე უძრავი ქონება მ--- ლ-------ის საკუთრებადაა რეგისტრირებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 18-19).

 

3.1.2. ქ.ქუთაისში, ყ-------ს ქუჩა N21-ში მდებარე (საკადასტრო კოდი 0-----------) უძრავი ნივთის სარგებლობის საკითხში მხარეებს დავა აქვთ. მოპასუხე ამტკიცებს, რომ უძრავი ქონება საცხოვრებლად ვარგისი გახადა მან, მასში ყველა მოძრავი ნივთი მისი შეძენილია, ამიტომ მოსარჩელეს უფლება არ აქვს სარგებლობა შეუზღუდოს მას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.3. 2018 წლის 05 იანვარს მოსარჩელის მიერ სახლზე შეცვლილი იქნა გასაღები, რის შემდეგაც მოპასუხე ი---- ფ----------ემ ვერ შეძლო ქ.ქუთაისში, ყ-------ს ქუჩა N21-ში მდებარე (საკადასტრო კოდი 0-----------) უძრავ ქონებაში შესვლა, სადაც არის მისი პირადი ნივთები. აღნიშნულის თაობაზე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია, რაზედაც შედგა შესაბამისი ოქმი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საპატრულო პოლიციიდან გამოთხოვილი მასალები (ს.ფ. 32-36).

 

3.1.4. 2018 წლის 14 მარტს შედგენილი ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 14 მარტს ი---- ფ----------ემ მისი ყოფილი მეუღლის დ----- ლ-------ის ოჯახიდან წამოიღო პირადი მოხმარების ნივთები, კერძოდ, ოქროს ნივთები მთლიანად, ბიჟუტერია და ტანსაცმელების ნაწილი. ოქმს ხელს აწერენ ი---- ფ----------ე და მ--- ლ-------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 14 მარტს შედგენილი ოქმი (ს.ფ. 69).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეები დავობენ უძრავი ქონების სარგებლობის უპირატეს უფლებაზე. აღნიშნული საკითხი ფაქტობრივი გარემოება არაა. საკითხი, თუ ვის აქვს უძრავი ქონებით სარგებლობის უპირატესი უფლება, დამოკიდებულია ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივ შეფასებაზე და მასზე სასამართლო იმსჯელებს ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

- საქართველოს კონსტიტუცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლით: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.

2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.

 

6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).

 

6.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლში იმპერატიულად აღნიშნულია: - „საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება".

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

 

კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ქ.ქუთაისში, ყ-------ს ქუჩა N21-ში მდებარე (საკადასტრო კოდი 0-----------) უძრავი ქონება მის საკუთრებადაა რეგისტრირებული. ქონების სარგებლობაში ხელს უშლის მოპასუხე და არ აძლევს მისი თავისუფალი სარგებლობისა და მფლობელობის საშუალებას, ანუ ხელყოფს მისი საკუთრების უფლებას, კერძოდ, არ მიაქვს სახლიდან მისი ტანსაცმელები, რის გამოც მოსარჩელე ვერ სარგებლობს მისი საკუთრებით სრულად. მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება, საკუთრების უფლების დაცვა და საკუთრების ხელყოფის აღკვეთის გზით დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს საკუთრების ხელშეშლის აღკვეთა.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 

ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილი იქნა, ქ.ქუთაისში, ყ-------ს ქუჩა N21-ში მდებარე (საკადასტრო კოდი 0-----------) უძრავი ქონება საქმის განხილვის მომენტისათვის მ--- ლ-------ის საკუთრებადაა რეგისტრირებული.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოში ისე სხვა ევროპულ ქვეყნებში საკუთრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება მოიცავს სამ ელემენტს - მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას.

 

მფლობელობა ეს არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რომელიც მოიპოვება მფლობელის ნებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. სარგებლობა ნიშნავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს ქონებით. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მესაკუთრე თვითონ წყვეტს ისარგებლოს თუ არ თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია. რაც შეეხება განკარგვას იგი გულისხმობს, როგორც ქონების გასხვისებას ასევე მის უფლებრივ დატვირთვასაც.

 

6.6. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან, კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნეს საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო, არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მის ხელშეუხებლობას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით. დადგენილია, რომ მოპასუხე არ არის ქ.ქუთაისში, ყ-------ს ქუჩა N21-ში მდებარე (საკადასტრო კოდი 0-----------) უძრავი ქონების მესაკუთრე. მოპასუხის პასიური ქმედებით მოსარჩელეს ხელი ეშლება ქონებით სარგებლობაში. თავის მხრივ მოპასუხეს არ აქვს ამ ქონების ფლობის უფლება. ის არ არის ქონების მართლზომიერი მფლობელი, ამიტომაც მას უნდა აეკრძალოს მოსარჩელეს ხელი შეუშალოს უძრავი ქონების სარგებლობაში და ვალდებულია გაიტანოს მისი ტანსაცმელები მოსარჩელის ქონებიდან. მოსარჩელე კუთვნილი ქონებით სარგებლობასა და მფლობელობაში თავისუფალი უნდა იყოს, ამიტომ მოპასუხეს უფლება არ აქვს მოსარჩელე შეზღუდოს მისი ქონებით სარგებლობაში თუ სხვა ტიპის მოქმედების განხორციელებაში. მესაკუთრეს უძრავი ქონების მართვის უპირატესი უფლება აქვს. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს მესაკუთრეს და მისი საკუთრების უფლება უნდა იქნეს დაცული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა.

 

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა საკუთრების ხელშეშლის აღკვეთას. დასახელებულ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი უნდა იქნეს სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი არის 120 ლარი. მოსარჩელეს ბაჟი წინასწარ არ აქვს გადახდილი. სარჩელის დაკმაყოფილების გამო სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით უნდა დაეკისოს მოპასუხეს. მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით 120 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ--- ლ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. აეკრძალოს მოპასუხე ი---- ფ----------ეს მოსარჩელე მ--- ლ-------ის საკუთრების ხელშეშლა და დაევალოს მისი კუთვნილი ნივთების - ტანსაცმელების გატანა მოსარჩელის საკუთრებიდან.

1.2. მოპასუხე ი---- ფ----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 120 (ასოცი) ლარის გადახდა.

2. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა