გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.02.2019
საქმის ნომერი
330310018002514246
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3988-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე და---- წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - ვე------ სი------

წარმომადგენელი - ალ---------- ამ-------–---–-

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - და---- ტე------

 

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (ასკ 16.2)

წარმომადგენელი - მზ-- ცე-----

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 მაისის №----------------- ბრძანება;

 

1.2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ვე------ სი------ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან პირადი პატაკი საფუძველზე დათხოვნის შესახებ 2018 წლის 14 მარტიდან.

 

2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია

2.1. მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

2.2. მესამე პირმა - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა მოპასუხის პოზციას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე ვე------ სი------ მსახურობდა ს----------–----–------------------------------------------–-------–-–--------------------------------–------------------------------------------------–-------------------------–---------------–-------------------------–-------------–-----------------–------------–--------------- თანამდებობაზე.

 

მოსარჩელე ვე------ სი------, 2018 წლის 13 მარტიდან არ გამოცხადდა სამსახურში და გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი, მისი ხელმძღვანელობისათვის არ უცნობებია, ხოლო 2018 წლის 15 მარტს, მისმა მეუღლემ, ოცეულის მეთაურს გადასცა მოსარჩელე ვე------ სი------ს პატაკი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე.

 

მოსარჩელე ვე------ სი------ს პატაკი, სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, ს----------–-------–-–--------------------------------–------------------------------------------------–--- საქმის წარმოების ორგანიზების ჯგუფში (კანცელარიაში) რეგისტრირებული არ ყოფილა დადგენილი წესით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა (ს.ფ. 20-21);

- ს----------–-------–-–--------------------------------–------------------------------------------------–--- უფროსის წერილობითი მიმართვა (ს.ფ.23);

- საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის 2018 წლის 25 დეკემბრის ცნობა (ს.ფ.70);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2018 წლის 28 მარტს დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება მოსარჩელე ვე------ სი------ს მიერ, სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე და ჩატარებული შემოწმების შედეგად, 2018 წლის 4 აპრილს დაამტკიცა დასკვნა, სადაც აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვე------ სი------მ 5 დღეზე მეტი ხნით, თვითნებურად მიატოვა სამსახური, რის გამოც მიზანშეწონილი იყო მას შეფარდებოდა დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 მაისის ბრძანებით, მოსარჩელე ვე------ სი------ს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა 2018 წლის 14 მარტიდან.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- გენერალური ინსპექციის დასკვნა (ს.ფ. 19-21);

- ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 მაისის №----------------- ბრძანება (ს.ფ. 4);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვე------ სი------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” და ,,ნ” ქვეპუნქტების თანახმად, მინისტრი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომლებს, წარადგენს მათ სახელმწიფო ჯილდოზე. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 მაისის №----------------- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელე ვე------ სი------ს მოთხოვნა პირადი პატაკი საფუძველზე, სამსახურიდან 2018 წლის 14 მარტიდან დათხოვნის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

 

სასამართლო აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვან დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც საჯარო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე - ვე------ სიჭინავს სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

 

სასამართლო სადავო სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს, რომლის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს ,,პოლიციის შესახებ“ და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონები. საჯარო მოსამსახურე კი წარმოადგენს საჯარო მმართველობაში დასაქმებულ პირს, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, აღჭურვილი და გარანტირებული მოცემული სამართლის ინსტიტუტებით, უფლებამოსილებებითა და სტანდარტებით ისევე, როგორც, დატვირთული ამ სამართლით დადგენილი საჯარო ვალდებულებების აღსრულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვე------ სი------ მსახურობდა ს----------–----–------------------------------------------–-------–-–--------------------------------–------------------------------------------------–-------------------------–---------------–-------------------------–-------------–-----------------–------------–--------------- თანამდებობაზე. ამდენად, ის წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს.

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე“, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

 

აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებები დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნას; პ) გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო.

 

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვე------ სი------, 2018 წლის 13 მარტიდან არ გამოცხადდა სამსახურში და გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი, სამსახურისათვის არ უცნობებია, ხოლო 2018 წლის 15 მარტს, მისმა მეუღლემ, ოცეულის მეთაურს გადასცა მოსარჩელე ვე------ სი------ს პატაკი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე. ამასთან, მოსარჩელე ვე------ სი------ს პატაკი, სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე, ს----------–-------–-–--------------------------------–------------------------------------------------–--- საქმის წარმოების ორგანიზების ჯგუფში (კანცელარიაში) რეგისტრირებული არ ყოფილა დადგენილი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსამსახურის სურვილი აღარ იყოს საჯარო მოსამსახურე გამომდინარეობს კონსტიტუციური დათქმიდან - შრომა თავისუფალია, აღნიშნული განსაზღვრება მოიცავს პირის უფლებას თავად გადაწყვიტოს იყოს თუ არა დასაქმებული. არავის აქვს უფლება, მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულოს პირი იშრომოს, პირის ეს უფლება, ეს სტანდარტი აღიარებულია საერთაშორისო აქტებით. პირის სურვილი აღარ იყოს დასაქმებული საჯარო სამსახურში (კონკრეტულ პოზიციაზე) წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებას და არავის აქვს უფლება და სამართლებრივი შესაძლებლობა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ითვლებოდეს საჯარო მოსამსახურედ და ასრულებდეს საჯარო მოვალეობებს.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო მოსამსახურემ, საკუთარი ნება სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით უნდა გამოხატოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რათა დამსაქმებელ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები, როგორც სახელმწიფო ინტერესების, ისე თვით საჯარო მოსამსახურის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად.

 

სასამართლო მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე თავისუფლდება სამსახურიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 14 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოხელე სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს და მისი გათავისუფლება საფრთხეს არ უქმნის საჯარო დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. ამასთან, აღნიშნული მუხლი მოხელეს აძლევს შესაძლებლობას, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, მოითხოვოს განცხადების განუხილველად დატოვება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო, ასევე მიუთითებს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 36-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურე პირადი განცხადებით (პატაკი) თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მის დანიშვნაზე უფლებამოსილი პირი უარს არ აცხადებს მისი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე. უარი განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე დასაშვებია, თუ მოსამსახურის გათავისუფლებამ შეიძლება ზ--ნი მიაყენოს სახელმწიფო ინტერსებს. განცხადების (პატაკი) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებაზე უარის შემთხვევაში, ეს პატაკი უნდა დაკმაყოფილდეს არა უგვიანეს ერთი თვისა, უარის განცხადების დღიდან.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმები, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე პირადი განცხადების რეგისტრაციიდან, სულ მცირე 14 სამუშაო დღე არ დააკმაყოფილოს მოსამსახურის განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, თუ მოსამსახურის მიერ არ არის მოთხოვნილი მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. შესაბამისად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე ვე------ სი------ს განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე დადგენილი წესით, ადმინისტრაციულ ორგანოში (უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულში) არ ყოფილა რეგისტრირებული და ამასთან, მას განცხადებით არ მოუთხოვია დაუყოვნებლივ გათავისუფლება, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მისი დაუყოვნებლივ სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით, გარკვეული პერიოდი თავის შეკავება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: დაინტერესებული პირის განცხადება, ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.

მითითებული კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის და 79-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გაატაროს განცხადება მიღების დღესვე და დასვას მასზე რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს სამინისტროს მოსამსახურის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.

 

ამრიგად, მითითებული ნორმის სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ ხორციელდება, ხოლო ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, პოლიციელი ვალდებულია უზრუნველყოს მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის მე-2 მუხლის, 2.7. და 2.10. პუნქტების მიხედვით, თითოეულმა პოლიციელმა უშუალოდ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები უნდა შეასრულოს პატიოსნად და კანონის მოთხოვნების შესაბამისად. პოლიციელი მუდამ მზად უნდა იყოს პროფესიული მოვალეობების შესრულებისათვის. დაუშვებელია ამ მოვალეობებისაგან თავის არიდება არასაპატიო მიზეზებსა და გარემოებებზე მითითებით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის მე-8 თავის თანახმად, ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ვე------ სი------მ, მისი სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე - მასთან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე, უარი თქვა სამსახურში გამოცხადებასა და მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე.

 

6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, ტერიტორიულ ორგანოებზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნიან გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი.

 

აღნიშნული მუხლის მე-41 და მე-42 პუნქტების მიხედვით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია მოსთხოვოს/ჩამოართვას სამინისტროს ნებისმიერ მოსამსახურეს წერილობითი ან ზეპირი განმარტება.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2018 წლის 28 მარტს დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება მოსარჩელე ვე------ სი------ს მიერ, სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე და ჩატარებული შემოწმების შედეგად, 2018 წლის 4 აპრილს დაამტკიცა დასკვნა, სადაც აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვე------ სი------მ 5 დღეზე მეტი ხნით, თვითნებურად მიატოვა სამსახური, რის გამოც მიზანშეწონილი იყო მას შეფარდებოდა დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 მაისის ბრძანებით, მოსარჩელე ვე------ სი------ს შეეფარდა დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა 2018 წლის 14 მარტიდან.

 

სასამართლო მიუთითებს სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული წესის 41-ე მუხლის 11 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად მიატოვებს სამსახურს 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნით, სამსახურიდან დათხოვნილად ჩაითვლება თვითნებური მიტოვების მეორე სამუშაო დღიდან.

 

ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იმ პირობებში გამოსცა მოსარჩელე ვე------ სი------სთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების - სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, როდესაც მან, 2018 წლის 13 მარტიდან, თვითნებურად მიატოვა სამუშაო 5 დღეზე მეტი ხნით.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე - 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზ--ნს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, შესაბამისად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 მაისის №----------------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზ--ნს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ არ ცნო კანონშეუსაბამოდ ,,დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 21 მაისის №----------------- ბრძანება, სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ვე------ სი------ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან პირადი პატაკი საფუძველზე დათხოვნის შესახებ 2018 წლის 14 მარტიდან, ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ვე------ სი------ს წარმომადგენლის მიერ, სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი და გამომდინარე იქედან, რომ კანონით არ ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა მას უნდა დაუბრუნდეს უსაფუძვლოდ გადახდილი ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე 23-ე 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვე------ სი------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. მოსარჩელე ვე------ სი------ს დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის - ალ---------- ამ-------–---–-ს მიერ, 2018 წლის 13 ივლისს №- საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი ,,სახელმწიფო ხაზინა”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, და---- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე და---- წერეთელი