გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3-----------------
საქმე №3/2287-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი
მოსარჩელე - თ--------–--------
წარმომადგენელი - ნ-----------ი
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - გ---–------–------ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 28 თებერვლის №------–------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ--------–--------სათვის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უდნა დაკმაყოფილდეს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. თ--------–-------- მსჯავრდებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბერს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 წლისა და 8 თვის ვადით. დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 წლის, 7 თვისა და 22 დღის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 თებერვლის განაჩენით, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 წლისა და 2 თვის ვადით და ჯარიმა 5500 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლის, 4 თვისა და 15 დღის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 26 ივლისის დარჩა უცვლელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის განაჩენით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განაჩენით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2015 წლის 30 ოქტომბერს N8 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილ იქნა N15 პენიტენციურ დაწესებულებაში. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 25 აპრილის N6264 ბრძანების საფუძველზე, სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და განთავსებულ იქნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 28 თებერვლის №------–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-17);
3.2. 2018 წლის 9 თებერვალს მსჯავრდებულმა თ--------–--------მ განცხადებით მიმართა აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს და მოითხოვა დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს N0-----–------- გადაწყვეტილებით მსჯავრდებულ თ--------–--------ს მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 28 თებერვლის №------–------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 13-17);
3.3. ქორწინების მოწმობის N0---------- თანახმად, 2017 წლის 13 ივლისს იქორწინეს თ--------–--------მ და ლ--–---------–---–მა.
2018 წლის 31 აგვისტოს N01--------- დაბადების მოწმობის თანახმად, 2018 წლის 29 აგვისტოს თ--------–--------სა და ლ--–---------–---–ს შეეძინათ შვილი - მ--------–------ია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 203);
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 205);
3.4. 2018 წლის 4 დეკემბრის საგადახდო დავალების თანახმად, დ--------------ამ გადაიხადა თ--------–--------ს სასარგებლოდ პატიმრობის სადეპოზიტო თანხა - 5 000 ლარი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საგადახდო დავალება (ს.ფ. 215).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ--------–--------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება (ძალადაკარგულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 07.08.2018, №320 ბრძანებით). საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 28 თებერვლის N0-----–------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების წესს განსაზღვრავს პატიმრობის კოდექსის მე-40 მუხლი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი; ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი; დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო).
პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად აუცილებელი დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული ნორმის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის შესახებ იღებს მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, მე-7 ნაწილის შესაბამისად კი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში - საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანს წარმოადგენს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ.
დებულების მე-7 მუხლის თანახმად, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ საქმეებს. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. მითითებული დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შუამდგომლობით საბჭოს მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი. შუამდგომლობას შესაძლებელია ახლდეს დამატებითი დოკუმენტაცია.
აღნიშნული დებულების მე-11 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას საბჭო ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით და გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. ამავე დებულების მე-13 მუხლის მიხედვით, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ა.შ.; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში (გამოყენებული დისციპლინური, ადმინისტრაციული და წახალისების ღონისძიებები) – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო წარსულში ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივმა საბჭომ პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, იმსჯელა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით, გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან, ასევე მისი ოჯახური მდგომარეობა და სხვა პიროვნული მახასიათებლები, თუმცა ყურადღება გაამახვილა ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე, კერძოდ იმ ფაქტზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია სხვადასხვა სახის, მათ შორის ძალადობრივი ხასიათის, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც მომეტებული საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. მსჯავრდებული არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს. სასჯელის მოხდის პერიოდში მის მიმართ არაერთხელ იქნა გამოყენებული დისციპლინური ღონისძიება. შესაბამისად, აღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლა მიზანშეუწონლად მიიჩნია.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ''ა'' ქვეპუნქტი გულისხმობს კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის შეფასებას: აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ა.შ., რაც უნდა აისახოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. ამავე პუნქტის ''ე'' ქვეპუნქტის მიხედვით მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
6.3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი საბჭოს წარუდგენს შუამდგომლობას სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე და საბჭო ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი, ვალდებულია ზეპირი მოსმენით სხდომის გამართვამდე, საბჭოს წარუდგინოს ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საბანკო გარანტია/სააგენტოს სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე შესაბამისი თანხის განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი/აპარატურის დაზღვევის შესახებ შესაბამისი სადაზღვევო პოლისი, „შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვ.;
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის გადაწყვეტის მიზნით მიღებული გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ისეთ გარემოებაზე მითითებით, რომელიც ახსნის, თუ რატომ უშლის ხელს სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის დადებითად გადაწყვეტას ჩადენილი დანაშაულის ხასიათი კონკრეტული პირის მიმართ, ამ პირის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით. ამასთან, პიროვნული მახასითებლები გამოკვლეულ უნდა იქნეს დინამიკაში, საჭიროების შემთხვევაში ზეპირი მოსმენით გამართულ სხდომაზე პიროვნების უშუალო შეფასებითა და ყველა კრიტერიუმის შეპირისპირებით. გარდა ამისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეაფასოს ის გარემოება, რომ 2018 წლის 29 აგვისტოს თ--------–--------სა და ლ--–---------–---–ს შეეძინათ შვილი - მ--------–------ია. ასევე, სასამართლოში დავის განხილვისას მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია სადეპოზიტო თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ მიუთითოს ფაქტორებზე, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს დაუპირისპირა საკითხის გადაწყვეტის მიზნით, არამედ მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა ასახოს სწორედ მსჯელობა, რომელიც ახსნის ამგვარი გადაწყვეტილების კანონზომიერებას. ამგვარი დასაბუთების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერება და შეფასდეს მისი კანონშესაბამისობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლიდან გამომდინარე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის, მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა გარემოება, რომელმაც შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის ხელახლა განხილვისას სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება განაპირობოს, ვინაიდან მსჯავრდებულის პიროვნების შეფასების კრიტერიუმები მოიცავენ მნიშვნელოვანი საკითხების შეფასებასა და გამოკვლევას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს უნდა დაეკისროს ა-----------------ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, 271-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ--------–--------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 28 თებერვლის №0----–------- გადაწყვეტილება და დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს სრულყოფილი გარემოებების გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ--------–--------ს მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე;
3. მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივ საბჭოს დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე