გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.11.2018
საქმის ნომერი
330310018002342742
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1476-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ზ----------------ე

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ო-------------–--ე

 

დავის საგანი - დისკრიმინაციის მსხვერპლად აღიარება, დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. აღიარებულ იქნეს ზ----------------ე დისკრიმინაციის მსხვერპლად; აღმოიფხვრას მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ყველა ფორმა და კანონდარღვევა, ის შედეგები, რომელიც დაკავშირებული იყო მის პოლიტიკურ (სახელმწიფოებრივ) პოზიციასთან და შეხედულებასთან, მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულებისა და მინიჭებული უფლებების ჯეროვნად შესრულებასთან; უზრუნველყოფილ იქნეს მისი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა;

 

1.2. არარად იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2005 წლის 24 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება და 2005 წლის 2 დეკემბრის №---- პ/შ ბრძანება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 88);

 

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 13 მაისის №---- პ/შ ბრძანება;

1.5. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ----------------ის აღდგენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე და იძულებითი არყოფნის პერიოდი ჩაუთვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ნამსახურობის სტაჟად;

 

1.6. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ----------------ისთვის იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი ხელფასის (სასამართლოში სარჩელის შეტანის პერიოდისათვის 133 თვე) 89110 ლარის (670 X 133 = 89110) ანაზღაურება;

 

1.7. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზ----------------ისთვის სარჩელის სასამართლოში შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 670 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. მას მაღალი თანამდებობები ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში, 1992-1995 წლებში და მინიჭებული ჰქონდა ვიცე პოლკოვნიკის წოდება. 1995 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა საქართველოს პ----–---------–----ად, ხოლო 2003-2007 წლებში ლ--------–--ის გ----–--ის საქმესთან დაკავშირებით, იცავდა კ--–-----ისა და პოლკოვნიკ ბ-----–-----------ის ინტერესებს. 2005 წლის აპრილიდან 2006 წლის 13 მაისამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თ---–--–ე და ჰქონდა პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის ჩინი. მინისტრთან შეთანხმებით ჩართული იყო სა----------------------ულ ჯგუფში, რომელიც აწარმოებდა ლ--------–--ის გ----–--ის საქმეს.

 

მოსარჩელემ განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თ---–--–ედ მუშაობის პერიოდში მის მიმართ მიმდინარეობდა თვალთვალი და მუქარები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. 2006 წლის 27 მარტს მან გაზეთ ა-----–---------–ს მისცა ვრცელი ინტერვიუ, რითაც კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ამხილა მაღალი რანგის მოხელეთა დანაშაულებრივი საქმიანობა და არსებული ძალადობრივი რეჟიმი. ინტერვიუს შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 13 მაისის ბრძანებით უკანონოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და დაითხოვეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში. 2006 წლის ივნისში კ--–--ის საქმესთან დაკავშირებით უკანონოდ დააპატიმრეს პ---–---------------–-----------ე (ბ. საღინაძის მიმართ არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 27.05.2010 წლის საქმე 18768/05 „საღინაძე და 5 სხვა საქართველოს წინააღმდეგ“), რომელიც საქართველოს პარლამენტის 2012 წლის დადგენილებითა და „ამინისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით, როგორც პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

 

მოსარჩელის განმარტებით, ბ-----–-----------ის დაპატიმრების შემდეგ, მის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა დევნა და მუქარები. შესაბამისად, ვინაიდან მისი საქართველოში დარჩენა სახიფათო გახდა, 2007 წლის 3 მარტს დატოვა საქართველო და გ--------- სახელმწიფოს მიმართა პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით. ქ. ბ------–------ ადმინისტრაციული სასამართლოს 2011 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, გ--------- სახელმწიფომ მოსარჩელე ცნო პოლიტიკურ დევნილად. მოსარჩელის შესახებ შექმნილია დოკუმენტური ფილმი „პ---–------------------–-------------“ . 2015 წლის 8 აგვისტოს გ--------- სახელმწიფომ საქართველოს მოქალაქეობის დათმობის გარეშე, გამონაკლისი წესით მოსარჩელეს მიანიჭა გ--------- მოქალაქეობა, მაგრამ სურს საქართველოში დაბრუნება და შელახული უფლების აღგენა-რეაბილიტაცია.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ზ----------------ე 1992 წლის 17 დეკემბრიდან 1995 წლის 13 ოქტომბრამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებში, სხვადასხვა თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1992 წლის 17 დეკემბრის №--- პ/შ ბრძანება (ტ. I., ს.ფ. 254);

- საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1993 წლის 4 აპრილის №--- პ/შ ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 253);

- საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1994 წლის 16 სექტემბრის №--- პ/შ ბრძანება (ტ. I, ს.ფ. 252);

- საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1995 წლის 15 მარტის №--- პ/შ ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 251);

- -საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს 1995 წლის 13 ოქტომბრის №--- პ/შ ბრძანება (ტ. I , ს.ფ. 250);

- ნამსახურობის ნუსხა (ტ. I, ს.ფ. 255-263).

 

3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 30 მარტის №---- პ/შ ბრძანებით ზ---------–-----------------------ძე მიღებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და დაინიშნა სამინისტროს ადმინისტრაციის სამდივნოში მინისტრის თ---–--–ედ (განყოფილების უფროსად).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 30 მარტის №---- პ/შ ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 249).

 

3.3. ზ----------------ემ სხვადასხვა საგაზეთო გამოცემებს (გაზეთი ,---------------------–---------–----------------------------------–---------------–------------–-------–-“) მისცა ინტერვიუ ლ--------–--ის საქმის ირგვლივ, ასევე გამოთქვა მოსაზრებები პოლიციაში დასაქმებული მაღალი თანამდებობის პირთა შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგაზეთო სტატიები (ტ.1. ს.ფ. 28-50).

 

3.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა 2005 წლის 24 ნოემბრის №---------- შუამდგომლობით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს, შსს ადმინისტრაციის სამდივნოს მინისტრის თ---–--–ის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ზ---------–-----------------------ძის შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდსნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2005 წლის 24 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება (ტ.II. ს.ფ. 62).

 

3.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2005 წლის 2 დეკემბრის №---- პ/შ ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის სამდივნოს მინისტრის თ---–--–ე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ზ---------–-----------------------ძე გათავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2005 წლის 2 დეკემბრის №---- პ/შ ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 247).

 

3.6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 13 მაისის №---- პ/შ ბრძანებით შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის სამდივნოს მინისტრის ყოფილი თ---–--–ე, პოლიციის პოლკოვნიკი ზ---------–-----------------------ძე დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში 2006 წლის 2 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში დათხოვნის შესახებ 2006 წლის 13 მაისის №----პ/შ ბრძანება (ტ. I. ს.ფ. 125).

 

3.7. ზ----------------ემ სარჩელით მიმართა ბ------–------ ადმინისტრაციული სასამართლოს მოპასუხე გ--------- ფედერაციული რესპუბლიკის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის მიმართ. მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ 2008 წლის 26 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებით მოპასუხე ვალდებულია აღიაროს მოსარჩელე თავშესაფრის მიღებაზე უფლებამოსილ პირად და ასევე, დაადგინოს, რომ უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ კანონის §60 აბზ. 1-ის პირობები მის შემთხვევაში შესრულებულია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ------–------ ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება (ტ.I. ს.ფ. 106-114).

 

3.8. გ--------- ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქემ ზ----------------ემ 2015 წლის 23 ოქტომბერს მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების მოთხოვნით.

 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განცხადების განხილვისას შეისწავლა საქართველოსთან ზ----------------ის სამართლებრივი კავშირი და დაადგინა, რომ იგი ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ.

 

საკითხი ასევე განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთა კომისიამ 2015 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე და შეაფასა ზ----------------ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების მასალები, მათ შორის, განმცხადებელთან/ წარმომადგენელთან/რეკომენდატორთან გასაუბრების შედეგები და დაადგინა, რომ მის მიმართ არსებობდა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2015 წლის 28 დეკემბერს გასცა დასკვნა გ--------- ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქის - ზ----------------ის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისა და იმავდროულად, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ.

 

„სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 30 დეკემბრის №--- ბრძანებულების თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით ზ----------------ეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

 

„სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 30 დეკემბრის №--- ბრძანებულებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გ--------- ფედერაციის რესპუბლიკის მოქალაქე ზ----------------ეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2015 წლის 28 დეკემბრის №---------- დასკვნა (ტ.I. ს.ფ. 119-120);

- საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 30 დეკემბრის №--- ბრძანებულება (ტ.I. ს.ფ. 117);

- საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 30 დეკემბრის №--- ბრძანებულება (ტ.I. ს.ფ. 118).

 

3.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის განჩინებით (საქმე №ა-1----–--------) ზ----------------ეს უარი ეთქვა გ--------- ფედერაციული რესპუბლიკის ქ. ბ------–------ ადმინისტრაციული სასამართლოს 2011 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის წარმოებაში მიღებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის №ა-1----–-------- განჩინება (ტ. I, ს.ფ. 163-165).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი; სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი, რომლის ბათილად ცნობასაც მოითხოვს მოსარჩელე და მიღებულია ზ----------------ის შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.

 

სასამართლოს დასკვნით, სწორედ ამ კუთხით არის აღძრული სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2005 წლის 24 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილებისა და 2005 წლის 2 დეკემბრის №---- პ/შ ბრძანების არარად აღიარებასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა, მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან, ამ პერიოდის სტაჟში ჩათვლასთან, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და დისკრიმინაციული ქმედებებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტისათვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, ჰქონდა თუ არა ადგილი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას, განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც გამოიხატა ჯერ მისი სამსახურიდან გათავისუფლებაში, ხოლო შემდეგ, მის პოლიტიკურ დევნილად ყოფნაში. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის თ---–--–ედ მუშაობის პერიოდში, ვინაიდან იგი ფლობდა ლ--------–--ის გ----–--ის საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ამხილა მაღალი რანგის მოხელეთა დანაშაულებრივი საქმიანობა და არსებული ძალადობრივი რეჟიმი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები მის მიმართ ახორციელებდნენ ფარულ თვალთვალს და აშკარა მუქარას. შესაბამისად, ზ----------------ე თვლის, რომ წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც ეხება პირთა თანასწორობას, ადგენს, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა.

 

ზემოაღნიშნული მე-14 მუხლისაგან განსხვავებით, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით, კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონით დადგენილი, ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა; დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაზე და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებულია სახელმწიფოებრივი ნება სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრებისა, რომელიც პირდაპირ კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია პირის უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანსა და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში.

 

ადამიანთა თანასწორობის პრინციპს ემსახურება საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) მე-14 მუხლი, რომელიც ადგენს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება №2/1/536 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ”, II-19).

 

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლების მიზნებისთვის, არსებითად თანასწორი პირების მიმართ ნებისმიერი სახის დიფერენცირება დისკრიმინაციულ მოპყრობად არ ჩაითვლება. კონსტიტუციის მე-14 მუხლი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, ნებისმიერ შემთხვევაში სრულად გაათანაბროს არსებითად თანასწორი პირები. იგი უშვებს გარკვეული დიფერენცირების შესაძლებლობას... [ვინაიდან] ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც კი იყოს... ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური ნიშნებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №2/5/556 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ია უჯმაჯურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე, სადავო ნორმით დადგენილი განსხვავებული მოპყრობის საფუძველზე, კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩარევა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიფერენცირება ხდება არსებითად თანასწორ პირებს შორის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისკრიმინაციის სამართლის პრინციპები განმტკიცებულია საქართველოს კანონით „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, კერძოდ, კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.

 

სასამართლო მიუთითებს ხსენებული კანონის მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმპერატიულად კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

 

სასამართლო ასევე მოიხმობს საქართველოს ორგანულ კანონს „შრომის კოდექსს“, რომლის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.

 

ამდენად, დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლის მიზანია საშუალება მისცეს ინდივიდებს, რომ თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე. იგი იმპერატიულად კრძალავს ნებისმიერ პირდაპირ და არაპირდაპირ დისკრიმინაციას. პირდაპირ დისკრიმინაციას ახასიათებს არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება. ამისთვის უნდა დადგინდეს, რომ ანალოგიურ, ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირებს უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციული ნიშნით ხდება. თავის მხრივ, განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას რომ განსხვავებული მოპყრობა ისახავს ლეგიტიმურ მიზანს და არსებობს გონივრული თანაზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის. განსხვავებული მოპყრობა და შესადარებელი კატეგორია ერთად უნდა იქნას განხილული, რამეთუ განსხვავებული მოპყრობა არ არსებობს აბსტრაქტულად, ის იკვეთება ვინმესთან შედარებით. შესაბამისად, საჭიროა კომპარატორი - ანუ ადამიანი ანალოგიური მდგომარეობით; ამ ორს შორის კი მთავარი განსხვავება სწორედ „დაცული საფუძველია“ (მაგ: სქესი, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებანი და სხვა).

 

ამასთან, მართლია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთაშორისო თუ ეროვნული სტანდარტები კრძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ, მოხელის სახით, ვინმეს მიმართ განახორციელა განსხვავებული მოპყრობა, მაშინ ამ განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს ,,ობიექტური და გონივრული გამართლება“. ხოლო, იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი. ამდენად, სახელმწიფოებს ეკისრებათ ნეგატიური ვალდებულება თანასწორად მოეპყრან თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს და შესაბამისად, მისი როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაში.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის ვარაუდი დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ მტკიცებულებებსა და ფაქტებს, რასაც იგი წარუდგენს სასამართლოს და სათანადოდ დაასაბუთებს ამგვარი ფაქტის არსებობას. ამავე ნორმის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს ის გარემოება, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციულ მოპყრობას, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი დავის არსზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დადგინდეს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის შედეგად ზ----------------ის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი. სასამართლოს შეფასებით, ის გარემოება, რომ პირს სხვა ქვეყნის მიერ მინიჭებული აქვს მოქალაქეობა, ასევე, „სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და იმავდროულად საქართველოს მოქალაქეებისათვის მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება“ ავტომატურად არ აქცევს პირს დისკრიმინაციის მსხვერპლად და საჭიროა კონკრეტულად ამ უკანასკნელი გარემოების დამადასტურებელ გარემოებებსა თუ მტკიცებულებებზე მითითება, რაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო. იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა სხვადასხვაა, განსხვავებულია მათ გადასაწყვეტად საჭირო ფაქტობრივი გარემოებებიც. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, საქმეში წარმოდგენილი მასალების ურთიერთშეჯერებით ვერ დადგინდა, რომ ზ----------------ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მხოლოდ მის მიმართ განსხვავებული მოპყრობის შედეგს, მის მიერ კონკრეტული ინფორმაციის ფლობის გამო.

 

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიმართ დაცული ნიშნით განსხვავებული მოპყრობის ფაქტი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოსარჩელის მოთხოვნა.

 

6.3. მოსარჩელე ასევე მოითხოვს არარად იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2005 წლის 24 ნოემბრის №---------- გადაწყვეტილება და 2005 წლის 2 დეკემბრის №---- პ/შ ბრძანება.

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა 2005 წლის 24 ნოემბრის №---------- შუამდგომლობით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს, შსს ადმინისტრაციის სამდივნოს მინისტრის თ---–--–ის, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ზ---------–-----------------------ძის შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2005 წლის 2 დეკემბრის №---- პ/შ ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის სამდივნოს მინისტრის თ---–--–ე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ზ---------–-----------------------ძე გათავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, მხოლოდ ის გარემოებაა დასადგენი - წარმოადგენდა თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ამავე ადმინისტრაციის სამდივნოს მინისტრის თ---–--–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ პირს და შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს თუ არა მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არარად.

 

სასამართლო მოსარჩელის მოსაზრებას ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-10 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №303 ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი გასაჩივრებული აქტის გამოცემისას უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება კონკრეტული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის სამდივნოს მინისტრის თ---–--–ის (განყოფილების უფროსის) თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა კიდეც. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მიერ გამოცემული აქტების არარად აღიარების საფუძვლები.

 

6.4. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 13 მაისის №---- პ/შ ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე, სამსახურში აღდგენა, შესაბამისი სტაჟის დადგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მის მიმართ განხორციელდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, რაც საქმეში არსებული მასალებით არ დადგინდა. მოსარჩელეს გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სხვა საფუძველი არ მიუთითებია. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიაჩნევს მოსარჩელის მოთხოვნებს სამსახურში აღდგენის, შესაბამისი სტაჟის დადგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე