გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23490-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე: სა---------–-----------–-----------------;
წარმომადგენლები: ს------------–---, ლ----------–-–---–ი;
მოპასუხე: შპს ''თ-----------------ი'';
წარმომადგენლები: ე-–----------–-–---–-, ვა–----------;
დავის საგანი: პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ''თ-----------------ს'' სა---------–-----------–-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს N2-- ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს - 10 624.05 ლარის და N4-- ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს - 30 905 ლარის ოდენობით გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ''თ-----------------მა'' სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია მოხდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, თუმცა ეს მოხდა ფორსმაჟორული გარემოების გამო, კერძოდ საბურავების დაგვიანებით მოწოდება გამოწვეული იქნა მწარმოებლის ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვით. მოპასუხემ ასევე სადავოდ გადახადა ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა და მიუთითა, რომ თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია ფორსმაჟორულ გარემოებას, ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით უნდა მოხდეს დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება ვინაიდან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ სა---------–-----------–-----------------სა და შპს ''თ-----------------ს'' შორის 25.04.2017 წელს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2-- ხელშეკრულება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანის საბურავები, რომლებიც აკმაყოფილებდა 2017 წელს გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციითა და მისი დანართით განსაზღვრულ ტექნიკურ მაჩვენებლებს. შესასყიდი საქონლის რაოდენობას წარმოადგენდა 696 ცალი საბურავი, ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად.
ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებად განისაზღვრა - 99 332 ლარი. ხელშეკრულების თანახმად საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო - 2017 წლის 31 ოქტომბრამდე, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება, დანართი N1, ს.ფ. 22-26.
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.1.2. დადგენილია, რომ სა---------–-----------–-----------------სა და შპს ,,თ-----------------ს“ შორის 10.07.2017 წელს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N4-- ხელშეკრულება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მცირე ტვირთამწეობის ავტომანქანის საბურავები, რომლებიც აკმაყოფილებდა 2017 წელს გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციითა და მისი დანართით განსაზღვრულ ტექნიკურ მაჩვენებლებს. შესასყიდი საქონლის რაოდენობას წარმოადგენდა 600 ცალი საბურავი, ხელშეკრულების დანართი N1-ის შესაბამისად.
ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებად განისაზღვრა - 105 000 ლარი. ხელშეკრულების თანახმად საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო - 2017 წლის 31 ოქტომბრამდე, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4-- ხელშეკრულება, დანართი N1 - ს.ფ. 50-54.
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.1.3. დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ როგორც N2--, ისე N4-- ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და ურთიერთვალდებულებები. ხელშეკრულების 5.3. პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია მიმართოს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობით და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. ამასთან, ამავე ხელშეკრულების 5.4. პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდების 10-ზე მეტი სამუშაო დღით გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს მიმართოს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
ხელშეკრულებების მე-6 მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის. ამავე ხელშეკრულებების 6.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.5%.
ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მითითების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც მიმწოდებელს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდა, კონკრეტული ხელშეკრულებით შესასყიდი (დარჩენილი) საბურავის ღირებულების 20%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2-- ხელშეკრულება, დანართი N1 - ს.ფ. 22-26.
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4-- ხელშეკრულება, დანართი N1 - ს.ფ. 50-54.
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.1.4. დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო N2-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა საქონლის დაგვიანებით მიწოდებაში, კერძოდ: ნაცვლად 10.05.2017 წლისა საბურავები მიწოდებულ იქნა: 24.05.2017 წელს; 08.06.2017 წელს; 23.06.2017 წელს; 29.06.2017 წელს; 26.07.2017 წელს.
დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო N4-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა საქონლის დაგვიანებით მიწოდებაში, კერძოდ: ნაცვლად 20.07.2017 წლისა საბურავები მიწოდებულ იქნა: 26.07.2017 წელს და 25.09.2017 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები, მატერიალური ქონების დროებით შენახვის აქტები ს.ფ.27-43.
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტაციის შესწავლისა და შეფასების შედეგად, ასევე, მხარეთა ასხნა - განმარტებებზე დაყრდნობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ N2-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებელმა 39 842 ლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა - 13 დღის; 7130 ლარის ღირებულების პროდუქცია - 28 დღის; 8208 ლარის ღირებულების პროდუქცია - 43 დღის; 14592 ლარის ღირებულების პროდუქცია - 49 დღის; ხოლო 3500 ლარის ღირებულების პროდუქცია -76 დღის გადაცილებით.
სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ N4-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებელმა 14000 ლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა - 5 დღის, ხოლო 91 000 ლარის ღირებულების პროდუქცია - 66 დღის დაგვიანებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2. მუხლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ არის დადგენილი და მხარეებიც არ დაობენ იმაზე თუ როდის უნდა შესრულებულიყო პროდუქციის მიწოდების ვალდებულება და როდის შესრულდა. აღნიშნული თარიღები სადავო არ არის. მოცემულ შემთხვევაში მხარეები დაობენ თუ კონკრეტულად რამდენი დღის დაგვიანებით მოხდა პროდუქციის მიწოდება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის გაანგარიშება არასწორია, ვინაიდან იგი ვადის გადაცილების თარიღს არ ითვლის მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, როგორც ეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-ე მუხლის მეორე ნაწილით არის განსაზღვრული.
3.2.2. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობა განპირობებული იყო ფორს-მაჟორული ვითარებით.
ხელშეკრულების მე-8 პუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს ფორს-მაჟორის ცნება. კერძოდ, მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ფორს-მაჟორული ვითარება გაუთვალისწინებელ მოვლენას გულისხმობს, რომელიც ხელშეკრულების მონაწილის ნებისგან დამოუკიდებლად ვითარდება და სცილდება ზოგადად ადამიანის შესაძლებლობებს. იმისთვის, რომ ვალდებულების შესრულების ხელშემშლელი გარემოება მიჩნეული იქნეს დაუძლეველ ძალად, იგი საგანგებო და გარდაუვალ ხასიათს უნდა ატარებდეს.
მოპასუხე მიუთითებს, რომ ტვირთის საქართველოში დაგვიანებით ჩამოსვლა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ გაიფიცნენ მწარმოებელი საწარმოს თანამშრომლები. ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად მითითებულია ვივიან ვიჟუს წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საბურავების წარმოება დაგეგმილი იყო 20 მაისიდან 10 ივნისამდე პერიოდში, თუმცა წარმოება ფაქტიურად დაიწყო 1 ივლისს, რადგან 18 მაისიდან 20 ივნისამდე საწარმოს პერსონალი გაფიცული იყო (იხ.ს.ფ. 118). წარმოდგენილი წერილით, არ დგინდება როდის გადაეცა წერილი მოსარჩელე მხარე, ამასთან, მითითებილი დოკუმენტაცია არ არის დათარიღებული.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ N2-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა - 2017 წლის 10 მაისის ჩათვლით, თუნდაც იქნეს მიჩნეული მწარმოებელი საწარმოს თანამშრომელთა გაფიცვა ფორსმაჟორულ გარემოებად აღნიშნული მაინც ვერ გამოდგება სარწმუნო მტკიცებულებად რადგანაც გაფიცვა მოხდა 18 მაისს, მაშინ როდესაც უკვე მიწოდების ვადა დარღვეული იყო (ასევე იხ. ს.ფ. 120, 19.10.2017 წლის წერილი).
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება, ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა, ხოლო მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს ვალდებულების შეუსრულებლობის ობიექტური გარემოებების არსებობა, რომლებიც გამორიცხავდნენ მის მიერ ვალდებულების შესრულებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სა---------–-----------–-----------------ს სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე, 417-ე-420-ე, 477-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამდენად, ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება მხარეების ურთიერთთანმხვედრი, საერთო მიზნისკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა, ერთ შემთხვევაში - 2017 წლის 25 აპრილიდან, ხოლო მეორე შემთხვევაში, 2017 წლის 10 ივლისიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, ერთის მხრივ, სა---------–-----------–----------------- და მეორეს მხრივ, შპს ''თ-----------------ი“ შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ''ა'' ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ''თ-----------------ის“ მიერ სა---------–-----------–-----------------ს წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ აქვს შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებების მიხედვით მოპასუხეს დათქმულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერიცხება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.5%-ის ოდენობით, რაც N2-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 10 257.69 ლარს, ხოლო N4-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 30 380 ლარს. შეთანხმებების მიხედვით კი, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდას. დადგენილია, რომ შპს ''თ-----------------მა'' ვალდებულება სრულად არ შეასრულა დათქმულ ვადაში. ამასთან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულება ფორს-მაჟორული გარემოებებით არ იყო გამოწვეული. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება მოხდა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც, სასამართლო უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს სსკ-ის 420-ე მუხლით დადგენილი დისკრეციით და საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულებებით დადგენილი პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.5 %-დან შეამციროს 0.04%-მდე. ამდენად, საერთო ჯამში პირგასამტეხლოს ოდენობად N2-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს - 2430.4 ლარი, ხოლო N4-- ხელშეკრუელბიდან გამომდინარე 821.76 ლარი. საერთო ჯამში, მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს - 3252.16 ლარით.
სასამართლო სწორედ ამ ოდენობით პირგასამტეხლოს მიიჩნევს გონივრულ პირგასამტეხლოდ და განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიხედულებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას, გასათვალისწინებელია მხარეთა შორის სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, დათქმული პირგასამტეხლო, როგორც ერთგვარი ''სანქცია'', რომელიც უნდა ესადაგებოდეს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს, პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და ფუნქციას'' (იხ. სუსგ Nას-654-620-2015, 17.12.2015წ.). აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება მოპასუხის მიერ დაგვიანებით შესრულებული ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით, დაწესებულ საზღაურს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის 97.56 ლარის ოდენობით გადახდა. მასვე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადასახდელი ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სა---------–-----------–-----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე შპს ''თ-----------------ს'' მოსარჩელე სა---------–-----------–-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 3252.16 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს ''თ-----------------ს'' სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს - 147.56 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი