გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.02.2019
საქმის ნომერი
330310018002786047
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8093-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დავით წერეთელი

სხდომის მდივანი - თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელე - ვა------ გო----–---–-

წარმომადგენელი - გო------- გრ---–--–-

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ჯე---– მე--------–-

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 21 დეკემბრის №M---------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ვა------ გო----–---–-სათვის სამხედრო სამსახურის კონტრაქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ;

1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე ვა------ გო----–---–სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის 2007 წლის 26 ივნისს დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - მოსარჩელე ვა------ გო----–---–-სათვის არაუმეტეს 4- კვ.მ საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემა.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ ვინაიდან მოსარჩელე ვა------ გო----–---–ს ვადაზე ადრე შეუწყდა სამხედრო კონტრაქტი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ არის ვალდებული შეასრულოს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, მის წინაშე ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ვა------ გო----–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 26 ივნისს 5 წლის ვადით დაიდო „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი.

 

აღნიშნული კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1.9 პუნქტის მიხედვით, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებად განისაზღვრა, რომ სამხედრო მოსამსახურეს, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 4- კვ.მ-სა, რომელიც მას, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით, მოსარჩელე ვა------ გო----–---–- ვადაზე ადრე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის ბრძანებით იგი დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე და აღნიშნული ბრძანება ძალაშია შესული.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი (ს.ფ. 18-25);

- „თანამდებობიდან განთავისუფლებისა და J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში გადაყვანის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის №2--- ბრძანება (ს.ფ.13);

- „საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის №4-- ბრძანება (ს.ფ.14);

- სარჩელი (ს.ფ. 2-10);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;

 

3.1.2. მოსარჩელე ვა------ გო----–---–მა 2018 წლის 20 ნოემბერს მიმართა განცხადებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა სამხედრო სამსახურის კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - მისთვის საცხოვრებელი ფართი საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 21 დეკემბრის №M---------------- წერილობითი მიმართვით, მოსარჩელე ვა------ გო----–---–-ს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

მოსარჩელე ვა------ გო----–---–მა, სასამართლოს სარჩელით მომართა 2018 წლის 27 დეკემბერს და მოითხოვა 2007 წლის 26 ივნისის სამხედრო სამსახურის კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - მისთვის საცხოვრებელი ფართის გადაცემა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 21 დეკემბრის №M---------------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ.44);

- სარჩელი (ს.ფ. 2-12);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვა------ გო----–---–-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და მისი პირველი დამატებითი ოქმი, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 21 დეკემბრის №M---------------- წერილობითი მიმართვა მოსარჩელე ვა------ გო----–---–-სათვის სამხედრო სამსახურის კონტრაქტით გათვალისწინებული საცხოვრებელი ბინის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა, ხოლო იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გამომდინარეობს, თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრებელი ბინის გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან.

 

6.2. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოიცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

ამრიგად, დავის განხილვისას, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელე ვა------ გო----–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს უარი ბინით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი.

 

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ვა------ გო----–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 26 ივნისს 5 წლის ვადით დაიდო „ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე ვა------ გო----–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული, ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულება (კონტრაქტი) წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 317-ე მუხლზე, რომელთა მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ვა------ გო----–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული კონტრაქტის მე-5 მუხლის 5.1.9 პუნქტის მიხედვით, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებად განისაზღვრა, რომ სამხედრო მოსამსახურეს, ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, დააკმაყოფილებდა საცხოვრებელი ბინით, არაუმეტეს 4- კვ.მ-სა, რომელიც მას, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, გადაეცემოდა ამ კონტრაქტის მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული სამხედრო სამსახურის ვადის დასრულების შემდეგ.

 

ამრიგად, მოსარჩელე ვა------ გო----–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 26 ივნისს დადებული კონტრაქტის საფუძველზე, მოსარჩელე ვა------ გო----–---–ს 2011 წლის 26 ივნისს წარმოეშვა უფლება მფლობელობაში მიეღო საცხოვრებელი ბინა, რომელიც მას საკუთრების უფლებით გადაეცემოდა 2012 წლის 26 ივნისს, კონტრაქტის ვადის ამოწურვისთანავე. შესაბამისად, საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემის უფლება, მოსარჩელეს წარმოეშვებოდა 2012 წლის 26 ივნისს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელთა მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლებაზე კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა მიზნად ისახავს სამართლებრივი სტაბილურობის და სამართლებრივი სიცხადის უზრუნველყოფას და იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნებზე კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა სწორედ ასეა შეფასებული (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე „ზოლოტასი საბერძნეთის წინააღმდეგ“ განაცხადის ნომერი: 66610/09, პუნქტი №44), კერძოდ მითითებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო დამატებით იმეორებს მის პრეცედენტულ სამართალს იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტი იმის შესახებ, რომ მომჩივნის მოთხოვნები ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადას, თავისთავად არ წარმოშობს რაიმე საკითხს კონვენციასთან მიმართებაში. ხანდაზმულობის ვადები არის ჩვეულებრივი მახასიათებელი მონაწილე სახელმწიფოების ადგილობრივი სამართლებრივი სისტემებისათვის, შექმნილი იმისათვის, რომ უზრუნველყოს სამართლებრივი სიცხადე და საბოლოობა და თავიდან აიცილოს უსამართლობა, რაც შეიძლება წარმოიშვას თუ სასამართლოები ვალდებულნი იქნებიან მიიღონ გადაწყვეტილება ისეთ მოვლენებზე, რასაც ადგილი ქონდა შორეულ წარსულში (იხილეთ J.A. Pye (ოქსფორდი) ლიმიტიდ ეტ J.A. Pye (ოქსფორდი) ლენდი ლიმიტიდ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ [GC], no. 44302/02, § 68, ECHR 2007-III, და სტუბინგსი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 22 ოქტომბერი 1996, § 51, ანგარიშები და გადაწყვეტილებები, 1996-IV).

 

სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე (იხ. თუნდაც, საქმე №ბს-352-348 (კს-15) 04.09.2015 განჩინება), სადაც საკასაციო პალატამ მითითებული განჩინებით ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით განმარტა რომ „სასამართლო წესით უფლების დაცვა და განხორციელება განუყოფლადაა დაკავშირებული ვადების ფაქტორთან, კერძოდ, კანონმდებლობა ვადებით ზღუდავს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით განსაზღვრავს უფლების დაცვის ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, უფლება სამართლიან სასამართლოზე დროში შეზღუდული უფლებაა და მისი განხორციელება დამოკიდებულია კანონმდებლობით დადგენილ ხანდაზმულობის ვადებზე. თავის მხრივ უფლების დაცვის ვადა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ხოლო ხანდაზმულობის ვადის გასვლა აზრს უკარგავს მოთხოვნის საფუძვლიანობას და პირს ართმევს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილია მხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალური ხელმისაწვდომობა“.

 

„საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსებობის მიზნებზეც, რაც უმთავრესად სამართლებრივი სტაბილურობის ხელშეწყობასა და პირის უფლებების დროულად განხორციელებაში გამოიხატება. ხანდაზმულობის ვადების არარსებობის პირობებში უფლება უსასრულოდ იქნებოდა გაურკვეველ მდგომარეობაში და მისი არა მარტო დაცვა, არამედ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგებოდა. ხანდაზმულობის ვადების არსებობა კი სამართალურთიერთობის მონაწილეებს აიძულებს დროულად იზრუნონ საკუთარი უფლებების განხორციელებასა და დაცვაზე, ხოლო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს შედარებით გონივრულ დროში გადაწყვიტოს დავა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ხანდაზმულობის ვადების არსებობა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას მისთვის ხელსაყრელ დროს მიმართოს სასამართლოს. ხანდაზმულობის ვადა არ გულისხმობს დროის გაურკვეველ პერიოდს. მას აქვს დასაწყისი და დასასრული. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისას კი მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 სექტემბრის ბრძანებით, მოსარჩელე ვა------ გო----–---–- ვადაზე ადრე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 1 მარტის ბრძანებით იგი დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე და აღნიშნული ბრძანება ძალაშია შესული.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ვა------ გო----–---–მა სასამართლოს სარჩელით მომართა 2018 წლის 27 დეკემბერს. შესაბამისად, მოსარჩელემ, თავისი უფლების დაცვა სასამართლოს მეშვეობით განახორციელა, მისი უფლების დარღვევის დღიდან ექვსი წლის გასვლის შემდეგ.

ამასთან, მოსარჩელე მხარის განმარტებით, სასამართლოში მოსარჩელე ვა------ გო----–---–-ს მიერ, საკუთარი უფლების დაცვა არ განხორციელდა მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ვა------ გო----–---–სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 26 ივნისს დადებული კონტრაქტის საფუძველზე წარმოშობილი, მოსარჩელე ვა------ გო----–---–-ს უძრავ ნივთთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნა წარდგენილია ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსი” შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არსებითად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სადავო გადაწყვეტილება, სასამართლო თვლის, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის საცხოვრებელი ბინის მოსარჩელისათვის გადაცემის დავალების თაობაზე, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

7.2. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ, გაწეული ხარჯების გადახდა მოპასუხეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მისი სარჩელი დაკმაყოფილდება.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ვა------ გო----–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ვა------ გო----–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებ: თბილისი. გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით წერეთელი