გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2019
საქმის ნომერი
330210018002747809
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/34915-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - შპს „კა---------------------“

წარმომადგენელი - სო-----------–--ე

 

მოპასუხე - შპს „გ--------“

წარმომადგენელი - მა-------------–--ლი (დირექტორი)

 

დავის საგანი - დავალიანების დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „გ--------“-ს შპს „კა---------------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 23 070 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა - 6206 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 16 864 ლარი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შპს „კა---------------------“-სა და შპს „გ--------“-ს შორის 2016 წლის 11 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „კა---------------------“-მა შპს „გ--------“-ს მიჰყიდა სამშენებლო ბეტონი საერთო ღირებულებით - 34 206 ლარი. საქონლის მიწოდება ხორციელდებოდა პერიოდულად სატელეფონო შეკვეთის შესაბამისად. ბოლო მიწოდება განხორციელდა 27.12.2017 წელს. ამჟამად მხარეთა შორის ურთიერთობა შეწყვეტილია. მოპასუხემ მიწოდებული სამშენებლო ბეტონის ღირებულებიდან გადაიხადა 28 000 ლარი. შესაბამისად, დავალიანება დარჩა 6 206 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების მე-4 თავის მიხედვით, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო თვეში ორჯერ. იმავე თავის 4.2. პუნქტის მიხედვით, კი გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ვინაიდან ბოლო ტრანზაქცია განხორციელდა 13.01.2017 წ. და საქონლის გადახდა უნდა მომხდარიყო თვეში ორჯერ, ანუ ყოველ 15 დღეში, მყიდველი ვალდებული იყო მომდევნო ჩარიცხვა განეხორციელებინა 2017 წლის 28 იანვრიდან. ვადაგადაცილება დაიწყო სწორედ აღნიშნული პერიოდიდან, ხოლო მოსარჩელის მიერ საურავის (ყოველ ვადაგადაცილეულ დღეზე - 31 ლარი) დარიცხვა მოხდა 2017 წლის 26 ივლისამდე. შესაბამისად, ვინაიდან 2017 წლის 28 იანვრიდან 2017 წლის 26 ივლისამდე გასულია 544 დღე, დარიცხული საურავის ოდენობა შეადგენს 16 864 ლარს.

 

შპს „კა---------------------“-ის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, შპს „გ--------“ არ იხდის მიწოდებული სამშენებლო ბეტონის დავალიანებას - 6206 ლარის ოდენობით.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის საერთო დავალიანება შედგება ძირითადი დავალიანების - 6206 ლარისა და საურავის - 16 864 ლარის, ჯამში - 23 070 ლარისაგან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ - მიწოდებული ბეტონის გადაუხდელი ღირებულების - 6206 ლარისა და პირგასამტეხლოს ნახევრის - 8432 ლარის მოთხოვნის ნაწილში. დარჩენილ ნაწილში მოსარჩელე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 11 ოქტომბერს შპს „კა---------------------“-სა და შპს „გ--------“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამშენებლო ბეტონის ნასყიდობის თაობაზე.

 

ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტების თანახმად, საქონლის ფასი და პომპის მომსახურების ღირებულება განისაზღვრა შემდეგნაირად:

- ბეტონის მარკა B22,5-ფასი 120 ლარი დღგ-ს ჩათვლით, ტრანსპორტირებით;

- 70 კუბ.მ ბეტონის ჩასხმის ღირებულება 600 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

- 120 კუბ.მ ბეტონის ჩასხმის ღირებულება 800 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

 

ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებაში მითითებული ბეტონის მიწოდება და მიწოდებული საქონლის ფასის გადახდა ხორციელდება ნაღდი, ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით, თვეში ორჯერ.

 

ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მყიდველი უხდის გამყიდველს პირგასამტეხლოს დაგვიანებული თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, საქონლის რაოდენობა ფასი და ყველა სხვა არსებითი პირობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება მხარეთა მიერ დამატებით შედგენილ დანართში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს ან/და ბუღალტერიის მიერ გამოწერილ სპეციალურ საგადასახადო ანგარიშფაქტურაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 11.10.2016წ. ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 17-19);.

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

3.1.2. მხარეთა შორის 11.10.2016წ. გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „კა---------------------“-მა შპს „გ--------“-ს მიაწოდა 34 206 ლარის ღირებულების სამშენებლო ბეტონი, საიდანაც შპს „გ--------“-ს მიერ გადახდილ იქნა მხოლოდ 28 000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 11.10.2016წ. ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 17-19);

- საგადახდო ანგარიშფაქტურები (იხ. ს.ფ. 20-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. შპს „გ--------“-ს შპს „კა---------------------“-ის მიმართ ერიცხება 11.10.2016წ. ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სამშენებლო ბეტონის გადაუხდელი დავალიანება - 6 206 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 11.10.2016წ. ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 17-19);

- საგადახდო ანგარიშფაქტურები (იხ. ს.ფ. 20-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს „კა---------------------“-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მე-400, 477-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - მიწოდებული სამშენებლო ბეტონის გადაუხდელი ღირებულების - 6 206 ლარისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ნახევრის - 8 432 ლარის ნაწილში (იხ. სხდომის ოქმი), რაც ზემოთ დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 11 ოქტომბერს შპს „კა---------------------“-სა და შპს „გ--------“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამშენებლო ბეტონის ნასყიდობის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა საქონლის ფასი, პომპის მომსახურების ღირებულება, მიწოდების, გადახდისა და სხვა არსებითი პირობები. ასევე, განისაზღვრა პირგასამტეხლო გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, დაგვიანებული თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ნასყიდობის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

დადგენილია, ასევე, რომ შპს „კა---------------------“-მა შპს „გ--------“-ს მიაწოდა 34 206 ლარის ღირებულების სამშენებლო ბეტონი, საიდანაც შპს „გ--------“-ს მიერ გადახდილ იქნა მხოლოდ 28 000 ლარი, დარჩენილი 6 206 ლარი, კი მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია.

 

შესაბამისად, ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მიწოდებული სამშენებლო ბეტონის გადაუხდელი ღირებულების დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

2016 წლის 11 ოქტომბერს შპს „კა---------------------“-სა და შპს „გ--------“-ს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, დაგვიანებული თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. დადგენილია, ასევე რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, შპს „გ--------“-ს მიერ არ არის გადახდილი მიწოდებული სამშენებლო ბეტონის ღირებულების ნაწილი - 6 206 ლარის ოდენობით, რის გამოც მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო ჯამში - 16 864 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 16 864 ლარის გადახდის დაკისრება. ამასთან, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ცნო ნაწილობრივ - კერძოდ 8432 ლარის ნაწილში. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებიდან გამომდინარე, სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება პირგასამტეხლოს დარჩენილ ოდენობას - 8 432 ლარს, სასამართლო მიიჩნევს, რომ დამატებით, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი ნორმატიული დანიშნულებიდან გამომდინარე, სცდება გონივრულობის ფარგლებს და იმ ოდენობის გათვალისწინებით, რა ოდენობითაც მოსარჩელემ ცნო სარჩელი, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემცირება სწორედ დარჩენილი ოდენობით - 8 432 ლარით, შედეგი გარემოებების გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 14 864 ლარის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 8432 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 692 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო (ძირითადი დავალიანება - 6206 ლარი და პირგასამტეხლო - 8432 ლარის ოდენობით) უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 439.14 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, ვინაიდან დარჩენილ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 600 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, რაც ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. დავის საგნის ღირებულებისა და საქმის სირთულის გათვალისწინებით, წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯი ანაზღაურებას ექვემდებარება გონივრულ ფარგლებში, თუმცა არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იურიდიული მომსახურების ღირებულება უნდა განისაზღვროს და გადასახდელად დაეკისროს მოპასუხეს დავის საგნის ღირებულების 3%-ის ოდენობით, რაც განსახილველ დავაში შეადგენს - 439.16 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „კა---------------------“-ის სარჩელი შპს „გ--------“-ს მიმართ დავალიანების დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე შპს „გ--------“-ს მოსარჩელე შპს „კა---------------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 14 638 ლარის გადახდა, საიდანაც მიწოდებული სამშენებლო ბეტონის გადაუხდელი ღირებულებაა - 6 206 ლარი და პირგასამტეხლო - 8 432 ლარი.

 

2. მოპასუხე შპს „გ--------“-ს მოსარჩელე შპს „კა---------------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით - 439.14 ლარის გადახდა.

 

3. მოსარჩელე შპს „კა---------------------“-ს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე 2018 წლის 31 ივლისს სს ,,თი---------ში“ (საგადახდო დავალება №1---------) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 692 ლარიდან - 439.14 ლარი, რაც განთავსებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე N300773150; ბანკის კოდი TRESGE22.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე