გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-3036-18, 2-2644-18
(საქმე N190210018002716919)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე – შპს ”ყ--------------------–--ი „წარმომადგენელი – გ--- ღ-----–---–-
მოპასუხე – შპს ” c------------------e”
წარმომადგენელი - ნ----- ბ-----–---–-
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ” c------------------e ”-ს დაეკისროს – შპს ”ყ--------------------–--ი „ -ს მიმართ მიყენებული ზიანის - 5466, 26 ლარის და 4213,25 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
შპს ” c------------------e ” 2018 წლის 17 ივლისს ქ. თბილისში ს.ცინცაძის და გ. კარტოზიას ქუჩის კვეთაზე, ხოლო 2018 წლის 22 ოქტომბერს გ.კარტოზიას ქ. #2-ის მიმდებარედ აწარმოებდა მიწის გათხრით სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ”ყ--------------------–--ი„ -ს კუთვნილი მიწისქვეშა საშუალო წნევის 450 მმ-იანი პოლიეთილენის გაზსადენი. კომპანიამ ავარიული ქსელი აღადგინა , რისთვისაც პირველ შემთხვევაში დახარჯა 5466, 26 ლარი, ხოლო მეორედ - 4213,25 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გაზსადენის დაზიანება არ მომხდარა მოპასუხის ბრალეული ქმედებით, ამასთან მიყენებული ზიანის ოდენობა არ შეიძლება იყოს იმ ოდენობის , რაც სარჩელშია მითითებული.
სამუშაოთა წარმოების დროს დაცული იყო მოპასუხის მიერ დადგენილი ყველა ტექნიკური ნორმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ”c------------------e” 2018 წლის 17 ივლისს ქ. თბილისში ს.ცინცაძის და გ. კარტოზიას ქუჩის კვეთაზე აწარმოებდა მიწის გათხრით სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ”ყ--------------------–--ი„ -ს კუთვნილი მიწისქვეშა საშუალო წნევის 450 მმ-იანი პოლიეთილენის გაზსადენი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საავარიო სამსახურში შესული განაცხადი (#5149), მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. შპს ” c------------------e 2018 წლის 22 ოქტომბერს გ.კარტოზიას ქ. #2-ის მიმდებარედ კვლავაც აწარმოებდა მიწის გათხრით სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს ”ყ--------------------–--ი„ -ს კუთვნილი მიწისქვეშა საშუალო წნევის 450 მმ-იანი პოლიეთილენის გაზსადენი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საავარიო სამსახურში შესული განაცხადი (# 10041), მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 17 ივლისის და 22 ოქტომბრის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით კომპანიის საავარიო- სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადები (#5149, # 10041 ), საავარიო ჯგუფმა მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანება დააფიქსირა ადგილზე გამოძახებულმა საპატრულო ეკიპაჟმაც. ადგილზე იმყოფებოდა მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელი დავით ვარაზი, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი და თანხმობა გამოხატა მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელის აღსადგენად დახარჯა 5466, 26 ლარი პირველ შემთხვევაში, ხოლო 4213,25 ლარი მეორე დაზიანების აღსადგენად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საავარიო სამსახურში შესული განაცხადი (#5149, # 10041).
გაზსადენის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯთაღრიცხვა.
ბუნებრივი გაზის დანაკარგის გაანგარიშება.
3.2.2. 2018 წლის 17 ივლისს მომხდარ ფაქტამდე, გაზსადენის დაზიანებამდე, შპს ” c------------------e”-ის დირექტორს გაეგზავნა შპს ”ყ--------------------–--ი„ -ს მმართველის წერილი, სადაც მითითებულია, რომ ადგილზე შესწავლით დადგინდა, რომ მშენებარე ესტაკადის ქვეშ ყვება ტექნიკური გაზგამანაწილებელი ქსელი, საჭირო იყო ამ ქსელის რეკონსტრუქცია.ქსელის გადატანის სამუშაოების წარმოება არსებული პრაქტიკის თანახმად, წარმოებდა დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე, ე.ი. მოპასუხემ იცოდა, რომ იქ , სადაც გათხრით სამუშაოებს აწარმოებდა, გადიოდა გაზგამანაწილებელი ქსელი და ისე რომ გადატანითი სამუშაოები არ ჩატარებულა, 2018 წლის 17 ივლისს, მაინც განახორციელა სამუშაოები, რა დროსაც დაზიანდა გაზსადენი.
ასევე 2018 წლის 22 ოქტომბერს , წინა სამუშაოების შესრულების ადგილთან ახლოს - გ.კარტოზიას ქ. #2-ის მიმდებარედ კვლავაც განაგრძო გათხრითი სამუშაოების წარმოება ისე, რომ არ გაითვალისწინა გაზსადენის ქსელის არსებობის შესაძლებლობა , რისი მაღალი ალბათობაც არსებობდა.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
შპს ”ყ--------------------–--ი„ -ს მმართველის წერილი.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოწმის ლევან კანდელაკის ჩვენება, რომელიც წარმოადგენდა მოპასუხე საწარმოს თანამშრომელს და მისი მხრიდან თავად მოსარჩელის მიერ გაზსადენის მოწყობის არასათანადოობასთან დაკავშირებით გაკეთებული განმარტებები, არ იყო საკმარისი თუნდაც შერეული ბრალის დასადასტურებლად ანდა მოპასუხის ბარალეულობის საერთოდ გამოსარიცხად.
მოპასუხე ვალდებული იყო მიწის გათხრითი სამუშაოების დროს დაეცვა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის #101 დადგენილების „ გაზის სისტემის უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-7 ნაწილის მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრავს, რომ მოქმედი გაზსადენის მახლობლად შენობების, საინჟინრო ნაგებობების ( კომუნიკაციების), გზების მშენებლობისას და მათ მიერ გაზსადენის გადაკვეთის შემთხვევაში სამშენებლო საწარმოებმა უნდა დაიცვან მოქმედი რეგლამენტისა და პროექტის მოთხოვნები.
ამდენად, მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა აღნიშნული რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში გაზსადენის დაზიანებაში მოპასუხის პასუხისმგებლობა გამოიხატება იმ გარემოებაში, მან არ დაიცვა ტექნიკური პირობის სავალდებულო მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინა გაზსადენის გადატანის შემდგომ.
3.2.4. 2018 წლის 17 ივლისს წარმოებული გათხრითი სამუშაოების დროს გაზსადენის დაზიანების შედეგად ზიანის ოდენობამ შეადგინა 5466. 26 ლარი, რაც შეადგენდა გაზის გაშვება-გამორთვითი სამუშაოების ღირებულებას.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
გაზსადენის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯთაღრიცხვა, ბუნებრივი გაზის დანაკარგების გაანგარიშება.
3.2.5. 2018 წლის 22 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაზსადენის დაზიანებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 4213, 25 ლარს, რაც წარმოადგენს როგორც გაზის გაშვება-გამორთვით სამუშაოების ღირებულებას, ასევე ჰაერში გაფრქვეული , დაკარგული გაზის ღირებულებას.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
გაზსადენის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯთაღრიცხვა.
მოსარჩელის მიერ გაბნეული გაზის დაანგარიშება მოხდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის # 1-1/251 ბრძანებით, სადაც გაწერილია გაანგარიშების წესი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგო და გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ შეძლო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების (მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტის) დადასტურება.
სასამართლო განმარტავს, რომ გაზსადენის უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიმდებარედ სამუშაოების წარმოებისას ტექნიკური პირობების დაცვა, რაც დამოკიდებულია სწორედ გადაკვეთის ადგილებიდან შესაბამისი მანძილების დაცვაზე და გაზსადენისათვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად სათანადო გულისხმიერებაზე. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა ის გარემოება, თუ რა წინდახედულებას გამოიჩენდა მოპასუხე სამუშაოების წარმოებისას.
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
გაზსადენის დაზიანება გამოიწვია მოპასუხის ბრალეულმა ქმედებამ, ამდენად სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 997-ე,412-ე, 408-ე, 409-ე, 414-ე, 411-ე, 361-ე, 394-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
წინამდებარე საქმეში სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია დელიქტი, რადგან მოთხოვნის საფუძველია არა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევა, არამედ გაზსადენის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევით გაზსადენისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
შესაბამისად, მოთხოვნის ძირითადი სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს დელიქტური პასუხისმგებლობის ძირითად საფუძვლებს. ამ ნორმის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნულ ნორმებით განსაზღვრულია ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის ოთხი აუცილებელი პირობა, რომელთა ერთობლიობა წარმოშობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. კერძოდ, უნდა დადასტურდეს ზიანის - დაზარალებულის ქონების შემცირების ან ვალდებულების გაზრდის ფაქტი, ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანის მიმყენებლის ბრალი, მიზეზობრივი კავშირი მოვალის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ამ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ შპს – შპს ”ყ--------------------–--ი„-ს სარგებლობაში არსებული გაზსადენი დაზიანდა მოპასუხის მიერ მის მიმდებარედ მიწის გათხრის სამუშაოების დროს, რამაც მოიწვია გაზსადენის დაზიანება და ჰაერში ბუნებრივი გაზის გაფრქვევა. შესაბამისად, მოსარჩელემ განიცადა მატერიალური დანაკარგი მილსადენიდან გაზის გაფქრვევის და დაზიანების აღმოსაფხვრელად .
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიღებისას კრედიტორის მთავარი ინტერესია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რაც ნივთის დაზიანების შემთხვევაში გულისხმობს ზიანის მიყენებამდე არსებული ნივთის მდგომარეობის აღდგენას, მის შეკეთებას იმგვარად, რომ შენარჩუნდეს ზიანის დადგომამდე არსებული დანიშნულება და ღირებულება. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით ზიანის ანაზღაურების პრინციპი დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამ ნორმის მიხედვით, კრედიტორს მიეცემა ფულადი ანაზღაურება, თუ ნივთის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია ან ნივთის აღსადგენად საჭიროა არათანაზომიერად დიდი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამ ნორმით მიხედვით ანაზღაურდება ის ზიანი, რომლის დადგომა მოვალეს წინასწარ შეეძლო ევარაუდა და წარმოადგენს მისი ქმედების უშუალო შედეგს. ეს ნორმა ადგენს სამოქალაქო სამართალში ზიანის ანაზღაურების უშუალო მიზეზობრიობის პრინციპს, რომლის მიხედვით ანაზღაურდება ის ზიანი, რომლის წინასწარ გათვალისწინება შეეძლო მოვალეს და რომელიც გამოიწვია უშუალოდ მისმა ქმედებამ, პირადად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევამ. წინასწარ სავარაუდო ზიანის ანაზღაურების შესახებ დებულება შეეხება როგორც ზიანის გამომწვევი მიზეზის ფაქტებს, ასევე დამდგარი ზიანის ოდენობას.
ზიანის ოდენობის დადგენისას გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შინაარსი, რომლის მიხედვით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივად დამდგარი ზიანი არის დაზარალებულის მიერ განცდილი ქონებრივი დანაკლისი, ზიანის გამოსასწორებლად კრედიტორის მიერ გაწეული ხარჯები ან ზიანით გამოწვეული ვალდებულებების გაზრდა.
სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.
მოსარჩელის კუთვნილი გაზსადების დაზიანება გამოიწვია მოპასუხის - შპს ”c------------------e”-ს თანამშრომელის მიერ სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევამ, მან არ დაიცვა – შპს ”ყ--------------------–--ი„-ს მიერ დადგენილი ტექნიკური პირობა, რომლის მიხედვით სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელებულიყო გაზსადენი მილის გადატანის შემდგომ და არც მეორე შემთხვევაში დაიცვა წინდახედულობის ნორმები, იცოდა, რომ გაზსადენი გადიოდა იმ მონაკვეთში, სადაც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა და ყოველგვარი წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების გარეშე გააგრძელა სამუშაოების წარმოება. სამუშაოთა გაგრძელებით მოპასუხემ დაარღვია წინდახედულების ნორმა და არ გაითვალისწინა შესაძლო საფრთხე, რაც გაზსადენთან მუშაობის ტექნიკური პირობის დარღვევას იწვევს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. 394-ე მუხლის მიხედვით, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
ამ ნორმების მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად - მხარეთა მიერ შეთანხმებული ან კანონით დადგენილი პირობების დაცვით. ამ შემთხვევაში გაზსადენის დაზიანება გამოიწვია უსაფრთხოების წესების დარღვევით მიწის გათხრითი სამუშაოების ჩატარებამ, მოპასუხემ დაარღვია ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გაზსადენის ექსპლოატაციის უსაფრთხოების ნორმები , რამაც გაზსადების დაზიანება გამოიწვია . შესაბამისად, მოპასუხე მხარეს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს გაზსადენის დაზიანებისათვის.
7. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამ ნორმის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, რადგან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს ”ყ--------------------–--ი"-ს სარჩელი მოპასუხე შპს ”c------------------e”-ს მიმართ.
2. მოპასუხე შპს ”c------------------e”-ს მოსარჩელე შპს ”ყ--------------------–--ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 4213,25 ლარის (2018 წლის 22 ოქტომბრის ფაქტი) და 5466, 26 ლარის (2018 წლის 17 ივლისის ფაქტი) ოდენობით.
3. მოპასუხე შპს ”c------------------e”-ს დაეკისროს მოსარჩელე შპს ”ყ--------------------–--ი„-ს სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (164+64) 228 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი