გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
7 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი თეკლა გრიგალაშვილი
მოსარჩელე - ავ--------–--–-----ა.
მოპასუხე - მა-----------ე
წარმომადგენლები - ნა----------–--ი, და------------ა.
დავის საგანი - ხე-––-–-–-----------ა.
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს მა-----------ეს მისი კუთვნილი რკინის ღობის მოშლა, რომელიც განთავსებულია ავ--------–--–-----ას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 7-.0-.0-.0--, აეკრძალოს მა-----------ეს ავ--------–--–-----ას კუთვნილი მიწის ნაკვეთით (საკადასტრო კოდი 7-.0-.0-.0--) სარგებლობა.
მოსარჩელის განმარტებით, 19---–-–-------------ოს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №1---- აქტის საფუძველზე, საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ 7-.0-.0-.0--), მდებარე მც-----ს რ-ის სოფ. ცხ---------ა. აღნიშნული ნაკვეთის ტერიტორიაზე, მოსაზღვრედ მცხოვრებმა მა-----------ემ გააკეთა რკინის ღობე და შესაბამისად მოსარჩელეს შეეზღუდა საკუთრებით სარგებლობის უფლება. მა-----------ემ გადაწყვიტა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება, თუმცა დაფიქსირდა ზედდება მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან, რის საფუძველზეც შეუჩერდა სარეგისტრაციო წარმოება. მხარეთა შორის არსებული დავა გადაეცა მედიაციას, მაგრამ ვერ მოხერხდა მორიგება და მოპასუხის განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. მიუხედავად აღნიშნულისა მა-----------ემ არ გააუქმა მოსარჩელის კუთვნილ ტერიტორიაზე შემოვლებული ღობე და უსაფუძვლოდ მიაჩნია, რომ ზედნადები ნაკვეთი არის მის საკუთრებაში.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე მა-----------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის განმარტებით, ავ--------–--–-----ას არასწორად აქვს რეგისტრირებული საკუთრების უფლება №7-.0-.0-.0-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე. მან საკუთრების უფლება მოიპოვა 1997 წლის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელსაც აქვს შესაბამისი ნახაზი. 200- წელს მოსარჩელემ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოახდინა ახალი ნახაზის საფუძველზე, ხოლო 2017 წელს კიდევ ერთი ნახაზი დაამზადა და მის საფუძველზე დაირეგისტრირა საკუთრების უფლება. სამივე ნახაზი არის განსხვავებული კონფიგურაციის და მიუხედავად იმისა, რომ ფართობის ჯამი სამივეში 600 კვ. მეტრია, ნახაზები შედგენილია იმგვარად, როგორც მოსარჩელეს აწყობდა. პირველი და მეორე ნახაზით ზედდება არ ფიქსირდება მა-----------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან, თუმცა იმის გამო, რომ კონფიგურაცია შეცვლილია, მესამე ნახაზში მოსარჩელის მხარეს მოექცა მოპასუხის ეზოს ნაწილი. აღნიშნული ქონება მოპასუხემ შეიძინა 200- წელს და დღემდე ღობისა და ეზოს ნაწილის შესახებ პრეტენზია მოსარჩელეს არ გამოუთქვამს. გარდა ამისა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის ერთ მხარეს არის ხევი, რომლის მხარესაც მიწის ნაწილი ჩაინგრა და შეამცირა მოსარჩელის ეზოს ოდენობა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ განახორციელა მოსარჩელემ ახალი რეგისტრაცია და თავის საკუთრებაში მოაქცია მა-----------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე მცხ---ა, სოფ. ცხ---------ა, დაზუსტებული ფართობი 600 კვ. მეტრი, საკადასტრო კოდი 7-.0-.0-.0--, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ავ--------–--–-----ას სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 20---–-–---------------ი. უფლების დამდგენი დოკუმენტი - 19---–-–-------------ოს მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №1---- აქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21);
- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 16);
3.1.2. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე მცხ---ა, სოფ. ცხ---------ა, დაუზუსტებელი ფართობი 0,0-0 ჰა, საკადასტრო კოდი 7-.0-.00.3--, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მა-----------ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 200- წლის 1--------------ი. უფლების დამდგენი დოკუმენტი - 200- წლის 5 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნასყიდობის ხელშეკრულება №1-----;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 17--ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 17--ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ავ--------–--–-----ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 7-.0-.0-.0--) მდებარეობს მეზობელი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 7-.0-.00.3--) მესაკუთრე მა-----------ის კუთვნილი ღობე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი სახის მტკიცებულება რაც დაადასტურებდა, რომ ავ--------–--–-----ამ არასწორად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე მოახდინა მის სახელზე №7-.0-.0-.0-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და აღნიშნულით მან მოპასუხე მა-----------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მოაქცია თავის საკუთრებაში. შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, რომ სადაო ღობე ავ--------–--–-----ას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მოექცე თავად ამ უკანაკნელის მიერ არასწორად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის გამო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - უნდა დაევალოს მა-----------ეს მისი კუთვნილი რკინის ღობის მოშლა, რომელიც განთავსებულია ავ--------–--–-----ას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 7-.0-.0-.0--, მასვე უნდა აეკრძალოს ავ--------–--–-----ას კუთვნილი მიწის ნაკვეთით (საკადასტრო კოდი 7-.0-.0-.0--) სარგებლობა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ავ--------–--–-----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. დაევალოს მა-----------ეს მისი კუთვნილი რკინის ღობის მოშლა, რომელიც განთავსებულია ავ--------–--–-----ას კუთვნილ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 7-.0-.0-.0--.
3. აეკრძალოს მა-----------ეს ავ--------–--–-----ას კუთვნილი მიწის ნაკვეთით (საკადასტრო კოდი 7-.0-.0-.0--) სარგებლობა.
4. მა-----------ეს დაეკისროს ავ--------–--–-----ას სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
მოსამართლე: გენადი მაკარიძე