გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/18526-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ-----------------“
წარმომადგენელი ილ---------------, ან------------
მოპასუხე ფი-----------–-----–---–-, შპს „უ-------–------“, მზ--------------,მე-----------------
წარმომადგენელი გი-------–----–---–-
დავის საგანი სესხის და სოლიდარული თავდებობის
ხელშეკრულებებიდან გამომდინარე
ფულადი ვალდებულების შესრულება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
2016 წლის 30 მაისის N1.0006523.004 სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა, ფ------------–-----–---–მა სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ-----------------საგან“ მიიღო 4000 ლარი, 30 დღის ვადით. სესხით სარგებლობაზე დღიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 0.504%-ის ოდენობით. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ თანხას ეკისრება პირგასამტეხლო, რაც ყოველ გადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 0.5%-ს.
სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 30 მაისს მზ--------------სთან, მ-----------------თან და შპს „უ-------–------სთან“ გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით, თავდები პირების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 20 000 ლარის ოდენობით. თავდები პირები არაერთხელ იქნენ ინფორმაცირებული დავალიანების არსებობის თაობაზე.
საქმე იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებულ წარმოებაში, თუმცა იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა რესპოდენტებისათვის გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებების ჩაბარება, კრედიტორმა მოითხოვა საქმის შეუსრულებელი სახით დაბრუნება.
2. მოპასუხის პოზიცია
შპს „-----------–--------“ წარმომადგენელმა, ფ------------–-----–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელის მოთხოვნა და განმარტა, რომ საპროცენტო და პირგასამტეხლოს განაკვეთების ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და ამორალური.
მოპასუხე მ-----------------მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ის არ ფლობს ქართულ ენას და შესაბამისად, მისთვის ცნობილი არ იყო იმ დოკუმენტის შინაარსი, რომელსაც ხელი მოაწერა. აქედან გამომდინარე, თავდებობის ხელშეკრულება ბათილია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 21 მარტს შპს „ბ-----------------“ (ამჟამად სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ-----------------“) და ფ------------–-----–---–ს შორის გაფორმული N1.0006523 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეებს შორის 2016 წლის 30 მაისს გაფორმდა სეხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს „ბ------------------“ იკისრა ვალდებულება გაეცა სესხი შემდეგი პირობებით: სესხის თანხა -4000 ლარი; სესხის დაფარვის პერიოდი -30 დღე; დღიური საპროცენტო სარგებელი:0.504%;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
გენერალური ხელშეკრულება.(18-22).
სესხის ხელშეკრულება.(ს.ფ.23-27).
3.1.2. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.4. პუნქტის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კომპანია უფლებამოსილია დაარიცხოს, ხოლო ამ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღიური საპროცენტო სარგებელი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის დავალიანებული თანხის (ამ შემთხვევაში დავალიანებულ თანხაში შედის მხოლოდ კ---------- ძირითადი თანხა) სრულად დაფარვამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სესხის ხელშეკრულება.(ს.ფ. 24).
3.1.3. შპს „ბ------------------“ 2016 წლის 30 მაისს გასცა სესხის თანხა 4000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სალაროს გასავლის ორდერი (ს.ფ. 48).
3.1.4. პირველი ვადაგადაცილება დაფიქსირდა 2016 წლის 31 მაისს. მსესხებელს თანხა არ დაუბრუნებია დადგენილ ვადებში. მას გადახდილი აქვს სესხის ძირი თანხიდან 1116.41 ლარი, პროცენტი 295.30 ლარი და პირგასამტეხლო 40.25 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
გადახდების ისტორია.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ გადაიხდის და/ან დააგვიანებს კ---------- დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას, კომპანია უფლებამოსილია დაარიცხოს, ხოლო ამ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის აღსრულებამდე დავალიანების თანხის (დავალიანების თანხაში შედის როგორც კ---------- ძირითადი თანხა, ასევე საპროცენტო სარგებელი), 0.504%-ის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.24).
3.2.2. 2016 წლის 30 მაისს შპს „ბ-----------------ა“ და მზ--------------ს, შპს „უ-------–------სა“ და მ-----------------ს შორის გაფორმდა თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა, შპს „ბ-----------------ს“ წინაშე, მსესხებელსა და კომპანიას შორის არსებული N1.0006523.004 ხელშეკრულებით და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში დაფარონ შპს „ბ-----------------ს“ სასარგებლოდ სესხის სრული თანხა, სესხზე დარიცხული სარგებელი, საურავი (ასეთის არარსებობის შემთხვევაში) და სხვა ხარჯი, რის საფუძველზეც კომპანიას უფლება აქვს წაუყენოს თავდებებს მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 20 000 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 28-30).
3.2.3. სესხის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გადასახდელმა თანხამ შეადგინა სესხის ძირითადი თანხა 2883.59 ლარი, პროცენტი - 5172.46 ლარი და პირგასამტეხლო - 360.50 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
გადახდების ისტორია.
3.2.4.2016 წლის 12 დეკემბერს შპს „ბ-----------------“ გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად და რეორგანიზაციის შედეგად მისი საფირმო სახელწოდებაა სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ-----------------“ .
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირების
რეესტრიდან (ს.ფ. 41-42).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 403-ე, 361-ე, მე-400, 316-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე, 50-ე, 54-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში, სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ-----------------ა“ და ფ------------–-----–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელს სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ-----------------“ ეკისრებოდა მსესხებლისათვის სესხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო ფ------------–-----–---–ს ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სესხის დაბრუნების ვალდებულება. დადგენილია, რომ გამსესხებლის მიერ ვალდებულება შესრულდა და გაიცა სესხი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მსესხებელმა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში არ დააბრუნა ნასესხები თანხა. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორი სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ-----------------” უფლებამოსილია მოითხოვოს დარჩენილი ძირი თანხის 2883.59 ლარის გადახდევინება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
მხარეებს შორის სადავოა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, ყოველდღიური 0.504%, რომელიც გადაუხდელ სესხის ძირითად თანხას ერიცხება ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც დავალიანების დაფარვამდე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი დღიური 0.504% (წლიური 183.96 პროცენტი) მეტად დიდია. იგი ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს. სასამართლო პრაქტიკისათვის ფაქტობრივად უცნობია მხარეთა შეთანხმება სარგებლის მსგავს ოდენობაზე როგორც ბანკებთან, ასევე მიკროსაფინანსო ან ფიზიკურ პირებს შორის დადებულ ხელშეკრულებებში. შესაბამისად, მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობა ზემოთ მითითებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს ზემოთ უნდა ჩაითვალოს ბათილად, მისი ამორალური ხასიათის გამო.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. მითითებული ნორმით გარკვეულწილად შეზღუდულია ადამიანის ნების გამოვლენის აბსოლუტური თავისუფლება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს თვითონ განაგოს მისი ცხოვრება, იმოქმედოს ისე როგორც მას სურს, დადოს გარიგებები, რომლებიც მისთვის მისაღებია და იტვირთოს პასუხისმგებლობა იმ სახით, როგორც ამას თვითონ გადაწყვეტს. მას შეუძლია სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე დაამყაროს ადამიანებთან მისთვის სასურველი ურთიერთობა, შესაბამისად, დადოს ისეთი სახის გარიგება, როგორც მისთვის მისაღებია, ამოირჩიოს კონტრაჰენტი, განსაზღვროს ხელშეკრულების პირობები და ა.შ. აღნიშნული უკავშირდება ნების გამოვლენის თავისუფლებას, რაც გარანტირებულია მთელი რიგი სამართლის ნორმებით. გარიგების დადების შემდეგ მხარეთა მიერ გამოხატული ნება მხარეთათვის გადაიქცევა სავალდებულოდ შესასრულებლად. მათი შემდგომი მოქმედებები კი იზღუდება მათ მიერ გარიგებაში გამოხატული ნების შესაბამისად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფო მხარეთა მიერ ნების გამოვლენას გარიგებათა დადების დროს, აქცევს გარკვეულ ფარგლებში და მას სამართლებრივ ზღვარს უდებს. ამისი მაგალითია შემთხვევები, როდესაც კანონმდებლობა გარკვეული სახის გარიგებებს ბათილად მიიჩნევს. ამ ფარგლების გაცდენის შემთხვევაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ბათილი გარიგების ერთ-ერთ სახეს ამორალური გარიგება წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ამორალური გარიგება განმარტებულია, როგორც გარიგება, რომლებიც ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს. ზნეობის ნორმებში ყოველთვის იგულისხმება წესიერება, სამართლიანობა, კეთილსინდისიერება. სამართლიანობა გულისხმობს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების თანაბრობის პრინციპის დაცვას. ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის შესატყვისი უნდა იყოს მეორე მხარის ვალდებულებებთან. ამ თანაფარდობის დარღვევა ყოველთვის ბადებს გარიგების მონაწილეებზე სხვადასხვაგვარი ზეგავლენის, შეცდომაში შეყვანის, ან სხვაგვარი ზემოქმედების ვარაუდს, რაც ხშირად იწვევს უსამართლობისა ან უწესობის განცდას. მხარეთა მიერ ვალდებულებების თანაბარი, სამართლიანი გადანაწილება გარიგების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. მისი უგულვებელყოფა კი გარიგებათა ბათილობის საფუძველია. ეს პრინციპი მოქმედებდა და მოქმედებს საუკუნეების განმავლობაში ევროპის უმეტეს სახელმწიფოებში. მისი მოქმედება ყოველთვის მიმართული იყო სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უსამართლო, არაკეთილსინდისიერი შედეგებისაგან დაცვისაკენ. (რომაული სამართლის მიხედვით ბათილად მიიჩნეოდა გარიგება, თუ გასაყიდი მიწის ღირებულება რეალური ღირებულების ნახევარი იყო, ასევე, ავსტრიისა და გერმანიის სამოქალაქო კოდექსების მიხედვით, მხარეებს ხელშეკრულების მოშლა შეეძლოთ, თუ მათ მიერ გაწეული სამსახური ორჯერ აღემატებოდა გადახდილ საფასურს და ა.შ.). ბევრი ქვეყანა ბათილად მიიჩნევს გარიგებებს თუ სახეზეა მხარეთა ვალდებულებათა დისპროპორცია და იგი დადებულია მეორე მხარის გონივრული განსჯის უუნარობით, ნების მნიშვნელოვანი სისუსტით, მძიმე მდგომარეობით და ა.შ (ავსტრიის, გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, შვეიცარიის კანონი ,,ვალდებულებითი სამართლის შესახებ’’ და ა.შ.). აღნიშნული საკითხის მსგავსი რეგულირება ქმნის ხელშეკრულების შედარებით სუსტი მხარის დაცვის წინაპირობებს მეორე მხარის ძალმომრეობისაგან. შესაბამისად, იგი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო სამართლიანობას მხარეთა შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ამორალურ გარიგებებთან მიმართებაში შეიცავს მხოლოდ იმ დათქმას, რომ იგი არის გარიგება, რომელიც არღვევს ზნეობის ნორმებს. განსხვავებით გავლენის ბოროტად გამოყენების შედეგად ან იძულებით დადებული გარიგებებისაგან (სამოქალაქო კოდექსის 55-ე, 85-ე მუხლები), გარიგების ამორალურად მისაჩნევად აუცილებელი არ არის იმ გარემოებათა დადგენა-დადასტურება, რამაც განაპირობა ამ გარიგების დადება. საკმარისია, არსებობდეს დისპროპორცია ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის, რომ სასამართლომ იგი მიიჩნიოს ამორალურ გარიგებად. შესაბამისად, შეუძლებელია, გარიგების ამორალური ბუნების გამორიცხვა იმის გამო, რომ არ დგინდება ერთ მხარეზე მეორე მხარის მიერ განხორცილებული იძულების ფაქტი. სამოქალაქო კანონმდებლობა არ აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ამორალურ ქმედებად, მაგრამ იგი იცავს საზოგადოებას ზნეობის ნორმების საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელებისაგან. შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მორალური ღირებულებების დაცვა კანონის საფუძველზე წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული შეხედულებებისა და სამართლის ნორმების ჰარმონიზაციის ნიმუშს. კანონის შესაბამისად, ზნეობის საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ შედეგებთან და იგი იწვევს ადამიანთა მიმართ მთელი რიგი მაიძულებელი ღონისძიებების გატარებას. ზნეობის ნორმის დაუცველობა განაპირობებს ადამიანთა მიერ გამოვლენილი ნების გაბათილებას. მისი საწინააღმდეგო შეთანხმებები არარაა და მათ არანაირი სამართლებრივი შედეგების დადგომა არ უკავშირდება. ხშირად საზოგადოების მიერ ამორალურად მიიჩნევა ისეთი შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულების მხარეები ერთმანეთს უწესებენ ბევრად უფრო მძიმე მოთხოვნებს, ვიდრე ეს მართებულად მიჩნეულია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მსგავსი მოთხოვნები არ გამომდინარეობენ საზოგადოებრივი ცხოვრების აუცილებლობიდან. პირიქით, ისინი გაუმართლებლად ლახავენ საზოგადოების წევრთა უფლებებსა და ინტერესებს, საფრთხეს უქმნიან ადამიანის მთელ რიგ ღირებულებებს. ასეთი სახის შემთხვევად შეიძლება ჩაითვალოს განუზომლად მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაკისრება. შეუძლებელია, წლიური 183.96 პროცენტიანი განაკვეთის არსებობა გონივრულად ჩაითვალოს. შესაბამისად, უნდა გაბათილდეს მხარეთა მიერ დათქმული საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რომელიც ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მსესხებელს პროცენტის სახით დაეკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად დადგენილი საპროცენტო განაკვეთით დადგენილი ოდენობა, რაც შეადგენს 18.39 პროცენტს. შესაბამისად, პროცენტის სახით გადასახდელად მსესხებელს უნდა დაეკისროს 517.24 ლარის გადახდევინება.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მხარეებს შორის სადავო ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობაც. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, შეუსაბამოა ძირითადი დავალიანების თანხასა და დარიცხული პროცენტის ოდენობასთან მიმართებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო მსესხებელს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით. სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, შემცირდეს პირგასამტეხლო ოდენობა და განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით. შესაბამისად, სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 36.05 ლარით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ-----------------ა“ და თავდებებს მზ--------------ს, შპს „უ---------–--------“ და მ-----------------ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, თავდებებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს კრედიტორის წინაშე, მსესხებლის ფი-----------–-----–---–-ს ვალდებულებების შესრულებაზე, თითოეულმა 20 000 ლარის ფარგლებში.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მე-----------------ს აპელირებას თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არარსებობაზე, მისი ბათილობის გამო, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. სასამართლო განმარტავს, რომ მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღსანიშნავია, რომ ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არამხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მე-----------------. ნების არანამდვილობაზე იმის გამო აპელირებს, რომ მას, ნების ფორმირების დროს, გამოვლენილი ნების შინაარსის გაცნობიერების შესაძლებლობა არ ჰქონდა და არც მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგები ესმოდა, ვინაიდან, მოპასუხე მე-----------------ს განმარტებით, იგი, ქართულ ენას არ ფლობს.
სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. უფლების კეთილსინდისიერად განხორციელება თავის თავში მოიცავს სამართალსუბიექტის მიერ ნების გამოვლენისას წინდახედულობის ელემენტარული სტანდარტის გათვალისწინებას, რათა მის მიერ წინდაუხედავად გამოვლენილი ნებით დაუშვებლად არ იქნეს ხელყოფილი სხვათა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კიდეც რომ გაითვალისწინოს თავდების მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მან გარიგებას შინაარსის გაცნობის გარეშე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს საკუთარი უფლების იმგვარად გამოყენებას, რომლითაც დაუშვებლად იზღუდება იმ პირის უფლება, რომელიც წინდაუხედავად გამოვლენილ ნებას დაეყრდნო.
მოცემულ შემთხვევაში, მე-----------------ს მიერ იმ დოკუმენტის ხელმოწერა, რომელშიც აღწერილი იყო მის მიერ გამოვლენილი ნების შინაარსი, რის შესახებაც იგი, მისივე განმარტებით, ინფორმირებული არ იყო, გამოვლენილი ნების ბათილობის წინაპირობად ვერ განიხილება, ვინაიდან მას ჰქონდა დოკუმენტის შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა და დიდი ალბათობით, გაეცნო კიდეც, ხოლო თუ დავუშვებთ, რომ თავდები მართლაც არ გასცნობია თავდებობის ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს ნდობით განპირობებულ უხეშ გაუფრთხილებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კი ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება იძულების, მოტყუების ან შეცდომის საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო, რაც გამოიხატება ნების გამომვლენის მიერ დოკუმენტის ხელმოწერაში, მისი შინაარსის გაცნობის გარეშე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვის მიზნებისათვის იმგვარი პრეცედენტის დაშვება, რომლითაც შინაარსის გაცნობის გარეშე ხელმოწერილი დოკუმენტები ბათილად იქნება ცნობილი, იმ მესამე პირთა უფლებების დაუშვებელ ხელყოფას გამოიწვევს, რომლებიც გამოვლენილი ნების ნამდვილობას ენდნენ.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წერილობითი დოკუმენტის ხელმოწერა, მისი შინაარსის გაცნობისა და ნების გამომვლენზე ზემოქმედების გარეშე, გარიგების ბათილობის საფუძველს არ წარმოადგენს.
ამდენად, თავდებობის ხელშეკრულებების შესაბამისად, კრედიტორი სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ-----------------“ უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებელთან ერთად მ---------------ის, შპს „უ-------–------ისა“ და მე-----------------საგან სოლიდარულად სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის 2883.59 ლარის, პროცენტის - 517.24 ლარისა და პირგასამტეხლოს - 36.05 ლარის გადახდევინება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 103.10 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად, 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 187.64 ლარის გადახდა გამარტივებული წარმოებისათვის გადახდილი ხარჯის ასანაზღაურებლად, 35 ლარის გადახდა სასამართლოსგარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ”მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ-----------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1.დაეკისროთ მოპასუხეებს ფ------------–-----–---–ს, მზ--------------ს, შპს „უ-------–------სა“ და მ-----------------ს მოსარჩელე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ-----------------ს“ სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის 2883.59 ლარის, პროცენტის 517.24 ლარისა და პირგასამტეხლოს 36.05 ლარის გადახდა.
2. დაეკისროთ მოპასუხეებს ფ------------–-----–---–ს, მზ--------------ს, შპს „უ-------–------სა“ და მ-----------------ს მოსარჩელე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ-----------------ს“ სასარგებლოდ 187.64 ლარის გადახდა გამარტივებული საქმის წარმოებისათვის გადახდილი ხარჯის ასანაზღაურებლად, 35 ლარის გადახდა სასამართლოსგარეშე ხარჯის ასანაზღაურებლად.
2.1.დაეკისროთ მოპასუხეებს ფ------------–-----–---–ს, მზ--------------ს, შპს „უ-------–------სა“ და მ-----------------ს მოსარჩელე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბ-----------------ს“ სასარგებლოდ 103.10 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია