გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22133-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
01 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - მ----------–--ე
წარმომადგენელი - გ--------------–--ე
მოპასუხე - სს ,,ლ-------------ი’’
წარმომადგენელი - ნ--------------
დავის საგანი - ქმედების განხორციელება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს მოპასუხეს განაახლოს მ----------–--ის სახელზე გაცემული საპენსიო ბარათის პინ-კოდის მოქმედების ვადა მოსარჩელის მიერ გ--------------–--ის სახელზე 2017 წლის 13 აპრილს გაცემული მინდობილობის (სანოტარო რეგისტრაციის ნომერი №1--------) საფუძველზე.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-15).
1.1.1. 2018 წლის 29 მაისს მისმა შვილმა გ--------------–--ემ მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე მიმართა სს ,,ლ-------------ის’’ მ---–----------–----ის ფილიალს და მოითხოვა მისის საპენსიო პლასტიკური ბარათის პინ-კოდის განახლება;
1.1.2. მოპასუხის დაუსაბუთებელი პასუხით, მის წარმომადგენელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
1.1.3. მის მიერ გ--------------–--ის სახელზე გაცემული მინდობილობა საკმარისი საფუძველია მოპასუხისთვის მოთხოვნილი ქმედების განხორციელებისთვის;
1.1.4. მოპასუხის მიერ ქმედების განხორციელების თაობაზე უარის თქმის შემდეგ გ--------------–--ემ შეავსო საპრეტენზიო განაცხადი, თუმცა აღნიშნულის საფუძველზეც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც სარჩელი არ ცნო.
შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 25-35)
2.1.1. მოსარჩელე არის სს ,,ლ-------------ის’’ მომხმარებელი, აქვს გახსნილი ბანკში სოციალური ანგარიში და ამ ანგარიშზე ყოველთვიურად ერიცხება ასაკობრივი პენსია. მის ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის მიზნით (საფასურის გადახდა, ნაღდი ფულის ამოღება, ვალუტის გადაცვლა და ა.შ) მასზე გაცემულია პლასტიკური ბარათი, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური პინ-კოდი;
2.1.2. პინ-კოდი არის უნიკალური კოდი, იგი არის პერსონიფიცირებული საიდენტიფიკაციო ნომერი და გამოიყენება ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში ტრანზაქციების შესასრულებლად. ამასთან, პინ-კოდი წარმოადგენს პლასტიკურ ბარათთან ერთად ბარათის მფლობელის ელექტრონულ იდენტიფიკატორს;
2.1.3. 2018 წლის 29 მაისს მოსარჩელის წარმომადგენლმა მართლაც შეავსო საპრეტენზიო განაცხადი, რომლითაც ითხოვდა მ----------–--ის სახელზე გაცემულ საპენსიო/სოციალურ ბარათზე პინ-კოდის განახლებას;
2.1.4. მოსარჩელის წარმომადგენლის - გ--------------–--ის მიერ წარდგენილ იქნა მინდობილობა, რომლის საფუძველზეც ,,რწმუნებული უფლებამოსილია იყოს მარწმუნებლის წარმომადგენელი ნებისმიერ ბანკში, ამისთვის შეიტანოს განცხადება, შეკრიბოს საჭირო საბუთები და ხელი მოაწეროს ნებისმიერ დოკუმენტს მარწმუნებლის სახელით, მიიღოს ნებისმიერი სახის ცნობები და დოკუმენტები’’;
2.1.5. წარმოდგენილია სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელეს შრომითი საქმიანობის უნარი აქვს შეზღუდული, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირია და მას არ შეუძლია გადაადგილება;
2.1.6. მასსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ,,სახელმწიფო პენსიების, სახელმწიფო კომპენსაციების და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების გაცემის შესახებ’’ მოთხოვნების შესაბამისად, პლასტიკური ბარათით სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებში მოქმედების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ვადის განახლება შესაძლებელია აღნიშნულზე, საბანკო დაწესებულებაში უშუალოდ სოციალური გასაცემლის მიმღები პირის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში. პინ-კოდის განახლება ხდება კვლავ ერთი წლით;
2.1.7. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის პენსიის მიმღები პირი ვერ ახერხებს ფილიალში მოსვლას, პინ-კოდის გააქტიურების შესახებ განცხადების შესავსებად, იგი მას სთავაზობს თანხის მიმღების შემდეგ ალტერნატიულ გზებს: კლიენტი უფლებამოსილია დაწეროს განცხადება, რომლის მიხედვითაც იგი მოითხოვს კუთვნილი პენსიის მის საცხოვრებელ მისამართზე მიტანას ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამ განცხადების წარდგენა შეუძლია როგორც უშუალოდ კლიენტს, ისე ნებისმიერ მინდობილ პირს, რომელსაც აქვს მარწმუნებლის სახელით განცხადების შეტანის უფლება;
2.1.8. ამასთან, კლიენტი უფლებამოსილია მოითხოვოს მის სოციალურ ბარათზე/ანგარიშზე მიბმული/დაკავშირებული დამატებითი ბარათის დამზადება და გადაცემა იმ პირზე, ვის სახელზეც მზადდება ეს დამატებითი ბარათი, თუ კლიენტის სახელით ეს განცხადება შეაქვს მის წარმომადგენელს, მის მიერ წარდგენილ მინდობილობაში უნდა იყოს კონკრეტული მითითება ამის თაობაზე (დამატებითი ბარათის დამზადების, მისი ანგარიშების განკარგვის და ა.შ), წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ ექნება მინიჭებული სპეციალური უფლება და ის არ ჩაითვლება უფლებამოსილ პირად, შესაბამისად, მის მიერ შეტანილი განაცხადი არ დაკმაყოფილდება;
2.1.9. მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი მინდობილობა არ შეიცავდა მითითებას თანხის განკარგვის უფლებამოსილების თაობაზე, შესაბამისად, მას საფუძვლიანად ეთქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე;
2.1.10. საპენსიო ბარათის პინ-კოდის განახლება გულისხმობს აღნიშნული ოპერაციის განხორციელებისთანავე ოპერაციის განმახორციელებელი პირის მიერ უფლებამოსილი პირისთვის განახლებული პინ-კოდის გადაცემას. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი თავად მოსარჩელის ინტერესებიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შესაძლებლობას წარდგენილი მინდობილობის ფარგლებში დაეკმაყოფილებინა გ--------------–--ის მოთხოვნა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 13 აპრილს მ----------–--ის, როგორც მარწმუნებლის მიერ, გ--------------–--ის, როგორც რწმუნებულის სახელზე, გაიცა მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------), რომლის თანახმადაც გ--------------–--ეს მიენიჭა შემდეგი უფლებამოსილებები: ,,რწმუნებული უფლებამოსილია იყოს ჩვენი წარმომადგენელი ყველა კომპეტენტურ ორგანიზაციაში და დაწესებულებაში, ნებისმიერ კერძო და სახელმწიფო ორგანოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში ნებისმერ საკითხთან დაკავშირებით, სანოტარო ბიუროში, ნებისმიერ ბანკში, ამისთვის შეიტანოს განცხადება, შეკრიბოს საჭირო საბუთები და ხელი მოაწეროს ნებისმიერ დოკუმენტს მარწმუნებლის სახელით და მიიღოს ნებისმიერი სახის ცნობები და დოკუმენტები’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რწმუნებულება (ს.ფ. 16)
3.1.2. 2018 წლის 29 მაისს გ--------------–--ემ სს ,,ლ-------------ის’’ ოპერატორისგან მოითხოვა 2017 წლის 13 აპრილის მინდობილობის საფუძველზე მისი დედის - მ----------–--ის სახელზე გაცემული საპენსიო ბარათის პინ კოდის განახლების თაობაზე საბანკო ოპერაციის განხორციელება, რაზეც მოსარჩელეს განუცხადეს უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- წერილი (ს.ფ. 19)
3.1.3. 2018 წლის 29 მაისს მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარედგინა შემდეგი საპრეტენზიო განაცხადი: ,,ვითხოვ დედაჩემის, მ----------–--ის (პ/ნ 4----------) საპენსიო ბარათის პინ-კოდის განახლებას (ვადა გაუვიდა 1 წლიანი) წარმოდგენილი მინდობილობის საფუძველზე უარის შემთხვევაში, წარმომიდგინეთ კონკრეტული სამართლებრივი დასაბუთება. პინ-კოდის განახლების შემთხვევაში ინფორმაცია აცნობეთ მ----------–--ეს...’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საპრეტენზიო განაცხადი (ს.ფ. 21) 3.1.4. გ--------------–--ის მიერ წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის პასუხად, მოპასუხის მიერ მას ეცნობა, რომ მას აღნიშნული განაცხადით მოთხოვნილ ინფორმაციაზე სს ,,ლ-------------ის’’ მიერ უკვე გაცემული იყო შესაბამისი დასაბუთება 2017 წლის აპრილის თვეში წარდგენილი განცხადების პასუხად, რომლითაც გ--------------–--ეს განემარტა, რომ საბანკო ანგარიშზე პლასტიკური ბარათების დამზადება ან მათი განბლოკვა იძლევა ანგარიშის განკარგვის უფლებას, მინდობილობით რწმუნებულს მინიჭებული ჰქონდა დოკუმენტის მიღების უფლებამოსილება, რაც ნიშნავდა გარკვეული ცნობების (ინფორმაციის) მიღებას და არა ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვას. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მიმართვები (ს.ფ. 20) 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1. საპენსიო ბარათის პინ-კოდის განახლება გულისხმობს აღნიშნული ოპერაციის განხორციელებისთანავე ოპერაციის განმახორციელებელი პირის მიერ უფლებამოსილი პირისთვის განახლებული პინ-კოდის გადაცემას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს (იხ. სუსგ , საქმე №ას-1206-1166-2016). განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო გარემოებას წარმოადგენს, საფუძვლიანია თუ არა მოპასუხის ქმედება, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელის წარმომადგენელს შესაბამისი საბანკო ოპერაციის განხორციელებაზე წარდგენილი მინდობილობის საფუძველზე. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საბანკო დაწესებულება მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ წარდგენილი განცხადებით იგი ითხოვდა ინფორმაციის უშუალოდ მოსარჩელისთვის გაგზავნას, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საპენსიო ბარათზე პინ-კოდის განახლება, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად გულისხმობს ან ახალი პინ-კოდის (ციფრების ახალი კომბინაცია) ან იმავე პინ-კოდის (გაგრძელებული ვადით) გადაცემას უფლებამოსილი პირისთვის, ხდება აღნიშნული საბანკო ოპერაციის განხორციელებისთანავე. შესაბამისად, განცხადების წარმდგენიც, ვისი მოთხოვნის საფუძველზეც განხორციელდებოდა აღნიშნული საბანკო ოპერაცია, უნდა ყოფილიყო უფლებამოსილი პირი. მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს ოპერატორის მიერ შესასრულებელი საბანკო ოპერაციის ეტაპები (ს.ფ. 37-40). წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტები წარმოადგენს სს ,,ლ-------------ის’’ მიერ ოპერაციის შესასრულებლად გაცემულ რეკომენდაციას. აღნიშნულის თანახმად ის ბენეფიციარები, რომლთა პლასტიკური ბარათი მიღების ან პინ-კოდის გააქტიურების შემდგომ გასულია ერთ წელზე მეტი დრო, ვერ მოახდენენ ბარათით ბანკომატიდან თანხის განაღდებას და ასევე შეზღუდულია სავაჭრო ობიექტები ბარათით მოქმედება. ამასთან, სს ,,ლ-------------ის’’ მიერ გაცემულია მითითება, რომლის თანახმადაც, პლასტიკური ბარათით სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებში მოქმედების ვადის ამოწურვის შემდგომ არ არის საჭირო ახალი პინ-კოდის გენერირება. აღნიშნული ვადის ერთი წლით გაგრძელება შესაძლებელია კლიენტის მიერ ბანკში მომართვის შემთხვევაში (გააქტიურება უფასოა). სს ,,ლ-------------ის’’ მითითებით, ასეთ შემთხვევაში შესაბამის პროგრამაში ოპერატორმა კლიენტის პროფილში უნდა აირჩიოს ოპერაციის ტიპი ,,ბარათები’’ და შემდგომ ,,სოციალური ბარათის გააქტიურება ATM-ში’’. წარმოდგენილი საბანკო ოპერაციის ამსახველი ფოტოსურათების თანახმად, ,,სოციალური ბარათის გააქტიურება ATM-ში’’ გააქტიურების შემდგომი პროცედურა გულისხმობს პლასტიკური ბარათის გატარებას. ბარათის გააქტიურების შემდგომ კი ოპერატორისთვის აქტიური ხდება ,,შესრულების’’ ფუნქცია, რომლის შედეგადაც ფაქტობრივად სრულდება პინ-კოდის განახლების საბანკო ოპერაცია. სწორედ აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიუთითებს მოპასუხის წარმომადგენელი, რომ მართალია გ--------------–--ემ მის სახელზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე წარადგინა პინ-კოდის განახლების თაობაზე განცხადება მოსარჩელის სახელით, მაგრამ მოცემული განცხადების დაკმაყოფილება თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ავტომატურად გულისხმობდა მისთვის განახლებული პინ-კოდის თაობაზე ინფორმაციის გადაცემას. აღნიშნული განმარტების საპირისპირო მტკიცებულება მხარეთა მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს სარწმუნოდ მიაჩნია მოპასუხე მხარის წერილობით მტკიცებულებაზე დამყარებული პოზიცია და დადგენილად მიაჩნია, რომ საპენსიო ბარათის პინ-კოდის განახლება გულისხმობს აღნიშნული ოპერაციის განხორციელებისთანავე ოპერაციის განმახორციელებელი პირის მიერ უფლებამოსილი პირისთვის განახლებული პინ-კოდის გადაცემას. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამავე წერილში მითითებულია, რომ მოპასუხესა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო პენსიების, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის გაცემის საბანკო მომსახურების შესახებ მოთხოვნების შესაბამისად, პლასტიკური ბარათით სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებში მოქმედების ვადა განისზღვრება 1 (ერთი) წლით. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ვადის განახლება შესაძლებელია აღნიშნულზე საბანკო დაწესებულებაში უშუალოდ სოციალური გასაცემლის მიმღები პირის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში". სასამართლო მოცემულ შემთხვევაში უდაოდ მიიჩნევს, რომ უშუალოდ სოციალური გასაცემლის მიმღების განცხადება არ ყოფილა წარდგენილი მოპასუხესთან შესაბამისი მოთხოვნით. მისი სახელით წარდგენილი იქნა წარმომადგენლის მიერ შესაბამისი განცხადება, რომელიც არ შეიცავდა შესაბამის უფლებამოსილებას ვადის განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის. სასამართლო აღნიშნავს, რომ წარდგენილ მინდობილობაში ასევე არ არის მითითება მოსარჩელის/მარწმუნებლის ანგარიშების განკარგვის თაობაზე. პინ-კოდის განახლება კი მას აღნიშნულის საშუალებას აძლევდა ავტომატურად. საწინააღმდეგო სასამართლოსათვის მოსარჩელეს, რომ შესაბამისი განახლების შემთხვევაში მისი წარმომადგენელი არ იქნებოდა უფლებამოსილი და არ ექნებოდა წვდომა ანგარიშებზე, არ წარმოუდგენია. მინდობილობიდან კი მისი ნება, მისმა მარწმუნებელმა მიიღოს წვდომა ამ მინდობილობის საფუძველზე მის ანგარიშზე არსებულ თანხებზე, არ გამომდინარეობს და მის შინაარსს სასამართლო ვერ განმარტავს ამგვარად. 3.2.2. მ----------–--ის მიერ გ--------------–--ის სახელზე 2017 წლის 13 აპრილს გაცემული მინდობილობის (სანოტარო რეგისტრაციის ნომერი №1--------) საფუძველზე მოპასუხეს არ ევალება შეასრულოს საპენსიო ბარათის პინ-კოდის მოქმედების ვადის გაგრძელების საბანკო ოპერაცია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ამავე კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო ამავე კოდექსის 711-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს. სასამართლო მიუთითებს, რომ დავალების ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური ხელშეკრულებაა. მისი მხარეებია, ერთი მხრივ, მარწმუნებელი, რომელიც დავალების მიმცემია და ამ სახის ურთიერთობებში კრედიტორის როლში გამოდის, ხოლო მეორე მხრივ, რწმუნებული, რომელიც კისრულობს დავალებული მოქმედების განხორციელებას და მონაწილეობს მოვალის მხარეზე. ამ ხელშეკრულების საგანია რწმუნებულის მიერ ერთი ან რამდენიმე მოქმედების შესრულება. მარწმუნებელმა შეიძლება დაავალოს რწმუნებულს როგორც იურიდიული, ისე ფაქტობრივი მოქმედების შესრულება, ამდენად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება დავალების ხელშეკრულების დადება - ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამართალურთიერთობაა. დავალების ხელშეკრულების საფუძველზე ცალკეული მოქმედების შესასრულებლად შეიძლება გაიცეს მინდობილობა. შეიძლება არ დაიდოს დავალების ხელშეკრულება და გაიცეს მინდობილობა, ან პირიქით, დაიდოს დავალების ხელშეკრულება და არ გაიცეს მინდობილობა. ამდენად, მინდობილობას შეიძლება საფუძვლად დაედოს დავალების ხელშეკრულება და შეიძლება არ დაედოს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია უდავო ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 13 აპრილს მ----------–--ის, როგორც მარწმუნებლის მიერ, გ--------------–--ის, როგორც რწმუნებულის სახელზე, გაიცა მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №1--------), რომლის თანახმადაც გ--------------–--ეს მიენიჭა შემდეგი უფლებამოსილებები: ,,რწმუნებული უფლებამოსილია იყოს ჩვენი წარმომადგენელი ყველა კომპეტენტურ ორგანიზაციაში და დაწესებულებაში, ნებისმიერ კერძო და სახელმწიფო ორგანოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ნებისმიერ იუსტიციის სახლში, ნებისმიერ სადაზღვევო კომპანიაში ნებისმერ საკითხთან დაკავშირებით, სანოტარო ბიუროში, ნებისმიერ ბანკში, ამისთვის შეიტანოს განცხადება, შეკრიბოს საჭირო საბუთები და ხელი მოაწეროს ნებისმიერ დოკუმენტს მარწმუნებლის სახელით და მიიღოს ნებისმიერი სახის ცნობები და დოკუმენტები’’. აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე გ--------------–--ემ, როგორც მ----------–--ის წარმომადგენლმა, მოითხოვა საპენსიო ბარათზე პინ-კოდის განახლება. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ საპენსიო ბარათის პინ-კოდის განახლება გულისხმობს აღნიშნული ოპერაციის განხორციელებისთანავე ოპერაციის განმახორციელებელი პირის მიერ უფლებამოსილი პირისთვის განახლებული პინ-კოდის გადაცემას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მოსარჩელის წარმომადგენლისთვის განცხადების დაკმაყოფილება გულისხმობდა მოპასუხის მხრიდან მისთვის განახლებული პინ-კოდის შესახებ ინფორმაციის გადაცემას, რაც ცხადია მას ანიჭებდა პლასტიკური ბარათზე არსებული თანხის განკარგვის უფლებამოსილებას. აღნიშნული უფლება კი გ--------------–--ეს არ აქვს მინიჭებული 2017 წლის 13 აპრილის მინდობილობით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ----------–--ის მიერ გ--------------–--ის სახელზე 2017 წლის 13 აპრილს გაცემული მინდობილობის (სანოტარო რეგისტრაციის ნომერი №1--------) საფუძველზე მოპასუხეს არ ევალება შეასრულოს საპენსიო ბარათის პინ-კოდის მოქმედების ვადის გაგრძელების საბანკო ოპერაცია. სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მ----------–--ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 103-ე, 709-ე, 711-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
საქმეებზე - ,,დევიერი ბელგიის წინააღმდეგ’’ და ,,დელკური ბელგიის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ "ადამიანის უფლებათა" ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს "დასაბუთებული" (ბიენ-ფონდე), აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით. მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი სამოქალაქო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართაც ვრცელდება.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება თუ რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს მოპასუხის პოზიცია (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ამავე კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე, ხოლო ამავე კოდექსის 711-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს.
დავალების ხელშეკრულების სამართლებრივი არსიდან გამომდინარე, მარწმუნებლის მიერ რწმუნებულის სახელზე გაცემული მინდობილობა უშუალოდ უნდა შეიცავდეს მითითებას განსახორციელებელი ამა თუ იმ ქმედების შესახებ. სწორედ ამ ფარგლებშია უფლებამოსილი რწმუნებული წარმოადგინოს მარწმუნებელი მესამე პირებთან ურთიერთობაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ საპენსიო ბარათის პინ-კოდის განახლება გულისხმობს აღნიშნული ოპერაციის განხორციელებისთანავე ოპერაციის განმახორციელებელი პირის მიერ უფლებამოსილი პირისთვის განახლებული პინ-კოდის გადაცემას. აღნიშნულის საფუძველზე ასევე დადგენილია, რომ მ----------–--ის მიერ გ--------------–--ის სახელზე 2017 წლის 13 აპრილს გაცემული მინდობილობის (სანოტარო რეგისტრაციის ნომერი №1--------) საფუძველზე მოპასუხეს არ ევალება შეასრულოს საპენსიო ბარათის პინ-კოდის მოქმედების ვადის გაგრძელების საბანკო ოპერაცია.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ დგინდება მოპასუხის მიმართ ქმედების განხორციელების დავალებისათვის აუცილებელ წინაპირობათა ერთიანობა, რაც მის მიმართ წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მ----------–--ის სარჩელი სს ,,ლ-------------ის’’ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი