გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.12.2018
საქმის ნომერი
330210015001044647
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/14533-15

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.12.2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი

სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი

მოსარჩელე: შპს ,,ა-----ა გ-----ი“

წარმომადგენელი: ზ------ ვ---–---–-

მოპასუხეები: ნ----- კ------ ს--------, ფ---- ვ----------–---------------–--------------–-–--

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.დაეკისროს ნ----- კ------ ს--------ს, შპს ,,ა-----ა გ-----ის“ სასარგებლოდ კომპენსაცია 5000 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარის ოდენობით;

 

1.2. დაეკისროს ფ---- ვ-------ეს, შპს ,,ა-----ა გ-----ის“ სასარგებლოდ კომპენსაცია 5000 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარის ოდენობით;

 

(საბოლოო მოთხოვნის ასეთი სახით ფორმულირება მოხდა 2018 წლის 04 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე);

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

მოპასუხეები მუშაობდნენ მოსარჩელედ ი---------–---–---–ის (ტ-------ის) თანამდებობაზე. ფ---- ვ-------ემ და ნ----- კ------ ს--------მა მუშაობა დაიწყეს 12.06.2012 წელს, რაზეც თითოეულ მოპასუხესთან გაფორმდა ხელშეკრულება 2017 წლის 06 თებერვლამდე. ორივე ხელშეკრულების 5.3. მუხლით, განისაზღვრა ერთჯერადი ჯარიმა 5000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობები შეწყდებოდა დასაქმებულის ინიციატივით. ორივე მოპასუხემ 2014 წლის მარტის დასაწყისში საკუთარი ინიციატივით შეწყვიტეს შრომითი ურთიერთობები მოსარჩელესთან, დააფუძნეს საკუთრ მოსწავლესთან ერთად შპს ,,არია ი----“

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით შესაგებელში და სხდომაზე სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

მოსარჩელემ თავად შეწყვიტა საქმიანი ურთიერთობა მოპასუხეებთან და თან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, რითაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა. მოულოდნელად წარადგინა იუსტიციის სამინისტროში განაცხადი, რითაც მოპასუხეებს გააუქმეს ცხოვრების უფლება საქართველოში, გამოუშვეს იმ სახლიდან სადაც ცხოვრობდნენ რითაც წარმოუდგენელი სირთულეების წინაშე აღმოჩდნენ;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 12 ივნისს შპს ,,ა-----ა გ-----ს“ და ფ---ნი ვ-------ეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხე 2016 წლის 11 ნოემბრამდე დაინიშნა ი----ს ტ-------ის თანამდებობაზე, ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 340 აშშ დოლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.14-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. 2012 წლის 12 ივნისს შპს ,,ა-----ა გ-----ს“ და ნ----- კ------ ს--------ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხე 2017 წლის 06 თებერვლამდე დაინიშნა ი----ს ტ-------ის თანამდებობაზე, ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 340 აშშ დოლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ.27-36);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. შრომითი ხელშეკრულებების 5.3. მუხლის თანახმად, დაქირავებული პირის მიერ წინასწარი გაფრთხილების გარეშე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია დამქირავებელს კომპენსაციის სახით გადაუხადოს ერთჯერადად 5000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც გადაიხდება ლარებში გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის გადაცვლის ოფიციალური კურსის შესაბამისად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შრომითი ხელშეკრულებები (ს.ფ. 14-36);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2014 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, შპს ,,ა-----ა გ-----ის“ დირექტორის, ე-----ა დ--–-----ის 2014 წლის 11 მარტის წერილის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა 2013 წლის 12 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ----- კ------ ს--------ისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 136-137);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს 2014 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით, შპს ,,ა-----ა გ-----ის“ დირექტორის, ე-----ა დ--–-----ის წერილის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდა 2013 წლის 23 დეკემბრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფ---ნ ვ-------სათვის დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 142-143);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ ნორმით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართლწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მის მიერ მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია სადავო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. ამ შემთხვევაში სადავოა ვისი ინიციატივით შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

 

შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე№ ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით,დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა თავად მიატოვეს სამუშაო და შეწყვიტეს შრომითი ურთიერთობა, რასაც ადასტურებს ნ----ნ კ------ ს--------ის და ფ---ნ ვ-------ეს ხელმოწერილი განცხადებები.

 

მოპასუხეების განმარტებით კი, დამსაქმებელმა შეუწყვიტა ურთიერთობა, რითაც ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში, შპს ,,ა-----ა გ-----ის“ დირექტორის მიმართვის საფუძველზე მათ ძალადაკარგულად გამოაცხადეს მოპასუხეებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები.

 

სასამართლო განმარტავს, მხარეებს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებების 5.3. მუხლის ასამოქმედებლად (რომლის თანახმადაც, დაქირავებული პირის მიერ წინასწარი გაფრთხილების გარეშე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია დამქირავებელს კომპენსაციის სახით გადაუხადოს ერთჯერადად 5000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც გადაიხდება ლარებში გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის გადაცვლის ოფიციალური კურსის შესაბამისად), უნდა დადასტურდეს და ნათელი უნდა იყოს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანებები წარმოდგენილი არ არის, ამდენად ოფიციალური დოკუმენტი, საიდანაც ცალსახად შეიძლება დადგინდეს შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, ამის დასადგენად უნდა შეფასდეს წარმოდგენილი მასალები და მხარეთა ახსნა-განმარტება. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, ვინაიდან, განცხადებები, რომლებზეც შპს ,,ა-----ა გ-----ი“ ამყარებს მის პოზიციას შედგენილია 2013 წლის 07 ნოემბერს, ამის შემდეგ კი მხარეებს შორის ჩვეულებრივ გრძელდებოდა შრომითი ურთიერთობა 2014 წლის მარტამდე, ამდენად, ცხადია, რომ ეს განცხადებები არ გამხდარა საფუძველი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა ვინაიდან ამ განცხადებებს შესაბამისი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია, დამსაქმებელს არ გამოუვლენია ნება პირადი განცხადების გამო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. ამის საპირისპიროდ კი წარმოდგენილია ფ---ნ ვ-------ეს განცხადება, სადაც იგი აცხადებს, რომ 2014 წლის 05 მარტიდან შპს ,,ა-----ა გ-----ის“ დირექტორმა, ე-----ა ო-------მ მიიღო გადაწყვეტილება მისი სამსახურიდან გაშვების შესახებ. ასევე წარმოდგენილია სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე“ შპს ,,ა-----ა გ-----ის“ დირექტორის - ე-----ა ო-------ს მიერ მ------ კ-------–---–------ის მიწერილი წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მოპასუხეებს გაუქმებული აქვთ კვალიფიკაცია ი----ში, რადგან ყოველდღიურად ღებულობდნენ ალკოჰოლს და შედეგად მან გაათავისუფლა სამსახურიდან. ამდენად, წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა დამსაქმებლის ინიციატივით, რის გამოც არ არსებობს მოპასუხეებისთვის კომპენსაციის დაკისრების საფუძველი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან არ დადასტურდა, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყდა ნ----ნ კ------ ს--------ის და ფ---ნ ვ-------ეს ინიციატივით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლის წყაროები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი;

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6, მე-7 მუხლები;

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, 46-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს რომ შრომის თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რათმქუნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული. სხვა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობისგან შრომითი ურთიერთობა გამოირჩევა გარკვეული თავისებურებით, რაც იმაში გამოიხატება, რომ ამ ურთიერთობის სუბიექტები ჰორიზინტალურ ურთიერთმიმართებაში არ არიან. დამსაქმებელი გარკვეულწილად დამსაქმებლის დაქვემდებარებაშია.

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით შემდეგნაირადაა განსაზღვრულია შრომითი ურთიერთობის ცნება: შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

ამ ნორმის მიხედვით შრომითი ურთიერთობისათვის დამახასაითებელი მნიშვნელოვანი სპეციფიკური ელემენტია ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში საქმიანობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შრომის ორგანიზაციული მოწესრიგება განაპირობებს დამსაქმებლის ერთგვარ უპირატესობას შრომით ურთიერთობებში, რადგან ამ ურთიერთობისთვის დამახასიათებელია სუბორდინაცია - დასაქმებულის დაქვემდებარებულობა.

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2006 წლის 15 ივნისს მიღებულ N198 რეკომენდაციაში განისაზღვრა შრომითი ურთიერთობის იდენტიფიკაციის კრიტერიუმები. მე-12 მუხლი ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმად მიიჩნევს სუბორდინაციას - დაქვემდებარებულობას.

 

დავის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეთათვის ხელშეკრულებებით დადგენილი პირგასამტეხლოს დაკისრება, რადგანაც, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა, რომელბიც შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოსარჩელე იურიდიულ პირთან, თავიანთი ინიციატივით შეწყვიტეს შრომითი კონტრაქტი. შესაბამისად, სასამართლომ იმსჯელა ამ გარემოებაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს ასე არ გახლდათ. ნათელია, რომ პირდაპირი, წერილობითი მტკიცებულებების გარეშე (როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო ბრძანება პირადი სურვილით დათხოვნაზე და დასაქმებულთა თანხმობა), სასამართლოს უწევს იმსჯელოს სხვა სახის მტკიცებულებებზე და წარსულში მოსარჩელისა თუ მოპასუხის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ქმედებებზე, რომელიც საბოლოოდ სიმართლეს გამოკვეთდა.

 

ჩვენ ზემოთ - სადავო ფაქტობრივ გარემოებებში უკვე ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე და აქ აღარ გავიმეორებთ. შესაბამისად დადგენილია, რომ მოპასუხეები პირადი განცხადებითა თუ სურვილით არ წასულან სამსახურიდან; ეს კი ხელშეკრულების ზემოაღნიშნული მუხლის ამოქმედებისა და მოპასუხეთათვის პასუხისმგებლობის დაკისრების გამომრიცხველი გარემოებაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით, უფლების ბოროტად გამოყენებად მიჩნეულია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. შესაბამისად, არ დასტურდება ის ძირითადი გარემოება (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დასაქმებულის ინიციატივით), რომლის არსებობაც არის ერთადერთი საფუძველი იმისა, რომ დამსაქმებელს წარმოეშვას დასაქმებულების წინააღმდეგ კომპენსაციის დაკისრების შესახებ მოთხოვნა. ამდენად, სარჩელი არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ,,ა-----ა გ-----ის“ სარჩელი ნ----- კ------ ს--------ის და ფ---- ვ-------ეს მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირაკლი კოპალიანი