გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2019
საქმის ნომერი
330210118002526172
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

მოსარჩელე (ძირითად სარჩელში) - სს ,,რ-------------–--------------–ი"

წარმომადგენელი - გ--------–----–---–-

მოპასუხე (ძირითად სარჩელში) - შპს ,,ე---------------"

წარმომადგენელი - ზ----------------–------–--–---–-----------–------------------------

დავის საგანი (ძირითად სარჩელში) - თანხის დაკისრება

მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში) - შპს ,,ე---------------"

მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში) - სს ,,რ-------------–--------------–ი"

დავის საგანი (შეგებებულ სარჩელში) - ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „ე---------------ს“ მოსარჩელის სს „რ-------------–--------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 17930 ლარის ანაზღაურება;

1.2. მოპასუხე შპს „ე---------------ს“ მოსარჩელის სს „რ-------------–--------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის სანაცვლოდ 800 ლარის ანაზღაურება;

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

მხარეებს შორის 2016 წლის 6 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისთვის გადაეცა სამედიცინო აღრიცხვის, მართვისა და ანალიზის პროგრამა, ჩაეტარებინა პროგრამული სისტემის დანერგვისა და სწავლების სამუშაოები, გადაეცა პროგრამის 25 ლიცენზია, ასევე 1 წლის განმავლობაში გაეწია პროგრამული მომსახურება. მოსარჩელე ეტაპობრივად ახდენდა თანხის გადახდას. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ არაჯეროვანი მომსახურეობა გაუწია, რაც გამოიხატებოდა პროგრამის უამრავ ხარვეზში. აღნიშნული დასტურდება ელექტრონული მიმოწერით.

 

ხარვეზიანი შესრულების გამო სს „რ-------------–--------------–ი იძულებული გახდა სხვა კომპანიასთან გაეფორმებინა მსგავსი ტიპის ხელშეკრულება, რითაც მიადგა ზიანი.

 

2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

 

2.1. სს „რ-------------–--------------–ს“ მოსარჩელე შპს „ე---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 6850 ლარის ანაზღაურება.

 

შეგებებული სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

შპს „ე---------------ი“ პროგრამული სერვისის მიმწოდებელი კომპანიების შვიდეულშია შესული და მისი მომსახურებით საქართველოში უამრავი კომპანია სარგებლობს და ამათგან რაიმე სახის პრეტენზია, რაც დაკავშირებული იქნებოდა მიწოდებული პროგრამული მომსახურების დაბალ ხარისხთან და ვალდებულების რაიმე ფორმით შეუსრულებლობასთან, დაფიქსირებული არ ყოფილა. შპს „ე---------------მა“ მასზე დაკისრებული ვალდებულება მოპასუხეს სრულად, შეთანხმებულ ვადაში და სათანადო ხარისხით შეუსრულა.

 

ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, მისი გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში გადაეხადა 24780 ლარი, საიდანაც ანაზღაურებული აქვს 17930 ლარი და მისი დავალიანებაა 6850 ლარი. თანხები სრულად დადასტურებულია მოპასუხის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით.

 

3. მოპასუხის პოზიცია (პირვანდელ სარჩელზე)

 

3.1. შპს „ე---------------მა“ სარჩელი არ ცნო, ვინაიდან ვალდებულება მათი მხრიდან ჯეროვნად იყო შესრულებული. მიწოდებული პროგრამით ისარგებლა მოსარჩელემ, რაც ხელშეკრულების მთავარ მიზანს წარმოადგენდა. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ ფიქსირდება არანაირი საპრეტენზიო წერილი/მოთხოვნა, რაც მომსახურების ხარვეზს დაადასტურებდა. რაც შეეხება ელექტრონულ მიმოწერას, საეჭვოა მათი ავთენტურობა, რადგან პრეტენზიები არ იყო ხელმოწერილი, არ ირკვეოდა მათი ადრესატი და გამგზავნი. უფრო მეტიც, მათი საუბარი იყო რეალურად გარკვეულ ტექნიკურ საკითხებზე, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას, პროგრამული სისტემის მიწოდებას, სისტემის დანერგვას და სწავლებას მუდმივად თან ახლავს, ხოლო მიწოდებული მომსახურების უხარისხობა არ დასტურდებოდა არც ერთი მტკიცებულებით.

 

პირველი საპრეტენზიო წერილი მოსარჩელის მიერ გაგზავნილი იყო ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდგომ, 2018 წლის 26 მარტს, რაც ემსახურებოდა მხოლოდ იმ მიზანს, რომ არ მომხდარიყო თანხის სრულად გადახდა.

 

რაც შეეხებოდა სხვა ფირმასთან ხელშეკრულების გაფორმებას, აღნიშნული არ ადასტურებდა ანალოგიური მომსახურების მიწოდებას. აღსანიშნავი იყო ის ფაქტიც, რომ მოსარჩელე მიწოდებული პროგრამით 2017 წლის 1 დეკემბრამდე სარგებლობდა და ფაქტობრივად საქმიანობის წარმართვისთვის არ ჰქონია დამატებით რაიმე სახის დამხმარე პროგრამული უზრუნველყოფის შეძენის ან დაქირავების საჭიროება.

 

4. მოპასუხის პოზიცია (შეგებებულ სარჩელზე)

 

4.1. სს „რ-------------–--------------–მა“ არ ცნო შეგებებული სარჩელი და განმარტა, რომ ანგარიშ-ფაქტურების დადასტურების ფაქტი თავისთავად არ გულისხმობდა სათანადო შესრულებას. შესრულება იყო ნაკლიანი, რამაც ზიანი მიაყენა.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. სს „რ-------------–--------------–ს“ (მყიდველი) და შპს „ე---------------ს“ (გამყიდველი) შორის 2016 წლის 6 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც გამყიდველი გადასცემს მყიდველს პროგრამულ სისტემას და ასრულებს შესწავლა-დანერგვის სამუშაოებს.

 

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა: ა) სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის აღრიცხვის, მართვის და ანალიზის პროგრამული სისტემა F---Hospital-შემდეგში პროგრამული სისტემა; ბ) პროგრამული სისტემის დანერგვის და სწავლების სამუშაოები; გ) პროგრამის 25 ლიცენზია; დ) პროგრამული მომსახურება ერთი წლის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 06.04.2016 წლის ხელშეკრულება N---------- (მე-2 და მე-3 მუხლები).

 

5.1.2. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 24780 ლარით, საიდანაც 3540 ლარის ჩარიცხვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების შემდეგ 3 სამუშაო დღეში, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ყოველი თვის ბოლო 3 სამუშაო დღის ვადაში მყიდველს უნდა გადაეხადა 1770 ლარს.

 

ხელშეკრულება დაიდო 12 თვის ვადით, მხარეთა შორის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 06.04.2016 წლის ხელშეკრულება N---------- (მე-3და მე-4 მუხლები);

 

5.1.3. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მომსახურების მიღების წესზე, კერძოდ: გამყიდველის მიერ მიწოდებული პროგრამა მყიდველის მიერ მიღებულად ითვლება მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტიდან, აგრეთვე პროგრამის ხარისხთან დაკავშირებით ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში პრეტენზიის წარუდგენლობის შემთხვევაში - ამ ვადის გასვლის მომენტიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 06.04.2016 წლის ხელშეკრულება N---------- (მე-5 მუხლი);

 

5.1.4. სს „რ-------------–--------------–ს“ სრულად აქვს დადასტურებული შპს „ე---------------ის“ მიერ გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, გაცემული 2016 წლის 16 ივნისიდან 2017 წლის 31 მაისამდე პერიოდზე, საიდანაც მოპასუხის სასარგებლოდ ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი აქვს ჯამში 17930 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

6.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

6.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ შპს „ე---------------ის“ მხრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ ნაკლიანი მომსახურება განხორციელდა.

 

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შპს „ე---------------ის“ ვალდებულებას წარმოადგენდა მოსარჩელისთვის პროგრამული სისტემის შექმნა, მისი მოსარჩელის დაწესებულებაში დანერგვა და მისი გამოყენებისთვის პერსონალის სწავლება, ასევე პროგრამის 25 ლიცენზიის საკუთრებაში გადაცემა. აღნიშნული მომსახურება მოპასუხეს 1 წლის ვადაში უნდა განეხორციელებინა.

 

ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროგრამის ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიები წარდგენილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. ვინაიდან მომსახურების ხარისხის შემოწმების კონკრეტული ვადა ხელშეკრულებით არ არის შეთანხმებული, ივარაუდება, რომ აღნიშნული სს „რ-------------–--------------–ის“ მხრიდან წარდგენილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, შესაბამისად 2017 წლის 6 აპრილამდე.

 

მოსარჩელემ ნაკლიან მომსახურების დასადასტურებლად მიუთითა ელექტრონულ მიმოწერაზე, თუმცა ვერ დაადასტურა, რომ ისინი ხელშეკრულების მოქმედების ვადაში განხორციელდა. ასეც რომ არ იყოს, მათი შინაარსი ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს გაწეული მომსახურების ხარისხის ნაკლზე, მოპასუხის განმარტებით, პრეტენზია ეხებოდა ისეთ საკითხებს, რაზეც სახელშეკრულებო შეთანხმება არ არსებობდა და მიუხედავად ამისა, მოსარჩელის მოთხოვნები მათი მხრიდან სრულდებოდა.

 

ამასთან, სასამართლო იზიარებს შპს „ე---------------ის“ განმარტებას, რომ მათი მხრიდან მოხდა მოსარჩელის პერსონალისთვის ტრენინგი/სწავლების ჩატარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ცოდნის გარეშე მოსარჩელე ვერ შეძლებდა პროგრამით სარგებლობას, რომლითაც მოსარჩელე 2017 წლამდე სარგებლობდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოსარჩელეს შეუძლია უარ ითქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უდნა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებები უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს ამავე კოდექსის 102-ე მუხის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე, ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური სარჩელისგან. კონკრეტულ შემთხვევაში სს „რ-------------–--------------–ი“ მიუთითებს არაჯეროვან შესრულებაზე, რაც გამოიხატა ნაკლიანი მომსახურების გაწევით, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შესრულების ნაკლის დადასტურება ვერ შეძლო.

 

6.2. სს „რ-------------–--------------–ს“ შპს „ე---------------ისგან“ ჯამში გაეწია 24780 ლარის ღირებულების მომსახურება, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურებით და შპს „ე---------------ის“ ახსნა-განმარტებით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #886 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის გადაყვანას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებს მას ავტორიზაციის შესახებ. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უგზავნის წერილობით უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ვიდეოზარის/წერილობითი განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით.

კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ელექტრონულ ანგარიშ-ფაქტურას, რომელიც დადგენილი წესით დადასტურებას საჭიროებს.

 

საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ელექტრონულად დადასტურებულია მოპასუხე სს „რ-------------–--------------–ის“ სახელით და მოპასუხის მიერ დადასტურებული იქნა ჯამში 24780 ლარის მომსახურების გაწევის შესახებ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, სს „რ-------------–--------------–ის“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს „ე----------------ის“ შეგებებული სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. სს „რ-------------–--------------–ის“ სარჩელი გადახდილი 17930 ლარის და ზიანის სანაცვლოდ 800 ლარის დაკისრების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისთვის.

 

სს „რუ-----------–--------------–--“ უარი განაცხადა დარჩენილი საფასურის გადახდაზე მოპასუხის მხრიდან ნაკლიანი მომსახურების განხორციელების გამო, თუმცა ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ შპს „ე---------------ის“ მომსახურება არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ან ჩვეულებრივი გამოყენებისთვის ვარგის ხარისხს. უფრო მეტიც, ნაკლთან დაკავშირებით პრეტენზია მის მიერ წარდგენილი იქნა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, კი მიწოდებული პროგრამა მიღებულად ითვლებოდა პრეტენზიის წარდგენისთვის გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ.

 

ამდენად, აღნიშნული გარემოებები გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, გამოეყენებინა მისთვის სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 405-ე მუხლით მინიჭებული უფლება, ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლით მოითხოვოს უკვე განხორციელებული შესრულების დაბრუნება და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლით კრედიტორს აქვს უფლება მოითხოვოს სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ: მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევაში.

 

ვინაიდან მოპასუხის მხრიდან არ დადასტურდა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა, მოსარჩელეს ასევე უარი უნდა ეთქვას ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

8.2. შპს „ე---------------ის“ შეგებებული მოთხოვნა სს „რ-------------–--------------–ისთვის“ დავალიანების 6850 ლარის დაკისრების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა გაწეული მომსახურების ღირებულება განსაზღვრეს 24780 ლარით, საიდანაც სს „რ-------------–--------------–ი“ ადასტურებს 17930 ლარის გადახდას. უდავოა, რომ მას მთლიანობაში 24780 ლარს ღირებულების მომსახურება გაეწია, საიდანაც ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა 6850 ლარს შეადგენს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „რ-------------–--------------–ს“ მოსარჩელის წინაშე ფულადი ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული, კერძოდ მას გადასახდელი აქვს 6850 ლარი და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა...

 

ვინაიდან ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სს „რ-------------–--------------–ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 586 ლარი რჩება ბიუჯეტში გადახდილად. ხოლო შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველზე სს „რ-------------–--------------–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 205,5 ლარის ანაზღაურება.

 

რაც შეეხება შეგებებულ სარჩელზე იურიდიული მომსახურების ხარჯის სანაცვლოდ 2641 ლარის ანაზღაურებას, სასამართლო, სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე საკმარისად მიიჩნევს მოპასუხისთვის 1055 ლარის დაკისრებას.

 

10. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „რ-------------–--------------–ის“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

 

ვინაიდან ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მოთხოვნის გათვალისწინებით, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,რ-------------–--------------–ი"-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს ,,ე---------------ს" (ს/ნ 4--------) სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აეკრძალა მის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, 2------------------------–--------------------–----------------–-------------------------------------------- - გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

 

3. მოსარჩელე სს ,,რ-------------–--------------–ი"-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 586 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. შპს ,,ე---------------"-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

5. შეგებებული სარჩელით მოპასუხე სს ,,რ-------------–--------------–"-ს შპს ,,ე---------------"-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ხელშეკრულებით ნაკისრი შეუსრულებელი ვალდებულების გამო 6850 ლარის გადახდა;

 

6. შეგებებული სარჩელით მოპასუხე სს ,,რ-------------–--------------–ი"-ს შპს ,,ე---------------"-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 205.5 ლარი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ და 1055 ლარი იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე