განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- მ---------–---–-
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ------- ფ--------- ძე ჯ-----ე (დაუსწრებლად) - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1--- წლის 1-----–--ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–---- ი----------–---–-- ქუჩა #---ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ნ--–------------ მ/რ-ნი, კორპუსი #-, ბინა #4--–--
ადვოკატი - ლ---- შ--–--------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. გ------- ჯ-----ემ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 0,024 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა პირადად. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2017 წლის 17 იანვარს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა ქ.თბილისში დ----- აღმაშენებლის ხეივანში მე-14 კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ჯ-----ის პირადი ჩხრეკისას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
2.1. დეტექტივ-გამომძიებლის მოწმე - კ------- ჯ--------ას ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის 17 იანვარს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მოქალაქე რ---- ჯ-----ეზე. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, რ---- ჯ-----ეს პირადად და ავტომანქანაში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. კ. ჯ--------ამ პატაკით მიმართა ხელმძღვანელს და აცნობა მიღებული ინფორმაცია. ოპერატიული ინფორმაციის დეტალებზე იგი გამოკითხა გამომძიებელმა ო-–---- ქ------–--ემ.
2.2. დეტექტივ-გამომძიებლის, მოწმე ო-–---- ქ------–--ის ჩვენების თანახმად, 2017 წლის 17 იანვარს, კ------- ჯ--------ას მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია რ---- ჯ-----ეზე. ოპერატიული ინფორმაცია შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. ო. ქ------–--ემ მყისიერად გამოკითხა ოპერატიული ინფორმაციის მიმღები პირი კ. ჯ--------ა და დაიწყო გამოძიება. გამოსაკითხმა პირმა დაადასტურა პატაკის შინაარსი, პარალელურად შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გავიდა პატაკში მითითებულ მისამართზე.
2.3. საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ზ------- ვ----ის ჩვენებით დადგინდა, 2017 წლის 17 იანვარს, კ------- ჯ--------ამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მოქალაქე რ---- ჯ-----ეს პირადად და ავტომანქანაში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. შემთხვევის ადგილზე მყისიერად გავიდა ოპერატიული ჯგუფი. პატაკში მითითებულ მისამართზე დახვდათ გაჩერებული ავტომანქანა, რომელშიც რ---- ჯ-----ის გარდა იმყოფებოდა 3 პირი. თითოეულ მათგანს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, ასევე გაიჩხრიკა ავტომანქანა. ზ------- ვ----ემ ა-–---- კ--------ესთან და ზ------ ქ-----–-–---–თან ერთად გაჩრიხკა მანქანაში მჯდომი პირი გ------- ჯ-----ე. ზ. ვ----ემ პირადად ამოიღო გ------- ჯ-----ის პირადი ჩხრეკისას ამ უკანასკნელის ქურთუკიდან თეთრი ქაღალდის ხელსახოცი, რომელშიც მოთავსებული იყო თეთრი ფერის ფუთა, ხოლო ფუთაში მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება, სამი თეთრი აბი - წარწერით B 8.
2.4. გ------- ჯ-----ის პირად ჩხრეკაში ზ------- ვ----ის გარდა, მონაწილეობა მიიღეს ზ------ ქ-----–-–---–მა და ა-–---- კ--------ემ. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 2017 წლის 17 იანვარს, მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ რ---- ჯ-----ე შესაძლოა პირადად და ავტომანქანაში ინახავდეს ნარკოტიკულ ნივთიერებას. ოპერატიული ჯგუფი, დაახლოებით 10 კაციანი შემადგენლობით, რომელშიც სხვა პირებთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ ზ. ქ-----–-–---–ი და ა. კ--------ე გავიდნენ პატაკში მითითებულ მისამართზე. ადგილზე, ავტომანქანაში, რ---- ჯ-----ესთან ერთად დახვდათ სამი პირი. გაიჩხრიკა ოთხივე პირი და ავტომანქანა. ზ------ ქ-----–-–---–მა და ა-–---- კ--------ემ მონაწილეობა მიიღეს გ------- ჯ-----ის პირად ჩხრეკაში. ჩხრეკის დროს, მათი თანდასწრებით ზ------- ვ----ემ ბრალდებულის ქურთუკიდან ამოიღო ნარკოტიკული ნივთიერება. გარდა გ------- ჯ-----ისა, სხვა პირებისგან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა.
2.5. საგამოძიებო მოქმედების - გ------- ჯ-----ის პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, 2017 წლის 17 იანვარს, თბილისში, დ----- აღმაშენებლის ხეივანი მე-14 კმ-ის მიმდებარედ ჩატარდა გ------- ჯ-----ის პირადი ჩხრეკა. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ დეტექტივ-გამომძიებლები ზ------ ქ-----–-–---–ი, ა-–---- კ--------ე და ზ------- ვ----ე. გ------- ჯ-----ის მუქი ფერის „დუტი“-ს ქურთუკის შიდა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ქაღალდის თეთრი ფერის ხელსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით, მასში მოთავსებული პოლიეთილენის თეთრი ფერის ფუთით, რომელშიც მოთავსებული იყო 3 (სამი) ცალი თეთრი ფერის აბი, თითოეულზე წარწერით B8.
2.6. ზ------ ქ-----–-–---–ის, ა-–---- კ--------ის და ზ------- ვ----ის ჩვენებებით და გ------- ჯ-----ის პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ამოღებული ობიექტი დაილუქა ადგილზევე ,,ცკპდ #19“ ბეჭდით და ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები.
2.7. ბეჭდით დალუქული ნივთიერი მტკიცებულება წარდგენილ იქნა ქიმიურ ექსპერტიზაზე. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო საკვლევი ობიექტი, ექსპერტიზის ჩატარებამდე ვიზუალურად დათვალიერდა. ვიზუალური დათვალიერებით პაკეტის შეფუთვისა და დალუქვის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა.
2.8.2017 წლის 18 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის #--------------- დასკვნით დადგინდა, 2017 წლის 17 იანვარს გ------- ჯ-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თეთრი ფერის 3 (სამი) ცალი ტაბლეტი საერთო წონით - 1,2 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და არანარკოტიკული, არაფსიქოტროპული და არაფსიქოაქტიური ინერტული შემავსებელი ნივთიერებების შემცველ ტაბლეტებს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონა შეადგენს - 0,024 გრამს.
2.9. ექსპერტიზის დასკვნის ავტორებმა ნ---- ნ----–---–მა და ა-–---------- დ--------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტეს, რომ საკვლევად წარდგენილი ობიექტი წარმოადგენდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველ აბებს. საკვლევი ობიექტები მათ წარედგინათ დალუქული სახით და ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება
2.10. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონზე თანდართული ნუსხის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის დიდი ოდენობა იწყება 0,012 გრამიდან, განსახილველ შემთხვევაში, გ------- ჯ-----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო წონა 2017 წლის 18 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის #--------------- დასკვნის მიხედვით შეადგენს 0,024 გრამს.
დაცვის მხარის პოზიციების ანალიზი:
2.11. ბრალდებულმა გ------- ჯ-----ემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, შესაბამისად, მისი არგუმენტაცია წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში მოსმენილი ვერ იქნა, თუმცა სასამართლომ მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ მოისმინა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა. სასამართლო ქვემოთ მიმოიხილავს ყველა იმ არსებით საკითხს რაზედაც ადვოკატი აპელირებდა:
2.11.1. დაცვის მხარე შეეცადა მოწმეების ზ------ ქ-----–-–---–ის, ზ------- ვ----ის, ა-–---- კ--------ის ჩვენებების დისკრედიტაციას იმ საფუძვლით, რომ ისინი მონაწილეობას იღებდნენ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში სხვა #-/1------ სისხლის სამართლის საქმეში დ. ხ-ს წინააღმდეგ, სადაც იგივე შემადგენლობის სასამართლომ მიიღო გამამართლებელი განაჩენი. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ყოველი პირის სისხლის სამართლის საქმე არის ინდივიდუალური, თავისი ინდივიდუალური ფაქტობრივი გარემოებებით და სამართლებრივი ასპექტებით, სწორედ ეს ინდივიდუალიზმი განასხვავებს ერთ საქმეს მეორესაგან. მხოლოდ ის შემთხვევითი მოცემულობა, რომ დასახელებული პირები მონაწილეობდნენ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სადაც გამამართლებელი განაჩენი დადგა, განსახილველ საქმეზე ვერ გახდება მათი ჩვენებების იმპიჩმენტის საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითი პროცესის ფარგლებში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს გააჩნდეს ბრალდების არგუმენტების გაქარწყლების ადეკვატური და რეალური შესაძლებლობა. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სხვა პრინციპებთან ერთად გულისხმობს შესაძლებლობას, პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა თვითონ დაკითხოს და დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო, როგორც ობიექტური დამკვირვებელი დარწმუნდა, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები იყო სარწმუნო, დამაჯერებელი და კატეგორიული. სასამართლოს მიერ ასევე შეფასებულ იქნა, ხომ არ იყო მოწმე პოლიციელების ჩვენებები თავდაცვითი ტაქტიკის მატარებელი და ხომ არ ისახავდა ,,ფარულ მიზნებს“ დაემალათ პერსონალური დაინტერესება გ------- ჯ-----ის ცრუდ მხილების, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ გამოიკვეთა ამგვარი ,,ფარული მიზნები“, გარდა ამისა, დაცვის მხარემ ვერ დაასაბუთა რა პირადი დაინტერესება შეიძლება ჰქონოდათ მოწმე პოლიციელებს გ------- ჯ-----ისთვის დაებრალებინათ დანაშაულის ჩადენა. უფრო მეტიც, გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ პოლიციელებს რაიმე ეჭვი გ------- ჯ-----ის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან მიმართებაში, იქამდე, ვიდრე იგი არ გაიჩხრიკებოდა - ობიექტურად არ ჰქონდათ, რასაც დაცვის მხარეც ვერ უარყოფს. სასამართლო ხაზს უსვამს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის თანახმად, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია რ---- ჯ-----ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო შეძენისა და შენახვის ფაქტზე და სამართალდამცავთათვის წინასწარ არ იყო განჭვრეტადი, რომ გამოძიებისთვის საინტერესო ობიექტი რ---- ჯ-----ე გ------- ჯ-----ის და სხვა ორი პირის თანმხლებით დახვდებოდათ პატაკში მითითებულ მისამართზე. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ გ------- ჯ-----ესთან და რ---- ჯ-----ესთან ერთად პირადი ჩხრეკა ჩაუტარდათ თანმხლებ ორ პირს. ოთხი პირიდან მხოლოდ ერთს გ------- ჯ-----ეს აღმოაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება. გარდა აღნიშნულისა, გამოძიების და სამართალდამცავთა ჭეშმარიტი და კანონიერი ინტერესი ნამდვილად დანაშაულის და დამნაშავე პირების გამოვლენა რომ იყო - დასტურდება ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სიმრავლით, - სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს ოთხივე პირი და ავტომანქანა, თითოეულ მათგანს კლინიკაში ჩაუტარეს მუცლის ღრუს ზედა და ქვედა ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია ნარკოტიკის აღმოჩენის მიზნით. სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გ------- ჯ-----ესთან მიმართებაში ადგილი ჰქონდა დანაშაულზე წასწრებას (მასზე არ არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია), რაც იმწუთიერია და ობიექტურად შესაძლოა ვერ მოხდეს იმავდროულად დამატებითი მტკიცებულებების მოგროვება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ოპერატიული ჯგუფის მთელი შემადგენლობა, პარალელურ რეჟიმში სხვა პირებთანაც ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს და ადგილზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დამატებითი ადამიანური რესურსის მობილიზება იმწუთიერად ობიექტურად ვერ მოხდებოდა.
2.11.2. დაცვის მხარის არგუმენტაცია, თითქოს გამოძიებამ და სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე სამართალდამცავებმა დამალეს ოპერატიულ ჯგუფში ზ------ ქ-----–-–---–ის, ა-–---- კ--------ისა და ზ------- ვ----ის გარდა სხვა პირთა მონაწილეობა აშკარად არასწორია. პირველივე საგამოძიებო მოქმედებებით, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტები თავიდანვე იდო საქმეში და დაცვის მხარესაც ჰქონდა გადაცემული (პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმები), - დასტურდება, რომ პოლიციელებმა ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებულ ადგილზე გაჩხრიკეს 4 პირი: გ------- ჯ-----ე, რ---- ჯ-----ე, გ---- ხ-------–---–ი, მ-----– ხ-----------ე. აღნიშნული პირების პირად და ავტომანქანის ჩხრეკაში მონაწილეობდნენ რ-------- მ---------–---–-, ი-–--------–---–ი, ე------ თ---------ე, ი-----–- რ-----–---–ი, ლ-–- ხ------–------, ჯ------------ე, მ-----– ჩ----–---–ი, ა-–---- კ--------ე, ზ------ ქ-----–-–---–ი, ზ------- ვ----ე. თითოეული მათგანის მონაწილეობა დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ დოკუმენტებში. ანუ, ბრალდების მხარემ დაცვის მხარეს თავიდანვე აცნობა, რომ საგამოძიებო ოპერაციაში 10 პირი მონაწილეობდა. გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებში დაახლოებით 10 თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას და ეს ინფორმაცია სასამართლოსთვის ბრალდებულის პირველი წარდგენის ეტაპზევე იყო ცნობილი.
2.11.3. სასამართლო ვერ განიხილავს გ------- ჯ-----ის ბრალეულობის გამომრიცხველ გარემოებად მხოლოდ იმ ფაქტს, რომ მან პირადი ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა. სასამართლოს შეფასებით ოქმის ხელმოწერაზე უარი ერთმნიშვნელოვნად არ გულისხმობს, რომ პირი არ ეთანხმება ჩხრეკის შედეგებს. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოვლინდა, რომ გ------- ჯ-----ე ყოფილი პოლიციელია, შესაბამისად, მას პროფესიული უნარებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, ჰქონდა ნათელი შეხედულება, რომ საგამოძიებო მოქმედებების ,,უკანონობის“ შემთხვევაში, ჩხრეკის ოქმის სპეციალურ გრაფაში უნდა გაეკეთებინა შენიშვნა-განცხადება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, უფრო მეტიც, პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ გ------- ჯ-----ეს რაიმე შენიშვნა ან განცხადება არ გაუკეთებია და მან ჩხრეკის ოქმს გაურკვეველი მიზეზით ხელი არ მოაწერა, ანუ ბრალდებულის მიერ არ იქნა დასახელებული ხელმოწერაზე უარის მიზეზი.
2.11.4. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ნარკოტიკული დანაშაულის კატეგორიის საქმეში არსებით და ცენტრალურ მტკიცებულებას წარმოადგენს ჩხრეკის ოქმი და ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი შეიძლება გახდეს თუკი დადასტურდება მათი ავთენტიკურობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს; დათვალიერებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები. საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება. ამავე კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა იგი ან/და რომელთანაც ინახებოდა სასამართლოში წარდგენამდე. გ------- ჯ-----ის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ამოღებული ობიექტი - ნარკოტიკი დათვალიერდა და დაილუქა. ჩხრეკის ოქმში აღიწერა ნარკოტიკის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები. სწორედ ეს ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები არის თანხვედრაში ექსპერტიზაზე წარდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ობიექტთან - ნარკოტიკულ ნივთიერებასთან. გარდა ამისა, მოწმეებმა დამაჯერებლად დაასაბუთეს გ------- ჯ-----ის პირადი ჩხრეკის ოქმში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ გ------- ჯ-----ის პირადმა ჩხრეკამ გაიარა სასამართლოს კონტროლი.
2.12. სასამართლომ წერილობითი (საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმები, ექსპერტიზის დასკვნა) და ზეპირი მტკიცებულებებით (მოწმეების ჩვენებები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინა, რომ 2017 წლის 17 იანვარს გ------- ჯ-----ის პირადი ჩხრეკა კანონიერად ჩატარდა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა უკანონოდ შეძენილი და შენახული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ასევე 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლომ განიხილა ყველა მტკიცებულება მოცემულ საქმეში, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა (დაცვის მხარეს თავის მხრივ მტკიცებულებები არ წარმოუდგენია). სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ დაამტკიცა მათი სარწმუნოობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი შედის ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალში. ამავე კანონის უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის დიდი ოდენობის საწყისი რაოდენობა იწყება 0,012 გრამიდან.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. ჩადენილი დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატა გ------- ჯ-----ის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, რაც გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ------- ჯ-----ეს, 2017 წლის 17 იანვარს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება რომლის კანონიერად შეძენის ნებართვა მას არ ჰქონდა, რაც შეეხება შენახვის ნაწილს, ბრალდებულმა უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას მიუჩინა ადგილსამყოფელი და იგი შეინახა ქურთუკის ჯიბეში.
3.5. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ------- ჯ-----ემ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. გ------- ჯ-----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.2. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
5.3. სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული ის ფაქტი, რომ გ------- ჯ-----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ბრალდებულის მიერ სასამართლოში გამოცხადებაზე თავის არიდება პროცესუალურად ფასდება მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების პირობის დარღვევად და არა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება ეს არის ბრალდებულის უფლება და არა ვალდებულება, ბრალდებულის მიერ მისი უფლების რეალიზებაზე უარი, არ შეიძლება შეფასებული იქნეს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებას, რომ ,,ბრალის აღიარება, საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადება და თანამშრომლობა წამახალისებელი ნორმებია, რაც პირს არაფერს ავალდებულებს, პირიქით, საკანონმდებლო დონეზე და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებულია დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დუმილის უფლება და უფლება კანონით ნებადართული ყველა საშუალებით დაიცვას საკუთარი ინტერესები. ამდენად, არასწორია ვალდებულების არარსებობისას პირის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენების პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი აღნიშნული გარემოება გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს...”. ,,საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ განაჩენში პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად არასწორადაა მითითებული განსასჯელის მიმალვაში ყოფნა და ამის შესახებ მითითება უნდა ამოირიცხოს”. დამნაშავე პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის გამო, გ------- ჯ-----ეს უნდა განესაზღვროს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. სასამართლოს შეფასებით სამართლიანი სასჯელი უნდა გახდეს გარანტი დამნაშავის რესოციალიზაციის და ხელი უნდა შეუწყოს მომავალში გ------- ჯ-----ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
5.4. ვინაიდან გ------- ჯ-----ე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობი პირია, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. მსჯავრდებულს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
6. ნივთიერ მტკიცებულებაზე და სხვა საპროცესო საკითხზე მსჯელობა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.2. ბრალდებულმა გ------- ჯ-----ემ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას, რაც შეფასდა გირაოს პირობების დარღვევად, რის გამოც 2019 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინებით, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 იანვრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობით და საქართველოს სსსკ-ის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 4 000 ლარი გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- ჯ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
2. გ------- ჯ-----ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. მსჯავრდებულს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით გ------- ჯ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
4.მსჯავრდებულ გ------- ჯ-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 17 იანვრიდან - 2017 წლის 19 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
5. ნივთიერი მტკიცებულება:
ნარკოტიკული საშუალება - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
7. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი პროკურორის ან ადვოკატის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მსჯავრდებულის მიერ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით მისთვის განაჩენის ჩაბარების მომენტიდან 1 თვის ვადაში, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა