განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119002846630
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/77-19 25 თებერვალი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი კ----------------------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული თ------------------------------–----------------–-------–-–------------------------–----------–------------------------------–----–----------–----------------------–--------------–------------------–-------------------------------------------------------
2.1.1 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
2.1.2 კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის შედგენილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
2.2. ადვოკატი ლ----------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
I. ოჯახში ძალადობა
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
20---–-–------------ს, დაახლოებით 16 საათზე მთვრალ მდგომარეობაში და ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ზემოქმედების ქვეშ მყოფი თ-----------------–-ა, რომელიც 2018 წლის დეკემბრის თვის დასაწყისიდან სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ბებიას - მ-----------–-ას, მივიდა ქალაქ ფ----–-------------------------ში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში, სადაც ურთიერთშელაპარაკების დროს გინების სახით მიაყენა მას შეურაცხყოფა, მოკიდა ხელი მარჯვენა მკლავზე და მიანარცხა ოთახის შესასვლელ კარზე, რითაც მ-----------–-ამ განიცადა ტანჯვა.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის სისტემატური შეურაცხყოფა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.
საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე ბრალდებულის მიერ უარის თქმას იცნობს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევებში, როცა უფლებაზე უარის თქმა ხორციელდება აშკარა და არაორაზროვანი ფორმით, უზრუნველყოფილია დაცვის მინიმალური გარანტიები და უფლებაზე უარი არ ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესს, ასეთი ფორმით გამოხატული უარი უფლებაზე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებეები საქმეებზე: Natsvlishvili and Togonidze v. Georgia (08.09.2014); Scoppola v. Italy (17.09.2009); Poitrimol v. France (23.11.1993); Hermi v. Italy (18.10.2006)).
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტია დაზარალებულის ოჯახის წევრი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: შ--–---------–-ას, ნ----------–-ას, ნ-----------–-ას, მ-----------–-ას, პ------------–-ას, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ ბრალდებული თ-----------------–-ა არის დაზარალებულ მ-----------–-ას შვილიშვილი.
სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. სისტემატურობა გულისხმობს დროის მცირე ინტერვალში განხორცილებულ განგრძობად ქმედებას.
ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფსიქოლოგიური ძალადობა გულისხმობს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას ან სხვა ისეთ მოქმედებას, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
ის, რომ ბრალდებული თ-----------------–-ა გინების სახით სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ბებიას და ამით ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბრალდებულის ჩვენებით, დაზარალებულ მ-----------–-ას ჩვენებით, მოწმეების: მოწმეების: შ--–---------–-ას, ნ----------–-ას, ნ-----------–-ას, მ-----------–-ას, პა----------ას, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ თ-----------------–-ა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დაზარალებულ მ-----------–-ას, რაც უნდა შეფასდეს ფსიქოლოგიურ ძალადობად.
2.2. რამაც გამოიწვია ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - სისტემატურ შეურაცხყოფას, ტანჯვას და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
იმისათვის, რომ დადგინდეს, ადამიანმა კონკრეტული ქმედებებისგან განიცადა თუ არა ტანჯვა, ეს გარემოება დადასტურებულ უნდა იქნეს მტკიცებულებებით, რასაც სჭირდება სპეციალური ცოდნა. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ ცნობილი დაზარალებულის ჩვენებით და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ბრალდებულის ქმედებებმა გამოიწვია დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა.
სსკ-ის 1261-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, რომ მას შემდეგად არ მოჰყვეს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე, მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სსკ-ის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ესე იგი სხეულის დაზიანებას, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. სსკ-ის 118-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან. სსკ-ის 120-ე - მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას, რამაც გამოიწვია მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
საქმის მასალებით არ იკვეთება სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულის ქმედებისთვის მინიჭებული კვალიფიკაცია სამართლებრივად სწორია.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლი პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს ოჯახში ძალადობისთვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ თ-----------------–-ამ ჩაიდინა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც თ-----------------–-ა უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ-----------------–-ა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, არის ალკოჰოლზე დამოკიდებული და აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
თ-----------------–-ას პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედების განხორციელების ხერხი - სისტემატიური შეურაცხყოფა, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება და აღნიშნულის მოხმარების ფონზე ცვლილებითი შფოთვა, მოუსვენრობა, ადვილად გამღიზიანებლობა, კონფლიქტური დამოკიდებულება ახლობლების მიმართ.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულებს.
ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება,), მიზანს (დაზარალებულის ტანჯვა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (სისტემატურად სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ტკივილის შეგრძნების გამოწვევა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას (რამდენიმე წელია მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს და აღნიშნულის ფონზე გამოეხატება მოუსვენრობა, გამღიზიანებლობა, უძილობა, კონფლიქტურია ნათესავების მიმართ).
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ
მართალია, სანქციაში არ არის მითითებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით.
საქმის გარემოებების (ქმედების სისტემატური ხასიათის, შედეგის, ბრალდებულის სუსტი ნებისყოფის) გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის განსაზღვრა. სასამართლო აქვე მსჯელობს დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის შესაძლებლობაზე და მიიჩნევს, რომ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პიროვნული ნიშნების გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების, განსაკუთრებით კი კერძო პრევენციის მიზნისათვის აუცილებელია ბრალდებულმა სასჯელი მოიხადოს შესაბამის დაწესებულებაში, რათა უფრო პასუხისმგებლური დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს საკუთარი ქმედებებისადმი. სასჯელის პირობითად ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს კერძო პრევენციის მიზნის მიღწევას, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებული არის ალკოჰოლდამოკიდებული, რომელიც გადის მკურნალობის კურსს. ასევე ირკვევა, რომ ის ამ კურსს გადიოდა ადრეც, თუმცა, ვერ შეძლო მისი ბოლომდე მიყვანა და შეწყვიტა, რის შემდეგაც განაგრძო ალკოჰოლის მიღება და ოჯახის წევრის შეურაცხყოფამ სისტემატური ხასიათი მიიღო. ამის შემდეგ ის კვლავ მიიყვანეს მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად, თუმცა, მიუხედავად ამისა, მდგომარეობა არ გამოსწორდა. ამდენად, არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით შეუძლებელი იქნება ბრალდებულის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება, რაც, თვის მხრივ, წარმოადგენს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების ნოყიერ ნიადაგს. ამდენად, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის განკურნება და მისი ქცევის რეგულირება შეუძლებელი აღმოჩნდა, რაც მოითხოვს ბრალდებულის იზოლირებას საზოგადოებისაგან.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
II. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის შედგენილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2018 წლის 22 დეკემბერს, დაახლოებით 10 საათსა და 50 წუთზე ქალაქ ფოთში, იმერეთის ქუჩა N98-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში თ-----------------–-ას მიერ ოჯახის წევრის - ბებიის - მ-----------–-ას მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, რაც გამოიხატა სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ - ინსპექტორ გუბაზ ბარამიას მიერ 30 დღის ვადით გამოცემულ იქნა N – 0----- შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადე თ-----------------–-ას აეკრძალა მ-----------–-ასთან და მის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, ასევე ძალადობის მსხვერპლთან ნებისმიერი კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, 20---–-–------------ს, დაახლოებით 16 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში და ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ზემოქმედების ქვეშ მყოფი თ-----------------–-ა მივიდა ქალაქ ფოთში, იმერეთის ქუჩა N98-ში მდებარე ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში, სადაც ურთიერთშელაპარაკების დროს გინების სახით მიაყენა მას სისტემატური შეურაცხყოფა, მოკიდა ხელი მარჯვენა მკლავზე და მიანარცხა ოთახის შესასვლელ კარზე, რითაც მან არ შეასრულა ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ
ბრალდებულისა და დაზარალებულების ოჯახის წევრობაზე უკვე გაკეთდა დასკვნა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ ჩადენილი სისტემატური შეურაცხყოფის ბრალდების ნაწილში, რაც ვრცელდება იმავე ბრალდებულის მიერ იმავე დაზარალებულებისადმი მიმართულ განსახილველ ქმედებაზეც.
2.2. ძალადობისთვის შედგენილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა
შემაკავებელი ორდერის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: შ--–---------–-ას, ნ----------–-ას, ნ-----------–-ას, მ-----------–-ას, პ------------–-ას, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებით, N0----- შემკავებელი ორდერით დადგენილია, ბრალდებულ თ-----------------–-ას მიმართ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა იმ სახლთან მოახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, აეკრძალა ნებისმიერი სახით კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
ის, რომ ბრალდებულმა დარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. მოწმეების: მ-----------–-ას, პა----------ას, შ--–---------–-ას, ნ----------–-ას, ნ-----------–-ას ჩვენებებით, N5---- შეტყობინების რეგისტრაციის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, N0----- შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სსკ-ის 3811- ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების დარღვევისთვის.
საქმეში არსებულ უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები .
ამდენად, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილი, პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადასტურებულია სსკ-ის 3811- ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ყველა ნიშნის არსებობა.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს თ-----------------–-ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც თ-----------------–-ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
თ-----------------–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
თ-----------------–-ას პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს ქმედების ჩადენა მთვრალ მდგომარეობაში და ნარკოტიკული საშუალების - „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ ზემოქმედების ქვეშ.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
ბრალდებულისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (გაბრაზება), მიზანს (დაზარალებულებისთვის შეურაცხყოფის მიყენება), ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (დაზარალებულთაბ მიახლოების აკრძალვის დარღვევა), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (დაზარალებულის საცხოვრებელ ადგილას მისვლა), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას მოჰყვა ბრალდებულის მხრიდან ოჯახში ძალადობა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), პირად და ეკონომიკურ პირობებს (აქვს ჯანმრთელობის პრობლემა), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულების პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, რაც არის ისჯება ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
მართალია, სანქციაში არ არის მითითებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით.
საქმის გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის განსაზღვრა. სასამართლო აქვე მსჯელობს დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლის შესაძლებლობაზე და მიიჩნევს, რომ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პიროვნული ნიშნების გათვალისწინებით, სასჯელის მიზნების, განსაკუთრებით კი კერძო პრევენციის მიზნისათვის აუცილებელია ბრალდებულმა სასჯელი მოიხადოს შესაბამის დაწესებულებაში, რათა უფრო პასუხისმგებლური დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს საკუთარი ქმედებებისადმი. სასჯელის პირობითად ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს კერძო პრევენციის მიზნის მიღწევას, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ბრალდებული არის ალკოჰოლდამოკიდებული, რომელიც გადის მკურნალობის კურსს. ასევე ირკვევა, რომ ის ამ კურსს გადიოდა ადრეც, თუმცა, ვერ შეძლო მისი ბოლომდე მიყვანა და შეწყვიტა, რის შემდეგაც განაგრძო ალკოჰოლის მიღება და ოჯახის წევრის შეურაცხყოფამ სისტემატური ხასიათი მიიღო. ამის შემდეგ ის კვლავ მიიყვანეს მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად, თუმცა, მიუხედავად ამისა, მდგომარეობა არ გამოსწორდა. პირიქით, მან ნარკოტიკული საშუალებაც მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ აკრძალული ჰქონდა დაზარალებულთან მიახლოება, მივიდა მასთან, რასაც დაზარალებულის წინააღმდეგ ოჯახური ძალადობა მოჰყვა. ამდენად, არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით შეუძლებელი იქნება ბრალდებულის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება, რაც, თვის მხრივ, წარმოადგენს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების ნოყიერ ნიადაგს. ამდენად, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის განკურნება და მისი ქცევის რეგულირება შეუძლებელი აღმოჩნდა, რაც მოითხოვს ბრალდებულის იზოლირებას საზოგადოებისაგან.
ვინაიდან არსებობს დანაშაულთა ერთობლიობა, საბოლოო სასჯელი უნდა დაინიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ-----------------–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად თ-----------------–-ას განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თ-----------------–-ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 201--–-–------------დან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია