გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2019
საქმის ნომერი
200210018002657147
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200210018002657147

საქმე №2/935-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2019 წელი თელავი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნინო ჩახნაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი

მოსარჩელე – შპს ,,ე--------------’’ წარმომადგენელი – თ---------------–---–ი მოპასუხე – ი----------ე დავის საგანი - სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე ი----------ეს შპს ,,ე--------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 04 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1050 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 350 ლარი, სარგებელი - 91 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი, პირგასამტეხლო - 589 ლარი.

 

1.2. მოპასუხე ი----------ეს მოსარჩელე შპს ,,ე--------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელწმიფო ბაჟის სახით გადახდილი 50.00 ლარის გადახდა.

 

1.3. მოპასუხე ი----------ეს მოსარჩელე შპს ,,ე--------------ს’’ სასრგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 45 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2016 წლის 04 ნოემბერს მოპასუხე ი----------ესა და შპს ,,ე--------------’’ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება ნომერი 470426, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 350 ლარის ოდენობით, 2016 წლის 25 ნოემბრამდე. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 350 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 91 ლარი დაებრუნებინა 21 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულებით 7.5 პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 პროცენტის ოდენობით. მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2016 წლის 26 ნოემბერს და დღევანდელი მდგომარეობით მისი დავალიანება შპს ,,ე--------------ს’’ წინაშე შეადგენს 1050 ლარს, 350 ლარი - ძირითადი თანხა, 91 ლარი - სარგებელი, 20 ლარი - ერთჯერადი ჯარიმა, 589 ლარი - პირგასამტეხლო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ი----------ემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მას ეკონომიური მდგომარეობის გამო ამ თანხის გადახდა არ შეუძლია. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს თანხა არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 04 ნოემბერს მოპასუხე ი----------ესა და შპს ,,ე--------------’’ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება ნომერი 470426, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 350 ლარის ოდენობით, 2016 წლის 25 ნოემბრამდე.

 

3.1.2. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 350 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 91 ლარი დაებრუნებინა 21 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 14-22);

- ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება №470426 (ს.ფ. 33);

- თანხის ჩარიცხვის ქვითარი - საგადასახადო დავალება - №81539 (ს.ფ. 34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მსესხებელს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულებით 7.5 პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 პროცენტის ოდენობით. მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2016 წლის 26 ნოემბერს და დღევანდელი მდგომარეობით მისი დავალიანება შპს ,,ე--------------ს’’ წინაშე შეადგენს 1050 ლარს, 350 ლარი - ძირითადი თანხა, 91 ლარი - სარგებელი, 20 ლარი - ერთჯერადი ჯარიმა, 589 ლარი - პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 14-22);

- ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება №470426 (ს.ფ. 33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ შპს ,,ე--------------ს’’ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, 131-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დაკისრების ნაწილში რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

2016 წლის 04 ნოემბერს სესხის ხელშეკრულებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე შპს ,,ე--------------’’, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. აღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს დარიცხული სესხის პროცენტის მოთხოვნისა და ერთჯერადი ჯარიმის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის და ერთჯერადი ჯარიმის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი და ერთჯერადი ჯარიმა გადახდილია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, ჯეროვნად.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ე--------------’’ უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 350 ლარის, სარგებლის 91 ლარის და ერთჯერადი ჯარიმის - 20 ლარის დაბრუნება.

 

6.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რაც - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. დადგენილია, რომ მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებობს შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის თანახმად, ხელშეკრულების 7.5 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში სესხის თანხაზე შეწყდება სარგებლის დარიცხვა და გარდა ხელშეკრულების 7.4 მუხლით განსაზღვრული ჯარიმისა, გამსესხებლის სასარგებლოდ განხორციელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა 1.5%-ის ოდენობით, ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის დარიცხვაც გაგრძელდება მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე. ამიტომ, ვალდებულების დარღვევა კრედიტორს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც. პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ნორმის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 58.9 ლარის გადახდა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოსარჩელე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირითადი თანხის, სარგებლის ნაწილში. შესაბამისად, შპს ,,ე--------------’’ უნდა დაუბრუნდეს მოპასუხე მხარის მიერ ცნობილი მოთხოვნის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 13.23 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ გარემოებებს:

მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის იურიდიული დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 45 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრებას. სარჩელს თან ერთვის 2018 წლის 31 აგვისტოს იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება და იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (2018 წლის 31 აგვისტოს #711914742 საგადახდო დავალება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 45 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე,365-ე 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ე--------------ს’’ სარჩელი მოპასუხე ი----------ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1 მოპასუხე ი----------ეს მოსარჩელე შპს ,,ე--------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 04 ნოემბრის ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 519.9 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 350 ლარი, სარგებელი - 91 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი და პირგასამტეხლო - 58.9 ლარი.

 

2. მოპასუხე ი----------ეს მოსარჩელე შპს ,,ე--------------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2.36 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ასევე მოპასუხეს შპს ,,ე--------------ს’’ სასრგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასურის 45 ლარის გადახდა.;

 

3. შპს ,,ე--------------’’ დაუბრუნდეს 13.23 ლარი მის მიერ სარჩელზე 2018 წლის 29 აგვისტოს სს ,,თ----------–-’’ (საგადახდო დავალება #4--------), გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 50 ლარიდან, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი: 300863150.

 

4. შპს ,,ე--------------ს’’ დარჩენილი სახლემწიფო ბაჟი ჩაეთვალოს გადახდილად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

 

მოსამართლე: ნინო ჩახნაშვილი