გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2019
საქმის ნომერი
080210116001432135
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1403-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 თებერვალი 2019 წ ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

მოსარჩელე - ნ-----ი თ--------აძე;

წარმომადგენელი - ვა------ კვა-----–იანი;

მოპასუხე - არ---ა მა-----ძე;

წარმომადგენელი - რ---ა ზ-----–ვილი;

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაეკისროს მოპასუხე არ---ა მა-----ძეს ნ-----ი თ--------აძის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 8500 აშშ დოლარის ოდენობით;

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2011 წლის ზაფხულში, მის მარწმუნებელს ნ-----ი თ--------აძეს მეგობრის, ლ--–- ჭ---–-ძის მეშვეობით დაუკავშირდა წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმბრაში მცხოვრები, პროფესიით პათანატომი: არ--- (ა-–--ო) მა-----ძე და შესთავაზა ქალაქ წყალტუბოში ერთობლივად ჩამოეყალიბებინათ სარიტუალო მომსახურების ოფისი, რისთვისაც შესაბამისი ნივთების და მოწყობილობების შესაძენად, ასევე ფუნქციონირების დასაწყებად ესჭიროებოდა 12000 აშშ დოლარი. ნ-----ი თ--------აძე დაინტერესდა აღნიშნული წინადადებით და შესთავაზა არ---ა მა-----ძეს, რომ გადასცემდა 12000 აშშ დოლარს, შემოსავლის მიღების შემდეგ, პირველ რიგში, მას დაუბრუნდებოდა 12000 აშშ დოლარი, ხოლო შემდეგ შეთანხმდებოდნენ წილების თაობაზე. არ---ა მა-----ძე დაეთანხმა შეთავაზებულ წინადადებას, რის შემდეგაც ნ-----ი თ--------აძემ ნაწილ-ნაწილ გამოუგზავნა 12000 აშშ დოლარი, ნაწილი საბანკო გადარიცხვით, ნაწილი ხელზე, ლ--–- ჭ---–-ძის მეშვეობით. არ--- მა-----ძემ 2012 წლის იანვარში მიცემული თანხის ნაწილით შეიძინა სარიტუალო მომსახურეობისათვის საჭირო ნივთები, იჯარით აიღო ფართი და დაიწყო მუშაობა. ამასთან, საქმიანობაში ჩააბა მეუღლე ლ-----ა მა-----ძე და შვილი რ---ო მა-----ძე. მუშაობის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში მოპასუხე ინტერნეტით დაუკავშირდა მოსარჩელეს და აცნობა, რომ მოგება უკვე შეადგენდა 900 ლარს. ამის შემდეგ „სარიტუალო მომსახურება“ მუშაობდა ორი წლის განმავლობაში, არ--- მა-----ძემ კი მხოლოდ ერთხელ გაუგზავნა ნ-----ი თ--------აძეს 1750 ლარი. აშკარა გახდა, რომ მოპასუხე მალავდა შემოსავალს, მოსარჩელემ 2013 წლის ნოემბერში „სკაიპის“ საშუალებით მოსთხოვა მოპასუხეს და მის მეუღლეს, დაებრუნებინათ 12000 აშშ დოლარი, რაზეც თანხმობა მიიღო. მიუხედავად ამისა, არ--- მა-----ძემ დაპირება არ შეასრულა, რის გამოც ნ-----ი თ--------აძემ ლ--–- ჭ---–-ძის მეშვეობით გამოართვა მას სარიტუალო დანიშნულების ნივთები და თბილისში გაყიდა 2500 აშშ დოლარად, ასევე, არ--- მა-----ძემ გადაუხადა მოსარჩელეს 950 აშშ დოლარი და დაუბრუნა სარიტუალო დანიშნულების ავტომაქანა „ოპელი“, დარჩენილი 8500 აშშ დოლარი კი დღემდე არ გადაუხდია.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა დააზუსტეს, რომ 12000 აშშ დოლარი იყო სესხი, რომელიც უკან უნდა დაებრუნებინა მოპასუხეს.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით, 2011 წლის სექტემბრის თვეში შეხვდა ლ--–- ჭ---–-ძეს, მოილაპარაკეს, რომ დაეწყოთ მცირე ბიზნესი, შეექმნათ სარიტუალო მომსახურების ბიურო, რომლისთვისაც საჭირო იყო 12000 აშშ დოლარი. ლ--–-მ უთხრა, რომ მას ჰყავდა მეგობარი, რომელსაც ჰქონდა ფული და ასესხებდა, თუკი ერთი წლის ვადაში დაუბრუნებდნენ. აღნიშნულ წინადადებას არ დაეთანხმა, რადგან სარიტუალო მომსახურებით ამდენ თანხას ვერ იშოვიდნენ. მაშინ ლ--–-მ შესთავაზა, რომ თუკი იმ პიროვნებას, ვისაც ჰქონდა შესაბამისი თანხა, ჩაისვამდნენ წილში, გასწორდებოდნენ მუშაობის პერიოდში 10 წლის მანძილზე. ასეთ გარიგებაზე დათანხმდა, შესაბამისად, 2011 წლის 5 ოქტომბერს მის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 5000 აშშ დოლარი. მოსარჩელის მიერ გადაცემული თანხა დაიხარჯა სარიტუალო ინვენტარის - მოწყობილობების შესაძენად. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, მოსარჩელემ მისგან წაიღო 950 აშშ დოლარი, სარიტუალო ინვენტარი და კატაფალკა, ამდენად რაიმე ვალდებულებები მის მიმართ არ გააჩნია. ამასთან, იგი თანახმა იყო გადაეხადა მოსარჩელისათვის 12000 აშშ დოლარი იმ შემთხვევაში, თუკი ინვენტარი და ავტომანქანა მას დარჩებოდა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2011 წელს ნ-----ი თ--------აძემ არ--- მა-----ძეს გაუგზავნა 12000 აშშ დოლარი, ნაწილი საბანკო გადარიცხვით, ნაწილი ლ--–- ჭ---–-ძის მეშვეობით. ასევე არ არის სადავო ის გარემოება, რომ 950 აშშ დოლარი მოპასუხემ უკან დაუბრუნა ნ-----ი თ--------აძეს. 11000 აშშ დოლარით, სარიტუალო ბიუროს გახსნის მიზნით, არ---ა მა-----ძემ შეიძინა შესაბამისი ინვენტარი და ავტომანქანა, რომელიც გადააკეთეს კატაფალკად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- სარჩელი და შესაგებელი;

3.1.2. დადგენილია, რომ სარიტუალო (დამკრძალავმა) ბიურომ დაიწყო საქმიანობა, მას ხელმძღვანელობდა და ძირითად საქმიანობასაც ახორციელებდა არ--- მა-----ძე, როგორც პათანატომი. ასევე მასთან ერთად მუშაობდნენ მისი ოჯახის წევრები. არ--- მა-----ძემ მხოლოდ ერთხელ გაუგზავნა ნ-----ი თ--------აძეს, რომელიც იმყოფებოდა საზღვარგარეთ, მიღებული შემოსავლიდან თანხა 1750 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

3.1.3. 2013 წლის ნოემბერში ნ-----ი თ--------აძემ „სკაიპის“ საშუალებით მოსთხოვა მოპასუხეს და მის მეუღლეს, დაებრუნებინათ 12000 აშშ დოლარი და როცა თანხა ვერ მიიღო, მეგობრის ლ--–- ჭ---–-ძის მეშვეობით წაიღო სარიტუალო დანიშნულების ნივთები და ავტომაქანა „ოპელი“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოსარჩელის განმარტებით, სარიტუალო ნივთები მან თბილისში გაყიდა 2500 აშშ დოლარად, ხოლო ავტომანქანა ვერ გაასხვისა, რადგან იგი იყო დაზიანებული, თუმცა მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება ვერ შეძლო შესაბამისი მტკიცებულებით.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ქვაკუთხედი, არაერთ საპროცესო ნორმაშია გადმოცემული და იგი, ბუნებრივია, მათ შორის მტკიცების ტვირთზე ახდენს გავლენას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია რა ფაქტზე მიმთითებული მხარის ვალდებულება, წარადგინოს ამ ფაქტის დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულებები.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები სარიტუალო ნივთების 2500 აშშ დოლარად გასხვისების თაობაზე, ვერ დაადასტურა, რომ ავტომანქანა არის დაზიანებული და მას რაიმე ღირებულება არ გააჩნია, ასევე ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ მითითებული ნივთების ღირებულების შემცირება გამოიწვია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ, მხოლოდ მოწმის ჩვენება კი აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად ვერ გამოდგება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 623-ე, 624-ე, 930-ე, 932-ე, 938-ე, 940-ე მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და მოსარჩელის განმარტებით, ეს იყო სესხის ხელშეკრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

ამავე კოდექსის 624-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

მოცემულ შემთხვევაში უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელე ნ-----ი თ--------აძემ სხვადასხვა საშუალებით (საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით და მესამე პირის ხელით) არ---ა მა-----ძეს გადასცა 12000 აშშ დოლარი. სასამართლო სხდომაზე, როგორც მოსარჩელემ, ასევე მისმა წარმომადგენელმა განმარტეს, რომ ეს იყო სესხის ხელშეკრულება, რაც ავალდებულებდა მსესხებელს (მოპასუხეს) სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავლის მიღების შემდეგ პირველ რიგში დაებრუნებინა თანხა, ხოლო შემდეგ მოხდებოდა მათ შორის წილების განაწილება. სესხის ხელშეკრულების დადება არ დაადასტურა მეორე მხარემ და განმარტა, რომ ფულის გადაცემა მოხდა ერთობლივი სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მიზნით, კერძოდ, სარიტუალო (დამკრძალავი) ბიუროს გასახსნელად, მითითებული თანხით კი უნდა შეეძინათ ყველა საჭირო ინვენტარი, მათ შორის ავტომანქანაც. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება წერილობით გაფორმებული არ ყოფილა. სესხის ზეპირი ხელშეკრულების დადების დროს კი მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამასთან, სესხის ხელშეკრულება იწყება მსესხებლისათვის თანხის გადაცემით და წყდება ვალის უკან დაბრუნებით. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე ელოდებოდა, არა მარტო გადაცემული თანხის უკან დაბრუნებას, არამედ ამ თანხით დაწყებული სამეწარმეო საქმიანობიდან მოგების მიღებას, რაც გადაეცა კიდეც ერთხელ, 1750 ლარის ოდენობით. ამასთან, თავად მოსარჩელის განმარტებითაც დადასტურებულია, რომ მან მოპასუხესთან საქმიანი ურთიერთობა დაამყარა მისი პროფესიის გამო, კერძოდ, არ---ა მა-----ძეს, როგორც პათანატომს უნდა ემუშავა დამკრძალავ ბიუროში, რაც იქნებოდა მისი წილი ერთობლივ საქმიანობაში. ყოველივე აღნიშნული ადასტურებს, რომ სახეზეა არა სესხის ხელშეკრულება, არამედ ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

ამავე კოდექსის 932-ე მუხლით, 1. მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად. 2. შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით. 3. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შესატანები წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას. მონაწილეთა საერთო საკუთრებას შეადგენს ისიც, რაც შეძენილია საერთო საკუთრებაში არსებული უფლების საფუძველზე, ანდა მიღებულია ანაზღაურების სახით საერთო ქონების განადგურების, დაზიანების ან ამოღების გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელია შემდეგი: ამხანაგობის მონაწილე უნდა იყოს არა ნაკლებ ორი პირი, რომლებიც მოქმედებენ ერთობლივად, შესაბამისად, ერთმანეთის მიმართ არ წარმოეშობათ დაპირისპირებული ინტერესები, როგორც მოვალესა და კრედიტორს. ხელშეკრულების ინტერესებიდან გამომდინარე, მის მოწილეებს შორის შეიძლება მოხდეს უფლება-მოვალეობების გადანაწილება, თუმცა ეს ხორციელდება არა როგორც დამოუკიდებელ პირთა შორის, რომელთაც ერთმანეთის საწინააღმდეგო ინტერესები და მოვალეობები გააჩნიათ, არამედ, როგორც სუბიექტებს შორის, რომელთა შორის უფლება-მოვალეობების გადანაწილება ხდება ამხანაგობის ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით. ამხანაგობის მონაწილეთა შეთანხმება და ერთიანობის გამოვლენა უნდა მოხდეს საერთო სამეურნეო და მიზნის მისაღწევად, რაც გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს. მონაწილეები ერთობლივი მიზნის მისაღწევად მოქმედებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით მათ მიერ განხორციელებული შენატანების საფუძველზე და იურიდიული პირის შეუქმნელად. ამასთან, ერთობლივი საქმიანობის მართვა ყველა მონაწილის მიერ ერთობლივად ხორციელდება, რაც ამ საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ყველა მონაწილის თანხმობით მიღებას გულისხმობს. ამავდროულად, გადაწყვეტილებათა განხორციელება შეიძლება ერთ-ერთ მონაწილეს ან სხვა მესამე პირსაც დაევალოს, რაც გარიგების შინაარს არ ცვლის. ამხანაგობის საქმიანობიდან მიღებული სარგებელი და ზიანი მონაწილეთა მიერ განხორციელებული წილების შესაბამისად გადანაწილდება, რისთვისაც რაიმე მნიშვნელობა არ აქვს შენატანი ქონებით თუ მომსახურების გაწევით იქნა განხორციელებული (საქმე Nას-839-890-2011).

ამდენად, ნ-----ი თ--------აძის და არ--- მა-----ძის მიერ დაიწყო ერთობლივი საქმიანობა, შეიქმნა სარიტუალო (დამკრძალავი) ბიურო, სადაც მოსარჩელის შენატანს შეადგენდა ინვენტარი, რომელიც შეიძინეს მის მიერ გადმოგზავნილი თანხით, ხოლო მოპასუხის შენატანი იყო მისი პროფესიული საქმიანობა.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 938-ე მუხლით, 1. თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე. ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია ისეთ დროს ან ისეთ გარემოებაში, რომელიც საზიანო იქნება ერთობლივი საქმიანობისათვის.

ამავე კოდექსის 938-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით, ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია მონაწილეთა გადაწყვეტილება.

ამავე კოდექსის 940-ე მუხლით, 1. ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტისას უნდა დამთავრდეს ჯერ კიდევ შეუსრულებელი გარიგებები, შედგეს საინვენტარიზაციო ნუსხა, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს მონაწილეებს შორის მათი წილის შესაბამისად. 2. ქონების განაწილებისას უნდა დაიფაროს ერთობლივი საქმიანობის დროს წარმოშობილი ვალები. თუ ქონება საკმარისი არ არის ვალების დასაფარავად, ხელშეკრულების მონაწილეები ვალდებულნი არიან გაისტუმრონ ვალები თავიანთი წილის შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება შეწყვიტა მოსარჩელემ. სსსკ 940-ე მუხლის საფუძველზე მას ჰქონდა უფლება მოეთხოვა დარჩენილი ქონების, რომელშიც მოიაზრება საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განაწილება, თუმცა მხარეეებს საინვენტარიზაციო ნუსხა არ შეუდგენიათ, შემოსავალი არ დაუთვლიათ და მას არც მოსარჩელე ითხოვს (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი). შესაბამისად, გასაყოფი დარჩა მხოლოდ ის ქონება (ნივთები), რაც შეძენილი იქნა ერთობლივი საქმიანობის მიზნით. დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო გადაგზავნილი თანხის 12000 აშშ დოლარის გამოუყენებელი ნაწილი 950 აშშ დოლარი, ყველა ინვენტარი (მაცივრები, შანდლები და ა.შ), რომელიც მისი განმარტებით გაასხვისა 2500 აშშ დოლარად და ავტომანქანა, რომელიც გადაკეთებული იყო კატაფაკლად. შესაბამისად, მათ შორის გასანაწილებელი ქონება აღარ დარჩა. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე ითხოვს იმ თანხის გადახდის დაკისრებას მოპასუხეზე, რაც ვერ აუნაზღაურდა ნივთების გაყიდვის შედეგად. კერძოდ, 11000 აშშ დოლარს აკლებს 2500 აშშ დოლარს და ითხოვს 8500 აშშ დოლარის ანაზღაურებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, რადგან საერთოდ არ არის შეფასებული ავტომანქანა, რომელიც წაიყვანა მოსარჩელემ, არაა დადასტურებული სარიტუალო ნივთების 2500 აშშ დოლარად გასხვისების ფაქტი, არაა მითითებული მიზეზებზე, რამაც გამოიწვია ნივთების, მათ შორის ავტომანქანის ღირებულების შემცირება და რაც მთავარია, არ დასტურდება მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ასეთი შედეგი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 540 ლარი, ვინაიდან მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო არ---ა მა-----ძის სახელზე რიცხული უძრავ ქონებას, მდებარე წყალტუბოს რაიონი სოფელი გუმბრა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.09.48.215.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 243-244ე, 247-250-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნ-----ი თ--------აძის სარჩელი არ---ა მა-----ძის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. ნ-----ი თ--------აძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო არ---ა მა-----ძის სახელზე რიცხული უძრავ ქონებას, მდებარე წყალტუბოს რაიონი სოფელი გუმბრა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N29.09.48.215, გაუქმდეს.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ციცინო კიკვაძე