გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2019
საქმის ნომერი
080210017001855566
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/690-17წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

 

მოსარჩელე - ჯ---ლ კ--–---იძე, ნ---- კ--–---იძე;

წარმომადგენელი -ირმა აბჟანდაძე, ლერი დათუაშვილი;

 

მოპასუხე - თ-----ი კ--–---იძე, ნ---- შ----ირაძე;

წარმომადგენელი - ფ-----ონ ბ----–აია, ა-–-----დრე გ-----მია;

დავის საგანი სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი 1994 წლის 3 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის N1408) და აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა;

1.2. ბათილად იქნას ცნობილი 2000 წლის 13 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობა (რეგისტრაციის Nად-370) და აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა;

1.3. ბათილად იქნას ცნობილი 2017 წლის 12 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც თვალთმაქცური გარიგება და აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა;

1.2. ა-–-----დრე კ--–---იძის და თ-------რე კ--–---იძის დანაშთ ქონებაზე (მდებარე, ქ. ქუთაისი დ----------------------------------------------------) დარეგისტრირდეს ჯ---ლ კ--–---იძის საკუთრების უფლება 1/3 ნაწილში და ნ---- კ--–---იძის საკუთრების უფლება 1/3 ნაწილში.

მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებით, 1952 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა მოსარჩელეების ბაბუა თ-------რე დიმიტრის ძე კ--–---იძე, ხოლო 1990 წლის 24 ნოემბერს მამა ა-–-----დრე თ-------რეს ძე კ--–---იძე. მათ დარჩათ სამი მემკვიდრე - ნ------რ, ჯ---ლ და ნ---- კ--–---იძეები. მამაპაპისეული სახლი (მდებარე ქ. ქუთაისში დ--------------------------- ქ. N9), 1990 წლისათვის დაყოფილი იყო ორ ნაწილად და ირიცხებოდა ბაბუას თ-------რე კ--–---იძის და მამის ა-–-----დრე კ--–---იძის საკუთრებად. მათი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეები სრულად დაეუფლენ სამკვიდრო ქონებას, კერძოდ, ჯ---ლ კ--–---იძე სრულად დაეუფლა მამის კუთვნილ ოთახს, სადაც დღემდეა განთავსებული მის მიერ რუსეთში შეძენილი საძინებლის გარნიტური, სხვა საყოფაცხოვრებო და პირადი ნივთები. ასევე მემკვიდრეებს შორის არსებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მამის სამკვიდროდან ნ---- კ--–---იძე ყოველთვიურად ღებულობდა და დღემდე ღებულობს განსაზღვრულ თანხას, აღნიშნულ სახლში ასევე განთავსებულია მისი პირადი ნივთები. მიუხედავად იმისა, რომ ჯ---ლ და ნ---- კ--–---იძეები იმთავითვე, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლენ სამკვიდრო ქონებას, 2016 წლის მაისში, ძმის ნ------რ კ--–---იძის მოსახსენებელ სუფრაზე მომხდარი შელაპარაკების დროს, მათთვის ცნობილი გახდა, რომ ძმის ნ------რ კ--–---იძის მეუღლე - თ-----ი კ--–---იძე სრულად დაუფლებია თ-------რე და ა-–-----დრე კ--–---იძეების სამკვიდრო ქონებას. ჯ---ლ და ნ---- კ--–---იძეებმა საჯარო რეესტრიდან გამოითხოვეს არქივში დაცული მასალები, სადაც აღმოჩნდა 1994 წლის 3 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ ნ------რ კ--–---იძეს ფარულად აღუდგენია მემკვიდრეობა ბაბუას და მამის დანაშთ ქონებაზე. ასევე, 2000 წელს, ნ------რ კ--–---იძის გარდაცვალების შემდეგ, მის მეუღლეს თ----- კ--–---იძეს მიუღია მემკვიდრეობა. 2017 წლის 12 აპრილს, მოპასუხე თ----- კ--–---იძემ ყველასაგან ფარულად გაასხვისა საცხოვრებელი სახლი ოჯახის ახლობელზე ნ---- შ----ირაძეზე. აღნიშნულის მიუხედავად, იგი დღემდე ცხოვრობს სადაო ბინაში ოჯახთან ერთად, რაც ადასტურებს, რომ 2017 წლის 14 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი და თვალთმაქცურია, იგი ემსახურებოდა მემკვიდრეებისათვის სამკვიდროს მიღებაში ხელის შეშლას.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხებმა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით, მოსარჩელეები სადავო ქონებას არ დაუფლებიან ფაქტობრივი ფლობით. ამასთან, თ-------რე კ--–---იძე გარდაიცვალა 1952 წელს, მას დარჩა შვილი ა-–-----დრე კ--–---იძე, რომელიც წარმოადგენდა პირველი რიგის მემკვიდრეს, ამიტომ სამკვიდრო ქონებაზე მოსარჩელეთა პრეტენზია დაუსაბუთებელია. ა-–-----დრე კ--–---იძე გარდაიცვალა 1990 წელს, ამ დროისათვის მოქმედი 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით მემკვიდრეები სამკვიდროს უნდა დაუფლებოდნენ 6 თვეში. ვინაიდან ჯ---ლ კ--–---იძე ცხოვრობდა რუსეთში, ხოლო ნ---- კ--–---იძე თბილისში, მათ არ აქვთ მტკიცებულებები, რომ დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას. ამასთან, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულიცაა, როგორც იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, ასევე ამჟამად მოქმედი კოდექსის 1450 მუხლით. გასულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული საერთო ხანდაზმულობის ვადაც. პირველი სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მეორე მოთხოვნაც. 2000 წელს თ----- კ--–---იძემ სწორად მიიღო გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდრო, თუმცა ამ ნაწილშიც მოთხოვნა ხანდაზმულია. უსაფუძვლოა მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზეც, ნ---- შ----ირაძეს ნასყიდობის თანხა სრულად აქვს გადახდილი, ასევე იგი იხდის კომუნალურ გადასახადებს და არის კეთილსინდისიერი შემძენი.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. დადგენილია და მხარებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ 1952 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა თ-------რი დიმიტრის ძე კ--–---იძე, ხოლო 1990 წლის 24 ნოემბერს მისი შვილი ა-–-----დრე თ-------რეს ძე კ--–---იძე, რომელსაც დარჩა სამი მემკვიდრე - ნ------რ, ჯ---ლ და ნ---- კ--–---იძეები. მამაპაპისეული სახლი (მდებარე ქ. ქუთაისში დ--------------------------- ქ. N9), 1990 წლისათვის დაყოფილი იყო ორ ნაწილად და ირიცხებოდა თ-------რე კ--–---იძის და ა-–-----დრე კ--–---იძის საკუთრებად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ჯ---ლ კ--–---იძის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 18);

- ნ---- კ--–---იძის დაბადების მოწმობა (ს.ფ.151);

3.1.2. დადგენილია, რომ 1994 წლის 03 აგვისტოს ნოტარიუსმა თ. მაჩიტიძემ გამოსცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლითაც 1990 წლის 24 ნოემბერს გარდაცვლილი ა-–-----დრე თედორეს ძე კ--–---იძის და 1952 წლის წლის 22 იანვარს გარდაცვლილი თედორე დიმიტრის ძე კ--–---იძის სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში ლესელიძის ქ. N9-ში მიიღო ნ------რ ა-–-----დრეს ძე კ--–---იძემ.

2000 წლის 10 მაისს ნოტარიუსმა თ. მაჩიტიძემ გამოსცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც თ----- კ--–---იძემ, როგორც ნ------რ კ--–---იძის მეუღლემ და პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო უძრავი ქონება - მდებარე ქ. ქუთაისი დ------------------------------ (ყოფილი ლესელიძის ქუჩა).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1994 წლის სამკვიდრო მოწმობა (იხ.ს.ფ. 16);

- 2000 წლის სამკვიდრო მოწმობა (იხ.ს.ფ. 17);

3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 12 აპრილს თ----- კ--–---იძეს და ნ---- შ----ირაძეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი დ------------------------------. ნასყიდობის თანხა ხელშეკრულებაში მითითებულია 50000 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 67-68);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ. 69);

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. დადგენილია, რომ თ----- კ--–---იძე 2011 წლიდან 2016 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით ნ---- კ--–---იძეს უგზავნიდა სხვადასხვა ოდენობის თანხას. კერძოდ, 2011 წელს გაგზავნილი აქვს 400 ლარი, 2012 წელს - 500 ლარი, 2013 წელს - 700 ლარი, 2015 წელს - 700 ლარი, 2016 წელს - 1300 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საბანკო გზავნილები (იხ.ს.ფ. 19-24);

3.2.2. დადგენილია, რომ ჯ---ლ კ--–---იძეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 2007 წლის 12 ოქტომბერს, 2008 წლის 05 თებერვალს იგი დარეგისტრირდა მისამართზე ქ. ქუთაისი და------------------------------. ნ---- კ--–---იძე კი მითითებულ მისამართზე არასოდეს არ ყოფილა რეგისტრირებული, მისი რეგისტრაციის ადგილია ქ. თბილისი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (იხ.ს.ფ.166, 167);

3.2.3. მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს დაედასტურებინათ, რომ ისინი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას კანონით განსაზღვრულ ექვსთვიან ვადაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეები, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეები მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში დაეუფლენ მამის და ბაბუას სამკვიდროს, მათი მტკიცების ვალდებულებაა.

აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები, კერძოდ, მოწმე ჯ--------------–იძემ განმარტა, რომ ნ------რი კ--–---იძე იყო მისი შვილის ნათლია, ოჯახთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, მას არასოდეს მოუსმენია მემკვიდრეებს შორის სამკვიდროს გაყოფის თაობაზე საუბარი ან უკმაყოფილება. როგორც მამის, ასევე ძმის დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ ჯ---ლ და ნ---- კ--–---იძეები. ნ------რის დაკრძალვის ხარჯები, როგორც მეგობრებიდან გაიგო, გაიღო ძმამ, რომელიც ცხოვრობდა მოსკოვში. ჯ---ლი როდესაც ქუთაისში ჩამოდიოდა ყოველთვის ბინავდებოდა მამისეულ სახლში, ერთი და იგივე საძინებელში, „ზალიდან“ მარჯვენა მხარეს. მისთვის უცნობია, ვინ შეიძინა ამ ოთახში განთავსებული ნივთები. ნ---- კ--–---იძე ცხოვრობდა თბილისში, მას ნ------რი პერიოდულად უგზავნიდა თანხას, 100 ან 80 ლარს, თუმცა რისი იყო ეს ფული არ იცის. სახლის პირველ სართულზე ნ------რის გარდაცვალების შემდეგ კომერციული მიზნებისათვის გაქირავებული არის ფართი, მანამდე ამ ადგილას იყო მარანი და იწურებოდა ღვინო (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 05.12.2018 წ.);

მოწმე ნ-----–---------–--ლმა აჩვენა, რომ ნ---- კ--–---იძე არის მისი ბავშვობის მეგობარი, იგი ბევრჯერ არის ნამყოფი მასთან ქუთაისში და კარგად იცნობს ოჯახის წევრებს. ნ---- კ--–---იძემ ბიბლიოთეკის ნაწილი და ოქროები წაიღო, მგონი მამისეული, მაგრამ ვინ მისცა არ იცის. ბოლოს ქუთაისში იმყოფებოდნენ 2017 წელს და დარჩნენ ორი-სამი დღე. ცხოვრობდნენ ნ----ს მამისეულ ოთახში, რომელიც თ--–--ოს (თ----- კ--–---იძე) შვილს მ-----ას ჰქონდა დაკავებული და ათავისუფლებდა მათი სტუმრობისას. როგორც მისთვის ცნობილია, ნ----ს უგზავნიდნენ ყოველთვიურად სამკვიდროდან წილს 100 ლარამდე ოდენობით (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 26.12.2018 წ.);

მოწმე ა-–--------------ნის ჩვენებით, ძმებს ჯ---ლ და ნ------რ კ--–---იძეებს ისეთი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, მათ შორის მემკვიდრეობაზე დავა წარმოუდგენელია მისთვის. ჯ---ლი ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში, უზრუნველყოფილი იყო მატერიალურად. როდესაც მამა გარდაეცვალა მეორე დღესვე ჩამოვიდა ქუთაისში და დაფარა დაკრძალვის ყველა ხარჯი. ნ------რის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრებმა გააქირავეს სახლის პირველ სართულზე ფართი, თუმცა იქედან მიღებულ შემოსავალს იღებდა თუ არა ვინმე გარდა ოჯახისა, არ იცის. როდესაც ნ---- და ჯ---ლ კ--–---იძეები ჩამოდიოდნენ ქუთაისში, რჩებოდნენ ერთი და იგივე ოთახებში, რომელიც მდებარეობდა სახლის მარჯვენა მხარეს, სხვა დროს ამ ოთახში ნ------რის შვილები იყვნენ. ერთი-ორჯერ თ-----ის დავალებით, თანხა გადაუგზავნა ნ---- კ--–---იძეს, თუმცა რისი თანხა იყო, არ იცის (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 05.12.2018 წ.);

 

მოწმე რ----------–--ძის ჩვენებით, როდესაც ა-–-----დრე კ--–---იძე გარდაიცვალა ჯ---ლი მოსკოვიდან იყო ჩამოსული მეგობრის დასაფლავებაზე, მან გაიღო მამის დაკრძალვის ხარჯები, ნ------რიც ღებულობდა მონაწილეობას, მაგრამ ზუსტად ვინ რა გადაიხადა არ იცის. ჯ---ლი როდესაც ჩამოდიოდა, ცხოვრობდა შესასვლელიდან ხელმარჯვნივ განთავსებულ ორ ოთახში, იქვე ჩამოდიოდა ნ---- კ--–---იძე, სხვა დროს ამ ოთახში ცხოვრობდნენ ნ------რის ოჯახის წევრები. სახლის პირველ სართულზე ფართი გაქირავებული იყო ნ------რის სიცოცხლეშიც და შემდეგაც, იქედან შემოსავალს ვინ იღებდა, არ იცის (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 26.12.2018 წ.);

 

მოწმე ა-------------ას ჩვენებით, ჯ---ლმა რომ დაამთავრა სკოლა და ინსტიტუტი წავიდა მოსკოვში, სადაც გარკვეული დროს შემდეგ გახდა ქარხნის ხელმძღვანელი. ქუთაისში ზაფხულობით ჩამოდიოდა და ცხოვრობდა მამისეულ სახლში, მარცხენა მხარეს განთავსებულ ოთახებში. მამის გარდაცვალების დროს იმყოფებოდა საქართველოში, მეგობრის დაკრძალვაზე და დარჩა ერთი კვირა, შემდეგ ჩამოვიდა ორმოცზე. ნ------რის გარდაცვალებაც რომ გაიგო, ჩამოვიდა და დაფარა დაკრძალვის ხარჯები. ნ---- კ--–---იძეს ძმები ეხმარებოდნენ ფინანსურად. როგორც მისთვის ცნობილია, ნ------რს ჰქონდა ჯ---ლის ვალი, რომელიც ვერ დააბრუნა და ამის გამო ჯ---ლმა გაყიდა ყველაფერი (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 26.12.2018 წ.);

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მოწმეების ჩვენებებში არის გარკვეული წინააღმდეგობა, ჯ---ლ და ნ---- კ--–---იძეების მიერ დაკავებული ოთახების მდებარეობასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ნ---- და ჯ---ლ კ--–---იძეები, პერიოდულად, მცირე ხნით სტუმრობდნენ მამისეულ სახლს, რაც ვერ ჩაითვლება სამკვიდროს ფაქტობრივ დაუფლებად. მათივე ჩვენებით, ოთახები, სადაც ჩამოდიოდნენ მოსარჩელეები არ ყოფილა დაკეტილი, პირიქით, მოპასუხეები სარგებლობდნენ ამ ოთახებით, როგორც საკუთარით და უთმობდნენ მოსარჩელეებს მათი სტუმრობის პერიოდში. ვერცერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელეთა მიერ დაკავებულ ოთახებში იყო განთავსებული მოსარჩელეთა მიერ შეძენილი ან მათი პირადი ნივთები, ვერ დაადასტურეს მამკვიდრებლის კუთვნილი რომელიმე ნივთის დაუფლება მემკვიდრეების მიერ, მითუმეტეს სამკვიდროს მიღებისათვის განსაზღვრულ ექვსთვიან ვადაში. მხოლოდ მოწმე ნ-----–---------–--ლმა აჩვენა, რომ ნ---- კ--–---იძემ წაიღო წიგნები და მამის ოქროს ნივთები, თუმცა ზუსტად როდის და ვინ გადასცა ეს ნივთები ნ---- კ--–---იძეს ვერ განმარტა, ასევე არ მიუთითებია მოწმეს ამ ნივთების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, რაც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ ისინი შედიოდნენ სამკვიდრო მასაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964 წლის რედაქცია), საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (1997 წლის რედაქცია).

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეები ითხოვენ 1952 წლის 22 იანვარს გარდაცვლილი თ-------რი დიმიტრის ძე კ--–---იძის და 1990 წლის 24 ნოემბერს გარდაცვლილი ა-–-----დრე კ--–---იძის სამკვიდროს მიკუთვნებას. ნორმათა გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია, შესაგებელით მოპასუხემ სადავო საკითხის მოსაწესრიგებლად მიუთითა როგორც 1997 წლის, ასევე 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსზე, რომლის 539-ე მუხლის და ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ან/და ორივე საფუძვლით.

 

1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 542-ე მუხლისა და 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის. 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე და 1997 წლის კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები.

 

1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 540-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. დღეს მოქმედი 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

როგორც უკვე აღინიშნა, 1952 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა მოსარჩელეების ბაბუა თ-------რე დიმიტრის ძე კ--–---იძე, მას დარჩა ერთი შვილი ა-–-----დრე კ--–---იძე, რომელიც ფაქტობრივი ფლობით დაუფლა მამის სამკვიდრო ქონებას და ეს გარემოება მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ, შესაბამისად, 1990 წლის 24 ნოემბერს გარდაცვლილი ა-–-----დრე კ--–---იძის სამკვიდრო ქონებაში შედიოდა მისი მამის თ-------რე კ--–---იძის სამკვიდრო ქონებაც, რაც მოსარჩელეთა მოთხოვნას, თ-------რე კ--–---იძის სამკვიდროდან წილის მიკუთვნების შესახებ უსაფუძვლოს ხდის.

 

1990 წლის 24 ნოემბერს გარდაცვლილ ა-–-----დრე კ--–---იძეს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები: ნ---- კ--–---იძე, ჯ---ლ კ--–---იძე და ნ------რ კ--–---იძე, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მამის გარდაცვალების დროისათვის ნ---- კ--–---იძე ცხოვრობდა ქ. თბილისში, ჯ---ლ კ--–---იძე ქ. მოსკოვში და იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ხოლო ნ------რ კ--–---იძე ცხოვრობდა ქ. ქუთაისში დ--------------------------- ქ. N9-ში, ანუ სამკვიდრო მასაში შემავალ უძრავ ქონებაში. მოსარჩელეთა მოთხოვნა ამ სამკვიდრო ქონებიდან თითოეულისათვის 1/3 წილის გამოყოფის თაობაზე გამომდინარეობს იმ საფუძვლიდან, რომ ისინი ნ------რ კ--–---იძესთან ერთად იყვნენ მამკვიდრებლის შვილები, ანუ პირველი რიგის მემკვიდრეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების მოთხოვნის წარმოშობას უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს და სამკვიდრო მასის არსებობას, არამედ ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. ამასთან, სამკვიდროს მიღება წარმოადგენს მემკვიდრის უფლებას და არა ვალდებულებას და სამკვიდროზე საკუთრების უფლების წარმოშობა კანონით გათვალისწინებული იმპერატიული დანაწესების განუხრელ დაცვაზეა დამოკიდებული. 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის და 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1424-ე მუხლების თანახმად, იმისთვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნას ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ჯ---ლ და ნ---- კ--–---იძეებს ნოტარიუსისათვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის თხოვნით არ მიუმართავთ, ხოლო ნ------რ კ--–---იძე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა სამკვიდრო ქონებას (რაც მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ) და მის სახელზე 1994 წლის 3 აგვისტოს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა.

 

იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს მოსარჩელეთა მოთხოვნა, უნდა გაირკვეს, ნამდვილად მოხდა თუ არა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაეუფლება ჯ---ლ და ნ---- კ--–---იძეების მიერ და განხორციელდა თუ არა აღნიშნული მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე დაადგინა პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლებისას, ცალსახად უნდა იკვეთებოდეს პირის ნება სამკვიდროს მიღებისა, რაც გულისხმობს მემკვიდრის სამკვიდრო ქონების ფლობას და სარგებლობას როგორც საკუთარის. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს, კერძოდ, მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში, სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით, მამკვიდრებლის ნივთების როგორც საკუთარის მიღებითა და განკარგვით, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვით, მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ანგარიშების დაუფლებით, სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით, სამკვიდრო ქონების გაქირავებით და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგენილად მივიჩნიოთ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, აუცილებელია მემკვიდრემ მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. (შდრ. სუსგ-ები №ას-281-266-2017, 19.05.2017, №ას-572- 543-2014, 19.03.2015; №ას-555-526-2014, 10.10.2014).

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დადასტურებას შეეცადნენ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ჯ---ლ და ნ---- კ--–---იძეები პერიოდულად ჩამოდიოდნენ მამისეულ სახლში და ცხოვრობდნენ ერთი და იგივე ოთახებში, სადაც განთავსებული იყო მათი ნივთები. სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ არ დადასტურდა მითითებულ ოთახებში მოსარჩელეთა ნივთების განთავსების ფაქტობრივი გარემოება. ერთი და იგივე ფართში პერიოდული ცხოვრება კი ვერ ჩაითვლება სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებად, რადგან მითითებულ ოთახებში ცხოვრობდნენ ნ------რ კ--–---იძის ოჯახის წევრები, რომლებიც მოსარჩელეთა სტუმრობის პერიოდში ნებაყოფლობით უთმობდნენ ოთახებს ნ---- და ჯ---ლ კ--–---იძეებს. შესაბამისად, მითითებული ქონებით სარგებლობა არ იყო მოსარჩელეთა ნებაზე დამოკიდებული. ასევე არ იკვეთება მათი ნება, ესარგებლათ სამკვიდრო ქონებით, როგორც საკუთარით და შეეზღუდათ მისი გამოყენება სხვა პირების მხრიდან, მათი სურვილის გარეშე. რაც შეეხება ფულად გზავნილებს ნ---- კ--–---იძის სახელზე, გადარიცხვა დაწყებულია 2011 წლიდან, მამკვიდრებელი ა-–-----დრე კ--–---იძე კი გარდაიცვალა 1990 წლის 24 ნოემბერს. შესაბამისად, არ დასტურდება რომ სამკვიდრო მასიდან ნ------რ კ--–---იძე შემოსავალს იღებდა და ნ---- კ--–---იძეს უგზავნიდა მამის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში.

6.2. სასამართლო მიუთითებს ასევე მოსარჩელეთა მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც, 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებულია სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. სასამართლომ აღნიშნა, რომ სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი). მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ მისთვის უფლების დარღვევის თაობაზე ცნობილი გახდა 2016 წლის მაისში, ძმის ნ------რ კ--–---იძის მოსახსენებელ სუფრაზე, როცა შეიტყო, რომ რძალი თ----- კ--–---იძე სრულად დაუფლებია სამკვიდრო ქონებას. სწორედ ამის შემდეგ გამოითხოვეს საჯარო რეესტრის არქივში დაცული მასალები და აღმოჩინეს სადავო სამკვიდრო მოწმობები. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 23 მარტს, ხოლო როდის მიიღეს მოსარჩელეებმა გამოთხოვილი მასალები საჯარო რეესტრიდან, უცნობია. შესაბამისად, სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2016 წლის მაისიდან, რაც ადასტურებს, რომ კანონით გათვალისწინებული ორთვიანი ვადა დაცული არაა. ასევე, გასულია 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადაც. სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ ლოგიკურად შეუძლებელია სამკვიდროს გახსნის (1952 წელი და 1990 წელი) შემდეგ, 2017 წლამდე, აღნიშნულ ქონების სამართლებრივი მდგომარეობა არ შეცვლილიყო, რაც გონივრული წინდახედულობის პირობებში, მოსარჩელე მხარეს უნდა ევარაუდა, სცოდნოდა და მიეღო ზომები თავისი მემკვიდრეობითი უფლების რეალიზაციის მიზნით.

 

ამდენად, ვინაიდან უსაფუძვლოა მოთხოვნა 1994 წლის 3 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, უსაფუძვლოა მოთხოვნა 2000 წლის 13 ნოემბრის სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის და სამკვიდრო ქონებიდან 1/3 წილის მოსარჩელეების სახელზე რეგისტრაციის შესახებ.

6.3. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის დანაწესით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. რამდენადაც გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს ნამდვილი და ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს ორი მხარის შეთანხმებით რომლებიც ხშირად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ერთი მხარისაგან მეორე მხარის საკუთრებაში ფორმალურად გადადის ქონება, რაც მიზნად ისახავს ერთ-ერთი მხარის ქონებრივი ინტერესების დაცვას მესამე პირის საზიანოდ, რათა მხარემ თავიდან აიცილოს მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობა და იგი ატარებს მხოლდ და მხოლოდ ფორმალურ მოჩვენებით ხასიათს იურიდიული შედეგების დადგომის გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებით, სახეზეა სწორედ მოჩვენებითი გარიგება, რადგან ჯ---ლ და ნ---- კ--–---იძეებმა სასამართლოში სარჩელი აღძრეს 2017 წლის 23 მარტს, იგი პირადად ჩაბარდა თ----- კ--–---იძეს 2017 წლის 01 აპრილს, 2017 წლის 12 აპრილს კი მან სადაო ქონება სასწრაფოდ მიყიდა ოჯახის ახლობელს ნ---- შ----ირაძეს (თ----- კ--–---იძის შვილიშვილი ბ--- ხ------ძე არის ნ---- შ----ირაძის შვილის ნ----- ი-–-ილის მეუღლე). ცხადია, ეს ქმედება მიმართული იყო მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად და მიზნად არ ისახავდა რეალური შედეგის დადგომას. მიუხედავად ამისა, სარჩელი მითითებულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სახეზეა აღიარებითი სარჩელი, რომლის დაკმაყოფილებითაც მოსარჩელეები ვერ მიიღებენ სასურველ შედეგს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით განსაზღვრულ აღიარებით მოთხოვნას, ასეთი სარჩელის დამახასიათებელი ნიშანი არის იურიდიული ინტერესი, ანუ სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც სურს მოსარჩელეს. მიუხედავად მითითებული ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათისა, მისი ბათილად ცნობის შემთხვევაში ვერ მიიღწევა ის მიზანი, რაც მოსარჩელეებს სურთ, კერძოდ, ისინი ვერ გახდებიან მითითებული ქონებიდან 1/3 წილის მესაკუთრეები, რადგან მოთხოვნები სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, თ----- კ--–---იძის, როგორც მესაკუთრის უფლება და მის მიერ დადებული გარიგებები ვერ იქნება შედავებული მოსარჩელეების მიერ.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვთ 1120 ლარი, ვინაიდან მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. მოპასუხეს ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული აქვთ ხარჯი 1000 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხა მოპასუხეების სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელე ჯ---ლ და ნ---- კ--–---იძეებს.

8. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონიძიება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ნ---- შ----ირაძის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტო კოდი 03---------9), დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ჯ---ლ კ--–---იძის და ნ---- კ--–---იძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. ჯ---ლ კ--–---იძის და ნ---- კ--–---იძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - ნ---- შ----ირაძის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტო კოდი 03---------9) დადებული ყადაღა გაუქმდეს.

4. ჯ---ლ კ--–---იძეს და ნ---- კ--–---იძეს სოლიდარულად დაეკისროთ თ----- კ--–---იძის და ნ---- შ----ირაძის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების ხარჯის 1000 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე