განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/247-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
26 თებერვალი, 2019 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი – კა--------–---–---–-;
დაცვის მხარე: ბრალდებული – თე-------------ე, დაბ.0---------წელს, პ/ნ 9----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები ად----ი, სოფელი ამ-----.
ადვოკატი - კა-------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით;
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თე-------------ეს ბრალი ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
დადგენილების თანახმად, 2018 წლის 19 აპრილს, ად----ის რაიონის სოფელ ამხერში, თე-------------ემ თავის დას სუ----------ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ძლიერად დაარტყა ხელის კისრის არეში, შემდგომ კვლავ დაარტყა ხელი მხარის არეში, რის შედეგადაც სუ----------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაულის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი.
2. სასამართლომ დაადგინა
2.1. ბრალდებული თე-------------ე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გაანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება თე-------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ბრალდებულ თე-------------ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ იგი ცხოვრობს დედასთან ერთად სოფელ ამხერში. ჰყავს და სუ----------ე, რომელიც ცხოვრობს ამხერში თავის ოჯახთან ერთად. სუ----------ე მას უშლიდა ცოლის მოყვანას, არ აძლევდა ამის საშუალებას, ვინაიდან თვლიდა, რომ თე-------------ე არ იყო ნორმალური. იყო გაუნათლებელი. ეს ყველაფერი იყო მისი შეურაცყოფა, მაგრამ მიუხედავად ამისა სუ------------თვის მას შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მისთვის უცნობია თუ როგორ წაიქცა მისი და, შესაძლებელია მას მაღალი წნევა ჰქონდა და მისი ბრალიც იყო წაქცევა.
დაზარალებულმა სუ----------ემ და მოწმე ჟუ–------------ემ გამოიყენეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
მოწმე თე------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იქ არ ყოფილა და არც არაფერი დაუნახავს. მისი მეუღლის გადმოცემით ის იცის, რომ თე-------------ემ თავის დას დაარტყა, დარტყმის მიზეზი მხოლოდ ის იყო რომ, რაღაცა დაუბრალებია სუ------------თვის ცოლის მოყვანის ფაქტებთან დაკავშირებით. მეუღლე რომ მივიდა სახლში არ იყო კარგ მდგომარეობაში, ტიროდა. მან თე----------ძეს უთხრა, რომ ძმამ დაარტყა, ყელში წაუჭირა, ქვებითაც გამოეკიდა. გარეგნულად არაფერი არ ემჩნეოდა და მერე დაეწყო თავის ტკივილები და წაიყვანა თბილისში ექიმთან, მაგრამ რის გამო სტკიოდა თავი არ იცოდა.
მოწმე სვ----–-----------–--ლის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ად----ის რაიონულ სამმართველოში. 2018 წლის 20 აპრილს ად----ის რაიონის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, ამ რაიონში მცხოვრები სუ------------გან, რომელიც აღნიშნავდა რომ მისმა ძმამ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. რის საფუძველზეც დაიწყეს გამოძიება. გამოძიების მსვლელობის პროცესშივე გამოკითხა მოწმეები: ჟუ–------------ე, თე-------------ძე, სუ----------ე და თე------------ე. მის მერე დანიშნული იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა სუ------------ მიმართ, ასევე დაზარალებულს გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის თაობაზე. ბრალდებულ თე-------------ეს გააცნო ბრალდებულის დადგენილება.
2018 წლის 20 აპრილის N3--------3 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, სუ----------ეს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას 2018 წლის 19 აპრილს თე-------------ის მიერ სუ------------ მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა სუ----------ემ (თე-------------ის და) რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია და. სუ----------ე არის ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია თე-------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ. რაც შეეხება მოწმე - თე----------ძეს ირიბ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის (სუ------------) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირის ირიბი ჩვენება კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ რომ მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ კონტექსტში საგულისხმოა ის გარემობაც, რომ ჩატარებული სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით სუ----------ეს სხეულზე ტრავმული დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
კონკრეტულ შემთხვევაში თე-------------ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ თე-------------ემ მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში დის სუ------------ მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, თემურ საგნაძის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თე-------------ე (პ/№6----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. თე-------------ის (პ/№6----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის გაუქმდეს.
3. განემარტოს გამართლებულს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე