გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.03.2019
საქმის ნომერი
340210118002316216
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
04.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340210118002316216

საქმე #2/145-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

04.03.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - თუ-----–- მ-----------ა

წარმომადგენელი - ირ----------–---–ი

მოპასუხეები - ალ--------------ი, გუ-–-------------------ა

წარმომადგენელი - ნი-------------ე

დავის საგანი - ნივთების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული).

1.1. მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელის კუთვნილი შემდეგი ნივთების დაბრუნება: 1. ოქროს ყელსაბამი, 28 გრამი, სინჯი - 585, ღირებულებით - 2 520 ლარი; 2. ოქროს სამაჯური, 7 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 630 ლარი; 3. ოქროს საყურეები, 6 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 540 ლარი; 4. ოქროს ბეჭედი, 4 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 360 ლარი; 5. ოქროს ბეჭედი (რგოლი), 6 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 480 ლარი; 6. ოქროს ბეჭედი, რომბის ფორმის, საფირის თვლებით, 5 გრამი, ღირებულებით 400 ლარი; 7. ოქროს ბეჭედი, ყვავილის ფორმით, ზურმუხტის თვლით, 5 გრამი, ღირებულებით 400 ლარი; 8. ოქროს ბეჭედი, ფოთლის ფორმით, 6 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 480 ლარი; 9. ოქროს ბეჭედი, საფირის თვლით, 4 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 360 ლარი; 10. ოქროს ბეჭედი, კვადრატის ფორმის, 9 გრამი, სინჯი 583, ღირებულებით 720 ლარი; 11 ოქროს საყურე ოვალური ფორმის, 4.5 გრამი, სინჯი 583, ღირებულებით 360 ლარი.

2. იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მომენტში დასაბრუნებელი ნივთები არ აღმოჩნდება მოპასუხეებთან, ან იქნება გასხვისებული, მოპასუხეებს დაეკისროთ ნივთების საბაზრო ღირებულების გადახდა;

3. მოპასუხეებს ალ--------------ს და გუ-–----- ნ------------ას დაეკისროთ, სახელმწიფო ბაჟის 217.50 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების 50 ლარის, აუდიტორული მომსახურების ხარჯის 180 ლარის და იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი 700 ლარის ანაზღაურება.

(იხ. სარჩელი ს.ფ. 1-13), აუდიტის დასკვნა (ს.ფ. 93-94) სასამართლოს 11.04.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)

მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: თუ-----–- მ-----------ა 2014 წლის 07 აგვისტოდან თუ----–-------თან ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა და მეუღლის მშობლებთან - ალ--------------თან და გუ-–-------------------ასთან ერთად, მოპასუხეების კუთვნილ სახლში ცხოვრობდა. ქორწინების დღეს მეგობრებმა და ნათესავებმა მოსარჩელეს ოქროს სამკაულები აჩუქეს. 2015 წელს მეუღლეები ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრნენ, საიდანაც 2016 წლის ივლისის თვეში დაბრუნდნენ. გამგზავრებამდე მოსარჩელემ კუთვნილი ოქროს ნივთები მეუღლის მშობლებთან (მოპასუხეებთან) დატოვა. როდესაც საქართველოში დაბრუნდა აღმოაჩინა, რომ კუთვნილი ოქროს ნივთებს აკლდა გარკვეული ნაწილი (6 ცალი სამკაული), რომელთა ადგილმდებარეობის შესახებ მისმა დედამთილმა - გუ-–----- ნ------------ამ იცოდა. მოპასუხეებმა უთხრეს, რომ ოქროს ნივთები სს ,,თი---------ის“ ლომბარდში ჩააბარეს და დაჰპირდნენ, რომ თანხის გადახდის შემდეგ ოქროს ნივთებს დაუბრუნებდნენ. მოგვიანებით, მოპასუხეებმა დანარჩენი ოქროს ნივთების გადაცემაც სთხოვეს, რაზეც მოსარჩელემ უარი უთხრა. მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან მიღებული უარისა, მოპასუხეებმა დაუკითხავად კვლავ განხორციელეს დარჩენილი სამკაულების აღება.

მოსარჩელის მეუღლე ჩადენილი დანაშაულისთვის დააპატიმრეს და დღემდე სასჯელს იხდის. თავად მოსარჩელე კი მშობლების სახლში დაბრუნდა. მოსარჩელემ მოპასუხეებს ოქროს ნივთების დაბრუნება სთხოვა, მაგრამ ნივთების დაბრუნებაზე უარი მიიღო. მოსარჩელემ, ნივთების დაბრუნების მოთხოვნით შსს აფენის პოლიციის განყოფილებას მიმართა, მაგრამ მათ განუმარტეს, რომ დავის გადასაწყვეტად სასამართლოსთვის უნდა მიემართა.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1 მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მათი შვილი თუ----–-------ი და მოსარჩელე თუ-----–- მ-----------ა ნამდვილად იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თუ-----–- მ-----------ას გააჩნდა გარკვეული სახის ოქროს სამკაულები, რომლებსაც თავის ოთახში, სპეციალურად განკუთვნილ ყუთში ინახავდა. იმის გამო, რომ მოსარჩელეს და მის მეუღლეს ხშირად უწევდათ საცხოვრებელი სახლის ხანგრძლივი პერიოდით დატოვება, მოსარჩელეს კუთვნილი ნივთები ყოველთვის თან დაჰქონდა.

მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ 2016 წელს სს ,,თი---------ში“ ოქროს სამკაულები ნამდვილად დააგირავეს, თუმცა სამკაულები მათ ქალიშვილის - გუ-–------------ას ეკუთვნოდა. მოპასუხის მხრიდან ნივთების დაგირავებისას მოსარჩელე მეუღლესთან ერთად ქ. თბილისში ცხოვრობდა და ოქროს სამკაულებით თან ჰქონდა წაღებული.

მოსარჩელე მეუღლესთან ერთად 2016 წლიდან 2017 წლის თებერვლამდე თბილისში ცხოვრობდა. თბილისიდან ჩამოსვლის შემდეგ მოსარჩელე საცხოვრებლად პირდაპირ მშობლების სახლში მივიდა და მას შემდეგ მოპასუხეებთან აღარ მისულა. 2017 წლის ნოემბრის თუ დეკემბრის თვეში კი ნათესავებთან ერთად მოპასუხეების სახლიდან კუთვნილი ნივთები წაიღო. ნივთების წაღებისას მოსარჩელეს ოქროს სამკაულები არ უხსენებია. ამ გარემოებას სოფელ კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და ამავე ორგანოს თანამშრომელი დაადასტურებენ.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. მოსარჩელე 2014 წლის 07 აგვისტოდან ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა თუ----–-------თან და ქორწინების დღიდან მეუღლის მშობლების ალ--------------ის და გუ-–----- ნ------------ას კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდნენ.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-13; 48-57);

3.1.2. მოსარჩელე მეუღლესთან ერთად 2015 წელს გაემგზავრა ყაზახეთის რესპუბლიკაში, საიდანაც 2016 წელს დაბრუნდნენ. რამოდენიმე თვეში მეუღლე თურქეთში წავიდა. თურქეთიდან დაბრუნების შემდგომ მოსარჩელეს მეუღლესთან ერთად ქ. თბილისში მოუწია წასვლა, რადგან მეუღლე პოლიციის ორგანოების მიერ იძებნებოდა. მეუღლის დაპატიმრების და თბილისიდან ჩამოსვლის შემდგომ მოსარჩელე საცხოვრებლად მოპასუხეების სახლში აღარ მივიდა და მშობლების სახლში დაბრუნდა. 2017 წლის ნოემბერი-დეკემბრის თვეში მოსარჩელემ მოპასუხეებისგან კუთვნილი ნივთების წაღება განახორციელა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 23.01.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:50:21-17:01:45 სთ).

3.1.3. მხარეთა განმარტებით უდავოდ დადასტურდა, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში ჰქონდა შემდეგი დასახელების ოქროს ნივთები: (1) ოქროს ყელსაბამი, 28 გრამი, სინჯი - 585, ღირებულებით - 2 520 ლარი; (2) ოქროს სამაჯური, 7 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 630 ლარი; (3) ოქროს საყურეები, 6 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 540 ლარი; (4) ოქროს ბეჭედი, 4 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 360 ლარი; (5) ოქროს ბეჭედი (რგოლი), 6 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 480 ლარი; (5) ოქროს საყურე ოვალური ფორმის, 4.5 გრამი, სინჯი 583, ღირებულებით 360 ლარი.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-13; 48-57);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 23.01.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:05:30-16:14:31 სთ).

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გარდა იმ ნივთებისა, რომლების ქონაც მოპასუხე მხარემ დაადასტურა (იხ. 3.1.3. ფაქტობრივი გარემოება), მოსარჩელეს აგრეთვე ჰქონდა შემდეგი დასახელების ოქროს ნივთები: ოქროს ბეჭედი, რომბის ფორმის, საფირის თვლებით, 5 გრამი, ღირებულებით 400 ლარი; 7. ოქროს ბეჭედი, ყვავილის ფორმით, ზურმუხტის თვლით, 5 გრამი, ღირებულებით 400 ლარი; 8. ოქროს ბეჭედი, ფოთლის ფორმით, 6 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 480 ლარი; 9. ოქროს ბეჭედი, საფირის თვლით, 4 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 360 ლარი; 10. ოქროს ბეჭედი, კვადრატის ფორმის, 9 გრამი, სინჯი 583, ღირებულებით 720 ლარი.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სადავო ფაქტების დადგენა შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხდება. მტკიცების ტვირთი, მხარეებს შორის, თანაბრადაა გადანაწილებული და თითოეულ მხარის განსასაზღვრია, თუ რომელი მტკიცებულება გამოიყენოს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მხარემ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხარის მიერ მითითებული გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სასამართლო უპირველესად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნივთების წონის და ღირებულების ნაწილში მოპასუხე მხარეს შედავება არ წარმოუდგენია. მან მხოლოდ უარყო მათი არსებობა. თავის მხრივ მოსარჩელემ წარმოადგინა აუდიტორული დასკვნა, სადაც თითოეული ნივთის ღირებულებაა მითითებული. ამდენად, ნივთების წონა და ღირებულება სადავო გაერმოებას არ წარმოადგენს.

მოპასუხე მხარემ სარჩელში მითითებული ოქროს ნივთების არსებობა სადავო გახადა და განმარტა, რომ მოსარჩელეს ასეთი ნივთები არასდროს ჰქონია. დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი იყო დადგენილიყო სარჩელში მითითებული და სადავოდ გამხდარი ნივთები ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეს აკისრია, ვინაიდან ნივთების არსებობაზე მან მიუთითა და შესაბამისად, მტკიცების ტვირთიც მის მხარესაა. მოსარჩელემ ნივთების არსებობის დასადასტურებლად ფოტოსურათები და ქორწილის ვიდეო ჩანაწერი წარმოადგინა. აგრეთვე, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოწმის სახით ვა------------------–---ის, სა---–------–--------ას და გულაფატ დ-------–---ის დაკითხვა მოითხოვა, რაც სასამართლოს საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწმე ვა------------------–---მა დაადასტურა, რომ მოსარჩელეს ქორწილში ოქროს ნივთები აჩუქეს. მანვე განმარტა, რომ როდესაც თუ-----–- მ-----------ა მშობლების სახლში დაბრუნდა, მას ოქროს სამკაულები თან არ მიუტანია. მოპასუხეების სახლიდან თუ-----–-ს ნივთების წამოღების დღეს კი იტირა, რადგან მოპასუხეებმა ოქროს ნივთები არ დაუბრუნეს.

მოწმე სა---–------–--------ამ განმარტა, რომ თუ-----–- მ-----------ას ქორწილში მისი მეჯვარე იყო. ქორწილში თუ-----–- მ-----------ას მეუღლემ საყურე და ბეჭედი აჩუქა. ასევე საჩუქრად გადასცეს სამაჯური და ჯაჭვი. ორი ბეჭედი ნათლიებმა აჩუქეს, 1 ბეჭედი თანაკლასელებმა, 1 ბეჭედი და საყურეები დედამ მისცა. სხვა სამკაულებიც ჰქონდა. თუ-----–-სგან იცის, რომ ალმაატაში წასვლისას დედამთილმა 5 ბეჭედი და 1 სამაჯური სახლში დაატოვებინა იმ საფუძვლით, რომ აეროპორტში არ წაერთმიათ. როდესაც თბილისიდან ჩამოსული მშობლების სახლში დაბრუნდა, თუ-----–-ს ოქროს ნივთები თან არ მოუტანია. მოწმემ განმარტა, რომ ავეჯის წამოღებისას თუ-----–-ს მშობლების სახლში იყო და იცის, რომ ოქროს ნივთები არც მაშინ მოიტანეს, ხოლო ყუთი, რომელშიც თუ-----–- ოქროს ნივთებს ინახავდა, გატეხილი და ცარიელი იყო.

მოწმე გუ-–----------------–---მა განმარტა, რომ ქორწილში თუ-----–-ს ოქროს სამაჯური და ჯაჭვი, ოქროს საყურეების და ბეჭდის კომპლექტი აჩუქეს. ნათლიებმა ორი ბეჭედი აჩუქეს, ერთი ფოთლის ფორმის მწვანე თვლით და ერთი ყვავილის ფორმის ნაპირზე თეთრი თვლებითა და შუაში ერთი ცისფერი თვლით. თანაკლასელებმაც აჩუქეს ერთი ოქროს ბეჭედი. თავად მოწმემ მრგვალი საყურეები აჩუქა. ჰქონდა კიდევ ერთი ბეჭედი და ნიშნობის ბეჭედიც. მთლიანობაში მოსარჩელეს 11 ოქროს ნივთი ჰქონდა. მოწმემ განმარტა, რომ თუ-----–- და მისი მეუღლე ყაზახეთში წასვლისას გააცილა და იცის, რომ თან მხოლოდ ორი ბეჭედი, 2 საყურე და 1 ჯაჭვი წაიღო, დანარჩენი სამკაულები - 5 ბეჭედი და სამაჯური დედამთილის რჩევით სახლში დატოვა, რომ არ წაერთმიათ. შემდგომ კი გაიგო, რომ დატოვებული ნივთები დედამთილს ბანკში დაულომბარდებია. მანვე განმარტა, რომ თბილისიდან დაბრუნებულ თუ-----–-ს ოქროს ნივთები სახლში არ მოუტანია და როდესაც ჰკითხეს ოქროები სად ჰქონდა, უპასუხა, რომ ნაწილი დალომბარდებული იყო, ნაწილი კი დედამთილის სახლში ინახებოდა.

ამდენად, სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელემ ქორწილში ოქროს ნივთები მიიღო საჩუქრად. მათ მიერ მითითებული ნივთების ოდენობა მოპსუხეების მიერ დადასტურებული ოქროს ნივთების ოდენობას აღემატება. სასამართლო მოსარჩელის განმარტების და მოწმეთა ჩვენების გარდა ყურადღებას მოპასუხე მხარის იმ განმარტებაზეც ამახვილებს, სადაც მათ მიუთითეს, რომ ყელსაბამის, სამაჯურის, ორი საყურის და ორი ბეჭდის (სულ 6 ნივთი) გარდა სხვა ოქროს ნივთი მოსარჩელეს არ ჰქონია, თუმცა სასამართლო სხდომაზე, როდსაც ფოტოსურათების გამოკვლევა მოხდა, მათ დაადასტურა, რომ ფოტოსურათზე, სადაც მოსარჩელე დეიდასთან ერთად არის გადაღებული (ს.ფ. 23), დაფიქსირებული სამკაულები მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს (იხ. სასამართლოს 23.01.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:39:06-16:42:15 სთ). მართალია ფოტოსურათზე სამკაულების ინდივიდუალური ნიშნების დადგენა შეუძლებელია, თუმცა, ცალსახად ჩანს, რომ მოსარჩელეს ბეჭდები ექვს თითზე უკეთია. ეს გარემოება კი გამორიცხავს საკუთრებაში მხოლოდ ორი ბეჭდის ქონასთან დაკავშირებით მოპასუხეების განმარტების გაზიარების შესაძლებლობას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ქორწილის ვიდეოც, სადაც ჩანს, რომ მოსარჩელეს უფრო მეტი ოქროს ნივთი უკეთია, ვიდრე ეს მოპასუხეებმა თავისი განმარტებით დაადასტურეს. შესაბამისად, მოპასუხეების განმარტება, რომ მოსარჩელეს ერთი ყელსაბამის, ერთი სამაჯურის, ორი საყურის და ორ ბეჭედის მეტი არ ჰქონია, საფუძველს არის მოკლებული.

გამომდინარე აქედან, მოსარჩელის განმარტება ოქროს სამკაულების ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლოს უფრო სარწმუნოდ მიაჩნია და შესაბამისად, გარდა გადაწყვეტილების 3.1.3 პუნქტში მითითებული ოქროს ნივთებისა, სარჩელით სადავო სხვა ნივთების არსებობის ფაქტი დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ფოტოსურათები (ს.ფ. 23-26)

- ქორწილის ვიდეო (CD დისკი ს.ფ. 22, 168)

- მოწმეთა ჩვენება (სასამართლოს 2019 წლის 07 თებერვლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი);

- მოპასუხე მხარის განმარტება (იხ. სასამართლოს 23.01.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:39:06-16:42:15 სთ).

3.2.2. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ ოქროს ნივთებს მოპასუხეების საცხოვრებელ სახლში ინახავდა და რომ სახლიდან წამოსვლისას და მშობლების სახლში დაბრუნებისას მას ოქროს ნივთები თან არ წამუღია. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების განმარტებას, რომ ყველა ოქროს ნივთი, რომლებიც 2016 წელს სს ,,თი---------ში“ გირავნობით იქნა დატვირთული, მოპასუხეების შვილს გუ-–------------ას ეკუთვნის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით აფასებს. აგრეთვე, მტკიცებულებები ფასდება იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას, ამასთან, სასამართლო ვალდებულია, ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ოქროს ნივთებს მოპასუხეების სახლში ინახავდა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ დედამთილისთვის (მოპასუხე გუ-–-------------------ა) ცნობილი იყო. აგრეთვე მიუთითა, რომ როგორც მოპასუხეებისგან და მეუღლის ბებიისგან იცის, ნივთების ნაწილი მოპასუხეებმა ბანკში დააგირავეს. მოპასუხე მხარემ კი მიუთითა, რომ ოქროს ნივთები მოსარჩელეს ყოველთვის თან დაჰქონდა. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით ოქროს ნივთების დაგირავების ფაქტი დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ დაგირავებული ნივთები მოსარჩელეს კი არა მათ ქალიშვილს ეკუთვნის. ამ სადავო გარემოების დადასტურების მიზნით მოპასუხე მხარემ მოწმის სახით ელ-------------ის დაკითხვა მოითხოვა. აგრეთვე, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის და მოპასუხის თანხმობის საფუძველზე განხორციელდა სს ,,თი---------იდან“ ნივთების დაგირავების შესახებ ბანკში არსებული მტკიცებულებების გამოთხოვა. მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ 2017 წლის ნოემბერი-დეკემბრის თვეში მოსარჩელემ კუთვნილი ნივთები წაიღო და ამ დროს ოქროს დაბრუნებაზე არაფერი უთქვამს, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ ოქროს ნივთები მოპასუხეებთან არასდროს ყოფილა. ამ გარემოების დასადასტურებლად კი მოპასუხემ ნა-------–-----------ის და გუ--------------ის დაკითხვა მოითხოვა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის განმარტება მოკლებულია დამაჯერებლობას. მხარემ სასამართლოს 04.11.2018 წლის მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ ბანკში ქალიშვილის კუთვნილი ოქროს ნივთები დააგირავეს, შემდგომ მოხდა მათი დახსნა და იმავე ნივთების ხელახლა დაგირავება (იხ. 04.11.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 17:24:48-17:26:45 სთ). მოწმე ელ-------------მა განმარტა, რომ მოპასუხეების ქალიშვილი მისი რძალია. ოქროულობა, რომელიც ბანკშია დაგირავებული, მის რძალს ეკუთვნის და დაახლოებით წელიწადნახევარია რაც ბანკშია. მართალია მოწმემ განმარტა, რომ დაგირავებული ნივთები მის რძალს (მოპასუხეების ქალიშვილს) ეკუთვნოდა, თუმცა მან ვერ განმარტა დაგირავებული ნივთების მახასიათებლები. ამავდროულად, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბანკიდან გამოთხოვილ წერილობით მტკიცებულებებზე, რომელთა მიხედვით გუ-–-------------------ამ ბანკთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 21 იანვარს დააგირავა სხვადასხვა დასახელების ოქროს სამკაულები, მათ შორისაა 5 ოქროს ბეჭედი და ერთი სამაჯური. მხარემ მიუთითა, რომ შემდგომში ამ ნივთების დახსნა და კვლავ დაგირავება მოხდა უკვე ალ--------------ის ვალდებულების ფარგლებში. თუმცა როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, ალ--------------თან გირავნობის ხელშეკრულება 2016 წლის 13 დეკემბერს დაიდო და ოქმში სხვა ნივთებია მითითებული. ამასთან ნივთები, რომლებიც მანამდე გუ-–-------------------ას ვალდებულების უზრუნველსაყოფად იქნა დაგირავებული, მათი გირავნობისგან გათავისუფლება (მოპასუხეებისათვის დაბრუნება) 2017 წლის 19 აპრილს მოხდა. ამიტომ, გუ-–-------------------ას მიერ 21.01.2016 წელს დაგირავებული ნივთების დაბრუნება და შემდგომ ხელახლა 13.12.2016 წელს დაგირავება ვერ მოხდებოდა, რადგან ამ დროისთვის ნივთები კვლავ ბანკის მფლობელობაში იყო და გირავნობით იყო დატვირთული.

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით მხარის ახსნა-განმარტება მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს და მას, ისევე როგორც სხვა მტკიცებულებებს, სასამართლო სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და შინაგანი რწმენით აფასებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია მხარის ახსნა-განმარტების და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების თანხვედრა. ამავდროულად, მხარის მიერ მიცემული განმარტება დამაჯერებელი უნდა იყოს და არ უნდა ქმნიდეს იმის შთაბეჭდილებას, რომ მხარე პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით იძლევა ასეთ განმარტებას. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარის განმარტება დაგირავებული ნივთების დახსნის და შემდგომ დაგირავების თაობაზე წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებთან. ამავდროულად, ნიშანდობლივია რომ მხარები გარკვეული პერიოდი ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ და შესაბამისად, არსებობს იმის პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე კუთვნილ ნივთებს სწორედ მოპასუხეების სახლში ინახავდა. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მეუღლე იყო ძებნაში და ემალებოდა მართლმსაჯულებას, ამ გადასახედიდან ნაკლებ სარწმუნოა, რომ მოსარჩელეს ძვირფასი ნივთები თან წაეღო.

დამატებით სასამართლო მიუთითებს მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმე ნა-------–-----------ის ჩვენებაზე, სადაც მან განმარტა, რომ მოპასუხეების სახლიდან ნივთების წაღებას მოსარჩელე მხარის თხოვნით დაესწრო, რათა მხარეებს შორის რაიმე კონფლიქტი არ მომხდარიყო. მოწმემ განმარტა, რომ უკვე დიდი დროა გასული და დეტალები აღარ ახსოვს, თუმცა ზოგადად იცის, რომ სამკაულების დაბრუნებაზე მანამდე საუბარი იყო და მოსარჩელე მხარეს რაღაც პრეტენზია ჰქონდა.

სასამართლოს აზრით მოწმის ეს განმარტებაც გარკვეულწილად ადასტურებს იმას, რომ სამკაულების დაბრუნებაზე მხარეთა შორის არსებობდა დავა. ამაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მოსარჩელემ დახმარებთვის პოლიციასაც მიმართა. ამდენად, მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელის მხრიდან რაიმე პრეტენზია ოქროს ნივთების დაბრუნებაზე არ გამოთქმულა, გაქარწყლებულად უნდა ჩაითვალოს თავად მოპასუხე მხარის მოთხოვნით დაკითხული მოწმის ჩვენებით. რაც შეეხება მოწმე გუ--------------ის ჩვენებას, მას საქმისათვის არსებითი შინაარსის განმარტება სასამართლოსთვის არ მიუცია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და მათი შინაგანი რწმენით შეფასების შედეგად დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს მოსარჩელის პრეტენზია ოქროს ნივთების მოპასუხეების სახლში შენახვის თაობაზე. აგრეთვე, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს ფაქტი იმის შესახებ, რომ მოპასუხეს ოქროს ნივთები მოპასუხეების სახლიდან არ წამოუღია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-13; 48-57);

- მოწმეთა ჩვენება (სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის და 07 თებერვლის სხდომის ოქმების აუდიო ჩანაწერები);

- 20.02.2018 წლის წერილი (ს.ფ. 20).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ თუ-----–- მ-----------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (შემდგომში - სსკ).

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (შემდგომში - სსსკ).

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის აღიარებული სანივთო–სამართლებრივი საშუალებები სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებია. ვინდიკაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე მფლობელობა. ვინდიკაციის შემთხვევაში მესაკუთრეს შერჩენილი აქვს მხოლოდ ნივთზე საკუთრების უფლება, რომელიც თავისთავად არამატერიალური უფლებაა და ვის ხელშიც არ უნდა იყოს საკუთრების ობიექტი, მესაკუთრეს ეს უფლება არ წაერთმევა. ვინდიცირების წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზითაა მესაკუთრის ხელიდან საკუთრების ობიექტი გამოსული. როდესაც მესაკუთრის ნების გარეშე გამოდის ქონება მისი ხელიდან, ვის ხელშიც არ უნდა აღმოჩნდეს ეს ქონება, მისგან ნივთის გამოთხოვა გარდაუვალია. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს ინდივიდუალურ საკუთრებაში ჰქონდა შემდეგი დასახელების ნივთები: ოქროს ყელსაბამი, 28 გრამი, სინჯი - 585, ღირებულებით - 2520 ლარი; ოქროს სამაჯური, 7 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 630 ლარი; ოქროს საყურეები, 6 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 540 ლარი; ოქროს ბეჭედი, 4 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 360 ლარი; ოქროს ბეჭედი (რგოლი), 6 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 480 ლარი; ოქროს ბეჭედი, რომბის ფორმის, საფირის თვლებით, 5 გრამი, ღირებულებით 400 ლარი; ოქროს ბეჭედი, ყვავილის ფორმით, ზურმუხტის თვლით, 5 გრამი, ღირებულებით 400 ლარი; ოქროს ბეჭედი, ფოთლის ფორმით, 6 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 480 ლარი; ოქროს ბეჭედი, საფირის თვლით, 4 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 360 ლარი; ოქროს ბეჭედი, კვადრატის ფორმის, 9 გრამი, სინჯი 583, ღირებულებით 720 ლარი; ოქროს საყურე ოვალური ფორმის, 4.5 გრამი, სინჯი 583, ღირებულებით 360 ლარი.

აგრეთვე დადგენილია, რომ მოსარჩელე ოქროს ნივთებს მოპასუხეების სახლში ინახავდა და მეუღლესთან დაშორების და მშობლების სახლში დაბრუნებისას მოპასუხეების საცხოვრებელი სახლიდან კუთვნილი ოქროს ნივთები არ წამოუღია. ამდენად, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ ნივთები მოპსუხეების მფლობელობაშია. სასამართლომ განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ვინდიკაციური სარჩელი) მესაკუთრის უფლების დაცვის მიღებული საშუალებაა. ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სწორედ სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. ამდენად, მესაკუთრეს აქვს საკუთარი ნივთის თავისუფალი ფლობისა და სარგებლობის უფლება, მათ შორის უფლება მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც სადავო ნივთებზე მათი მფლობელობის კანონიერება დადასტურდებოდა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სამივე პირობა, რაც ნივთის უკანონო მფლობელობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს და შესაბამისად, მოსარჩელი მოთხოვნა მოპასუხეების მიმართ სრულად დაკმაყოფილებას ექვემდებარება.

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლის თანახმად, ქონების ნატურით მიკუთვნების დროს სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ ქონების ღირებულებაზე, რომელიც უნდა გადახდეს მოპასუხეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება მას არ აღმოაჩნდება.

სასამართლო განმარტავს, რომ ნივთების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების დროს შესაძლებელია მოპასუხეებთან არ აღმოჩნდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ნივთები. ასეთ შემთხვევაში, მოქმედი საპროცესო სამართლის 253-ე მუხლით დადგენილი წესი წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების ერთ-ერთ გარანტიას და იგი ათავისუფლებს მოსარჩელეს კვლავ აღძრას სარჩელი ქონების (ნივთის) ღირებულების ანაზღაურების შესახებ ისეთ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილებით მიკუთვნებული ქონება გადაწყვეტილების აღსრულებისას არ აღმოჩნდება მოპასუხესთან.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ნივთების დაბრუნება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მომენტისთვის ეს ნივთები ან მათი ნაწილი არ აღმოჩნდება მოპასუხეებთან, ან იქნება დაზიანებული, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ შესაბამისი ნივთის ღირებულების გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას.

სარჩელით სადავო ნივთების ღირებულება (დავის საგნის ფასი) 7250 ლარით განისაზღვრა და მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟის თანხა 217.5 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. გარდა ამ ხარჯისა, მოსარჩელეს გადახდილი აქვს აუდიტორული მომსახურებისთვის 180 ლარი და საადვოკატო მომსახურების თანხა 700 ლარის ოდენობით.

მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. ამიტომ მოპასუხეს მხარეს მოპასუხეებს ალ--------------ს და გუ-–-------------------ას მოსარჩელე თუ-----–- მ-----------ას სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 217.5 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, აუდიტორული მომსახურებისთვის გადახდილი 180 ლარის ანაზღაურება. რაც შეეხება იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურებას, მისი ოდენობა სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით 290 ლარით უნდა განისაზღვროს.

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავის გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ-უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 21.02.2018 განჩინებით, მოპასუხეებს აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ლაგოდეხის რ/ნი სოფ. განჯალა, ს.კ №54.10.56.144) გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა..

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე თუ-----–- მ-----------ას სარჩელი მოპასუხეების ალ--------------ის და გუ-–-------------------ას მიმართ დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე ალ--------------ს და გუ-–-------------------ას დაეკისროთ მოსარჩელე თუ-----–- მ-----------ას შემდეგი ნივთების დაბრუნება:

2.1. ოქროს ყელსაბამი, 28 გრამი, სინჯი - 585, ღირებულებით - 2520 ლარი;

2.2. ოქროს სამაჯური, 7 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 630 ლარი;

2.3. ოქროს საყურეები, 6 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 540 ლარი;

2.4. ოქროს ბეჭედი, 4 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 360 ლარი;

2.5. ოქროს ბეჭედი (რგოლი), 6 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 480 ლარი;

2.6. ოქროს ბეჭედი, რომბის ფორმის, საფირის თვლებით, 5 გრამი, ღირებულებით 400 ლარი;

2.7. ოქროს ბეჭედი, ყვავილის ფორმით, ზურმუხტის თვლით, 5 გრამი, ღირებულებით 400 ლარი;

2.8. ოქროს ბეჭედი, ფოთლის ფორმით, 6 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 480 ლარი;

2.9. ოქროს ბეჭედი, საფირის თვლით, 4 გრამი, სინჯი 585, ღირებულებით 360 ლარი;

2.10. ოქროს ბეჭედი, კვადრატის ფორმის, 9 გრამი, სინჯი 583, ღირებულებით 720 ლარი;

2.11 ოქროს საყურე ოვალური ფორმის, 4.5 გრამი, სინჯი 583, ღირებულებით 360 ლარი.

3. იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მომენტში დასაბრუნებელი ნივთ(ებ)ი მოპასუხეებთან არ აღმოჩნდება, მოპასუხეებს გადახდეთ შესაბამისი ნივთის ღირებულება მოსარჩელის სასარგებლოდ.

4. მოპასუხეებს ალ--------------ს და გუ-–-------------------ას მოსარჩელე თუ-----–- მ-----------ას სასარგებლოდ დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 217.5 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის, აუდიტორული მომსახურებისთვის გადახდილი 180 ლარის და იურიდიული მომსახურებისთვის გადახდილი თანხიდან 290 ლარის ანაზღაურება.

5. ძალაში დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 21.02.2018 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოპასუხეებს ალ-------------- და გუ-–-------------------ას აეკრძალათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ლაგოდეხის რაიონი სოფელი განჯალა, საკადასტრო კოდი 54.10.56.144, გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე