გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7029-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე: ჰუ-------------ი (HU-------------, დაბ: 01.04.1---წ.);
წარმომადგენელი: აკ-----–------ე;
მოპასუხე:საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი: მ---------–-----–--ე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 0-------------ის № MIA 0------------ შეტყობინება საერთაშორისო დაცვაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 1-----–--- თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰუ-------------მა (HU-------------, დაბ: 01.04.1---წ.) საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
ჰუ-------------ის 2018 წლის 1-----–--ის განცხადება N----------–----------–-------–---- მიერ 2018 წლის 24 ივლისს გადაეგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის მიერ აღნიშნული განცხადება 2018 წლის 27 ივლისს გადაგზავნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომელმაც თავის მხრივ, ჰუ-------------ის განცხადება შემდგომი რეაგირების მიზნით გადაუგზავნა მიგრაციის დეპარტამენტს.
2018 წლის 29 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს მიგრაციის დეპარტამენტმა ჰუ-------------ს ჩაუტარა ანკეტირება და განმცხადებელი დაარეგისტრირა თავშესაფრის მაძიებელ პირად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ჰუ-------------ის 2018 წლის 1-----–--ის განცხადება (ს.ფ. 65);
-N----------–----------–-------–---- დირექტორის 2018 წლის 24 ივლისის N M---------------- წერილი (ს.ფ. 64);
-საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსის 2018 წლის 27 ივლისის N G---------------- წერილი (ს.ფ. 63);
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის 2018 წლის 27 ივლისის N MIA-------------- წერილი (ს.ფ. 62);
-თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა (ს.ფ. 74-83);
3.1.2. დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 2018 წლის 0--------------ს ჰუ-------------თან ჩაატარა გასაუბრება. გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ეროვნებით თურქი, აღმსარებლობით სუნიტი მუსლიმი, ჰუ-------------ი დაიბადა 1--- წლის 1 აპრილს, თურქეთის რესპუბლიკაში, დ------–-- რეგიონში. წარმოშობის ქვეყანაში იგი დ------–-- რეგიონში, ქ---------------ში ცხოვრობდა. ჰუ-------------ის განმარტებით, მას საშუალო განათლება აქვს, რომელიც 1---------–-–--–-, ქადიქოის სკოლაში მიიღო. 1983-1986 წლებში გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური ქალაქ იზმირსა და სტამბოლში. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, იგი წარმოშობის ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ვაჭრობით იყო დაკავებული.
თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, მას თურქეთის რესპუბლიკაში ჰყავს მეუღლე, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, რომელთაგან მეუღლე და ვაჟი კვლავ ქ---------------ში ცხოვრობენ, ხოლო ქალიშვილები დაოჯახებულები არიან და დ------–-- რეგიონის სხვადასხვა უბნებში ცხოვრობენ.
ჰუ-------------ი თურქეთის რესპუბლიკის დატოვების მიზეზად ასახელებს იმ გარემოებას, რომ ა-–-------------–---ი და მისი გარემოცვა საფრთხეს უქმნიან მის სიცოცხლეს და მისივე თქმით, შესაძლოა მოკლან. თავშესაფრის მაძიებელი მიუთითებს, რომ მას საკუთრებაში ჰქონდა წინაპრებისგან დატოვებული მიწები, რომლის მისაკუთრებითაც დაინტერესებულნი იყვნენ ა-–----------ი და ა-–--------------–ანი. 1996 წელს მათ მიაკითხეს ჰუ-------------ს და აღნიშნულ საკითხზე შეკამათების პროცესში მას ცეცხლი გაუხსნეს, საპასუხო ცეცხლი თავშესაფრის მაძიებელმაც გახსნა, რის შედეგადაც ა-–----------ი გარდაიცვალა, ხოლო ა-–--------------–ანი დაიჭრა. ჰუ-------------ი განზრახ ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და მიუსაჯეს 2--–-–-თ თავისუფლების აღკვეთა. მან ციხეში 4 წელი და 6 თვე გაატარა, რის შემდეგაც, ამნისტიის საფუძველზე, 2----–--–ს, პირობითი მსჯავრის ქვეშ გაათავისუფლეს. ჰუ-------------ი აღნიშნავს, რომ იგი 2001 წლიდან 2012 წლამდე თავის სახლში, ქ---------------ში ცხოვრობდა. მისი განცხადებით, 2012 წელს ა-–--------------–ანმა მიუგზავნა ხალხი, რომლებთანაც მოუვიდა შეკამათება, რის გამოც დააკავეს სხეულის მსუბუქი დაზიანების ბრალდებით და მიუსაჯეს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ორი კვირის შემდეგ გაათავისუფლეს პირობითი მსჯავრის ქვეშ. თავშესაფრის მაძიებელი აღნიშნავს, რომ მან დაარღვია პირობითი მსჯავრის პირობები, რის გამოც 2017 წლის 25 დეკემბერს თ----------------------–--მ მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 3 თვის ვადით. მისი თქმით, საქართველოში 2017 წლის დეკემბერში ყალბი პირადობის მოწმობის მეშვეობით შემოვიდა, ვინმე მ------------------ას სახელით. ამასთან, მიუთითებს, რომ 2018 წლის 7--------- იგი ცდილობდა თურქეთში დაბრუნებას, რა დროსაც სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ, ყალბი პირადობის მოწმობით გადალახვის მცდელობის გამო დააკავა. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ იგი ამის გამო 6 თვე იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც 2018 წლის 6 ივლისს, გათავისუფლების დღესვე, საპატიმროს ეზოში დააკავა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა პოლიციამ, საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდების მიზნით. აღნიშნულის შემდგომ, ჰუ-------------ი კვლავ მოათავსეს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ა-–--------------–ანის და მისი გარემოცვის მხრიდან, ხოლო სხვა პრობლემები წარმოშობის ქვეყანაში არ აქვს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა (ს.ფ. 74-83);
-თავშესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრების ოქმი (68-73);
3.1.3. დადგენილია, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რეგისტრაციისა და სტატუსის დადგენის განყოფილებამ ჰუ-------------ის საქმეზე შეადგინა დასკვნა. დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც თავად თავშესაფრის მაძიებელმა გადმოსცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გასაუბრების დროს. დასკვნაში განმარტებულია, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰუ-------------ი (დაბ: 01.04.1---წ.) ვერ აკმაყოფილებს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰუ-------------ი (დაბ: 01.04.1---წ.) ვერ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად.
ამდენად, სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰუ-------------ს (დაბ: 01.04.1---წ.) უარი ეთქვას, როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რეგისტრაციისა და სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნა (ს.ფ. 46-52);
3.1.4. მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ,,დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი 2016 წელს გამოქვეყნებულ წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციასა და სახელმძღვანელო პრინციპებში თურქეთის ციხეების შესახებ წერს, რომ ციხის პირობები ძირითადად განსხვავებულია და შესაძლოა, მძიმეც იყოს. მიუხედავად ამისა, მთავრობამ ციხის ძირითადი რეფორმის პროგრამა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც აშენდება ახალი საპატიმროები. პატიმართა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ბადრაგები მათ კარგად ეპყრობიან, თუმცა არის ცალკეული შემთხვევები არასრულწლოვანთა ციხეებში ცუდი მოპყრობის შესახებაც. შიდა მონიტორინგი არაადექვატურია. ზოგადად, თურქეთის ციხის პირობები არ არის სისტემატურად არაადამიანური და სიცოცხლისთვის საშიში იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამება) ზღვარს გაუტოლდეს.
ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის EASO მიერ, 2016 წლის ნოემბერში მომზადდა ანგარიში თურქეთის რესპუბლიკასთან დაკავშირებით, სადაც მათ შორის საუბარია თურქეთის რესპუბლიკის ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში მოცემულია როგორც ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევა, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვითი მექანიზმების მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგები.
EASO-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე წყარო მიუთითებს თურქეთის ციხეებში განხორციელებული არაერთი პოზიტიური ცვლილების შესახებ. მაგალითად, როგორიცაა ციხის პირობებისა და ციხეში ზედამხედველობის გაუმჯობესება. მიღებული იქნა ზომები, რათა მომხდარიყო ციხის გადატვირთულობის თავიდან აცილება, ციხის შესაძლებლობების გათვალისწინებით და ასევე პრობაციის სისტემის შემოღებით. დამონტაჟებულ იქნა ზედამხედველობის კამერები დაკავების ადგილების 97 პროცენტში და საერთო ადგილებში, მათ შორის გასაუბრების ოთახებში. უფრო მეტიც, თურქეთის პარლამენტის ადამიანის უფლებათა საგამოძიებო კომისიასა და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე შექმნილ ორგანოებს შეუძლიათ ეწვიონ და მონიტორინგი განახორციელონ დაკავების ადგილებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (ს.ფ. 53-61);
3.1.5. გასაუბრების მასალებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 0--------------ს მიღებული იქნა N MIA 0------------ შეტყობინება, რომლის თანახმადაც ჰუ-------------ს უარი ეთქვა საქართველოში როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 0-------------ის № MIA 0------------ შეტყობინება (ს.ფ. 41-42).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი დასკვნა
სასამართლო გაეცნო სასარჩელო განცხადებას, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
”ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ - ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს. კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ - ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ორგანიზაციული გაგებით, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის, ჰუ-------------ის უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 0-------------ის № MIA 0------------ შეტყობინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან - ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციასთან, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმსა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონთან.
,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა; გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.
მოცემული კანონის მე-15 მუხლი ადგენს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. ანუ სახეზე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პირობა, როგორიცაა საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
სასამართლო მითითებული მუხლის დეფინიციის განმარტებისათვის ასევე მოიხმობს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის პირველი მუხლს, რომლის თანახმად ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.
დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს.
შიშის სუბიექტური ხასიათის გამო, კონვენციისეული განმარტება მოიცავს თავშესაფრის მაძიებელი პირის სუბიექტურ ელემენტს. შიშის ელემენტს - განწყობა და სუბიექტური მდგომარეობა - ემატება კვალიფიკაცია „საფუძვლიანი“. ეს ნიშნავს, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს არა მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობა, არამედ ისიც, რომ მისი განწყობა გამყარებულია ობიექტური გარემოებებით. ამდენად, ტერმინი ,,საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისგან და საფუძვლიანი შიშის არსებობის განსაზღვრისას აუცილებელია ორივე ელემენტის გათვალისწინება.
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, იმ მნიშვნელობის გამო, რომელსაც განმარტება ანიჭებს სუბიექტურ ელემენტს - შიშს, აუცილებელია, შეფასდეს, რამდენად სარწმუნოა თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე საქმეში არსებული ფაქტები არ არის საკმარისად მკაფიო, აუცილებელი იქნება თავშესაფრის მაძიებლის პირადი და ოჯახური ვითარების, მისი კონკრეტული რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილების, სიტუაციის მისეული განმარტების და მისი პირადი გამოცდილების გათვალისწინება - ანუ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ აღნიშული პირის განცხადების ძირითადი მოტივი შიშია. შიში უნდა იყოს გონივრული. თუმცა გადაჭარბებული შიშიც შეიძლება იყოს საფუძვლიანი იმ შემთხვევაში, თუ საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია ამგვარი განწყობის დასაბუთება და გამართლება.
მანამ, სანამ სასამართლო დაადგენს შიშის ობიექტურს საფუძველს, სასამართლო განმარტავს, რომ ლტოლვილის ცნებიდან გამომდინარე, ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირს არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი წარმოშობის ქვეყანა. იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. შესაბამისად ზემოთხსენებულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებასთან - საფუძვლიან შიშთან ერთად სახეზე უნდა იყოს დევნა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ა-–--------------–ანის და მისი გარემოცვის მხრიდან, ვინაიდან 1996 წელს მან იგი დაჭრა, ხოლო მასთან ერთად მყოფი მეორე პირი - ა-–----------ი მოკლა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მკვლელობის გამო მას მიესაჯა 2--–-–-თ თავისუფლების აღკვეთა, თუმცა მხოლოდ 4 წელი და 6 თვე მოიხადა და 2----–--–ს გათავისუფლდა ამნისტიის საფუძველზე.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ჰუ-------------ის განმარტებით, იგი 2001 წლიდან 2012 წლამდე თურქეთში, დ------–-- რეგიონში, ქ---------------ში ცხოვრობდა და მთელი ამ დროის მანძილზე ა-–--------------–ანის მუქარის შიშით სახლიდან ვერ გამოდიოდა. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის განცხადებით, ბ---–--მა მას მხოლოდ 2012 წელს მიუგზავნა ხალხი, რომლებთანაც მოუვიდა შეკამათება, რის გამოც იგი დააკავეს სხეულის მსუბუქი დაზიანების ბრალდებით და მიუსაჯეს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ორი კვირის შემდეგ გაათავისუფლეს პირობითი მსჯავრის ქვეშ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სანდოდ ვერ მიიჩნევს მოსარჩელის განაცხადს იმის შესახებ, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ა-–--------------–ანის და მისი ხალხის მხრიდან. სასამართლო განმარტავს, რომ ჰუ-------------ი 2001 წლიდან 2012 წლამდე, თითქმის 12 წლის მანძილზე საკუთარ უბანში, საკუთარ სახლში ისე ცხოვრობდა, რომ მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ დამუქრებია. ის გარემოება, რომ მოსარჩელე სახლიდან გაუსვლელობით იცავდა თავს, სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული დამაჯერებელ არგუმენტად, ვინაიდან ჰუ-------------ი თავად აღნიშნავს, რომ ა-–--------------–ანმა მას 2012 წელს მიუგზავნა ხალხი, შესაბამისად, წლების მანძილზე მუქარისა და მოსარჩელის მოკვლის სურვილის შემთხვევაში, მას გაცილებით ადრეც შეეძლო იგივე გაეკეთებინა და საფრთხე შეექმნა ჰუ-------------ის სიცოცხლისათვის, იმ პირობებში, როცა მოსარჩელე მთელი ამ დროის მანძილზე ერთსა და იმავე ადგილას ცხოვრობდა, რაც მას გაცილებით იოლ სამიზნედ ხდიდა, თუმცა არცერთ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელის განმარტებით, მან დაარღვია პირობითი მსჯავრის პირობები, რის გამოც თ----------------------–--მ 2017 წლის 2----------------------ა 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. გასათვალისწინებელია, რომ ჰუ-------------ი საქართველოში სწორედ 2017 წლის დეკემბერში შემოვიდა, თანაც ყალბი პირადობის მოწმობით. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოსარჩელის განმარტების საწინააღმდეგოდ, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, 2018 წლის 7--------- იგი კვლავ ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და თურქეთში დაბრუნებას, რა დროსაც იგი დაკავებული იქნა.
სასამართლო, აღნიშნულთან დაკავშირებით, ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელე მხარის განმარტებაზე, სადაც ჰუ-------------მა აღნიშნა, რომ იგი თურქეთის სხვა რეგიონში წასვლას და იქ ცხოვრებას გეგმავდა, რაც მის მიერ დასახელებული საფრთხის საპირწონე არგუმენტად ვერ ჩაითვლება. ალოგიკურია, რატომ ცდილობდა მოსარჩელე თურქეთში გადასვლას, მაშინ როცა მისივე მტკიცებით, წარმოშობის ქვეყანაში ის იდევნებოდა კონკრეტული პირის - ა-–--------------–ანის და მისი გარემოცვის მიერ. ამასთან, ის ფაქტი, რომ ჰუ-------------ი საქართველოში მხოლოდ მას შემდეგ შემოვიდა, რაც თ----------------------–--მ მას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ცხადყოფს, რომ მოსარჩელე საქართველოში სწორედ სასჯელის მოხდისგან თავის არიდების მიზნით ჩამოვიდა, რასაც კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ მან საქართველოს საზღვარი ყალბი პირადობის მოწმობით გადმოკვეთა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის განმარტებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, ყველა შესაძლო ხერხით, მოიპოვოს თავშესაფარი საქართველოში.
სასამართლო განმარტავს, რომ 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე დევნას წარმოადგენს სიცოცხლის ან თავისუფლებისათვის საფრთხე რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის გამო. ის თუ რამდენად გაუტოლდება სხვა ზიანის მომტანი ქმედება ან საფრთხე დევნას, დამოკიდებულია გარემოებებზე, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებს ახლავს, მათ შორის, ზემოთ აღნიშნულ სუბიექტურ ელემენტზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სუბიექტური შიშის ობიექტური საფუძველი - წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ჰუ-------------ის მიმართ ძალადობის განხორციელების ვარაუდის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული ლტოლვილის ცნების განმსაზღვრელ ძირითად მოთხოვნას, კერძოდ, სახეზე არ არის ადამიანის უფლებების სისტემატურ შელახვაში გამოხატული დევნა ან დევნის განხორციელების რეალური შიში. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არგუმენტები, რის საფუძველზეც იგი შეიძლება ჩათვლილიყო დევნის მსხვერპლად. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელისათვის ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.3. რაც შეეხება, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხს, სასამართლო მიუთითებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.
ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჰუ-------------ს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა დაემუქროს პატიმრობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა კვლევა განახორციელა ასევე ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებით.
სასამართლო მიუთითებს, მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთის ციხის პირობები არ არის სისტემატურად არაადამიანური და სიცოცხლისთვის საშიში იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამება) ზღვარს გაუტოლდეს. ამასთან, ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის - ,,EASO“-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე წყარო მიუთითებს თურქეთის ციხეებში განხორციელებული არაერთი პოზიტიური ცვლილების შესახებ. მაგალითად, როგორიცაა ციხის პირობებისა და ციხეში ზედამხედველობის გაუმჯობესება. მიღებული იქნა ზომები, რათა მომხდარიყო ციხის გადატვირთულობის თავიდან აცილება, ციხის შესაძლებლობების გათვალისწინებით და ასევე პრობაციის სისტემის შემოღებით. დამონტაჟებულ იქნა ზედამხედველობის კამერები დაკავების ადგილების 97 პროცენტში და საერთო ადგილებში, მათ შორის გასაუბრების ოთახებში. უფრო მეტიც, თურქეთის პარლამენტის ადამიანის უფლებათა საგამოძიებო კომისიასა და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე შექმნილ ორგანოებს შეუძლიათ ეწვიონ და მონიტორინგი განახორციელონ დაკავების ადგილებში.
ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მოსარჩელე არ დადგება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რეალური რისკის წინაშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ჰუ-------------ისთვის საქართველოში როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლები.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევის, სხდომათა საჯაროობის პრინციპის დარღვევა, კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ სხდომის ჩატარების პროცედურების, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 0-------------ის № MIA 0------------ შეტყობინება კანონშესაბამისია, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება ”ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციისა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ამასთან, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტის მომზადება-გამოცემის წესის არსებითი დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქათველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ლტოლვილები – საჩივრებზე მათი ლტოლვილად არცნობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. ვინაიდან ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან (მოპასუხეს, იმავე კოდექსის 53-ე მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, ვერანაირი ხარჯის გადახდა ვერ დაეკისრება), სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები გაღებულია სახელმწიფოს მიერ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 32-ე, 33-ე, 2125-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-9, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 15 დღის განმავლობაში სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე მერი გულუაშვილი