გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/35080-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 თებერვალი, 2018 წ. ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - გ--- ღ-------–--ე
მოპასუხე - სს ,,რ--------------------------------------------------–-----–----------------------“
წარმომადგენელი - რ------------------–ი, გ------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. სს ,,რ--------------------------------------------------–-----–----------------------ს“ გ--- ღ-------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მიზნით 2521.64 ლარის გადახდა.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, 2018 წლის 04 სექტემბერს, დაახლოებით 17:27 საათზე, ქუთაისში, სოხუმის ქუჩაზე, ასათიანის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას შეემთხვა ავტოსატრანსპორტო შემთხვევა, რა დროსაც მოსარჩელე იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში, რასაც ადასტურებს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, სადაც მოხდა მისი სისხლის ნიმუშის აღება, რა დროსაც არ აღმოჩნდა ეთილის სპირტის კვალი. ზემოაღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2018 წლის 17 ოქტომბრის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. მოცემული შემთხვევის შედეგად, 2018 წლის 08 სექტემბერს, 112-ის ბრიგადამ მოსარჩელე გადაიყვანა კლინიკაში, სადაც მას გაუკეთდა ოპერაცია მარცხენა მხრის ძვლის პროქსიმალური მოტეხილობის ოსტეოსინთეზი ფირფიტით და ჭანჭიკების გამოყენებით, ასევე სტაციონარში ყოფნისას ჩაუტარდა ანტიბიოტიკი, ანალგეზიური თერაპია, ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო თერაპია, ანტიკოაგულაციური თერაპია და გასტროპროტექცია, შეხვევები ყოველდღიურად.
მოსარჩელემ მოპასუხესთან გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმართა მოპასუხეს ავტოსაგზაო შემთხვევისგან მიყენებული მკურნალობის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. მოსარჩელეს მოპასუხის მიერ ეცნობა, რომ ეს წარმოადგენს თვითდაშავებას, რადგან მოსარჩელეს შეეძლო ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მოცემულს ადასტურებს 2018 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება, სადაც ზუსტად არის აღწერილი ის, თუ რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სს ,,რ--------------------------------------------------–-----–----------------------მ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხე მხარის მითითებით, მოსარჩელეს ხელშეკრულების გამონაკლისი პირობების გათვალისწინებით სრულიად დასაბუთებულად ეთქვა ანაზღაურებაზე უარი და შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გ--- ღ-------–--ეს და სს ,,რ----------------------------------------------- გ-–-----–---------------------ს“ შორის არსებობს ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მზღვეველმა კომპანიამ აიღო ვალდებულება, სადაზღვევო პერიოდში, საჭირო სამედიცინო ხარჯის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც განისაზღვრა დაფარვის თითოეულ წილსა და თითოეულ პროდუქტში.
სადაზღვევო მომსახურებაში შევიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მომსახურება, ჰოსპიტალური მომსახურება (საზღვარგარეთ ჩასატარებელი/ჩატარებული მომსახურების ჩათვლით), გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება, გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება, მშობიარობა, ამბულატორიული მომსახურება, გეგმიური და გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება, ორთოპედია, დაავადებათა პროფილაქტიკა და ა.შ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევის ხელშეკრულება - ს.ფ.16-34;
- 2018 წლის 16 იანვრის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ - ს.ფ. 88-95
3.1.2. ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევის ხელშეკრულების მე-5 მუხლით განისაზღვრა სადაზღვევო დაფარვის გამონაკლისები, კერძოდ:
· ალკოჰოლიზმის, ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის ხარჯის ანაზღაურება, ასევე პირდაპირ ან არაპირდაპირ ასეთი ნივთიერებების, წამლების ან სხვა ნივთიერებების ბოროტად გამოყენების ან მოხმარების შედეგად გამოწვეულ, სხეულის ნებისმიერ დაზიანებასთან ან დაავადებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება;
· ნებისმიერი სახის თვითდაზიანება, ან არასაჭიროებისამებრ, თავის საფრთხეში ჩაგდება, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული მოქმედების მიზანია სხვისი სიცოცხლის გადარჩენა, თვითმკვლელობა, თვითმკვლელობის მცდელობა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას მიღებული დაზიანებების მკურნალობის ხარჯი, ასევე დაზღვეული პირის განზრახ ქმედება, თაღლითობა ან ასეთი ქმედების შედეგები და ა.შ.
· კონტრაცეფცია (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც იგი დანიშნულია კომბინირებულად სხვა მედიკანეტებთან ერთად, კონკრეტული დაავადებების სამკურნალოდ) სტერილიზაცია (ან მისი გაუქმება) ფერტილიზაცია, ვაზექტომია, ვენერიული დაავადებები, სქესის შეცვლა ან სექსუალურ დარღვევებთან, ხელოვნურ განაყოფიერებასთან, რეპროდუქციულ ფუნქციასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯი;
· ნებისმიერი სახის სამედიცინო ცნობის მიღებასთან დაკავშირებული გამოკვლევების (ბიულეტენის გარდა) ხარჯი;
· კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შეუსაბამო ან/და სათანადო ლიცენზიის/ნებართვის არმქონე სამედიცინო დაწესებულებებში და სამედიცინო საქმიანობის უფლების არმქონე კერძო პირებთან კონსულტაციისა და მკურნალობის ხარჯი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
· სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული პანდემიით, ეპიდემიით, გარემოს დაბინძურებით გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯი.
· იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული დიაგნოზი დასმულია შესაბამისი კვლევების და ექიმის კონსულტქაციის საფუძველზე, განმეორებით, იგივე დიაგნოზის დასადასტურებლად, ან გადასამოწმებლად ჩატარებული ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების, კონსულტაციების ხარჯი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
· დაზღვეული პირის ნებისმიერი სახით პროფესიულ სპორტში მონაწილეობის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების ხარჯი;
· ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა (სამედიცინო ჩვენებით განპირობებულის გარდა), სამედიცინო ჩვენების გარეშე ჩატარებული საკეისრო კვეთის და მასთან დაკავშირებული ხარჯი;
· არარეგისტრირებული მედიკამენტები. ნებისმიერი არასამკურნალო (ბიოლოგიურად აქტიური დანამატებისა, ჰომეოპათიური საშუალებებისა, იმუნომოდულატორებისა და იმუნოსტიმულატორების გარდა), ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების ღირებულება/ხარჯი არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
· კოსმეტიკური (პლასტიკური) ქირურგია, ცხიმის ან სხეულის სხვა ზედმეტი ქსოვილის მოცილება და ასეთი სამედიცინო მკურნალობის ნებისმიერი შედეგი, წონის კორექცია, მიუხედავად იმისა, აღნიშნული დარღვევები ფსიქოლოგიური მიზეზებითაა განპირობებული თუ არა;
· თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, რომელიც საჭიროებს დიალიზს; ტრანსპლანტაციისთვის საჭირო ორგანოს მოძიების, დონორიდან ამოღების, ტრანსპოტირების და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯი;
· მკურნალობის ხარჯი, რომლის საჭიროებაც პირდაპირ, ან არაპირდაპირ გამოწვეული იქნა ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის ან HIV-თან დაკავშირებული დაავადებების შედეგად და მასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურება, ასევე B და C ჰეპატიტის გამოკვლევისა და მკურნალობის ხარჯი;
· სასმენი მოწყობილობების, სათვალის ჩარჩოს, კონტაქტური მინების და ლინზების, ეგზოპროტეზის ხარჯი, სამედიცინო მოწყობილობის, დამხმარე საშუალებების, მაკორეგირებელი საშუალებების ხარჯი, გარდა უბედური შემთხვევის ან პოლისით ანაზღაურებადი დაავადებებისას, ექიმის მიერ დადასტურებული საჭიროებებისას;
· მხედველობის კორექცია ექსიმერ ლაზერით;
· რეაბილიტაცია, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ის წარმოადგენს სტაციონალურ განყოფილებაში ჩატარებულ სამედიცინო მკურნალობის შემადგენელ ნაწილს და ხორციელდება აღიარებულ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში სპეციალისტის კონტროლისა ან მეთვალყურეობის ქვეშ, ბარათით გათვალისწინებულის გარდა;
· ბავშვის ჰიპერაქტივობასთან, ყურადღების დეფიციტთან, მეტყველების თერაპიასთან, ქცევით პრობლემებთან დაკავშირებული სამედიცინო მკურნალობის ხარჯი;
· იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების დაფინანსება გათვალისწინებულია რაიმე სახის სახელმწიფო/რეფერალური პროგრამებით;
· სამოქალაქო ომში, ნებისმიერი სახის საომარი მოქმედებების დროს, ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებში, შეიარაღებულ დაპირისპირებაში, ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის შედეგად მიღებულ დაზიანებათა მკურნალობის ხარჯი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევის ხელშეკრულება - ს.ფ.16-34;
3.1.3. 2018 წლის 04 სექტემბრის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, გ--- ღ-------–--ემ მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, რის შემდეგაც ევ---------------------------–---------------–ში ჩაიტარა შემდეგი სახის მკურნალობა, კერძოდ, მარცხენა მუხლის სახსრის, მარცხენა მხრის ძვლის, გულმკერდის რენტგენოგრაფია, მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევა, ლაბორატორიული კვლევები, ტრავმატოლოგიის კონსულტაცია, ოპერაციული ჩარევის სახით მარცხენა მხრის ძვლის პროქსიმალური მოტეხილობის ოსტეოსინთეზი ფირფიტით და ჭანჭიკების გამოყენებით, სტაციონარში ყოფნისას ჩაუტარდა ანტიბიოტიკო, ანალგეზიური თერაპია, ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო თერაპია, ანტიკოაგულაციური თერაპია, გასტროპროტექცია შეხვევები ყოველდღიურად.
მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელე გ--- ღ-------–--ის მიერ ჩატარებული მკურნალობის და მედიკამენტების ხარჯებმა შეადგინა 2521.64 ლარი, რაც გ--- ღ-------–--ის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,სა-----–----------------–--------ში“ ჩატარებული სამკურნალო პროცედურების და მკურნალობაზე გაწეული ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია - ს.ფ. 38-42
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;
3.1.4. 17.10.2018 წლის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების თანახმად, შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, რომელიც აღიძრა სადავო, 2018 წლის 04 სექტემბრის ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ დადგენილებაში მითითებულია, რომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, გ--- ღ-------–--ის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 17.10.2018 წლის დადგენილება - ს.ფ. 43-44;
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;
3.1.5. საგზაო შემთხვევის დადგომის შემდგომ, გ--- ღ-------–--ემ წერილით მიმართა სს ,,რ--------------------------------------------------–-----–----------------------ს“ ხელშეკრულების საფუძველზე, მის მიერ სამედიცინო მომსახურებაში გადახდილი თანხის 2 521.64 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განაცხადი - ს.ფ. 35-37
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები ;
3.1.6. სს ,,რ--------------------------------------------------–-----–----------------------მ“ გ--- ღ-------–--ეს წერილობით უარი უთხრა, გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე. როგორც სადაზღვევო კომპანიის პასუხშია მითითებული, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმოებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით - გამოიკვეთა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტი (შესაბამისი კანონის მუხლი 1 - ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ზემოაღნიშნული განცხადებით ასევე დგინდება, რომ ავტომობილი, რომელსაც მართავდა გ--- ღ-------–--ე, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31.3 მუხლის მოთხოვნები. სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, 17.10.2018 წლის დადგენილებაშიც ასევე იკვეთება, რომ გ--- ღ-------–--ემ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და მას შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,რ--------------------------------------------------–-----–----------------------ს“ წერილი - ს.ფ. 45-46;
- საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წერილი (ს.ფ. 84);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი დასაბუთებული და საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 799-ე, 820-821-ე, 829-ე და 8431 მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს გ--- ღ-------–--ეს და სს ,,სა-------------------------–-----–---------------------ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევის შესახებ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
დაზღვევის ხელშეკრულების დადებამდე მხარეები უნდა შეთანხმდნენ დაზღვევის ინტერესსა და საგნის შესახებ, ზუსტად უნდა განისაზღვროს სადაზღვევო რისკი, სადაზღვევო თანხა, სადაზღვევო საზღაურის გამოანგარიშების წესი, სადაზღვევო შენატანის (პრემიის) გადახდის წესი და პირობები. აღნიშნულ პირობებზე შეთანხმების გარეშე დაზღვევის ხელშეკრულება არ დაიდება. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ხელშეკრულების პირობები’’ იყოფა: 1) პირობებად, რომლებიც წინასწარ არის ჩამოყალიბებული, გამიზნულია მრავალჯერადი გამოყენებისათვის და რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. აღნიშნულ პირობებს ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ეწოდება და 2) პირობებად, რომლებიც მხარეთა მიერ დეტალურად არის განსაზღვრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799.1 მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც მზღვეველს ასევე დამზღვევს წარმოეშვათ გარკვეული უფლება-მოვალეობები, კერძოდ კი ორივე მხარე ვალდებულნი არიან ჯეროვნად შეასრულონ ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები. დასახელებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ აირჩია პოლისი შესაბამისი სადაზღვევო რისკებით, ამასთან, ხელშეკრულება კონკრეტულად ითვალისწინებდა იმ გამონაკლისებს, როდესაც მზღვეველი უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა თანხის ანაზღაურებაზე. აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევა უნდა მიეკუთვნოს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამონაკლისებს.
მოცემულ შემთხვევაში, ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევის ხელშეკრულება ითვალისწინებს იმ გამონაკლისებს, როდესაც, შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, კერძოდ: ნებისმიერი სახის თვითდაზიანება, ან არასაჭიროებისამებრ, თავის საფრთხეში ჩაგდება, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც აღნიშნული მოქმედების მიზანია სხვისი სიცოცხლის გადარჩენა, თვითმკვლელობა, თვითმკვლელობის მცდელობა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას მიღებული დაზიანებების მკურნალობის ხარჯი, ასევე დაზღვეული პირის განზრახ ქმედება, თაღლითობა ან ასეთი ქმედების შედეგები და ა.შ.
მოცემულის გათვალისწინებით, უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული და შეთანხმებული პირობების შესაბამისად დეტალურად არის გაწერილი ის პირობები, როდესაც შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას. აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევა უნდა მიეკუთვნოს დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამონაკლისებს, რომელიც არის მიზეზი რის გამოც გ--- ღ-------–--ეს უარი ეთქვა თანხის ანაზღაურებაზე.
სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ყურადღებას მიაქცევს რამოდენიმე გარემოებას, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ:
- დადგენილია, რომ მოსარჩელემ წერილობით მიმართა მზღვეველს, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
- დადგენილია, რომ მზღვეველმა უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე, იმ მოტივით, რომ დამზღვევმა უხეში გაუფრთხილებლობით გამოიწვია თვითდაზიანება/თვითდაშავაბა.
- დადგენილია, რომ სამედიცინო მომსახურების ხარჯის საერთო ჯამი შეადგენს 2521.64 ლარს, რომელიც გ--- ღ-------–--ის მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული.
ასევე, მოპასუხე მხარე თავის შესაგებელში აპელირებს, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმოებაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით - გამოიკვეთა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტი (შესაბამისი კანონის მუხლი 1 - ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. განცხადებით ასევე დგინდება, რომ ავტომობილის მძღოლმა, გ--- ღ-------–--ემ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31.3 მუხლის მოთხოვნები. სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, 17.10.2018 წლის დადგენილებაშიც ასევე იკვეთება, რომ გ--- ღ-------–--ემ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და მას შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
ამის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ არსებული სადაზღვევო შემთხვევა არ არის გათვალისწინებული დაზღვევის ხელშეკრულების საგამონაკლისო ნორმებით. ამასთან, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია თვითდაშავებას. ამასთან, არსებული ვითარების გათვალისწინებით, მას მიღებული დაზიანებების თავიდან არიდება არ შეეძლო.
სასამართლო მხარეთა პოზიციების ურთიერთშეჯერების საფუძველზე განმარტავს, რომ არსებული დავის საგანს წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლო საგულისხმოდ მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ავტომობილის დაზღვევის ფარგლებში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილისთვის მიყენებული ზიანი დამზღვევს აუნაზღაურდა, რაც მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა. რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, რომ ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მხრიდან თვითდაშავებას, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში ბრალეულ პირს წარმოადგენდა მოსარჩელე, ლოგიკურ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სატრანსპორტო შემთხვევის დადგომაში, პირის ბრალეულობის დადგენა არ მოიაზრებს, პირის მიერ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების განზრახვის დადგენასაც. თვითდაშავების ცნება დეფინიციურად გამოხატავს პირის მიერ საკუთარი ჯანმრთელობისთვის განზრახ ქმედებით ზიანის მიყენებას, პირდაპირ სურვილს და შესაბამის განზრახ ქმედებას - ავნოს უშუალოდ თავის ჯანმრთელობას. წარმოდგენილ შემთხვევაში, ავტომობილების შეჯახების შედეგად დადგა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. აქ სახეზეა არა თვითდაშავება/თვითდაზიანება, არამედ ავტოსაგზაო შემთხვევის თანმდევი შედეგი, რაც გამოიხატა მძღოლის ჯანმრთელობის დაზიანებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის აპელირება, სადავო სადაზღვევო შემთხვევის საგამონაკლისო ნორმებით გათვალისწინებასთან დაკავშირებით, არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, ვინაიდან არსებული შემთხვევის დროს, ადგილი არ ჰქონია გ--- ღ-------–--ის მიერ თვითდაშავების განხორციელების ფაქტს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე დაზღვევის ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებაზე. დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. აქედან გამომდინარე, დამზღვევის პასუხისმგებლობის ფარგლების მოპასუხისმიერი განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის, როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ არსსაც, რადგანაც ასეთი მიდგომა შესაძლებლობას იძლევა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევის ნებისმიერი მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდეს და მზღვეველმა არ აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8431-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს დაზღვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან ან ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებული მკურნალობის და ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული სხვა სამედიცინო მომსახურების ხარჯები ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-821-ე მუხლების თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით. მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა გ--- ღ-------–--ის სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწლის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
წარმოდგენილ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, მოპასუხე სს ,,რ--------------------------------------------------–-----–----------------------ს“ გ--- ღ-------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ--- ღ-------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე სს ,,რ--------------------------------------------------–-----–----------------------ს“ მოპასუხე გ--- ღ-------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 2521.64 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე სს ,,რ--------------------------------------------------–-----–----------------------ს“ მოპასუხე გ--- ღ-------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 100 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე