გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/33796-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: მაკა ჭედია
სხდომის მდივანი: კახა კომლაძე
მოსარჩელე ნ-----------------
წარმომადგენელი- ნი-----–--–--–---–-
მოპასუხე- შპს „ი---------“
წარმომადგენელი- ნა------------–---–-
დავის საგანი: უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ----------------- (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, მ--------------------- ავტოსადგომი N28 ნიშნული - 5.40, ფართი - 16.79, ს/კ 0--10.----------.0--02.--- მესაკუთრედ.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 11 დეკემბერს შ-------------ს, შპს "ი---------ს" წარმომადგენელს ი-----------–---ს და მოსარჩელე ნ-----------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება მომავალი საკუთრების ნასყიდობის შესახებ.
აღნიშნული ხელშეკრულებით შ-------------მ მიჰყიდა მოსარჩელე ნ-----------------ს შპს „ი---------ს“ მიერ მის მიმართ აღებული ვალდებულება - კერძოდ, შპს „ი---------ს“ მიერ მშენებარე შენობაში მდებარე: ქ. თბილისი, მ--------------, მიწისქვეშა ავტოპარკინგი ა.ს. – 28 ნიშნულზე - 5.40 ფართით 16.79 კვ.მ. ნასყიდობის საგნის ღირებულება არის 2500 აშშ დოლარი, რომლის გადახდაც მოხდა ხელშეკრულების შესაბამისად ნაღდი ანგარიშსწორების გზით დოკუმენტზე ხელმოწერების სანოტარო წესით დამოწმების შემდეგ.
სადავო უძრავ ქონებაზე დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ ხერხდება იმის გამო, რომ შპს „ი---------“ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
მოსარჩელე ნ----------------- ფლობს და სარგებლობს სადავო ფართით. კონკრეტულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ფიზიკურ და იურიდიული პირებს პრეტენზია არ გააჩნიათ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს „ი----------“ შესაგებლით სარჩელი ცნო. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია არც ერთი ფაქტობრივი გარემოება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 11 დეკემბერს შ-------------ს, შპს "ი---------ს" წარმომადგენელს ი-----------–---ს და მოსარჩელე ნ-----------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება მომავალი საკუთრების ნასყიდობის შესახებ.
აღნიშნული ხელშეკრულებით შ-------------მ მიჰყიდა მოსარჩელე ნ-----------------ს შპს „ი---------ს“ მიერ მის მიმართ აღებული ვალდებულება, (მომავალი საკუთრების უფლება) კერძოდ, შპს „ი---------ს“ მიერ მშენებარე შენობაში მდებარე: ქ. თბილისი, მ--------------, მიწისქვეშა ავტოპარკინგი ა.ს. – 28 ნიშნულზე - 5.40 ფართით 16.79 კვ.მ. ნასყიდობის საგნის ღირებულებაა 2500 აშშ დოლარი.
ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით, შპს "ი---------ს" დირექტორმა ი-----------–---მ დაადასტურა, რომ შპს "ი---------სადმი" ზემოაღნიშნულ ავტოპარკინგთან დაკავშირებით არსებული რაიმე გადასახადი მყიდველს ნ-----------------ს არ გააჩნია.ამასთან ერთად, შპს "ი---------სათვის" ცნობილია აღნიშნული უფლების ნასყიდობის შესახებ და თანახმაა ზემოაღნიშნულზე, ამასთან, ი-----------–---მ კომპანიის სახელით იკისრა ვალდებულება, განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულებით გამოწვეული ცვლილებების საჭირო დოკუმენტაციაში ასახვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 11.12.2015 მომავალი საკუთრების უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა. გადახდაც მოხდა ხელშეკრულების შესაბამისად ნაღდი ანგარიშსწორების გზით დოკუმენტზე ხელმოწერების სანოტარო წესით დამოწმების შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 11.12.2015 მომავალი საკუთრების უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, მ--------------------- ავტოსადგომი N28 ნიშნული - 5.40, ფართი - 16.79, ს/კ 0--10.----------.0--02.--- წარმოადგენს მოპასუხე შპს „ი---------ს“ საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16-17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. შპს „ი---------ს“ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სამართლებრივი შეზღუდვის გამო ვერ ხდება მისი მყიდველის სახელზე რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ.18-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 361-ე, 323-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე,180-ე მუხლებით.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის 2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 11 დეკემბერს შ-------------ს, შპს "ი---------ს" წარმომადგენელს ი-----------–---ს და მოსარჩელე ნ-----------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება მომავალი საკუთრების ნასყიდობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით შ-------------მ მიჰყიდა მოსარჩელე ნ-----------------ს შპს „ი---------ს“ მიერ მის მიმართ აღებული ვალდებულება, კერძოდ, შპს „ი---------ს“ მიერ მშენებარე შენობაში მდებარე: ქ. თბილისი, მ--------------, მიწისქვეშა ავტოპარკინგი ა.ს. – 28 ნიშნულზე - 5.40 ფართით 16.79 კვ.მ. დადგენილია, რომ ნ-----------------ს ავტოპარკინგთან დაკავშირებით რაიმე გადასახადი შპს "ი---------სადმი" არ გააჩნია.
სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის არის ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა და ხელშეკრულება წერილობითაა გაფორმებული. ნ-----------------მ შეასრულა თავისი ვალდებულება და გადაიხადა შეთანხმებული საზღაური.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა და მოსარჩელეს არ გადასცა საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა.
6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 193 მუხლის დანაწესით, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო მოპასუხეს შეზღუდული აქვს რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური სიკეთის განკარგვის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოპასუხე მხარის მიმართ ვრცელდება ყადაღა/აკრძალვა მთელ მის ქონებაზე აღნიშნული გამორიცხავს მხარის მიერ ისეთი უფლების გამოყენებას (სარჩელის ცნობა) რომელიც გამოიწვევს ქონების ავტომატურ გადასვლას სხვის საკუთრებაში (განკარგვას). შესაბამისად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ დასახელებული არც ერთი გარემოება.
ამავე კოდექსის 3.2. მუხლით მოპასუხისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით (დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით კი მოპასუხეს შეზღუდული აქვს მატერიალური უფლების - საკუთრების უფლების განკარგვის უფლება. თუმცა მოსარჩელის სარჩელს სასამართლო აკმაყოფილებს არა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით, არამედ - სარჩელის არსებითად განხილვის საფუძველზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მართალია, ნ-----------------ს სარჩელი არსებითად იქნა განხილული, თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 207 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ნ-----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ნ----------------- (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, მ--------------------- ავტოსადგომი N28 ნიშნული - 5.40, ფართი - 16.79, ს/კ 0--10.----------.0--02.--- მესაკუთრედ.
3. ნ-----------------ს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 207 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 20 ნოემბერს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია