გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210018002616203
N 2/797-2018წელი
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 თებერვალი 2019 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე შოთა ნიკურაძე
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე _ მ---------------------
წარმომადგენელი- მ-----------------;
მოპასუხე _ ს-------- შ----------;
წარმომადგენელი- კ--- შ----------;
დავის საგანი _ ქორწინების შეწყვეტა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შეწყდეს მ--------------------- და ს-------- შ----------- შორის 2014 წლის 24 თებერვლის N1---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
სარჩელის გარემოებები: მ-------------------- და ს-------- შ---------- 1994 წლიდან ფაქტობრივ, ხოლო 2014 წლის 24 თებერვლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. ერთად ცხოვრების პერიოდში, 1--- წლის 2--------------- შეეძინათ შვილი ჯ-----------------. ხასიათების შეუთავსებლობის გამო, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, მოსარჩელე ქირით ცხოვრობს. მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელია, ვინაიდან ვერ ეწყობიან ერთმანეთს, ხოლო მოპასუხე ნებაყოფლობით არ თანხმდება განქორწინებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. განმარტა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები არასწორია. 23 წელია ისინი ერთად ცხოვრობენ და ახლა ხასიათების შეუთავსებლობაზე საუბარი არასერიოზულია. მოპასუხე დროებით გატაცებულია სხვა ქალით, რაც ოჯახის დანგრევი მიზეზი არ უნდა იყოს. ის აპირებს გააფორმოს განქორწინება და შემდგომ სხვა ქალბატონთან დაქორწინდეს და წავიდეს საზღვარგარეთ. ოჯახის დანგრევით კი მათი შვილი დაზარალდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას განქორწინება არ სურს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.მ-------------------- და ს-------- შ---------- 1994 წლიდან ფაქტობრივ, ხოლო 2014 წლის 24 თებერვლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს და ქორწინების მოწმობას.
3.1.2. ერთად ცხოვრების პერიოდში, 1--- წლის 2---------------, მათ შეეძინათ ერთი შვილი- ჯ---- ე-–---–---–-.
_ სასამართლო დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებებს.
3.1.3. მ-------------------- და ს-------- შ---------- ერთი წელია რაც ერთად აღარ ცხოვრობენ.
_ სასამართლო დაეყრდნო მხარეების ახსნა-განმარტებებს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ბოლო ერთი წელია მოსარჩელე და მოპასუხე ერთად აღარ ცხოვრობენ, მათ შორის არსებობს უკმაყოფილება, მოპასუხე წასულია სახლიდან, ცხოვრობს ცალკე, სხვა ქალბატონთან ერთად და აპირებს მასზე დაქორწინებას.
_ სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის და ნაწილობრივ მოპასუხის ახსნა-განმარტებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ მ--------------------ს მოთხოვნა განქორწინების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს,5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საქართველოს კონსტიტუციის '' 36-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე და 1127-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,საქართველოს კონსტიტუციის '' 36-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
ამდენად, ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თავისუფალ ნებას ემყარება. ოჯახი იქმნება მათი ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებით და მისი ხანგძლივობაც მხოლოდ მეუღლეთა ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც გადაწყვეტს, რომ აღარ სურს საქორწინო კავშირის შენარჩუნება, ეს საფუძველს აცლის ოჯახს და ქორწინების შეწყვეტის საფუძველია.
საქართველოს სსკ-ის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებელად მიღებული ზომებისა.
მოცემულ შემთხვევაში, მ-------------------- ითხოვს განქორწინებას. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბოლო ერთი წელია მოსარჩელე და მოპასუხე ერთად აღარ ცხოვრობენ, მათ შორის არსებობს უკმაყოფილება, მოპასუხე წასულია სახლიდან, ცხოვრობს ცალკე, სხვა ქალბატონთან და მიუხედავად მცდელობებისა შეენარჩუნებინათ ოჯახი, მათ ოჯახური ცხოვრება ვერ შედგა და ოჯახი ვერ შეინარჩუნეს.
გარდა ამისა, სასამართლომ მხარეებს მისცა შესარიგებელი ვადა 3 თვით, რაც ვერ გახდა მხარეთათვის დამაფიქრებელი და შედეგის მომტანი. მხარეები არ შერიგებულან. მოსარჩელე კატეგორიულად მოითხოვს განქორწინებას, ვინაიდან მოპასუხესთან აღარ სურს ცოლქმრული ურთიერთობის გაგრძელება, მათ არ აქვთ ურთიერთობა როგორც ყოფითი თვალსაზრისით, ასევე ფიზიკურად; არ აქვთ რაიმე საერთო ინტერესები და სურვილები და აკავშირებთ მხოლოდ შვილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება მხარეთა შორის ერთიანობისა და სიმტკიცის შესახებ, რაც სასამართლოს მისცემდა რწმენას მხარეებისათვის მიეცა ვადა მათი შერიგების და კვლავ ერთად ცხოვრების მიზნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ---------------------- და სო----ო შ----------- ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია და მოსარჩელის მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მ--------------------ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფოს ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. მ--------------------ს (პ/ნ 1----------- სარჩელი ს-------- შ----------- (პ/ნ 1----------- მიმართ ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს მ--------------------- (პ/ნ 1----------- და ს-------- შ---------- (პ/ნ 1----------- შორის სსგს ზესტაფონის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 24 თებერვლის N2---------- სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება.
3. მოპასუხე ს-------- შ----------- (პ/ნ 1----------- მ--------------------ს (პ/ნ 1----------- სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: შოთა ნიკურაძე