გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/728-2018 15 თებერვალი 2019 წელი
ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი მარი კირვალიძე
მოსარჩელე წარმომადგენელი მოპასუხე წარმომადგენელები ი----------------ი ი------------–---–ი ს.ს. „სა----------------------------მი“ ე-–---------–--–ი ნი----------–---–ი
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
ი----------------ი ითხოვს დაეკისროს ს.ს „სა----------------------------მს“: 1) ზიანის ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის ნაწილის 840 ლარის (დაბეგვრის შემდეგ) ოდენობით 2017 წლი 01 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 2) იძულებით მოცდენის გამო მიუღებელი ხელფასის გადახდა 2017 წლის 01 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 4300 ლარის ოდენობით; 3) გადაუხდელი ხელფასის 0.07%-ის გადახდა დაყოვნების ყოველი დღისთვის 2017 წლის 16 ნოემბრიდან. მოსარჩელის მითითებით, 2010 წლიდან დასაქმებულია ს.ს. „სა----------------------------მში“ (ყოფილი ს.ს. „სტ---------------------------------–ო“) შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 4660 ლარს. 2016 წლის 19 დეკემბრიდან კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელე დაინიშნა ამავე კომპანიაში ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე უფლებამოსილება შეუჩერდა. სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობიდან, მაგრამ მოპასუხე არ უშვებს მოსარჩელეს სამუშაო ადგილზე და აბრკოლებს მის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, არ ურიცხავს ხელფასს და ცალმხრივად, უკანონოდ შეწყვიტა ხელშეკრულება.
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე ს.ს. „სა----------------------------მი“ (ყოფილი ს.ს. „სტ---------------------------------–ო“) სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ ს------------------------ სამეთვალყურეო საბჭოს 2016 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი N06) მოსარჩელე მისივე წერილობითი თანხმობით დაინიშნა/დარეგისტრირდა ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობაზე, რა პერიოდიდანაც მოსარჩელეს შეუწყდა შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება, ისევე როგორც ამავე გადაწყვეტილებით დანიშნულ გენერალურ და აღმასრულებელ დირექტორებს შეუწყდათ უფლებამოსილებები ყოფილ თანამდებობებზე, რაც შეეხება უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებას, აღნიშნული არის სამეთვალყურეო საბჭოს უცხოელი წევრების მიერ არასწორი ფორმულირება. ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე სამეწარმეო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციამდე, 2017 წლის ივლისის თვეში სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ, მაგრამ ხარვეზის გამო ცვლილება სამეწარმეო რეესტრში ვერ დარეგისტრირდა. მოპასუხის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით ს.ს. ,,სა----------------------------მი“ (ყოფილი სახელწოდება ს.ს. „სტ---------------------------------–ო“) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2007 წლის 04 ოქტომბერს. საიდენტიფიკაციო კოდი: 2--------. 2016 წლის 20 დეკემბერს მომზადებული ამონაწერის მიხედვით ბიზნესის განვითარების დირექტორად რეგისტრირებული იყო ი----------------ი (ს.ფ. 20). 2017 წლის 07 ნოემბერს მომზადებული ამონაწერის მიხედვით ბიზნესის განვითარების დირექტორად ი----------------ის ნაცვლად რეგისტრირებულია მ---------------–ი ს.ს. ,,სა----------------------------მი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 28 ოქტომბრის კრების გადაწყვეტილების საფუძველზე (ს.ფ. 30-33). 3.1.2 ს.ს. ,,სა----------------------------მი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს 2016 წლის 19 დეკემბრის #06 კრების გადაწყვეტილებით კომპანიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ი----------------ი დაინიშნა ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობაზე. ამავე კრების გადაწყვეტილებით დაინიშნა კომპანიის გენერალური დირექტორი და აღმასრულებელი დირექტორი. გადაწყვეტილების მიხედვით, თანამდებობაზე დანიშვნა და აღნიშნული ცვლილებების რეგისტრაცია შეაჩერებდა დანიშნული პირების ადრე დაკავებულ თანამდებობაზე ყოფნას. ი----------------მა წერილობითი თანხმობა განაცხადა ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით (ს.ფ. 103-107). ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობაზე ი----------------ის ყოველთვიური ხელფასი 2017 წლის 1 იანვრიდან შეადგენდა 6875 ლარს (დარიცხული), ხოლო შიდა აუდიტის სამსახურის თანამდებობაზე მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი (დარიცხული) შეადგენდა 5825 ლარს (იხ. ს.ფ. 18; 103-104; 240); 3.1.3 ს.ს. ,,სა----------------------------მი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 07 ივლისის კრების ოქმის მიხედვით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობიდან ი----------------ის გათავისუფლებისა და მ---------------–ის დანიშვნის თაობაზე. მითითებული გადაწყვეტილების რეგისტრაცია სამეწარმეო რეეესტრში ვერ განხორციელდა ხარვეზის გამო (ს.ფ. 59-65). 3.1.4 ს.ს. ,,სა----------------------------მი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 28 ოქტომბრის კრების ოქმის მიხედვით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2017 წლის 01 ნოემბრიდან ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობიდან ი----------------ის გათავისუფლებისა და მ---------------–ის დანიშვნის თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა სარეგისტრაციოდ 2017 წლის 06 ნოემბერს და ცვლილების რეგისტრაცია განხორციელდა 2017 წლის 07 ნოემბერს ( ს.ფ. 30-33; 76-77, 154-155).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1. მხარეთა განმარტებებით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმებით და კომპანიისადმი მიმართული მოსარჩელის წერილობითი განცხადებებით დადგენილია, რომ ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობიდან ი----------------ის გათავისუფლების შესახებ სამეწარმეო რეესტრში ცვლილების რეგისტრაციამდე, ი----------------ისათვის რამდენიმე თვით ადრე იყო ცნობილი სამეთვალყურეო საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, 2017 წლის 14 ნოემბრის განცხადებაში მოსარჩელე თავად ადასტურებს, რომ 2017 წლის 01 ნოემბრამდე რამდენიმე თვით ადრე ჩამოაშორეს სამსახურებრივ პროცესებს, აღარ ეძლეოდა დავალებები, არ ესწრებოდა კრებებს. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელის მითითებით იღებდა ანაზღაურებას (ს.ფ. 23; სხდომის ოქმი: 07.02.2019). 3.2.2. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის შესახებ, რომ ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებით აღდგა ი----------------ის უფლებამოსილება კომპანიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, რადგან, შრომის კოდექსის 36-ე მუხლი შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლად არ ითვალისწინებს დასაქმებული პირის სხვა თანამდებობაზე გადაყვანას და შესაბამისად მოსარჩელის დირექტორად დანიშვნის გამო უფლებამოსილება ვერ შეჩერდებოდა შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, კომპანიის წესდების 13 მუხლის და ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 92 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შეუთავსებელია შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობა დირექტორის თანამდებობასთან. ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნით ი----------------ს შეუწყდა ს.ს. ,,სა----------------------------მი“-ს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება. სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებთა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, 36-ე მუხლები. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7, 71, 72 -ე პუნქტები. ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 92 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანამდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. 6.2 ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. 6.3 ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის რეგისტრაცია წყდება, თუ მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე. ამავე მუხლის 72 პუნქტის მიხედვით, 71 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეები ვალდებული არიან მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრირებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენამდე გააგზავნონ შეტობინება საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით. ამ წესის დაცვის გარეშე რეგისტრაციის შეწყვეტის შემთხვევაში მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტის ყოფილი ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტის გამო კომპენსაციის დაკისრების თაობაზე. შესაბამისად, მოცემული სამართალურთიერთობა სცდება შრომის კოდექსით მოწესრიგებულ ურთიერთობათა ფარგლებს და გამოყენებული უნდა იქნას სამეწარმეო სამართლის მარეგულირებელი ნორმები. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტი ადგენს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის ვალდებულებას მარეგისტრირებელი ორგანოსათვის რეგისტრირებული პირის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენამდე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საწარმოს დირექტორთან იდება სასამსახურო ხელშეკრულება და, შესაბამისად, მეწარმეთა შესახებ საართველოს კანონის ნორმებთან ერთად გამოყენებული უნდა იქნას არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (იხ. ს.უ.ს.გ. #ას-895-845-2015; 29.01.2016) კომერციული იურიდიული პირის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან, შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის კონკრეტული საფუძვლის გამოყენება და მისი გამოყენების მართლზომიერების შესწავლა მსგავსი ტიპის დავებში არარელევანტურია. საკასაციო პალატის განმარტებით, არასამეწარმეო იურიდიულ პირსა და მის წარმომადგენლობითი/ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების დავალების სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის მიუხედავად, ამ ურთიერთობას ასევე გააჩნია დასაქმებული დირექტორის მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის... სასამსახურო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დირექტორი ინფორმირებული უნდა იყოს წერილობით მოვლენის დადგომამდე ერთი თვით ადრე და ვინაიდან დამსაქმებლის ცალმხრივი ნება სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის საკმარისი საფუძველია, კანონმდებელი იცავს უმუშევრად დარჩენილ დირექტორს ერთი თვის კომპენსაციის მიღების შესაძლებლობით, რომელიც წარმოადგენს ზიანის გონივრულ და კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ ოდენობას (სკ-ის 412-ე მუხლი), თუმცა, საწარმოო აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს კიდევაც ხელმძღვანელ პირთან ურთიერთობის შეწყვეტის მყისიერი საფუძველი, ამ შემთხვევაში თავად კანონი განსაზღვრავს, რომ ზიანის მაკომპენსირებელი გონივრული თანხა ორი თვის შრომის ანაზღაურებაა (იხ. ს.უ.ს.გ.ას-1154-1074-2017; 23/02/2018). განსახილველ შემთხვევაში, ს.ს. ,,სა----------------------------მი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 07 ივლისის კრების ოქმის მიხედვით, ი----------------ი 2017 წლის 06 ივლისიდან გათავისუფლდა ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობიდან, სამეთვალყურეო საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სამეწარმეო რეესტრში ცვლილება ვერ განხორციელდა ხარვეზის გამო. გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო და თავად მიუთითებს, რომ 2017 წლის 01 ნოემბრამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ჩამოაშორეს სამსახურებრივ პროცესებს და არ იყო დაშვებული კრებებზე, მაგრამ ანაზღაურებას მაინც იღებდა (ს.ფ. 23; სხდომის ოქმი: 07.02.2019). ს.ს. ,,სა----------------------------მი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი----------------ი გათავისუფლდა ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობიდან 2017 წლის 01 ნოემბრიდან. მითითებული გადაწყვეტილებით გაუქმებულად ჩაითვალა სამეთვალყურეო საბჭოს 2017 წლის 07 ივლისის კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილებები. ამდენად, მოსარჩელისათვის 2017 წლის 01 ნოემბრამდე რამდენიმე თვით ადრე იყო ცნობილი, რომ სამეთვალყურეო საბჭოს მიღებული ქონდა გადაწყვეტილება ი----------------ის ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მოსარჩელე პრაქტიკულად საქმიანობას აღარ ახორციელებდა, მაგრამ იღებდა ანაზღაურებას და საბოლოდ ცვლილება სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2017 წლის 07 ნოემბერს. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტის საფუძველზე მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბიზნესის განვითარების დირექტორის ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მოთხოვნის წარდგენამდე რამდენიმე თვით ადრე. ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა კომპანიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაუშვებლობის და იძულებითი მოცდენის გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო: 6.4 საქართველოს შრომის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებს ადგენს საქართველოს შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილი და მითითებული ნორმა შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლად არ ითვალისწინებს დასაქმებული პირის სხვა თანამდებობაზე გადაყვანას, შესაბამისად, მოსარჩელის დირექტორად დანიშვნის გამო ვერ შეჩერდებოდა შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხე კომპანია წარმოადგენს ს------------- ორგანიზაციას და ,,დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 92 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად (ამოქმედდა სადავო პერიოდში 30.06.2017 ცვლილებით) შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი არ შეიძლება იყოს მზღვეველის მმართველი ორგანოს წევრი, ადმინისტრატორი ან სხვა თანამშრომელი. ასევე, ს.ს „სა----------------------------მი“-ს წესდების მე-13 მუხლის (კონტროლი და ანგარიშგება) ანალიზიდან გამომდინარე, აუდიტორის თანამდებობა შეუთავსებელია კომპანიის დირექტორის თანამდებობასთან. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის შესახებ, რომ ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნით ი----------------ს შეუჩერდა შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება და აღნიშნული უფლებამოსილება აღდგა ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ. ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნით, მოსარჩელეს რეალურად შეუწყდა ამავე კომპანიის აუდიტის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება და სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ თანამდებობაზე იძულებით მოცდენის გამო მიუღებელი ხელფასის გადახდის და გადაუხდელი ხელფასის 0.07%-ის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე ი----------------ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. ი----------------ის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი (ს.ფ. 35), რაც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ი----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ი----------------ს დაუბუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (გადახდის თარიღი:09.01.2018, გადამხდელის ბანკი: ს.ს. ,,თ-----------“, სახაზინო კოდი: 300773150).
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი