გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.01.2019
საქმის ნომერი
330310018002506910
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3899-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელეები: ა--------------ე, ტ------–------–-–---–ი, გ-----------ა, შ----------–--ე, ი-------–--------–---–ი, ე---------------ი, დ-----------–----ა

წარმომადგენლები - კ----------ა,მ---------------–--ე

 

მოპასუხეები:

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ს--------------–---–ი

 

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - თ---------------------ე

 

დავის საგანი: ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ არარად აღიარება, ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. არარად იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის №-- ბრძანების მე-5 პუნქტი, მისი გამოცემის მომენტიდან;

 

1.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს გ-----------ასთვის 3------–----- ოდენობით, შ----------–--ისათვის 2-------–----- ოდენობით, ა--------------ისათვის 3-------–----- ოდენობით, ე---------------ისათვის 2-------–----- ოდენობით და ტ------–------–-–---–ისათვის 1 69---–----ს ოდენობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის №-- ბრძანებით 2006 წლის 1 იანვრამდე შეჩერდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომლითაც ცხოვრების დონისა და შრომის ანაზღაურების ცვლილებებთან დაკავშირებით პენსიების გადასინჯვა ხდებოდა სამხედრო სამსახურში მყოფი მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა ორგანოების, კადრის, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირთათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატებისას - სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურების მომატების გათვალისწინებით. მათივე განმარტებით, მითითებულ პერიოდში პენსიონერისათვის სოციალური დახმარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ზედამხედველობა, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა პენსიების გადაანგარიშება და გადავადების საკითხი, სხვა უწყების კომპეტენციაში შედიოდა.

 

მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ 2005 წლის 23 დეკემბერს ზემოხსენებული ნორმა ამოღებულ იქნა კანონიდან და მხოლოდ 2013 წლის 22 მარტიდან განხორციელდა შესაბამისი ცვლილება სხვადასხვა დაწესებულებებიდან, მათ შორის, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ პირთა კომპენსაციის გაანგარიშებასთან დაკავშირებით.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წერილობით წარმოდგენილ შესაგებლებს და განმარტეს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სპეციალური დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ამ კანონის პირველი მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეთა პენსიები გადაისინჯება სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა ორგანოების კადრის რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირთათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატებისას - სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის მომატების გათვალისწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონარიდი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სპეციალური დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონიდან (ტ.I ს.ფ. 16-17).

 

3.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის №-- ბრძანებით განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები, თანდართული ნუსხების მიხედვით. ამავე ბრძანების მე-4 პუნქტით დადგინდა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დაფინანსება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განხორციელება. ბრძანების მე-5 პუნქტით განისაზღვრა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სპეციალური დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამინისტროს მოსამსახურეთა პენსიების გადასინჯვა ამ ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების შესაბამისად მოხდეს 2006 წლის პირველი იანვრიდან“. მითითებული ბრძანება ამოქმედდა 2005 წლის 1 იანვრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის №-- ბრძანება (ტ.I. ს.ფ. 15).

 

3.3. ა--------------ეს სახელმწიფო კომპენსაცია (პენსია) დაენიშნა 1991 წლის 11 აპრილს, ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით. მისი სახელმწიფო გასაცემელის გადაანგარიშება განხორციელდა რამდენჯერმე, კერძოდ, გადაანგარიშება განხორციელდა: 1992 წლის 6 ოქტომბრიდან, 1992 წლის 1 ნოემბრიდან და 1994 წლის 1 იანვრიდან, ასევე, 1997-1999 წლებში. 1997 წლის 1 მარტიდან კომპენსაციამ შეადგინა 7------–----- 1998 წლის 1 იანვრიდან - 8---–----- ხოლო 1999 წლის 1 იანვრიდან - 8------–----- 2001 წლის 1 სექტემბრიდან კვლავ განხორციელდა მისი კომპენსაციის გადაანგარიშება და კომპენსაციის ოდენობამ შეადგინა 109.8---–----- ამასთან, ა--------------ის სახელმწიფო პენსია 2005 წლის 1 იანვრიდან გადაანგარიშების შედეგად შეადგენდა 9---–---- და 9----------- რასაც ემატებოდა დანამატი 2---–---- (ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე) და 1---–---- (ავადმყოფობის მუხლით დათხოვნის გამო), რაც საბოლოო ჯამში შეადგენდა 1----–---- და 9----------. 2006 წლის 1 იანვრიდან მოქმედი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადრე დანიშნულ პენსიებს დანამატთან ერთად ეწოდა კომპენსაციები და მათი გაცემა გაგრძელდა, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული გასაცემელი. 2007 წლის 1 იანვრიდან დაემატა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის სახით 2---–---- და 2010 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფო გასაცემელის ოდენობამ შეადგინა 1-------–----- 2013 წლის 1 აპრილიდან განხორციელდა კომპენსაციის გადაანგარიშება, რის შედეგად მისმა კომპენსაციამ შეადგინა 4----–----- რომელიც შეიცვალა სახელმწიფო პენსიის ზრდის შესაბამისად და 2015 წლის 1 სექტემბრიდან გახდა 4----–----- ხოლო 2016 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 2 მაისის მდგომარეობით - 4----–-----

 

ამასთან, ა--------------ის კომპენსაციის საქმეში არ მოიძებნა მისი განცხადება გადაანგარიშების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის №------- წერილი (ტ.I. ს.ფ. 98-99);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 2 მაისის №------------- წერილი (ტ.I. ს.ფ. 24);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 10 ოქტომბრის №------------- წერილი (ტ.I. ს.ფ. 132);

- სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №-------- წერილი (ტ. II, ს.ფ. 3-4).

 

3.4. ტ------–------–-–---–ს სახელმწიფო კომპენსაცია (სამხედრო პენსია) დაენიშნა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სპეციალური დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 1997 წლის 1 სექტემბრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით, 1-------–----- ოდენობით. 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ პერიოდამდე დანიშნულ პენსიას ეწოდა სახელმწიფო კომპენსაცია და მისი გაცემა იმავე ოდენობით გაგრძელდა, როგორც ამ კანონის შესაბამისად დანიშნული კომპენსაცია. აღნიშნულ კანონში 2013 წლის 22 მარტს განხორციელებული ცვლილებით შეიცვალა კომპენსაციის გადაანგარიშების წესი და 2013 წლის 1 აპრილამდე დანიშნული კომპენსაციის ოდენობების გადაანგარიშება განხორციელდა ამ წესის შესაბამისად, სამხედრო ან სპეციალური წოდების კოეფიციენტის, ნამსახურობის წლების, სახელმწიფო პენსიის ოდენობის და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის გათვალისწინებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომში სახელმწიფო პენსიის ოდენობის მატების გათვალისწინებით, ტ------–------–-–---–ისთვის დანიშნული სახელმწიფო პენსიის ოდენობამ 2013 წლის 1 აპრილიდან 2013 წლის 1 სექტემბრამდე შეადგინა 1-------–-----------------–-–-----------------------------------------------------–-------–----------------–---------------------------------------------------–-–--------------------------–-–-------------------------------–-----------–-–-----------------------------------------------------–-–--------–---------------–-----------–-–--------–-------------–-–-------------------------------------------------–-----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 15 მაისის №-------- წერილი (ტ.I. ს.ფ. 22);

- სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №-------- წერილი (ტ. II, ს.ფ. 3-4).

 

3.5. გ-----------ას პენსია შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით წელთა ნამსახურობით (26 წელი, 09 თვე და 06 დღე) დაენიშნა 2004 წლის 12 აგვისტოდან, იმ დროს მოქმედი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სპეციალური დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით, 6---–------ და 9----------- ოდენობით. 2005 წლის 1 იანვრიდან მას გადაუანგარიშდა პენსია, როგორც ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლოს მონაწილეს და პენსიამ დანამატთან (2---–----) ერთად შეადგინა 9---–---- და 9----------- 2006 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე გ-----------ას სახელმწიფო კომპენსაციის (პენსია დანამატთან ერთად) ოდენობა იყო 9---–---- და 9----------- 2013 წლის 1 აპრილიდან, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გ-----------ას კომპენსაცია გადაანგარიშდა და გახდა 1----–---- და 6----------- 2014 წლის 1 აპრილიდან მას დაენიშნა სოციალური პაკეტი 2---–----, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეს და 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით, მას ერიცხებოდა სახელმწიფო გასაცემელი - კომპენსაცია 1----–---- და 6---------- და სოციალური პაკეტი 2---–----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 11 მაისის №------------- წერილი (ტ.I. ს.ფ. 18-19);

- სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №-------- წერილი (ტ. II, ს.ფ. 3-4).

 

3.6. შ----------–--ეს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2000 წლის 1 იანვრიდან, ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძველზე. 2004 წლის ივნისიდან 2005 წლის დეკემბრის ჩათვლით მისი სახელმწიფო კომპენსაციის თანხა შეადგენდა 1----–---- და 6----------- 2005 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის მარტის ჩათვლით - 1----–---- და 8----------- 2013 წლის აპრილიდან მაისის ჩათვლით - 4----–----- 2013 წლის ივნისიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით - 5----–---- და 7----------- ამასთან, შ----------–--ე სახელმწიფო კომპენსაციის იღებს შშმპ მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხით შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით, თვეში 5----–----- კომპენსაცია დანიშნულია (უვადოდ) ცვლილებამდე. ასევე, იგი იღებს სოციალურ პაკეტს 2---–----- როგორც ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე. მისი ყოველთვიური გასაცემელი ჯამში შეადგენს 5----–-----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 2 მაისის №-------------- წერილი (ტ.I. ს.ფ. 23);

- სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №-------- წერილი (ტ. II, ს.ფ. 3-4);

 

3.7. ი-------–--------–---–ს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 1976 წლის 16 სექტემბერს, ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძვლით. 2013 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, მისი სახელმწიფო გასაცემელის ოდენობა შეადგენდა 1-------–-----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №-------- წერილი (ტ. II, ს.ფ. 3-4).

 

3.8. ე---------------ს სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 2004 წლის 12 ნოემბრიდან, ნამსახურობის ვადის ამოწურვის საფუძველზე და გასაცემლის ოდენობამ შეადგინა 9---–---- და 1----------- 2005 წლის 1 იანვრიდან გადაანგარიშების შედეგად თანხის ოდენობამ შეადგინა 1----–---- და 1---------------- 2013 წლის 1 აპრილიდან „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შედეგად გადაანგარიშებული გასაცემლის ოდენობამ შეადგინა 3----–----- 2013 წლის 1 სექტემბრიდან - 3----–----- 2015 წლის 1 სექტემბრიდან - 3----–----- 2016 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 02 მაისის მდგომარეობით - 3----–-----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 2 მაისის №------------- წერილი (ტ.I. ს.ფ. 20-21);

- სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №-------- წერილი (ტ. II, ს.ფ. 3-4).

 

3.9. დ-----------–----ას სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნა 1990 წლის 11 მარტს, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის საფუძვლით. 2013 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, მისი სახელმწიფო გასაცემელის ოდენობა შეადგენდა 1-------–-----

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 12 ოქტომბრის №-------- წერილი (ტ. II, ს.ფ. 3-4).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; სადავო პერიოდში მოქმედი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი; სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად: ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე ითვლება არარად, თუ გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ; დ) მისი შესრულება გამოიწვევს სისხლის-სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

 

ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, ხოლო ამავე მუხლის ამავე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეების მოთხოვნას წარმოადგენს ნაწილობრივ არარად იქნეს აღიარებული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის №-- ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები და მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სადავო ნაწილის გამოცემაზე არაუფლებამოსილი პირი, ვინაიდან მის უფლებამოსილებას არ წარმოადგენდა კონკრეტულ პირთა პენსიების გადასინჯვის პერიოდის განსაზღვრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონის მოთხოვნათა დარღვევით ყოველთვის არ წარმოშობს მისი არარა აქტად ცნობის საფუძველს. როგორც კანონიერი, ისე უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განსხვავებით არარა ადმინისტრაციული აქტისაგან, მისი გამოცემის მომენტიდან იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს არ წარმოადგენს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე, მხოლოდ დასადგენია გარემოება - წარმოადგენს თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ამავე სამინისტროს მოსამსახურეთა პენსიების გადასინჯვის პერიოდის განსაზღვრასთან დაკავშირებით ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს/პირს და შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს თუ არა მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არარად.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეების მიერ სასამართლოში სარჩელი ასევე აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე და ისინი მოითხოვენ მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს გ-----------ასთვის 3------–----- ოდენობით, შ----------–--ისათვის 2-------–----- ოდენობით, ა--------------ისათვის 3-------–----- ოდენობით, ე---------------ისათვის 2-------–----- ოდენობით და ტ------–------–-–---–ისათვის 1 69---–----ს ოდენობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მათი მოთხოვნა თითოეულისთვის კონკრეტული თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში შეფასდეს გააჩნდა თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ის უფლებამოსილება, რომლის ფარგლებშიც მან მიიღო გადაწყვეტილება - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის №-- ბრძანების სახით, სადავო ნაწილში.

 

სასამართლო მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში.

 

მითითებული საკანონდებლო აქტის ასევე სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 45-ე მუხლის მიხედვით, ამ კანონის პირველი მუხლის „ა“-„ზ“ ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეთა პენსიები გადაისინჯება შემდეგ შემთხვევებში: ა) ცხოვრების დონისა და შრომის ანაზღაურების ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოსახლეობის დანაზოგისა და ფულადი შემოსავლების ინდექსაციის გათვალისწინებით; ბ) სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების, შინაგან საქმეთა ორგანოების კადრის რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირთათვის ფულადი კმაყოფის (სარგოს) მომატებისას - სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის მომატების გათვალიწინებით.

 

ამდენად, აღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისათვის, კერძოდ, ოფიცრებისათვის, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, პენსიის გადასინჯვა დაკავშირებული იყო სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფის მომატების გათვალისწინებით.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის №-- ბრძანებით განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის თანამდებობრივი სარგოს მომატებული განაკვეთები, რომელთა დაფინანსება უნდა მომხდარიყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში. ამავე ბრძანებით, გადაწყვეტილების მიმღებმა პირმა განსაზღვრა, რომ 2005 წლის 1 იანვრიდან, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სპეციალური დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სამინისტროს მოსამსახურეთა პენსიების გადასინჯვა ამ ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების შესაბამისად მომხდარიყო 2006 წლის პირველი იანვრიდან.

 

სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოსარჩელეების მოსაზრებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ სადავო შინაარსის მქონე გადაწყვეტილების მიღებაზე არაუფლებამოსილებასთან დაკავშირებით და უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 812 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმად, სამინისტროები იქმნება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. მინისტრი კანონის, პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებას.

 

აღნიშნული განმტკიცებულია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, კერძოდ, ხსენებულ პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლის შესაბამისად, სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად და საქართველოს ერთ-ერთ სამინისტროს წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს; ხოლო მე-5 და მე-6 პუნქტების მიხედვით, სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და მთავრობის დადგენილებით. სამინისტრო ასრულებს მოქმედებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-20 მუხლზე და განმარტავს, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე. მინისტრი: ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის; კ) ასრულებს მისთვის კანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

 

ხსენებული საკანონმდებლო აქტის მითითებული რედაქციის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 812 მუხლის შესაბამისად, მინისტრი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს. მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება, რომლითაც განისაზღვრა სამინისტროს საქმიანობის საფუძვლები, სფერო და ამოცანები, ასევე, მისი ხელმძღვანელი პირის - მინისტრის უფლებამოსილება და კომპეტენცია. კერძოდ, ბრძანების მე-3 თავის მე-11 პუნქტის შესაბამისად, მინისტრი: ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება; ვ) იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისათვის; სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.

 

ამდენად, ზემოხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად იქმნება სამინისტრო. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და ამავე დროს, უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებას, მათ შორის, ბრძანებების გამოცემის გზით. ამასთან, მინისტრს აქვს ვალდებულება გადაწყვეტილება მიიღოს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების ფარგლებში და იგი პასუხისმგებელია თავისი გადაწყვეტილების კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაწყვეტილება მიიღო მინისტრისთვის საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-3 თავის მე-11 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უშუალოდ თავისი სისტემის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების სოციალურ უზრუნველყოფასთან, ერთის მხრივ, თანამდებობრივ სარგოსა და მეორეს მხრივ, პენსიის ოდენობასთან დაკავშირებით. სასამართლოს დასკვნით, მას ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გააჩნდა, თუმცა გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლა, კერძოდ, არსებობდა თუ არა მისი მიღების აუცილებლობა ან/და რამდენად შეესაბამებოდა კანონმდებლობას, სცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს დავის საგანზე, რომელსაც წარმოადგენს ნორმატიული აქტის გასაჩივრებული ნაწილის არა ბათილად ცნობა - კანონიერების შემოწმება, არამედ მისი არარად აღიარება, იმ საფუძვლით, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს არ ჰქონდა ამგვარი უფლებამოსილება, რასაც ადგილი არ ჰქონია.

 

სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელეების მოსაზრებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის №-- ბრძანების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერის შესრულებისას სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოწვევასთან დაკავშირებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ ასეთი დარღვევის არსებობა საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, ხოლო სადავო ჩანაწერი მოქმედებდა მცირე პერიოდი და მისი მოქმედების დრო დასრულებულია.

 

6.3. მოსარჩელეების მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს გ-----------ასთვის 3------–----- ოდენობით, შ----------–--ისათვის 2-------–----- ოდენობით, ა--------------ისათვის 3-------–----- ოდენობით, ე---------------ისათვის 2-------–----- ოდენობით და ტ------–------–-–---–ისათვის 1 69---–----ს ოდენობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623 (2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13) 23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

ამრიგად, სასამართლომ, პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, ასევე უნდა იმსჯელოს შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოსარჩელეების მოთხოვნა მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს მათ მიმართ კონკრეტული თანხის ანაზღაურება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოიშობა პენსიების გადასინჯვის საფუძველი, პენსიათა გადასინჯვა ხდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

 

დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის №-- ბრძანებით გაიზარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები და ამავე ბრძანებით განისაზღვრა სამინისტროს მოსამსახურეთა პენსიების გადასინჯვის განხორციელება ამ ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების შესაბამისად 2006 წლის პირველი იანვრიდან. საგულისხმოა ის გარემოება, რომ როგორც სადავო პერიოდში, ასევე დავის განხილვის დროისათვის მითითებული ბრძანების უკანონობა არ არის დადგენილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში 2005 წლის 17 ივნისს განხორციელდა ცვლილება (№1671), რომლითაც მითითებული კანონის 45-ე მუხლის მოქმედება გადავადდა 2006 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2005 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით (№2459) მითითებული მუხლი ამოღებული იქნა კანონიდან.

 

ამდენად, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ 2005 წლის 1 იანვრიდან სადავო პერიოდში მოსარჩელეებისათვის პენსიების გადაანგარიშების საფუძველი არარსებობდა. შესაბამისად, ვინაიდან საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების უკანონობის ფაქტი, შეუძლებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და მოსარჩელეების მიერ განცდილ მატერიალურ ზიანს შორის.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 50-ე მუხლზე, რომელიც ადგენს, რომ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა პენსიების ოდენობაში ცვლილებების შეტანის ვითარების წარმოქმნისას გადაანგარიშება წარმოებს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოს პენსიის მისაღებად, მაშინ მას სხვაობა ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის მიეცემა წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის თვეს. ეს საკანონმდებლო ჩანაწერი, მითითებულ კანონში 2005 წლის 17 ივნისს განხორციელებული ცვლილების (№1671) შესაბამისად, მოქმედებდა 2004 წლის 1 იანვრიდან.

 

შესაბამისად, სადავო პერიოდში მოსარჩელეებს გააჩნდათ ვალდებულება პენსიის გადაანგარიშების მოთხოვნით თავად მიემართათ უფლებამოსილი ორგანოსათვის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, დადგენილია, რომ მოსარჩელეებს ასეთი მოთხოვნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის არ მიუმართავთ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელეების მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა--------------ის, ტ------–------–-–---–ის, გ-----------ას, შ----------–--ის, ი-------–--------–---–ის, ე---------------ის, დ-----------–----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე