გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.02.2019
საქმის ნომერი
190210019002802351
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
05.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-19-19

(საქმე N190210019002802351)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

05 თებერვალი 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე - ხ------- ბ----------–ი

წარმომადგენელი - კ---- კ-----–---–ი

მოპასუხე - გ------- ჩ-------–---–ი

დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოსარჩელე ხ------- ბ----------–ის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხე გ------- ჩ-------–---–ს დაეკისროს ალიმენტის გადახდა მისი არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–------------–ს დაბადებული ი-----–- ჩ-------–---–ის და 2----–-–---------–--- დაბადებული დ----- ჩ-------–---–ის სასარგებლოდ თვეში 250-250 ლარის ოდენობით მათ სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ------- ჩ-------–---–მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და თანხმობა განაცხადა ალიმეტის გადახდაზე საერთო ჯამში 350-400 ლარის გადახდაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1.მოსარჩელე ხ------- ბ----------–ი და მოპასუხე გ------- ჩ-------–---–ი ქორწინებაში იმყოფებიან 2002 წლიდან.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.2. მოსარჩელე ხ------- ბ----------–სა და მოპასუხე გ------- ჩ-------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2----–-–------------–ს დაბადებული ი-----–- ჩ-------–---–ი და 2----–-–---------–-ს დაბადებული დ----- ჩ-------–---–ი.

მტკიცებულება: ი-----–- ჩ-------–---–ის და დ----- ჩ-------–---–ის დაბადების მოწმობის ასლები.

 

3.1.3 მოსარჩელე ხ------- ბ----------–ი და მოპასუხე გ------- ჩ-------–---–ი 2018 წლის ივნისიდან ერთად აღარ ცხოვრობენ.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხე გ------- ჩ-------–---–ი მუშაობს შპს MQS-ში შემდუღებლად და მისი სავარაუდო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 2500 ლარს.

მოპასუხე არ ეხმარება შვილებს მატერიალურად.

მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, მოპასუხეს მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200-200 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის დღიდან მათ სრულწლოვანდებამდე;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე, 1230-ე, 1234-ე 1202-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ხოლო 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით დადგენილია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნას მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმების და 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. შვილებზე ზრუნვა, მათი აღზრდა და რჩენა არის მშობელთა ძირითადი ვალდებულება, რასაც არ ამცირებს მშობლის სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებები ან უმუშევრობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე და მოპასუხე ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვნები ი-----–- და დ-----ი ცხოვრობენ დედასთან - რომელიც არ მუშაობს და არანაირი მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია. მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს შვილის მოვლასა და აღზრდას და ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.

 

სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი 250-250 ლარის ოდენობით, არ არის გონივრული თანხა, ვინაიდან ალიმენტის დაკისრების დროისათვის გათვალისწინებული უნდა იქნას როგორც ალიმენტის გადამხდელის, ისე მიმღების მატერიალური მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს კი აქვს ყოველთვიური შემოსავალი, მაგრამ იგი არ არის სტაბილური.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს თვეში 200-200 ლარის გადახდა მისი არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–-----------–- დაბადებული ი-----–- ჩ-------–---–ის და 2----–-–---------–--- დაბადებული დ----- ჩ-------–---–ის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. ამდენად, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2019 წლის 14 იანვრიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა ცნო ფაქტობრივად იმ ნაწილში , რაც სასამართლომ დააკმაყოფილა, შესაბამისად, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და გაწეულ ხარჯებს გაიღებს სასამართლო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის, პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა - დავის საგნის 4%-ისა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე გ------- ჩ-------–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელე ხ------- ბ----------–ის მიერ საადვოკატო მომსახურების ხარჯების გადახდა, რაც შეადგენს დავის საგნის ღირებულების (ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი ალიმენტის ოდენობის) 4%-ს - 192 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე,2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ხ------- ბ----------–ის სარჩელი მოპასუხე გ------- ჩ-------–---–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.

 

2. მოპასუხე გ------- ჩ-------–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–------------–ს დაბადებული ი-----–- ჩ-------–---–ის (პ/ნ 3----------) და 2----–-–---------–--- დაბადებული დ----- ჩ-------–---–ის (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ, დაეკისროს ალიმენტის გადახდა თითოეულისთვის თვეში 200-200 (ორას - ორასი) ლარის ოდენობით სასამართლოში შემოტანის დღიდან - 2019 წლის 14 იანვრიდან მათ სრულწლოვანებამდე;

 

3. მოპასუხე გ------- ჩ-------–---–ს ხ------- ბ----------–ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურეობის ხარჯის ანაზღაურება 192 ლარის (დავის საგნის 4%) ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი