გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.02.2019
საქმის ნომერი
110210018002695407
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110210018002695407

N 2/956-2018წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 თებერვალი 2019 წ. ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი

ზურაბ ფოცხვერაშვილი

მოსარჩელე - ნ------------;

მოპასუხე - სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----------- საჯარო სკოლა ;

წარმომადგენელი - რ---- ჩ--------;

მესამე პირები- ლ-----------------------, მ---------------

დავის საგანი: საათობრივი დატვირთვის აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაევალოს მოპასუხე სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----------- საჯარო სკოლას, აღუდგინოს საათობრივი დატვირთვა 14 საათიდან 18 საათამდე.

 

1.2. აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური 2018 წლის 14 სექტემბრიდან, საათობრივი დატვირთვის ფაქტობრივ აღდგენამდე.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

ნ------------- უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ქიმია- ბიოლოგიის სპეციალობით. 1993 წლის პირველი სექტემბრიდან სოფელ ბ----------- სკოლაში დასაქმებული არის ქიმიის მასწავლებლად, ხოლო 1994 წლის 01 სექტემბრიდან ამავე სკოლაში დასაქმებულია ბიოლოგიის მასწავლებლად. გარდა აღნიშნული დატვირთვისა, წლების განმავლობაში მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო დარგის მასწავლებლად და არის დამრიგებელი.

 

სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----------- საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ რ--------------------- 2018 წლის 14 სექტემბრის N------ ბრძანებით დამტკიცებული იქნა ბ----------- საჯარო სკოლის 2018 -2019 სასწავლო წლის მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა. აღნიშნული ბრძანებით არასწორად და უკანონოდ იქნა განაწილებული მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა.

 

მოსარჩელე სკოლაში პედაგოგად მუშაობის პერიოდში დროულად ცხადდებოდა და ცხადდება სამსახურში, ჯეროვნად ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. რამდენჯერმე მისი კათედრის თავმჯდომარედ არჩევაც კი მოხდა. 2014 წელს გახდა კათედრის წარმომადგენელიც. აგრეთვე ნ------------ ჩართული არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს“ მიერ ინიცირებულ პროექტში. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----------- საჯარო სკოლის დირექციის მიერ ხასიათდება დადებითად.

 

მისი საათობრივი დატვირთვის შემცირების ხარჯზე საათობრივი დატვირთვა გაეზარდათ ამავე სკოლის მასწავლებლებს ლ------------------------ და მ---------------- რაც არასწორია. ისინი არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები და მათთვის საათობრივი დატვირთვის გაზრდის საფუძველი არ არსებობდა.

 

2. 1.მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----------- საჯარო სკოლის წარმომადგენლის განმარტებით, ლ----------------------- არის სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----------- საჯარო სკოლის პრაქტიკოსი მასწავლებელი. 2018 წლის სექტემბრის თვიდან ასწავლის საბუნებისმეტყველო საგნებს და მუსიკას. აღნიშნულს არანაირი შემხებლობა არ აქვს მოსარჩელის საგაკვეთილო საგნობრივ საათებთან. რაც შეეხება მ---------------- იგი არის სერთიფიცირებული პედაგოგი და მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, რაც აძლევს საფუძველს სკოლის დირექციას, უპირატესობა მიანიჭოს პრაქტიკოს მასწავლებელთან შედარებით საგაკვეთილო საათობრივი დატვირთვის განაწილების დროს. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს უფრო მეტი საგაკვეთილო საათი გააჩნია, ვიდრე მ. ნ-----–---- და ლ. გ-----------–---–-.

 

2.2. საქმეში მესამე პირებად ჩართულმა პირებმა ლ------------------------ და მ--------------- სარჩელზე თავიანთი მოსაზრებები არ წარმოადგინეს. სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს, როგორც უსაფუძვლო და მთლიანად გაიზიარეს მოპასუხე მხარის პოზიცია და არგუმენტები.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. ნ------------- უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ქიმია- ბიოლოგიის სპეციალობით. 1993 წლის პირველი სექტემბრიდან სოფელ ბ----------- სკოლაში დასაქმებული არის ქიმიის მასწავლებლად, ხოლო 1994 წლის 01 სექტემბრიდან ამავე სკოლაში დასაქმებულია ბიოლოგიის მასწავლებლად. გარდა აღნიშნული დატვირთვისა, წლების განმავლობაში მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო დარგის მასწავლებლად და არის დამრიგებელი. 2015 წლის 26 ნოემბრის N--------- სერტიფიკა---თ ნ------------- მიენიჭა პრაქტიკოსი მასწავლების სტატუსი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა- განმარტებებს, დიპლომის ასლი, შრომის ხელშეკრულებები, ნ------------- სერტიფიკატები.

 

3.2. ნ------------------- სამსახურებრივ მოვალეობას ყოველთვის ასრულებდა კეთილსინდისიერად. სკოლაში მუშაობის პერიოდში მოსარჩელე დროულად ცხადდებოდა სამსახურში, ჯეროვნად ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. რამდენჯერმე აირჩიეს კათედრის თავმჯდომარედ . 2014 წელს გახდა კათედრის წარმომადგენელი. აგრეთვე ნ------------ ჩართული არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ „ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს “ მიერ ინიცირებულ პროექტში . თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექციის მიერ ხასიათდება დადებითად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა- განმარტება, დახასიათება, სერფიტიკატები და ცნობები სხვადასხვა ტრენინგების გავლის თაობაზე.

 

3.3. 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე საბუნებისმეტყველო საგნების კათედრაზე წარდგენილი იქნა საათობრივი დატვირთვის საორიენტაციო განაწილების საკითხი, თუმცა აღნიშნულზე კათედრაზე საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნების პედაგოგებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტებას.

 

3.4. სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----------- საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ რ--------------------- 2018 წლის 14 სექტემბრის N------ ბრძანებით დამტკიცდა ბ----------- საჯარო სკოლის მასწავლებელთა 2018-2019 წლის საათობრივი დატვირთვის ბადე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----------- საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ 2018 წლის 14 სექტემბრის N------ ბრძანება.

 

3.5. სსიპ ბ----------- საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის გეგმის თანახმად, საბუნებისმეტყველო კათედრაზე საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებზე (გარდა დაწყებითი სწავლების საფეხურისა) არსებობს შემდეგი კვირეული საათობრივი რაოდენობა:

ქიმია - 10 საგაკვეთილო საათი,ბიოლოგია -10 საგაკვეთილო საათი;

ბუნებისმეტყველება- 6 საგაკვეთილო საათი;

საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლები -3 საგაკვეთილო საათი;

გარემო და მდგრადი განვითარების საგანი- 1 საათი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სკოლის საათობრივ ბადეს (მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის ცხრილი).

 

3.6. ნ------------- საათობრივი დატვირთვა 2017-2018 წელს შეადგენდა კვირაში 18 საათს: 10 საათი ქიმია და 8 საათი- ბიოლოგია. 2018-2019 წლებში შეადგენს კვირაში 14 საგაკვეთილო საათს: 10 საათი-ქიმია, 3 საათი-ბიოლოგია, გარემო და მდგრადი განვითარების საგანი-1 საათი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებებს, სკოლის საათობრივ ბადეს (მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის ცხრილი).

 

3.7. 2017-2018 სასაწავლო წელს (ასევე წინა წლებშიც) ნ. ს------- არ გააჩნდა არც ბუნებისმეტყველების, არც საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლების და არც მუსიკის საგაკვეთილო საათები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებებს.

 

3.8. ლ----------------------- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ 2015 წლის 26 ნოემბერს გაცემული სერთიფიკა---თ (N---------) მინიჭებული აქვს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი. 2017-2018 სასწავლო წელს ლ------------------------ საათობრივი დატვირთვა შეადგენდა კვირაში 9 საგაკვეთილო საათს,კერძოდ: ბუნებისმეტყველება (მეხუთე კლასი) -3 საათი,ბუნებისმეტყველება (მეექვსე კლასი) - 3 საათი,საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები (მეშვიდე კლასი )- 3 საათი.

 

ლ------------------------ საათობრივი დატვირთვა 2018-2019 სასაწავლო წელს კი შეადგენს კვირაში 11 საგაკვეთილო საათს, აქედან:

ბუნებისმეტყველება (მეხუთე კლასი) -3 საათი,ბუნებისმეტყველება (მეექვსე კლასი) - 3 საათი,საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები (მეშვიდე კლასი )- 3 საათი,მუსიკა (მეორე კლასი) – 2 საათი.

 

ამდენად, ლ----------------------- 2018 წლის 14 სექტემბრის N------ ბრძანებით დამატებით მიეცა მხოლოდ მუსიკის 2 საათი მეორე კლასში ესთეტიკური აღზრდის საგნობრივი ჯგუფის კათედრიდან, რაც შემხებლობაში არ არის ნ------------- 2017-2018 სასწავლო წლის საათობრივ დატვირთვასთან .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება, ლ------------------------ ახსნა-განმარტება, ლ------------------------ სერტიფიკა---, ბ----------- საჯარო სკოლის 2018 წლის 6 დეკემბრის M------------- ცნობა, დირექტორის 2018 წლის 14 სექტემბრის N------ ბრძანება, საათობრივი დატვირთვის ბადე (გრაფიკი).

 

3.9. მ--------------- 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საათობრივი დატვირთვა შეადგენდა კვირაში 5 საგაკვეთილო საათს.

კერძოდ : ბიოლოგია (მეცხრე კლასი ) -2 საათი,გარემო და მდგრადი განვითარება (მეთორმეტე კლასი) -1 საათი,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება( მეორე კლასი ) -2 საათი.

 

მოგვიანებით, საჯარო სკოლის დირექტორის 2017 წლის 06 ნოემბრის N1/კ-17 ბრძანების საფუძველზე მ--------------- გადაეცა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 5 საათი.

 

მ--------------- საათობრივი დატვირთვა 2018-2019 სასწავლო წელს კვირაში შეადგენს 12 საგაკვეთილო საათს.

კერძოდ : ბიოლოგია (მერვე კლასი) -2 საათი,ბიოლოგია (მეცხრე კლასი) -2 საათი,ბიოლოგია (მეტერთმეტე კლასი) -2 საათი,ბიოლოგია (მეთორმეტე კლასი) -1 საათი,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (მეშვიდე კლასი) - 2 საათი,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (მერვე კლასი) - 1,5 საათი,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (მეცხრე კლასი) - 1,5 საათი.

ამდენად, ჯამში ბიოლოგიის -7 საათს და ხელოვნების -5 საათს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება, მ--------------- ახსნა-განმარტება, მ--------------- სერტიფიკა---, ბ----------- საჯარო სკოლის 2018 წლის 6 დეკემბრის M--------------- ცნობა, დირექტორის 2018 წლის 14 სექტემბრის N------ ბრძანება, საათობრივი დატვირთვის ბადე (გრაფიკი).

 

3.10. მ--------------- სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარა 2018 წლის ზაფხულში და პროგრამულად eSchool -ის ელექტრონული ბაზაში (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ) მ-------------- სარგებლობდა უფროსი მასწავლებლის სტატუსით, 2018-2019 სასწავლო წლის დაწყების დროს, ხოლო სერთიფიკა--- გაცემულია მოგვიანებით 2018 წლის 16 ოქტომბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება, მ--------------- ახსნა-განმარტება, მ--------------- სერტიფიკა---, ბ----------- საჯარო სკოლის 2018 წლის 6 დეკემბრის M--------------- ცნობა.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ------------- სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

1.საქართველოს კონსტიტუცია 2.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 ; მე-7; 102-ე, 105-ე მუხლები;

3.საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, მე-2 მუხლები;

4.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ №40/ნ ბრძანება

5.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის „ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ „ №1014 ბრძანება

6.საქართელოს კანონი „ ზოგადი განათლების შესახებ “

7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბერის „ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ „ №448 ბრძანება

8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბერი „ საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ „ N 959 ბრძანება

9.ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

10. ევროპის სოციალურ ქარტია

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით რეგულირებული და დაცულია შრომის უფლება. დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

ევროპის სოციალურ ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას.

 

საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაცული შრომის უფლება გარანტირებულია საქართველოს შიდა კანონმდებლობით. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში. შრომის უფლების კონსტიტუციით აღიარებით სახელმწიფოს მიზანია იზრუნოს სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე, თავისი მოქალაქეების დასაქმების უზრუნველყოფის ხელშეწყობაზე და ამ უფლების სამართლებრივ რეგულირებაზე. ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო.

 

შრომითი უფლებების დაცვა კი განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით, შრომის ურთიერთობის მომწესრიგებელი აქტებით, რომლებშიც ასახულია დასაქმებულთა უფლების დაცვის მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმები რომლებიც აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი);

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ და შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში ნების თავისუფლება მოიცავს, როგორც შრომითი ურთიერთობის დაწყების, ისე მისი შეწყვეტის უფლებას, თუმცა, მხოლოდ შესაბამისი საფუძვლის არსებობისას და დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ შრომის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად მხარეებს შორის არსებობს შრომითი ურთიერთობა 1993 წლიდან და მოსარჩელე მუშაობს სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----------- საჯარო სკოლაში ქიმია- ბიოლოგიის პედაგოგად.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად მართლმსაჯულებას სამოქალაქო საქმეებზე ახორციელებს მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.

 

სასამართლო განმატავს, რომ, მხარის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოების დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულების შერჩევა მხარის საპროცესო მოვალეობაა და მის შესრულებაზეა დამოკიდებული დავის საბოლოო ბედი. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, იმ პირობებში, როცა მას უარყოფს მოწინააღმდეგე მხარე, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებულად ცნობისათვის საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, რადგან ამავე კოდექსის მე-4-მე-5 მუხლებით დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებანი ერთმანეთს აქარწყლებს. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით და მტკიცებულებებით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

 

6.3 ნ------------ მიუთითებს, რომ სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----------- საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ რ--------------------- 2018 წლის 14 სექტემბრის N------ ბრძანებით დამტკიცდა ბ----------- საჯარო სკოლის 2018 -2019 სასწავლო წლის მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა. აღნიშნული ბრძანებით არასწორად და უკანონოდ იქნა განაწილებული მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა. ლ----------------------- და მ-------------- არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები და სწორედ მათთვის საათობრივი დატვირთვის გაზრდის ხარჯზე მოხდა მისი საათობრივი დატვირთვის შემცირება, რაც უკანონოა.

 

სასამართლომ სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ ჩათვალა მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რადგან მას მოპასუხე არ დაეთანხმა. ასეთ პირობებში მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, სხვა მტკიცებულებების გარეშე, სადავო გარემოების დადგენილად ცნობისათვის ვერ გამოდგება. სასამართლო ვერ გაითვალისწინებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში მესამე პირებად ჩართული მასწავლებლები ლ----------------------- და მ-------------- არიან პრაქტიკოსი მასწავლებლები და რომ სწორედ მათთვის საათობრივი დატვირთვის გაზრდის ხარჯზე მოხდა მისი საათობრივი დატვირთვის შემცირება. საქმეზე დართულ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გამოიკვეთა, რომ ლ----------------------- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2015 წლის 26 ნოემბერს გაცემული სერთიფიკა---თ (N---------) ნამდვილად აქვს მინიჭებული პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, თუმცა დადგენილია, რომ 2017-2018 სასწავლო წელს ლ------------------------ საათობრივი დატვირთვა შეადგენდა კვირაში 9 საგაკვეთილო საათს, კერძოდ :

ბუნებისმეტყველება (მეხუთე კლასი) -3 საათი

ბუნებისმეტყველება (მეექვსე კლასი) - 3 საათი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები (მეშვიდე კლასი )- 3 საათი

ლ------------------------ საათობრივი დატვირთვა 2018-2019 წელს კი შეადგენს კვირაში 11 საგაკვეთილო საათს, აქედან :

ბუნებისმეტყველება (მეხუთე კლასი) -3 საათი

ბუნებისმეტყველება (მეექვსე კლასი) - 3 საათი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საფუძვლები (მეშვიდე კლასი )- 3 საათი

მუსიკა (მეორე კლასი) – 2 საათი.

 

ამდენად, დადგენილია, რომ ლ----------------------- 2018 წლის 14 სექტემბრის N------ ბრძანებით დამატებით მიეცა მხოლოდ მუსიკის 2 საათი, ესთეტიკური აღზრდის საგნობრივი ჯგუფის კათედრიდან. ასევე დადგენილია, რომ 2017-2018 სასაწავლო წელს (ასევე წინა წლებშიც) ნ. ს------- არ გააჩნდა არც ბუნებისმეტყველების, არც საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლების და არც მუსიკის საგაკვეთილო საათები, შესაბამისად დაუსაბუთებელია ლ------------------------ საათობრივი დატვირთვის და მისი ზრდის შემხებლობა ნ------------- 2018-2019 სასწავლო წლის საათობრივ დატვირთვის შემცირებასთან.

 

რაც შეეხება მ---------------- საქმეში არსებული მტკიცებულებით დგინდება, რომ მიმდინარე სასწავლო წელს მ--------------- საათობრივი დატვირთვის ზრდის პროპორციულად შემცირდა მოსარჩელე ნ------------- საათობრივი დატვირთვა ბიოლოგიის საათების გადანაწილება, თუმცა დადგენილია, რომ 2018 წლის ზაფხულში მ. ნ-----–---- ჩააბარა სასერთიფიკაციო გამოცდა და 2018-2019 წლის სასწავლო წლის დასაწყისამდე მიენიჭა უფრო მაღალი კვალიფიკაციის - უფროსი მასწავლებლის სტატუსი, რაც სკოლის ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას საგნის საათების განაწილებისას, პრაქტიკოს მასწავლებელთან შედარებით, უპირატესობა მიანიჭოს უფრო მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგს.

 

6.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ №40/ნ ბრძანების 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სკოლა ვალდებულია ეროვნულ სასწავლო გეგმის საფუძველზე შეიმუშაოს საკუთარი სასკოლო სასწავლო გეგმა ყოველი ახალი სასწავლო წლისათვის.

 

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტის თანახმად სასწავლო პროცესის ორგანიზების მიზნით სასკოლო სასწავლო გეგმის დანიშნულებაა სასკოლო საათობრივი ბადის განსაზღვრა .

 

21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად საჯარო სკოლაში სასკოლო სასწავლო გეგმას (რომლის შემადგენელი ნაწილიცაა საათობრივი ბადე) მასწავლებლების/კათედრების და დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო.

.

.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ №40/ნ ბრძანების 23-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად განსაზღვრულია საათობრივი ბადის დეფინიცია. განსაზღვრების თანახმად სასკოლო საათობრივი ბადე შედგება საგნის/საგნების წლიური ჯამური საათების რაოდენობისგან და მოიცავს თითოეული კლასის ყოველდღიური გაკვეთილების განრიგს, რომელიც აზუსტებს კვირის რომელ დღეს, რა თანამიმდევრობით და დროის რა მონაკვეთში რომელი საგანი ისწავლება.

 

საათობრივი ბადის განმარტებამ სკოლაში დაამკვიდრა იმგვარი პრაქტიკა, რომ პედაგოგიური საბჭოს მიერ დასამტკიცებელი სასკოლო სასწავლო გეგმა ამჯერად მოიცავს მხოლოდ საგნის წლიური საათობრივი დატვირთვის განსაზღვრებას კლასებისა და ცხრილის (საათების ყოველდღიური განრიგი) მიხედვით, მასწავლებელთა საათობრივი განაწილების მითითების გარეშე .

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ №40/ნ ბრძანების 20-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლა ვალდებულია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომელთა შემადგენლობა და ფუნქციები აისახება სასკოლო სასწავლო გეგმაში. კათედრაზე გაერთიანებული იქნება საგნობრივ ჯგუფში შემავალი ყველა საგნის მასწავლებელი.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტის თანახმად საგნობრივი კათედრა ახდენს საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირებას. სწავლების კოორდინირების ფუნქციის ფარგლებში სასწავლო წლის დაწყებამდე საგნობრივი ჯგუფების კათედრებს გადაეცემათ მათ საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების წლიური საათობრივ დატვირთვაზე მონაცემები და ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის „ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ „№1014 ბრძანებით განსაზღვრული პროფესიული სტანდარტის გათვალისწინებით იმ პედაგოგთა საკვალიფიკაციო მონაცემები ვისთვისაც უნდა განაწილდეს წლიური საათობრივი დატვირთვა .

 

საგნობრივი კათედრა უფლებამოსილია განსაზღვროს საგნობრივ კათედრაზე პედაგოგთა საორიენტაციო საათები და დასამტკიცებლად ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად წარუდგინოს საჯარო სკოლის დირექტორს.

 

დადგენილია, რომ 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე საბუნებისმეტყველო საგნების კათედრაზე წარმოდგენილ იქნა საათობრივი დატვირთვის საორიენტაციო განაწილების საკითხი, თუმცა აღნიშნულზე საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის მასწავლებლებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა.

 

საჯარო სკოლის დირექტორი „ ზოგადი განათლების შესახებ “ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბერის „ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ „ №448 ბრძანებით დამტკიცებული დანართი 1 -ის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის საფუძველზე ახორციელებს სკოლის მართვას, კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში კი გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.

 

გამომდინარე იქედან, რომ პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით დამტკიცებულ საათობრივ ბადეში განისაზღვრება მხოლოდ საგნების წლიური საათობრივი დატვირთვა პედაგოგის მითითების გარეშე და საჯარო სკოლაში არ არსებობს უფლებამოსილი ორგანო ვისაც კანონმდებლობით პირდაპირ მინიჭებული აქვს პედაგოგების მითითებით საათობრივი ბადის დამტკიცება, სწავლა-სწავლების პროცესის უზრუნველსაყოფად საჯარო სკოლის დირექტორი არის ერთადერთი პირი ვისაც მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში შეუძლია დაამტკიცოს მასწავლებელთა საათობრივი განაწილება.

 

შესაბამისად პედაგოგიური საბჭოს მიერ სკოლაში საგნის წლიური საათობრივი დატვირთვის დამტკიცების პარალელურად დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტით განისაზღვრება კონკრეტულ მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის ბადე .

 

6.5 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის „ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ „ №1014 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სტანდარტის სტრუქტურა, კერძოდ,სტანდარტი შედგება 3 ნაწილისაგან:

ა) პროფესიული მახასიათებლები;

ბ) მოსწავლის შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მართვა;

გ) პროფესიული განვითარება

ამავე ბრძანების მე-3 მუხლის თანახმად კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით, სტანდარტი ადგენს მასწავლებლის ოთხ სტატუსს.

ა) პრაქტიკოსი მასწავლებელი;

ბ) უფროსი მასწავლებელი;

გ) წამყვანი მასწავლებელი

დ) მენტორი მასწავლებელი.

 

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ 2015 წლის 26 ნოემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ გაცემული N 0-------- ს--------------- თანახმად მოსარჩელე ნ------------- მინიჭებული აქვს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი.

 

2018 წლის 16 ოქტომბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ გაცემული N 0-------- ს--------------- თანახმად დასტურდება, რომ მ--------------- მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი .

 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სერთიფიკა--- გაცემულია გაცილებით უფრო გვიან, სტატუსის მინიჭებიდან. მ. ნ-----–---- სასერთიფიკაციო გამოცდა ჩააბარა 2018 წლის ზაფხულში და პროგრამულად eSchool -ის ელექტრონული ბაზაში (განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ) მ-------------- სარგებლობდა უფროსი მასწავლებლის სტატუსით, 2018-2019 სასწავლი წლის დაწყების დროს.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის „ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ „ №1014 ბრძანების მე-5მუხლით განსაზღვრულია პრაქტიკოსი მასწავლებლის ზოგადი მახასიათებლები რომლის მიხედვითაც პრაქტიკოს მასწავლებელს აქვს სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისათვის საჭირო ცოდნა და უნარები, იცავს ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად მოთხოვნებს, აცნობიერებს კოლეგებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, შეუძლია საკუთარი პროფესიული საჭიროებების დადგენა და ზრუნავს პროფესიულ თვითგანვითარებაზე.

 

მე-11 მუხლით კი გათვალისწინებულია უფროსი მასწავლებლის ზოგადი მახასიათებლები , რომლის მიხედვითაც უფროსი მასწავლებელი აცნობიერებს თითოეული მოსწავლის უნიკალურობას და შესაბამისად, იყენებს სწავლების დიფერენცირებული მიდგომის სტრატეგიებს; საკუთარი საქმიანობისა და მოსწავლეთა შეფასების ანალიზის საფუძველზე აუმჯობესებს მოსწავლეთა მიღწევებს და სრულყოფს თავის პედაგოგიურ პრაქტიკას ; თანამშრომლობს კოლეგებთან პრობლემების ერთობლივად გადაჭრისა და პროფესიული განვითარებისათვის.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის „ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ „ №1014 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად პროფესიული სტანდარტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება . ის ვრცელდება „ ზოგადი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის 212 მუხლით განსაზღვრულ ყველა სახის მასწავლებელზე,სკოლაში მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვა პროფესიული სტანდარტებისა და სხვა ტიპის რეგულაციების გათვალისწინებით პერიოდულად განიცდის ცვლილებას. ამ გარემოების გათვალისწინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბერი „ საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ „ N 959 ბრძანების მე- 8 მუხლის ცვლილების თანახმად მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოხდება არა წინასწარ განსაზღვრული საათობრივი დატვირთვით, არამედ სკოლის ტარიფიკაციის მიხედვით ჩატარებული საათების რაოდენობის შესაბამისად. ამდენად მასწავლებელთან ხელშეკრულების დადების ეტაპზე შრომითი ანაზღაურების ნაწილში არ მიეთითება კონკრეტული საათების რაოდენობა იმ მოტივით რომ საათობრივი დატვირთვა ყოველთვის არის საორიენტაციო .

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებანი რაზედაც იგი აგებს საკუთარ სასარჩელო მოთხოვნას.

 

მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სარჩელი და უსაფუძვლოა მისი პოზიცია მისთვის პრიორიტეტის მინიჭების და საქმეში მესამე პირებად დასახელებულ პედაგოგთათვის საგაკვეთილო საათების შემცირების, ჩამორთმევის ნაწილში, მაშინ როდესაც ლ----------------------- საათობრივი დატვირთვა არ გაზრდია ნ------------- საათობრივი დატვირთვის შემცირების ხარჯზე. ლ----------------------- 2018-2019 სასწავლო წლის საათობრივ ბადეში დაემატა ესთეტიკური აღზრდის საგნობრივი ჯგუფის საგანი -მუსიკა (მეორე კლასი) -2 საათი, რომელიც მოსარჩელეს არასდროს უსწავლებია .

 

რაც შეეხება პედაგოგ მ--------------- საკითხს, მას, ისევე როგორც სხვა პედაგოგებს, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გათვალისწინებით განესაზღვრა საათობრივი დატვირთვა და როგორც უფრო მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგს ბიოლოგიის 10 საგაკვეთილო საათიდან გადაეცა უფრო მეტი -7 საგაკვეთილო საათი, ხოლო სხვა კათედრის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის -ხელოვნების 5 საათი, დამატების შედეგად სულ მიეცა 12 საათი, მაშინ, როდესაც მიმდინარე სასწავლო წელს მოსარჩელე ნ------------- მიეცა მასზე მეტი - 14 საგაკვეთილო საათი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არასებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და სასამართლო განხილვის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----------- საჯარო სკოლის დირექტორის 2018 წლის 14 სექტემბრის „ სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბ----------- საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წლის მასწავლებელთა საათობრივი დატვირთვის დამტკიცების შესახებ „ N------ ბრძანებით საათობრივი დატვირთვის უკანონოდ და არასწორად განაწილების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ------------- მოთხოვნა საათობრივი დატვირთის გაზრდის და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

 

ამდენად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები მოიცავს სახელწიფო ბაჟის სახით გადახდილ თანხებს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები უნდა დაეკისროს მოსარჩელეს, როგორც წაგებულ მხარეს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა დარჩეს ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნ------------- სარჩელი მისთვის მოპასუხის მიერ საათობრივი დატვირთვის 14 დან 18 საგაკვეთილო საათამდე გაზრდისა და 2018 წლის 14 სექტემბრიდან საათობრივი დატვირთვის ფაქტობრივ აღდგემანდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე ნ------------- მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შოთა ნიკურაძე