გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.02.2019
საქმის ნომერი
330210018002507107
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
08.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/18799-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

მოსარჩელე - შპს „ყა---------------------–--ი“

წარმომადგენელი - გი----------–---–ი

მოპასუხე - შპს „ოლ------------------–--ი“

წარმომადგენელი - ლი-------ა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე შპს „ოლ------------------–--ის“ მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ შპს „ყა---------------------–--ისათვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 679,36 ლარის ოდენობით.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2017 წლის 20 აპრილს თბილისში, შა--------------ზე, 41-- კორპუსის მიმდებარედ შპს „ოლ------------------–--ი“ აწარმოებდა გათხრით სამუშაოებს, რა დროსაც მომუშავე ტრაქტორმა დააზიანა შპს „ყა-------------------–---ს“ კუთვნილი მიწისქვეშა საშუალო წნევის დ-100 მმ-იანი პოლიეთილენის მილი.

 

გაზსადენის დაზიანებაზე კომპანიის საავარიო - სადისოპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი (№1-------), რაზეც საავარიო ჯგუფმა დაუყოვნებლივ დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილზე გამოიძახეს საპატრულო ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი, სადაც იმყოფებოდა ტრაქტორის მძღოლი და----------ე, რომელმაც დაადასტურა მომხდარი შემთხვევა. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა აღადგინა ავარიული ქსელი, რისთვისაც დაიხარჯა 679,36 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში განმარტებულია, რომ შპს „ოლ------------------–--ი“ რეგისტრირებულია მისამართზე: თბილისი, შა-------------ა №--. სამშენებლო სამუშაოებს თბილისში, შა-------ს ქუჩის 4---------ში და არა 4---------ში 2006 წლიდან 2008 წლამდე აწარმოებდა ბმა „ოლ------------------–--ი“ და არა შპს „ოლ------------------–--ი“. თუმცა, სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა 2008 წლის შემდგომ და შა-------------ის 4---------ში სამშენებლო სამუშაოები განახლდა 2017 წლის პირველი სექტემბრიდან რამდენიმე თვით. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ პერიოდში სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა არც ამხანაგობისა და არც მოპასუხის მიერ. სარჩელს არ ერთვის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ და----------ე შპს „ოლ------------------–--ის“ დაკვეთით აწარმოებდა გათხრით სამუშაოებს. ამასთან, სარჩელს არ ერთვის გაზსადენის დაზიანებისა და მისი შემდგომი აღდგენისა და აღდგენის მიზნით გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. არ დგინდება შპს „ოლ------------------–--ის“ მიერ შპს „ყა-------------------–---სათვის“ ზიანის (679,36 ლარის) მიყენების ფაქტი.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს გარემოებას, რომ 2017 წლის 20 აპრილს თბილისში, შა--------------ზე, 41-- ნომერში კორპუსის მიმდებარედ შპს „ოლ------------------–--ი“ აწარმოებდა გათხრით სამუშაოებს, რა დროსაც მომუშავე ტრაქტორმა დააზიანა შპს „ყა-------------------–---ს“ კუთვნილი მიწისქვეშა საშუალო წნევის დ-100 მმ-იანი პოლიეთილენის მილი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა აღადგინა ავარიული ქსელი, რისთვისაც მოსარჩელემ გაწია ხარჯი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.

 

ზიანის მიყენების ფაქტსა და ამ ზიანის მოპასუხის მიერ მიყენების ფაქტის მტკიცების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები. მითითებული ნორმის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია სათანადოდ დაასაბუთოს მისი მოთხოვნის მართებულობა, რაც მან ამ მოთხოვნის დამადასტურებელი, კანონშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენის გზით უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ მხოლოდ ზეპირი მითითებით არ შემოიფარგლოს (იხ, სუსგ №ას-507-481-2011).

 

მოსარჩელის წარმომადგენელს მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს შპს „ყა-------------------–---ს“ 2017 წლის 20 აპრილის „საავარიო სამსახურში შემოსული განაცხადი“ (ს.ფ. 25), 2017 წლის 20 აპრილის ტელეფონოგრამა (№0------) (ს.ფ. 28) და 2017 წლის 20 აპრილის რეაგირების ოქმი (დანართი 14, ს.ფ. 77).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საავარიო სამსახურში შესულ განაცხადში ობიექტის მისამართად მითითებულია „შარ-------------------თან“, შეტყობინება მიღებულია 2017 წლის 20 აპრილს. განაცხადის თანახმად, შარ-------------------თან გათხრით სამუშაოებს აწარმოებდა შპს „ოლ------------------–--ის“ მიერ დაქირავებული კერძო ტრაქტორი, რა დროსაც დაზიანდა საშუალო წნევის დ100მმ პოლიეთილენის მილი. განაცხადის თანახმად, ტრაქტორის მძღოლმა უარი განაცხადა ამ განაცხადზე ხელის მოწერაზე.

 

2017 წლის 20 აპრილის ტელეფონოგრამის თანახმად, დაზიანდა შა-------------ის 4---------თან გამავალი მიწისქვეშა გაზსადენი.

 

2017 წლის 20 აპრილის რეაგირების ოქმის თანახმად, შპს „ყა---------------------–--ის“ წარმომადგენელმა „მიგვითითა და----------ეზე და განაცხადა, რომ სამუშაოების წარმოებისას შემთხვევით დააზიანა მშენებარე კორპუსის უკან მიწაში გამავალი გაზის მილი“. რეაგირების ოქმს ხელს აწერს და----------ე.

 

მოსარჩელის წარმომადგენელს წარმოდგენილი აქვს 2017 წლის 20 აპრილის საბ--------–--ს სექტორში, შა-------ს 4---------ში მ/ქ ს/წ დ-100 მმ გაზსადენის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა (მათ შორის ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის მოცულობა) შეადგენს 679,36 ლარს. ამ ხარჯის მოსარჩელის მიერ გაწევის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, მოპასუხის ქმედებით შპს „ყა---------------------–--ისათვის“ ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულად ვერ მიიჩნევა, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება ფაქტები იმის შესახებ, რომ მოპასუხე შპს „ოლ------------------–--ი“ შა-------ს 4---------ში აწარმოებდა გათხრით სამუშაოებს ტრაქტორით 2017 წლის 20 აპრილს და რომ ამ სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა შპს „ყა---------------------–--ის“ გაზსადენი.

 

აღსანიშნავია, რომ მოპასუხის იურიდიულ მისამართად მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში მითითებულია თბილისი, შა-------------- №--.

 

საავარიო სამსახურის განაცხადი, საიდანაც იკვეთება მოპასუხის შპს „ოლ------------------–--ის“ კავშირი შემთხვევასთან, ემყარება და----------ის განმარტებას, რაც არ არის დადასტურებული მისივე ხელმოწერით. რეაგირების ოქმში, რომელსაც რასაც და----------ე ადასტურებს ხელმოწერით, მოპასუხის შესახებ მითითება საერთოდ არ არის ასახული. იმ შემთხვევაში, თუკი და----------ე დაადასტურებდა ხელმოწერით მითითებულ გარემოებას შპს „ოლ-----------------–--თან“ დაკავშირებით, მოსარჩელე მაინც ვერ უზრუნველყოფდა მტკიცების ტვირთის ზიდვას, სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების გათვალისწინებით, რამდენადაც მოსარჩელის მიერ შპს „ოლ------------------–--ის“ მიერ გათხრითი (ან სამშენებლო) სამუშაოების წარმოების მიმდინარეობა 2017 წლის 20 აპრილისათვის დადასტურებული არ არის.

 

შპს „ოლ------------------–--ის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2008-2017 წლებში შეჩერებული იყო ბმა „ოლ------------------–--ის“ მიერ წარმოებული მშენებლობა, რომელიც მისივე მითითებით რეგისტრირებულია შა-------ს 4---------ში.

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოადგინა 2017 წლის 01 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბმა „ო-–-----------------–--მა“, შემკვეთმა დაავალა მენარდეს, შპს „სა-–----ს“ დაესრულებინა უკვე აშენებული ფართი ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში შეთანხმებული პირობებით.

 

მოპასუხის წარმომადგენლმა ასევე წარმოდგინა 2018 წლის 24 სექტემბერს თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს მიერ გაცემული ბრძანება, რომლის თანახმად შეთანხმდა თბილისში, საბ--------–--ს სექტორში შა-------------ის 4---------ში მდებარე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი (ს.ფ. 85-86).

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის ზიდვა სსსკ-ის 102-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის მოპასუხის ქმედების მიერ მიყენების ფაქტის დამტკიცება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავოა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება. როგორც აღინიშნა მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს იმ რომ 2017 წლის 20 აპრილს თბილისში, შა--------------ზე, 41-- ნომერში კორპუსის მიმდებარედ შპს „ოლ------------------–--ი“ აწარმოებდა გათხრით სამუშაოებს, რა დროსაც მომუშავე ტრაქტორმა დააზიანა შპს „ყა-------------------–---ს“ კუთვნილი მიწისქვეშა საშუალო წნევის დ-100 მმ-იანი პოლიეთილენის მილი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა აღადგინა ავარიული ქსელი, რისთვისაც მოსარჩელემ გაწია ხარჯი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ემუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (იხ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო (ბრალეული) ქმედებით მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რა დროსაც ზიანი (679,36 ლარი) იქნებოდა მოპასუხის ქმედების უშუალო შედეგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დადგომისათვის დამტკიცებულად და განხორციელებულად არ ითვლება დელიქტური სამართლის დამფუძნებელი ნორმის, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი. ერთ-ერთი წინაპირობის არარსებობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას. ამდენად, შპს „ყა---------------------–--ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ დაკმაყოფილდება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ყა-------------------–---ს“ სარჩელი მოპასუხე შპს „ოლ------------------–--ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს:

 

2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ საჩივრდება.

 

3 გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველ მხარეს შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე