გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N030210017002222701
N 2/1323-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 თებერვალი, 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: შოთა სირაძე
სხდომის მდივანი: მარიამ წულაძე
მოსარჩელე: ს- „------- ბ----“,წარმომადგენელი: შ-- „ტ-----“, წარმომადგენელი - ნ--- გ----–--,მოპასუხე: ი-----–- ა------,დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე ი-----–- ა------ს მოსარჩელე ს- „------- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 27 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3686,81 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2393,46 ლარი, პროცენტი 522,71 ლარი და ჯარიმა 770,64 ლარი.
1.2. მოპასუხე ი-----–- ა------ს მოსარჩელე ს- „------- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 17 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2013 წლის 27 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 2393,46 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 71,8 ლარს.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2013 წლის 27 აპრილს ს- „------- ბ-----“ და ი-----–- ა------ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 2500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის ს- „------- ბ----ს“ ბანკომატიდან ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 22 რიცხვი. ამასთან, 2013 წლის 27 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 6.6.2. ქვეპუნქტებში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში. ხოლო ამავე ხელშეკრულებაზე 6.6.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენს კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბ----ს ინტერნეტ გვერდზე განთავსებულ საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობას და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ზემოთხსენებულ ხელშეკრულებას.
მოპასუხის მიერ ხელშეკრულება დაირღვა და 2017 წლის სექტემბრის თვიდან შემდგომ არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებას, რის გამოც 2017 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით, მოპასუხე ი-----–- ა------ს 2013 წლის 27 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 3686,81 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2393,46 ლარი, პროცენტი 522,71 ლარი და ჯარიმა 770,64 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირი თანხის 2393,46 ლარის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში, სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ პროცენტებს იხდიდა და თვლის, რომ ბ---- არ უნდა დაერიცხა მეტი პროცენტი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და მოითხოვა, რომ მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2013 წლის 27 აპრილს ს- „------- ბ-----“ და ი-----–- ა------ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 2500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- 2013 წლის 27 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N---------------, მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.2. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 22 რიცხვში ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხის მიერ ხელშეკრულება დაირღვა და 2017 წლის 17 ნოემბრის შემდგომ არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებას, რის გამოც საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 3686,81 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2393,46 ლარი, პროცენტი 522,71 ლარი და ჯარიმა 770,64 ლარი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- სარჩელის მე-2 ფაქტობრივი გარემოებით, დავალიანების შესახებ ცნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლოს მოცულობა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე ი-----–- ა------ს მოსარჩელე ს- ,,თ----- ბ----ს” სასარგებლოდ დაეკისროს 2993,17 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2393,46 ლარი, პროცენტი 522,71 ლარი და ჯარიმა - 77 ლარი.
მოპასუხე ი-----–- ა------ს მოსარჩელე ს- ,,თ----- ბ----ს” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 17 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან), 2013 წლის 27 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირ თანხაზე 2393,46 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 71,8 ლარს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, 361-ე, 867-ე, 868-ე მუხლის პირველი ნაწილი, 411-ე, 417-ე , 418-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამოაქვს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სარჩელი იმ ნაწილში, რომელშიც მოპასუხემ სარჩელი ცნო, კერძოდ: ძირი თანხის 2393,46 ლარის ნაწილში, უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია და მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. ი-----–- ა------ს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით.
სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მას სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. პროცენტი მას უნდა შეეტანა გრაფიკის მიხედვით. გრაფიკი შეიცავდა, როგორც ძირითადი გადასახდელის, ისე პროცენტის თანხასაც. მოპასუხემ გრაფიკის მიხედვით აღარ შეიტანა თანხა, შესაბამისად გადასახდელი დარჩა, როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი. რის გამოც მას გადასახდელი აქვს სარგებელი 522,71 ლარის ოდენობით. ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად ი-----–- ა------ს უნდა დაეკისროს ასევე ს- ,,თ----- ბ----ს” სასარგებლოდ 2017 წლის 17 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან), 2013 წლის 27 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირ თანხაზე 2393,46 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 71,8 ლარს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შორის წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
მხარეთა მიერ, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ, პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 770,64 ლარის ოდენობით, შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს 77 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
გამომდინარე ზემოაღნიშნული მუხლებიდან, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ი-----–- ა------ს მოსარჩელე ს- ,,თ----- ბ----ს” სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 116,35 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის 223,12 ლარის გადახდა. ასევე, მოსარჩელე ს- „თ----- ბ----“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 35,9 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ს- „------- ბ----ს“ სარჩელი ი-----–- ა------ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხე ი-----–- ა------ს მოსარჩელე ს- ,,თ----- ბ----ს” სასარგებლოდ დაეკისროს 2993,17 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 2393,46 ლარი, პროცენტი - 522,71 ლარი და ჯარიმა - 77 ლარი.
3. მოპასუხე ი-----–- ა------ს მოსარჩელე ს- ,,თ----- ბ----ს” სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 17 ნოემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან), 2013 წლის 27 აპრილის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირ თანხაზე 2393,46 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 71,8 ლარს.
4. მოპასუხე ი-----–- ა------ს მოსარჩელე ს- ,,თ----- ბ----ს” სასარგებლოდ, დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 116,35 ლარის გადახდა, მოსარჩელე ს- ,,თ----- ბ----” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 35,9 ლარი, ხოლო 35,9 ლარი, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით გადახდილად.
ი-----–- ა------ს მოსარჩელე ს- „------- ბ----ს“ სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის 223,12 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შოთა სირაძე