გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080310018002697022
საქმე № 3/702-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
06 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ანა გაბრიჭიძე
მოსარჩელე - ე---------–--–-----ა
მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ--------------ი
მოპასუხე - სსიპ ქ. ბაღდათის N24 საჯარო სკოლა
დირექტორი - ე-–---------------ე
მოპასუხის წარმომადგენელი - მ-------------------ე
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებული იქნეს ე----------–--–-----ას (პ/ნ 6----------) 1994 – 1996 წლებში ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში (დღევანდელი სსიპ ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღებისა და ატესტატის გაცემის ფაქტი.
მოსარჩელის განმარტებით, ე----------–--–-----ა 1994-1996 წლებში სწავლობდა ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში, რომლის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს ქუთაისის N24 საჯარო სკოლა, აღნიშნული სკოლის დამთავრების შემდეგ მან მიიღო ატესტატი, რომელიც დაკარგა. სწავლის პერიოდში ე----------–--–-----ას გვარი იყო ცარეგოროდცევი, რომელიც მოგვიანებით, ლიცეუმის დასრულებისთანავე შეიცვალა და გადავიდა დედის გვარზე. ე----------–--–-----ა აღნიშნავს, რომ გადაწყვიტა უმაღლესი განათლების მიღება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამხედრო ლიცეუმს მონაცემები არ დაუარქივებია და მისი საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი ცენტრალურ არქივში არ არის დაცული, არც ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლაში არსებობს სამხედრო ლიცეუმში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რადგან სრულად დაიწვა და განადგურდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ ქალაქ ქუთაისი N24 სკოლის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და დაადასტურა ე----------–--–-----ას 1994 – 1996 წლებში ქ. ქუთასში, ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში საბაზო საფეხურის განათლების მიღების ფაქტი.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ ე------------------------–-----------–ევმა 1996 წლის 10 ივლისს დაასრულა ქ. ქუთაისის სამხედრო ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების N 1----- ატესტატი, ასევე საშუალო განათლების ატესტატის N1----- დანართი საბოლოო შეფასების უწყისით ირკვევა, რომ ე------------------------–-------------–--მა 1996 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის სამხედრო ლიცეუმი სანიმუშო ყოფაქცევით და მასზე გაიცა საბოლოო შეფასების უწყისი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საშუალო განათლების N 1----- ატესტატი (იხ. ს.ფ. 88);
- საშუალო განათლების ატესტატის N1----- დანართი (იხ. ს.ფ. 11);
3.1.2. საქმეში წარმოდგენილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2010 წლის 01 ოქტომბრის ცნობით, ირკვევა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წელ 15 სექტემბრის N448 და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 იანვრის N70 ბრძანების თანახმად ქუთაისის სამხედრო ლიცეუმი ჩამოყალიბდა როგორც ქუთაისის N47 საჯარო სკოლა.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2007 წლის 02 მარტის წერილით ირკვევა, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N52, 24/01/07 წ. ბრძანების თანახმად რეორგანიზებულ იქნა ქუთაისის N47 და N49 საჯარო სკოლები და მიუერთდა ქუთაისის N48 საჯარო სკოლას.
ქალაქ ქუთაისის თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საგანგებო სიტუაციების მართვის საქალაქო სამსახური 2007 წლის 03 დეკემბრის ცნობით, ირკვევა, რომ 2007 წლის 29 ნოემბერს ქ. ქუთაისში ა------–-----–ის ქ. N88 - ში მდებარე N48-ე საჯარო სკოლაში ადგილი ჰქონდა ხანძრის შემთხვევას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობები (იხ. ს.ფ. 76-78)
3.1.3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 10 იანვრის წერილით MES 0 19 00018859 წერილით ირკვევა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ქ. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, ქუთაისის სამხედრო ლიცეუმი 2006 წელს ჩამოყალიბდა, როგორც ქუთაისის N47 საჯარო სკოლა (საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N70; 27.01.2006 წ) 2007 წელს ქუთაისის N47 საჯარო სკოლა შეუერთდა ქუთაისის N48 საჯარო სკოლას (საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბრძანება N52; 25.01.2007) ამავე წელს ქუთაისის N48 საჯარო სკოლაში ადგილი ქონდა ხანძრის შემთხვევას და განადგურდა სკოლის დოკუმენტაცია სრულად, ამიტომ არ მოიპოვება ინფორმაცია ედუარდ ცარეგორდცევის სწავლის (1994 -1996 წლებში) დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტაციის შესახებ.
წერილში აღნიშნულია, რომ ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის 04 აპრილის N385326 კორესპონდენციის შესაბამისად, სსიპ - ქალაქ ქუთაისის N47 საჯარო სკოლა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 24 იანვრის N52 ბრძანების საფუძველზე შეუერთდა სსიპ - ქალაქ ქუთაისის N48 საჯარო სკოლას, ხოლო საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს N73/ნ ბრძანებით სსიპ - ქალაქ ქუთაისის N48 საჯარო სკოლა შეუერთდა სსიპ - ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლას. ამავე კორესპონდენციის თანახმად, 2007 წელს სსიპ - ქალაქ ქუთაისის N48 საჯარო სკოლაში ადგილი ჰქონდა ხანძრის შემთხვევას და განადგურდა სკოლის დოკუმენტაცია სრულად, შეერთებული სსიპ - ქალაქ ქუთაისის N47 საჯარო სკოლის დოკუმენტაციასთან ერთად. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი თავის წერილში აღნიშნავს, რომ ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს ე----------–--–-----ას (ცარეგოროდცევი) მიერ ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში 1994-1996 წლებში მიღებული განათლების აღიარება, ვინაიდან დაწესებულება არ წარმოადგენს ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობა შეწყვეტილ დაწესებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 10 იანვრის წერილით MES 0 19 00018859 წერილი (იხ. ს.ფ. 56-57).
3.1.4. სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მოწმობით ირკვევა, რომ ე----------–-------------–--მა, 1996 წლის 16 ივლის, გვარის შეცვლის შემდეგ მიიღო გვარი -წ--–------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გვარის შეცვლის მოწმობა (იხ. ს.ფ. 12).
3.1.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------------–---–მა განმარტა, რომ იგი 1994 წლიდან და შემდგომ ასწავლიდა ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში, სადაც ნამდვილად სწავლობდა მოსარჩელე. მოწმის სახით დაკითხულმა ა--------–------იამ განმარტა, რომ 1994-1996 წლებში მოსარჩელესთან ერთად სწავლობდა ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში და დაადასტურა ე----------–-------------–--ის (წ--–------ს) ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში სწავლების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმეთა ჩვენება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე----------–--–-----ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება; ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა არის - აღიარებული იქნეს ე----------–--–-----ას 1994 – 1996 წლებში ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში (დღევანდელი სსიპ ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღებისა და ატესტატის გაცემის ფაქტი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, ე----------–--–-----ამ 1996 წლის 10 ივლისს დაასრულა ქ. ქუთაისის სამხედრო ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების N 1----- ატესტატი.
საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ ქუთაისის სამხედრო ლიცეუმი 2006 წელს ჩამოყალიბდა, როგორც ქუთაისის N47 საჯარო სკოლა (საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N70; 27.01.2006 წ) 2007 წელს ქუთაისის N47 საჯარო სკოლა შეუერთდა ქუთაისის N48 საჯარო სკოლას (საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბრძანება N52; 25.01.2007) ამავე წელს ქუთაისის N48 საჯარო სკოლაში ადგილი ქონდა ხანძრის შემთხვევას და განადგურდა სკოლის დოკუმენტაცია სრულად, ამიტომ არ მოიპოვება ინფორმაცია ედუარდ ცარეგორდცევის სწავლის (1994 -1996 წლებში) დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტაციის შესახებ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 10 იანვრის წერილით MES 0 19 00018859 წერილში აღნიშნულია, რომ ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2018 წლის 04 აპრილის N385326 კორესპონდენციის შესაბამისად, სსიპ - ქალაქ ქუთაისის N47 საჯარო სკოლა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 24 იანვრის N52 ბრძანების საფუძველზე შეუერთდა სსიპ - ქალაქ ქუთაისის N48 საჯარო სკოლას, ხოლო საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 აგვისტოს N73/ნ ბრძანებით სსიპ - ქალაქ ქუთაისის N48 საჯარო სკოლა შეუერთდა სსიპ - ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლას. ამავე კორესპონდენციის თანახმად, 2007 წელს სსიპ - ქალაქ ქუთაისის N48 საჯარო სკოლაში ადგილი ჰქონდა ხანძრის შემთხვევას და განადგურდა სკოლის დოკუმენტაცია სრულად, შეერთებული სსიპ - ქალაქ ქუთაისის N47 საჯარო სკოლის დოკუმენტაციასთან ერთად.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის (ძველი რედაქციით 35-ე მუხლი) 27.1-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.
ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მიღებული განათლების საფუძველზე გააგრძელოს სწავლა, ან შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე ჰქონდეს შესაძლებლობა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის პერსპექტივა, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 27.1-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ე------------------ის ძე წ--–------მ (ცარეგოროდცევი) 1996 წლის 10 ივლისს დაასრულა ქ. ქუთაისის სამხედრო ლიცეუმი და მიიღო საშუალო განათლების N 1----- ატესტატი.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე----------–--–-----ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნეს ე----------–--–-----ას (პ/ნ 6----------) მიერ 1994 – 1996 წლებში ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში (დღევანდელი სსიპ ქალაქ ქუთაისის N24 საჯარო სკოლა) სრული ზოგადი განათლების მიღებისა და ატესტატის გაცემის ფაქტი.
3. ე----------–--–-----ას დაუბრუნდეს ნ--------------ის მიერ სარჩელზე 2018 წლის 29 ოქტომბერს სს "ლიბერთი ბანკის" მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (გადახდის ქვითარი №18374280, ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - ქ. თბილისი, ”სახელმწიფო ხაზინა”, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 3--------);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი