გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.02.2019
საქმის ნომერი
330310018002734128
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/7304-1-

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენლები- მ-------------ა, დ------–----ა

 

მოპასუხე - თ-------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - თ-------------ეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 1126,89 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და თ-------------ეს შორის 2014 წლის 12 აგვისტოს დაიდო #1----- ხელშეკრულება, ქ. თბილისი, ა---------.1--ში არსებულ ბინაში, დაცვითი სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების შესახებ. ამავე ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებული იყო უზრუნველყო დამკვეთის ობიექტზე დაცვითი სიგნალიზაციის სამონტაჟო სამუშაოების შესრულება, რაც დაცვის მიერ შესრულდა ჯეროვნად და სამუშაოს შესრულების შემდეგ 3.2.2. პუნქტის თანახმად, გაფორმდა დაცვითი სიგნალიზაციის სისტემის მიღება-ჩაბარების აქტი. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების საფასური შეადგენდა თვეში 155 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, კი მხარეთა შორის ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო საგადახდო დოკუმენტის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ დამკვეთის მიერ არ შესრულდა 2014 წლის 12 აგვისტოს #1----- და #1----- ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები. კერძოდ, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტები, რამაც გამოიიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა. ხელშეკრულების შეწყვეტის მოემტისთვის დაცვის მომსახურების ღირებულების დავალიანებამ შეადგინა - 379,61 ლარი, ხოლო დაცვითი სიგნალიზაციის მონტაჟის ღირებულების დავალიანებამ კი შეადგენა - 73,10 ლარი, რაც მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხის მიერ არ იქნა გადახდილი.

 

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 6 იანვრის #3---- წერილის საფუძველზე, მხარეთა შორის შეწყდა ხელშეკრულება და 2016 წლის 12 იანვარს გამოიცა #6---- ბრძანება დაცვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ, ხოლო 2016 წლის 06 მარტს მოიხსნა დროებით სარგებლობაში გადაცემული დაცვითი საგანგაშო სიგნალიზაციის აპარატურა და შედგა სათანადო ცნობა აპარატურის მოხსნისა და მისი ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.

 

N1----- ხელშეკრულების 2.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დაცვა უფლებამოსილია მოსთხოვოს დამკვეთს პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებული ვალდებულების 0,2 %-ის ოდენობით, რამაც წარმოდგენილი დარიცხვით შეადგინა 674,08 ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ მოითხოვა მოპასუხისათვის სიგნალიზაციის მონტაჟის 73,20 ლარის, დაცვის მომსახურების დავალიანების 379,61 ლარის, დარიცხული პირგასამტეხლოს 674,08 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 1126,89 ლარს.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე თ-------------ეს წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომებზე არ გამოცხადდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 12 აგვისტოს, თ-------------ესა (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება მონტაჟის შესახებ, რომლის თანახმად, ,,შემსრულებელი“ უზრუნველყოფდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას, დამკვეთის ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ა--------.1- გ, ბ------.

 

ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 73,20 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2014 წლის 12 აგვისტოს N1----- ხელშეკრულება (12-13).

 

3.1.2. 2014 წლის 12 აგვისტოს, თ-------------ესა (შემდგომში ,,დამკვეთად“ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დაცვა იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო თ-------------ის საცხოვრებელი ბინის და აგარაკის დაცვა, ხელშეკრულების დანართის #1-ით განსაზღვრულ მისამართებზე. დამკვეთი ვალდებული იყო ყოველ საანგარიშო თვეში გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 155,00 ლარი დღგ-ს ჩათვლით, (მათ შორის საცხოვრებელი ბინის დაცვის მომსახურების ღირებულება 70,00 ლარი და აგარაკის - 85,00 ლარი).

 

ამავე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამკვეთს“ პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2014 წლის 12 აგვისტოს N1----- ხელშეკრულება (15-17).

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 03 სექტემბრის N1------ ბრძანების თანახმად, 2014 წლის 03 სექტემბრიდან დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს „125“-ის განყოფილებას დაევალა უზრუნველეყო დაბა ტაბახმელაში მდებარე თ-------------ის ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. დაცვის ორგანიზაციის მთავარ სამმართველოს ,,125-ის’’ განყოფილებას დაევალა ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზაში შეყვანა, რიგითი ნომრით N0-------. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა დაცვის ორგანიზაციის მთავარ სამმართველოს პირველი სამმართველოს N125 განყოფილების უფროსის მოადგილეს ა. მჭედლიშვილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 03 სექტემბრის N1------ ბრძანება (ს.ფ. 20);

 

3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 12 იანვრის N6---- ბრძანებით, შეწყვეტილი იქნა თ-------------ის ობიექტის (ტაბახმელა) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. ამავე ბრძანებით დაცვის ორგანიზაციის მთავარ სამმართველოს ,,125-ის განყოფილებას დაევალა, რომ უზრუნველეყო ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზიდან №0------- რადიოგადამცემზე ჩართული ობიექტის გათიშვა და აღნიშნული რადიოგადამცემის დემონტაჟი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 12 იანვრის N6---- ბრძანება (ს.ფ. 22).

 

3.1.5. თ-------------ეს, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ, 2014 წლის 12 აგვისტოს N1----- ხელშეკრულების საფუძველზე, 201- წლის 07 ივნისის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება, ყოველთვიური მომსახურების - 379,61 (სამასსამოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდაერთი თეთრი) ლარი და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ ყოველ დღეზე 0,2% - 674,08 (ექვსასსამოცდათოთხმეტი ლარი და 08 თეთრი) ლარი.

 

201- წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით, მოპასუხე თ-------------ეს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ ერიცხება სიგნალიზაციის მონტაჟის დებიტორული დავალიანება 73,20 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 201- წლის 07 ივნისის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 24);

- 201- წლის 16 აგვისტოს ცნობა (ს.ფ. 23);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების მე-22 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს.

 

რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, აღნიშნული პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება. ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესრულებული იქნა 2014 წლის 12 აგვისტოს N1----- ხელშეკრულებისა (მონტაჟის) და 2014 წლის 12 აგვისტოს, N1----- ხელშეკრულებით არებული ვალდებულებები, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა გადახდილი დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟის ღირებულება 73,20 ლარი და დაცვის მომსახურების ღირებულება 379,61 ლარი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხე თ-------------ეს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 379,61 ლარის ოდენობით და ასევე დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟის ღირებულების გადახდა 73,20 ლარის ოდენობით.

 

6.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგადამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, შესრულებული ვალდებულების, დაკისრებული დავალიანებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე სასამართლო მოსარცელე მხარის მიერ მოთხოვნილ პირგასამტეხლოს - 674,08 ლარს, ა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნევს და თვლის, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და თ-------------ეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამავე დროს წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ითხოვდა მოპასუხე - თ-------------ისათვის 1126,89 ლარის გადახდას მოსარჩელის სასარგებლოდ, თუმცა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს - თ-------------ეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 552,81 ლარის გადახდა, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული თანხის პროპორციულად, რაც შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე - თ-------------ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 552,81 (ხუთას ორმოცდათორმეტი ლარი და ოთხმოცდაერთი თეთრი) ლარის ანაზღაურება, საიდანაც 73,10 (სამოცდაცამეტი ლარი და ათი თეთრი) ლარი არის სიგნალიზაციის მონტაჟის ღირებულება, 379,61 (სამას სამოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდაერთი თეთრი) ლარი არის დაცვის მომსახურების ღირებულება, ხოლო 100 (ასი) ლარი - პირგასამტეხლო.

 

3. მოპასუხე - თ-------------ეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 50,00 (ორმოცდაათი ლარი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი