გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.02.2019
საქმის ნომერი
330310018002735224
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/7337-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენლები- მ--------------, დ------–-----

 

მოპასუხე - შპს „ჯ-------------ი“

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - შპს „ჯ-------------ს“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს, დაცვის მომსახურებისა და სიგნალიზაციის მონტაჟის საფასურის - 957,90 ლარის ანაზღაურება (დაცვის მომსახურების და სიგნალიზაციის მონტაჟის ღირებულება).

 

1.2. მოპასუხე - შპს „ჯ-------------ს“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს, პირგასამტეხლოს სახით 159,55 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს „ჯ-------------ს“ შორის 2014 წლის 28 ივლისს და 2014 წლის 15 დეკემბერს დაიდო #1----- და #1----- დაცვითი საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-სანსტალაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ ხელშეკრულებები, რომლის თანახმადაც, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა ქ. თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის, ვ-----–------------, ო-----------–-------, მ-–-----–------------–--–-------------------------- და ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ჯ--------------------–- მდებარე ობიექტზე დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის მონტაჟი.

 

ამავე ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებული იყო უზრუნველყო დამკვეთის ობიექტზე დაცვითი სიგნალიზაციის სამონტაჟო-გასამართი სამუშაოების ჩატარება, საკუთარი ინვეტარით და სამუშაო ძალებით, რაც შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესრულდა ჯეროვნად და სამუშაოს შესრულების შემდეგ 3.2.2. პუნქტის თანახმად, 2014 წლის 31 ივლისს და 2014 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა დაცვითი სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტები. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების საფასური ერთ ობიექტზე შეადგენდა თვეში 75,70 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, ხოლო მეორე ობიექტზე 83,85 ლარს. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სამუშაო შესრულდა ჯეროვნად და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ. დამკვეთი, ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო გადაეხადა გაწეული სამუშაოს თანხა, თუმცა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ იქნა შესრულებული.

 

საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს „ჯ-------------ს“ შორის 2014 წლის 28 ივლისს დაიდო #1----- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დაცვა უზრუნველყოფდა დანაშაულის აღკვეთას, დამკვეთის სავალუტო-ლომბარდში, (მდებარე ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონის, ჯ-----------. 4-) მასში დანერგილ საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით. დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენდა 135,00 ლარს.

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხე - შპს „ჯ-------------ის“ მიერ ჯეროვნად არ შესრულდა 2014 წლის 28 ივლისის #1----- დაცვის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებული იყო უზრუნველყო დანაშაულის აღკვეთა დამკვეთის ობიექტზე, მასში დანერგილი სიგნალიზაციის მეშვეობით. ხელშეკრულების 1.2.; 2.1. და 2.2. პუნქტების თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 135 ლარის ოდენობით. რაც მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება. ამასთან, დამკვეთის მიერ 2017 წლის 28 დეკემბრის განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 02 იანვარს შეწყდა მომსახურება, თუმცა დარჩენილი დავალიანება მოპასუხეს არ გადაუხდია.

 

ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დამკვეთის მიერ არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, არსებული დავალიანება, ხელშეკრულების 6.1. პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე მხარემ მოითხოვა შპს „ჯ-------------ისათვის“ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებული ვალდებულების 0,02% ოდენობით დაკისრება, რაც ჯამში შეადგენს 194,99 ლარს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ მოითხოვა მოპასუხისათვის დაცვის მომსახურებისა და სიგნალიზაციის მონტაჟის საფასურის - 957,90 ლარის და და პირგასამტეხლოს სახით 159,55 ლარის დაკისრება.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს „ჯ-------------ს“ წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომებზე არ გამოცხადდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 28 ივლისს, შპს „ჯ-------------სა“ (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება მონტაჟის შესახებ, რომლის თანახმად, ,,შემსრულებელი’’ უზრუნველყოფდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულება, დამკვეთის ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ჯ-----------. #4--ში.

 

ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 75,70 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 28 ივლისის N1----- ხელშეკრულება (13-14).

 

3.1.2. 2014 წლის 15 დეკემბერს, შპს „ჯ-------------სა“ (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება მონტაჟის შესახებ, რომლის თანახმად, ,,შემსრულებელი’’ უზრუნველყოფდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულება, დამკვეთის ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ვ-----–------------, ო-----------–-------, მიწისქვეშა გასასვლელთან.

 

ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 83,85 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 15 დეკემბრის N1----- ხელშეკრულება (17-18).

 

3.1.3. 2014 წლის 28 ივლისს, შპს „ჯ-------------სა“ (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დაცვა უზრუნველყოფდა დანაშაულის აღკვეთას, დამკვეთის სავალუტო-ლომბარდში, (მდებარე ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონის, ჯ-----------. 4-) მასში დანერგილ საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით.

 

დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების ღირებულება, რომლის საფასური ერთ თვეზე შეადგენდა 135,00 ლარს.

 

ამავე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამკვეთს“ პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

2014 წლის 28 ივლისის N1----- ხელშეკრულება (21-22).

 

3.1.4. 2014 წლის 31 ივლისს, შპს „ჯ-------------სა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2014 წლის 28 ივლისის N1----- ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის და 2014 წლის 28 ივლისის N1----- ხელშეკრულების 6.4. პუნქტის თანახმად, შპს „ჯ-------------ის“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტსა და ლომბადში, მდებარე: ქ. თბილისი, ჯ-----------. 4--ზე შესრულდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი-ინსტალაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 31 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 16).

 

3.1.5. 2014 წლის 17 დეკემბერს, შპს „ჯ-------------სა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2014 წლის 15 დეკემბრის N1----- ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის და 2014 წლის 15 დეკემბრის N1----- ხელშეკრულების 6.4. პუნქტის თანახმად, შპს „ჯ-------------ის“ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, მდებარე: ქ. თბილისი, ვ-----–------------, ო-----------–-------, მიწისქვეშა გადასასვლელი, შესრულდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი-ინსტალაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 17 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 20).

 

3.1.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 06 აგვისტოს N1------ ბრძანების თანახმად, 2014 წლის 01 მაისიდან, დაცვის ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს დაევალა უზრუნველეყო ქ. თბილისში, ჯ--------------------–- მდებარე შპს „ჯ-------------ის“ ობიექტის აღრიცხვაზე აყვანა სათანადო ღონისძიებების გატარების მიზნით.

 

ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 01 აგვისტოს #1------ ბრძანების თანახმად, 2014 წლის 01 აგვისტოდან, დაცვის ორგანიზაციის მთავარ სამმართველოს პირველ სამმართველოს დაევალა უზრუნველეყო ქ. თბილისში, ჯ--------------------–- მდებარე შპს „ჯ-------------ის“ ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ,,125-ის’’ განყოფილებას დაევალა ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზაში შეყვანა, რიგითი ნომრით N0---8---. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს N125 განყოფილების უფროსს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 06 აგვისტოს N1------ ბრძანება (ს.ფ. 31).

- საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 01 აგვისტოს #1------ ბრძანება (ს.ფ.32)

 

3.1.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბრძანების თანახმად, 2018 წლის 02 იანვრიდან, დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს „125“-ის განყოფილებას დაევალა შეეწყვიტა ქ. თბილისი, ჯ-----------. 4--ში მდებარე შპს „ჯ-------------ის“ ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. დაცვის ორგანიზაციის მთავარ სამმართველოს ,,125-ის’’ განყოფილებას დაევალა უზრუნველყო ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზიდან #0---8--- რადიოგადამცემზე ჩართული ობიექტის გათიშვა. დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკურ სამსახურს დაევალა უზრუნველყო #0---8--- რადიოგადამცემის დემონტაჟი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბრძანება (ს.ფ. 23);

 

3.1.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2015 წლის 23 დეკემბრის #2------ ბრძანების თანახმად, 2015 წლის 26 დეკემბრიდან დაცვის ორგანიზაციის მთავარ სამმართველოს „125“-ის განყოფილებას დაევალა შეეწყვიტა ქ. თბილისი, ვ-----–------------, მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე შპს „ჯ-------------ის“ ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. დაცვის ორგანიზაციის მთავარ სამმართველოს ,,125-ის’’ განყოფილებას დაევალა უზრუნველყო ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზიდან #0---4--- რადიოგადამცემზე ჩართული ობიექტის გათიშვა. დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკურ სამსახურს დაევალა უზრუნველყო#0---4--- რადიოგადამცემის დემონტაჟი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2015 წლის 23 დეკემბრის #2------ ბრძანება (28).

 

3.1.9. შპს „ჯ-------------ს“ , შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ, 2014 წლის 28 ივლისის N1----- ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება, 993,34 ლარი, საიდანაც 798,39 არის დაცვის მომსახურების ღირებულება, ხოლო 194,99 ლარი - პირგასამტეხლო.

 

2018 წლის 14 მარტის მდგომარეობით, მოპასუხე შპს „ჯ-------------ს“ შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ ერიცხება სიგნალიზაციის მონტაჟის დებიტორული დავალიანება 159,55 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 27 თებერვლის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 35);

- 2018 წლის 14 მარტის ცნობა (ს.ფ. 33);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების მე-22 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო განმარტრავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს.

 

რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, აღნიშნული პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361- ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება. ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული დაცვის მომსახურების შესახებ 2014 წლის 28 ივლისის N1-----, მონტაჟის შესახებ, 2014 წლის 28 ივლისს #1----- და 2014 წლის 15 დეკემბერს კი #1----- ხელშეკრულებების პირობები, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა გადახდილი დაცვის მომსახურების და მონტაჟის ღირებულება 957,90 ლარის ოდენობით, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხე შპს „ჯ-------------ს“ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 798,35 ლარის ოდენობით, ასევე სიგნალიზაციის მონტაჟის ღირებულების ანაზღაურება 159,55 ლარის ოდენობით (ჯამში 957,90 ლარი ).

 

6.3. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგადამტეხლოს დაკისრების თაობაზეც, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2014 წლის 28 ივლისს გაფორმებული N1----- ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდენენ, რომ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალიწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამკვეთს“ პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მომსახურეობის ყოველთვიური ღირებულების ანაზღაურების შესახებ, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 159,55 ლარის გადახდა (მართალია 27.08.2018წ. ცნობაში პირგასამტეხლოს ოდენობად მითითებულია 194,99 ლარი, თუმცა სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებით).

 

6.4. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე შპს „ჯ-------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების და სიგნალიზაციის მონტაჟის დავალიანების გადახდა - 957,90 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლოს გადახდა - 159,55 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს - შპს „ჯ-------------ს, მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე - შპს „ჯ-------------ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურების და სიგნალიზაციის მონტაჟის ღირებულების ანაზღაურება 957,90 (ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით;

 

3. მოპასუხე - შპს „ჯ-------------ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 159,55 (ას ორმოცდაცხრამეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით;

 

4. მოპასუხეს - შ----------------------ს, მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი