გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.01.2019
საქმის ნომერი
330310018002490303
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3587-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

მოსარჩელე: ალ-----–--- (A--------, დაბ: 20.03.1---–.);

წარმომადგენელი: ნ-------–-ძე;

მოპასუხე:საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი;

წარმომადგენელი: მ---------–-----–---

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 1------ის №0------------- შეტყობინება;

 

1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2018 წლის 2--------ს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ალ-----–---მა (A--------, დაბ: 20.03.1---–.) საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

 

2018 წლის 1--------–ს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ალ-----–---ს ჩაუტარა ანკეტირება და განმცხადებელი დაარეგისტრირა თავშესაფრის მაძიებელ პირად.

 

ანკეტირებისას ალ-----–---მა წარმოშობის ქვეყნის დატოვების მიზეზად დაასახელა ის გარემოება, რომ იგი 2010 წელს, პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით, სამი თვით დაკავებული იქნა თურქეთის პოლიციის მიერ, თუმცა აღნიშნავს, რომ მას ცილი დასწამა გოგონამ, ვისთანაც ჰქონდა ურთიერთობა და შემდეგ დაშორდა. აღნიშნულის გამო თავშესაფრის მაძიებელმა ყველაფერი გაყიდა და 2012 წელს ჩამოვიდა საქართველოში. განმცხადებელი ასევე მიუთითებს, რომ 2015 წელს აღნიშნულ საქმეზე თურქეთის სასამართლომ მას 4 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ მას არ სურს, რომ განხორციელდეს მისი თურქეთში ე------------ება, ვინაიდან დაბრუნების შემთხვევაში იმ გოგოს ოჯახი არ მოასვენებს და არ იქნება დაცული მისი სიცოცხლის უფლება. ალ-----–---ი ასევე მიუთითებს, რომ თურქეთში აღარაფერი აქვს, არ მოსწონს იქაური ცხოვრების წესი და სურს საქართველოში დარჩენა, რადგან აქ, ბიზნესიდან გამომდინარე, ბევრი გეგმები აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ალ-----–---ის 2018 წლის 2--------ის განცხადება (ს.ფ. 113);

-თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა (ს.ფ. 97-106);

 

3.1.2. დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2018 წლის 10 მაისს ალ-----–---თან ჩაატარა გასაუბრება. გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ეთნიკურად თურქი, აღმსარებლობით სუნიტი მუსლიმი, ალ-----–---ი დაიბადა 19---–-–------------ს, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ჩორუმში. წარმოშობის ქვეყნის დატოვებამდე იგი ცხოვრობდა ქ----------–------–---------------–------–-----------------ში. განმცხადებელი მიუთითებს, რომ თურქეთში, ქ----------–- ცხოვრობს მისი უფროსი და და ორი ძმა, რომლებიც მიმტანებად მუშაობენ. ალ-----–---ი განქორწინებულია. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს სამი შვილი, რომელთაგან უფროსი ქალიშვილი ანტალიაში ცხოვრობს საკუთარ ოჯახთან ერთად, უმცროსი ქალიშვილი სამსუნის უნივერსიტეტში სწავლობს, ხოლო უმცროსი ვაჟი სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადის ქ. ანკარაში. ალ-----–---ის განმარტებით, მას საქართველოში ჰყავს პარტნიორი, საქართველოს მოქალაქე ვ--–----------–----ე, რომელიც 6 თვის ორსულია და რომელთანაც 5 წელია ცხოვრობს. თავშესაფრის მაძიებელს საშუალო განათლება აქვს მიღებული. მისი თქმით, პროფესია არ აქვს, თუმცა ძირითადად ბიზნესით იყო დაკავებული, ხოლო ბოლო 10 წელია ს----–----ია.

 

ალ-----–---ი მიუთითებს, რომ სკოლის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ 1995-1997 წლებში, მუშაობდა საუდის არაბეთის სამეფოში, მშენებლობის სფეროში. თურქეთში დაბრუნების შემდეგ, ქ----------–- გახსნა კაფე, რომელსაც 2005 წლამდე ამუშავებდა. მისივე განმარტებით, 2005 წელს, საკუთარ კაფეში შელაპარაკება მოუვიდა 5-6 მაფიოზური წარმომავლობის პირთან, რომლებსაც მისგან ფულის მიღება სურდათ. ალ-----–---ი აღნიშნავს, რომ იგი კაფეში იჯდა მეგობრებთან ერთად, როდესაც მოულოდნელად განხორციელდა თავდასხმა. ის ჩუმად მივიდა საკუთარ მანქანასთან, საიდანაც აიღო მისი კუთვნილი იარაღი და გაისროლა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა. აღნიშნული ინციდენტის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ალ-----–---ი დააპატიმრეს. მან მოიხადა ხუთწლიანი სასჯელი და გათავისუფლდა 2010 წელს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, დაახლოებით 8-10 თვის განმავლობაში, ცხოვრობდა ქ----------–-. თავშესაფრის მაძიებელი მიუთითებს, რომ ამ პერიოდში ზემოაღნიშნულმა პირებმა რამდენჯერმე სცადეს აგრესიის გამოხატვა მის მიმართ, თუმცა მან ყველა შემთხვევაში მოახერხა გაქცევა. ალ-----–---ი აღნიშნავს, რომ დაპირისპირებისას ერთ-ერთი ადამიანი ფეხში დაიჭრა, რის გამოც დაკოჭლდა და სწორედ ამიტომ სურს მასზე შურისძიება. აღნიშნული პრობლემის გამო განმცხადებელმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და ქ----------–-, სხვა უბანში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც იგი 2-3 თვის განმავლობაში ცხოვრობდა და პრობლემები არ შექმნია.

 

გასაუბრების ოქმში ალ-----–---მა მიუთითა, რომ 2010 წელს ბარში გაიცნო ერთი ქალბატონი, რომელთანაც დაახლოებით ერთი თვე ან თვენახევარი ჰქონდა ურთიერთობა. მას შემდეგ, რაც მან ქალბატონი მიატოვა, ქალბატონმა საჩივარი შეიტანა სასამართლოში ალ-----–---ის მიმართ, პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით. თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, აღნიშნული ბრალდება არის სიცრუე და მეგობარმა ქალბატონმა ეს იმიტომ მოიგონა, რომ მის კუთვნილ ქონებას დაადგა თვალი. აღნიშნული ბრალდების გამო ალ-----–---ი 2011 წელს, სამი თვის განმავლობაში იხდიდა პირობით სასჯელს, სამი ათასი თურქული ლირის გადახდის სანაცვლოდ კი იგი 2011 წლის მე-6 თვეს გაათავისუფლეს. პარალელურად გრძელდებოდა გამოძიება. განმცხადებელი, გათავისუფლების შემდეგ, დაახლოებით 1-2 თვის განმავლობაში ცხოვრობდა საკუთარ ძმასთან, რა დროსაც მას პრობლემები არ შექმნია, შემდეგ კი ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეშინოდა იმ პირების შურისძიების, ვისთანაც 2005 წელს მოუვიდა დაპირისპირება.

 

ალ-----–---ი საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა. მისი განმარტებით, საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში კუთვნილი ქონება გაყიდა და მის ხელთ არსებული კაპიტალით წამოიწყო ბიზნესი ქ---------–ი. მან ხოფა ბაზარში იყიდა მაღაზია. ამავდროულად ჰქონდა ორი დისკობარი და რესტორანი ,,მა-----“ ქ---------–ი, ხოლო ამჟამად ფლობს სილამაზის სალონს გ------ში. თავშესაფრის მაძიებელი 2018 წლის 13 მარტს ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს, რადგან იძებნება თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებისა და ინტერპოლის მიერ, პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით. გასაუბრების ოქმში მითითებულია, რომ ალ-----–---ს არ სურს თურქეთის რესპუბლიკაში დაბრუნება იმის გამო, რომ ის პირები, რომლებთანაც 2005 წელს მოუვიდა დაპირისპირება, შურს იძიებენ მასზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა (ს.ფ. 97-106);

-თავშესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრების ოქმი (79-93);

 

3.1.3. დადგენილია, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილებამ ალ-----–---ის საქმეზე შეადგინა დასკვნა. დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც თავად თავშესაფრის მაძიებელმა გადმოსცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გასაუბრების დროს. დასკვნაში განმარტებულია, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ალ-----–---ი (A--------, დაბ: 20.03.1---–.) ვერ აკმაყოფილებს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ალ-----–---ი (A--------, დაბ: 20.03.1---–.) ვერ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად.

 

ამდენად, სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ალ-----–---ს (A--------, დაბ: 20.03.1---–.) უარი ეთქვას, როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნა (ს.ფ. 72-78);

 

3.1.4. ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპასუხე მხარის მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ,,გაეროს სპეციალური მომხსენებელი ნილს მელზერი თავის ანგარიშში აცხადებს, რომ იგი თურქეთის რესპუბლიკას 2016 წლის 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე პერიოდში ეწვია, რა დროსაც, მისი მანდატის გათვალისწინებით, შეუზღუდავი წვდომა ჰქონდა ყველა იმ ადგილში, სადაც შეიძლება პირს შეეზღუდოს თავისუფლება. გარდა ამისა, მას და მის ჯგუფს მიეცათ შესაძლებლობა გასაუბრებოდნენ პატიმრებსა და დაკავებულებს პერსონალურად, ზედამხედველობის გარეშე. მომხსენებელი ამბობს, რომ ეწვია ქ. ანკარაში სინჩანის ციხის კომპლექსს, მათ შორის F-ტიპის მაღალი უსაფრთხოებისა და E-ტიპის დახურულ ციხეებს დიარბაქირში, მათ შორის მამაკაცთა, ქალთა და არასრულწლოვანთა სექტორებს; სანლიურფას კონტრ-ტერორისტული პოლიციის კარცერს და ქ. სტამბოლში სილივრის პენიტენციური კამპუსის #9 დახურულ ციხეს. მომხსენებელი ამბობს, რომ აღნიშნული დაკავების ცენტრებსა და საპატიმროებში მათ (მან და მისმა ჯგუფმა) ჩაატარეს პერსონალური ინტერვიუები, ზედამხედველობის გარეშე, უამრავ მამაკაც, ქალბატონ და არასრულწლოვან პატიმართან, მათ შორის მათთან, ვინც დაკავებული/დაპატიმრებულია სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირის ბრალდებით ან სხვა სახის სისხლის სამართლის დანაშაულების გამო. მოხსენებაში მე-3 თავად გამოტანილია ,,გადატრიალების შემდგომი დაკავებები“, სადაც ვკითხულობთ - ,,დაკავებულების/დაპატიმრებულებისა და მათი ადვოკატების ჩვენებების თანახმად, სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდგომ დღეებსა და კვირებში, წამება და არაადამიანური მოპყრობა ფართოდ იყო გავრცელებული, განსაკუთრებით კი პოლიციის, ჟანდარმერიისა და სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული დაკავებების დროს. ჩემი ბევრი თანამოსაუბრე აცხადებდა, რომ სამართალდამცავები აყენებდნენ შეურაცხყოფას ყველას, ვინც მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილად მიიჩნეოდა. თუმცა, ამ პირველი ფაზის შემდეგ, რომელიც თვითნებობით გამოირჩეოდა, ჩანს, რომ არაადამიანურ მოპყრობას ადგილი საერთოდ აღარ აქვს (გაქრა). ზოგადი ხასიათის ვერბალური მუქარების გარდა, ჩემს გუნდს არ მიუღია არანაირი ბრალდება ან მტკიცებულება მიმდინარე წამებისა ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ იმ დაკავებულების/დაპატიმრებულების (როგორც მამაკაცები, ასევე ქალბატონები) მხრიდან, რომლებიც გადატრიალების მცდელობასთან კავშირის გამო არიან დაპატიმრებულები“.

 

,,EASO-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე წყარო მიუთითებს თურქეთის ციხეებში განხორციელებული არაერთი პოზიტიური ცვლილების შესახებ. მაგალითად, როგორიცაა ციხის პირობებისა და ციხეში ზედამხედველობის გაუმჯობესება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, ციხეების მდგომარეობა თურქეთში იყო არაადეკვატური და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო. თუმცა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი 2017 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში თურქეთის შესახებ უკვე წერს, რომ ციხის პირობები ზოგადად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, ცალკეული გამონაკლისების გარდა. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ თურქეთის ციხეებში პოზიტიურ ცვლილებას აქვს ადგილი პრობლემების აღმოფხვრის კუთხით.

 

აღსანიშნავია, რომ ასევე მიღებული იქნა ზომები, რათა მომხდარიყო ციხის გადატვირთულობის თავიდან აცილება, ციხის შესაძლებლობების გათვალისწინებით და ასევე პრობაციის სისტემის შემოღებით. დამონტაჟებულ იქნა ზედამხედველობის კამერები დაკავების ადგილების 97 პროცენტში და საერთო ადგილებში, მათ შორის გასაუბრების ოთახებში. უფრო მეტიც, თურქეთის პარლამენტის ადამიანის უფლებათა საგამოძიებო კომისიასა და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე შექმნილ ორგანოებს შეუძლიათ ეწვიონ და მონიტორინგი განახორციელონ დაკავების ადგილებში. გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტი, თურქეთის რესპუბლიკასთან დაკავშირებით მე-4 პერიოდულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ თურქეთის ციხეებში გადატვირთულობა და სათანადო სამედიცინო დახმარება პრობლემას წარმოადგენს, რასთან დაკავშირებითაც სათანადო ზომები უნდა იყოს მიღებული. ციხეებში ადამიანის უფლებათა შემოწმების ფუნქციით შეიქმნა ომბუდსმენისა და ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ეროვნული ინსტიტუტები. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და ომბუდსმენის ინსტიტუტს აქვთ უფლება, წინასწარი შეთანხმების გარეშე, განახორციელონ ვიზიტი და დააკვირდნენ არსებულ პირობებს, მათ შორის სამხედრო ციხეებშიც.

 

დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისი 2016 წელს გამოქვეყნებულ წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციასა და სახელმძღვანელო პრინციპებში თურქეთის ციხეების შესახებ წერს, რომ ციხის პირობები ძირითადად განსხვავებულია და შესაძლოა, მძიმეც იყოს. მიუხედავად ამისა, მთავრობამ ციხის ძირითადი რეფორმის პროგრამა შეიმუშავა, რომლის თანახმადაც აშენდება ახალი საპატიმროები. პატიმართა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ბადრაგები მათ კარგად ეპყრობიან, თუმცა არის ცალკეული შემთხვევები არასრულწლოვანთა ციხეებში ცუდი მოპყრობის შესახებაც. შიდა მონიტორინგი არაადექვატურია. ზოგადად, თურქეთის ციხის პირობები არ არის სისტემატურად არაადამიანური და სიცოცხლისთვის საშიში იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამება) ზღვარს გაუტოლდეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნა (ს.ფ. 72-78);

 

3.1.5. გასაუბრების მასალებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2018 წლის 1------ს მიღებული იქნა №0------------- შეტყობინება, რომლის თანახმადაც ალ-----–---ს უარი ეთქვა საქართველოში როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 1------ის №0------------- შეტყობინება (ს.ფ. 61-62).

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო სასარჩელო განცხადებას, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

”ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ - ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს. კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ - ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, აქტის გამოცემის დროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს ორგანიზაციული გაგებით, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის, ალ-----–---ის უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, გასაჩივრებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 1------ის №0------------- შეტყობინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან - ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციასთან, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმსა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონთან.

 

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა; გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.

 

მოცემული კანონის მე-15 მუხლი ადგენს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. ანუ სახეზე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პირობა, როგორიცაა საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

სასამართლო მითითებული მუხლის დეფინიციის განმარტებისათვის ასევე მოიხმობს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის პირველი მუხლს, რომლის თანახმად ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.

 

დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს.

 

შიშის სუბიექტური ხასიათის გამო, კონვენციისეული განმარტება მოიცავს თავშესაფრის მაძიებელი პირის სუბიექტურ ელემენტს. შიშის ელემენტს - განწყობა და სუბიექტური მდგომარეობა - ემატება კვალიფიკაცია „საფუძვლიანი“. ეს ნიშნავს, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს არა მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობა, არამედ ისიც, რომ მისი განწყობა გამყარებულია ობიექტური გარემოებებით. ამდენად, ტერმინი ,,საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისგან და საფუძვლიანი შიშის არსებობის განსაზღვრისას აუცილებელია ორივე ელემენტის გათვალისწინება.

 

გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, იმ მნიშვნელობის გამო, რომელსაც განმარტება ანიჭებს სუბიექტურ ელემენტს - შიშს, აუცილებელია, შეფასდეს, რამდენად სარწმუნოა თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე საქმეში არსებული ფაქტები არ არის საკმარისად მკაფიო, აუცილებელი იქნება თავშესაფრის მაძიებლის პირადი და ოჯახური ვითარების, მისი კონკრეტული რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილების, სიტუაციის მისეული განმარტების და მისი პირადი გამოცდილების გათვალისწინება - ანუ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ აღნიშული პირის განცხადების ძირითადი მოტივი შიშია. შიში უნდა იყოს გონივრული. თუმცა გადაჭარბებული შიშიც შეიძლება იყოს საფუძვლიანი იმ შემთხვევაში, თუ საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია ამგვარი განწყობის დასაბუთება და გამართლება.

 

მანამ, სანამ სასამართლო დაადგენს შიშის ობიექტურს საფუძველს, სასამართლო განმარტავს, რომ ლტოლვილის ცნებიდან გამომდინარე, ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირს არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი წარმოშობის ქვეყანა. იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. შესაბამისად ზემოთხსენებულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებასთან - საფუძვლიან შიშთან ერთად სახეზე უნდა იყოს დევნა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებზე. ანკეტირებისას ალ-----–---მა წარმოშობის ქვეყნის დატოვების მიზეზად მხოლოდ ის გარემოება დაასახელა, რომ იგი 2010 წელს, პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით, სამი თვით დაკავებული იქნა თურქეთის პოლიციის მიერ, ხოლო 2015 წელს აღნიშნულ საქმეზე თურქეთის სასამართლომ მას 4 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსარჩელე ბრალდებას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მას ცილი დასწამა გოგონამ, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა და შემდეგ დაშორდა. ალ-----–---ი მიუთითებს, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში იმ გოგოს ოჯახი არ მოასვენებს და არ იქნება დაცული მისი სიცოცხლის უფლება, რის გამოც არ სურს თურქეთში ე------------ება. ასევე აღნიშნავს, რომ თურქეთში ყველაფერი გაყიდა, არ მოსწონს იქაური ცხოვრების წესი და სურს საქართველოში დარჩენა, რადგან აქ, ბიზნესიდან გამომდინარე, ბევრი გეგმები აქვს. ამასთან, გასაუბრებისას ალ-----–---მა თურქეთის დატოვების მიზეზად დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ 2005 წელს 5-6 მაფიოზური წარმომავლობის პირებთან დაპირისპირების შედეგად, მის მიერ დაჭრილმა პირებმა შესაძლოა მასზე შური იძიონ და საფრთხე შეუქმნან მის სიცოცხლეს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ ანკეტირებისას იგი სტრესის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც გამორჩა მიეთითებინა 2005 წელს მომხდარი დაპირისპირების შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ მაშინ როცა ალ-----–---მა, მასთან გასაუბრებისას, წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების ერთადერთ არსებით პრობლემად და საფრთხედ სწორედ 2005 წლის ინციდენტი დაასახელა, ასეთი პრობლების რეალურად არსებობის შემთხვევაში არ შეიძლებოდა, რომ მისი აღნიშვნა თავშესაფრის მაძიებელს გამორჩენოდა ანკეტირების დროს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელემ ვერცერთ ეტაპზე ვერ მიუთითა, თუ რაში გამოიხატებოდა მუქარა მისივე განმარტებით, მაფიოზური წარმომავლობის ადამიანების მხრიდან, იმ პირობებში, როცა იგი 2010 წელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდგომ, ორი წელი ცხოვრობდა თურქეთში და არანაირი პრობლემა არ შექმნია.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ალ-----–---ი საქართველოში ჩამოვიდა 2012 წელს, ხოლო საერთაშორისო დაცვის მინიჭების შესახებ (2018 წლის მარტში) მხოლოდ მას შემდეგ მიმართა სახელმწიფო ორგანოებს, რაც მოხდა მისი დაკავება ქართული სამართალდამცავი ორგანოების მიერ. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი ცალსახად მოწმობს, რომ მოსარჩელეს თურქეთში ე------------ება სწორედ თურქეთის სასამართლოს მიერ მისთვის მისჯილი სასჯელის მოხდისაგან თავის არიდების მიზნით არ სურს. მეტიც, ანკეტირებისას მოსარჩელემ თავად განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება თურქეთის სასამართლოს განაჩენს და დამატებით აღნიშნა, რომ წარმოშობის ქვეყანაში ყველაფერი გაყიდა, არ მოსწონს იქაური ცხოვრების წესი და სურს საქართველოში დარჩენა, რადგან აქ ბევრი გეგმები აქვს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის განმარტებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, ყველა შესაძლო ხერხით, მოიპოვოს თავშესაფარი საქართველოში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე დევნას წარმოადგენს სიცოცხლის ან თავისუფლებისათვის საფრთხე რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის გამო. ის თუ რამდენად გაუტოლდება სხვა ზიანის მომტანი ქმედება ან საფრთხე დევნას, დამოკიდებულია გარემოებებზე, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებს ახლავს, მათ შორის, ზემოთ აღნიშნულ სუბიექტურ ელემენტზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სუბიექტური შიშის ობიექტური საფუძველი - წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში ალ-----–---ის მიმართ ძალადობის განხორციელების ვარაუდის საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული ლტოლვილის ცნების განმსაზღვრელ ძირითად მოთხოვნას, კერძოდ, სახეზე არ არის ადამიანის უფლებების სისტემატურ შელახვაში გამოხატული დევნა ან დევნის განხორციელების რეალური შიში. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არგუმენტები, რის საფუძველზეც იგი შეიძლება ჩათვლილიყო დევნის მსხვერპლად. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელისათვის ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.3. რაც შეეხება, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხს, სასამართლო მიუთითებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.

 

ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ალ-----–---ს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შესაძლოა დაემუქროს პატიმრობა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კვლევა განახორციელა ასევე ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებით.

 

სასამართლო მიუთითებს, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპასუხე მხარის მიერ მოძიებულ ინფორმაციაზე, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთის ციხის პირობები არ არის სისტემატურად არაადამიანური და სიცოცხლისთვის საშიში იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამება) ზღვარს გაუტოლდეს. ამასთან, ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის - ,,EASO“-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ რამდენიმე წყარო მიუთითებს თურქეთის ციხეებში განხორციელებული არაერთი პოზიტიური ცვლილების შესახებ. მაგალითად, როგორიცაა ციხის პირობებისა და ციხეში ზედამხედველობის გაუმჯობესება. მიღებული იქნა ზომები, რათა მომხდარიყო ციხის გადატვირთულობის თავიდან აცილება, ციხის შესაძლებლობების გათვალისწინებით და ასევე პრობაციის სისტემის შემოღებით. დამონტაჟებულ იქნა ზედამხედველობის კამერები დაკავების ადგილების 97 პროცენტში და საერთო ადგილებში, მათ შორის გასაუბრების ოთახებში. უფრო მეტიც, თურქეთის პარლამენტის ადამიანის უფლებათა საგამოძიებო კომისიასა და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე შექმნილ ორგანოებს შეუძლიათ ეწვიონ და მონიტორინგი განახორციელონ დაკავების ადგილებში.

 

ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მოსარჩელე არ დადგება წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის რეალური რისკის წინაშე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის ალ-----–---ისათვის საქართველოში არც ლტოლვილის და არც ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლები.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევის, სხდომათა საჯაროობის პრინციპის დარღვევა, კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ სხდომის ჩატარების პროცედურების, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2018 წლის 1------ის №0------------- შეტყობინება კანონშესაბამისია, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება ”ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციისა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ამასთან, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტის მომზადება-გამოცემის წესის არსებითი დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქათველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ლტოლვილები – საჩივრებზე მათი ლტოლვილად არცნობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. ვინაიდან ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან (მოპასუხეს, იმავე კოდექსის 53-ე მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, ვერანაირი ხარჯის გადახდა ვერ დაეკისრება), სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები გაღებულია სახელმწიფოს მიერ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 32-ე, 33-ე, 2125-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-9, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 15 დღის განმავლობაში სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი