გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.01.2019
საქმის ნომერი
330310118002646400
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6045-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

მოსარჩელე: რ-----ნ (R-----, დაბ: 16.07.1---წ.);

წარმომადგენელი: ჯემალ გელოვანი;

მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი;

წარმომადგენელი: მ---------–-----–-ძე;

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 3-----------ს № MIA 7------------ შეტყობინება საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ (დაზუსტებული მოთხოვნა, 19.12.2018 წლის სხდომის ოქმი);

 

1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე (დაზუსტებული მოთხოვნა, 19.12.2018 წლის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 20---–-–----2 თებერვალს პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე რ-----ნმა (R-----, დაბ: 16.07.1---წ.) საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

 

20---–-–----3 თებერვალს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ რ-----ნს ჩაუტარა ანკეტირება და განმცხადებელი დაარეგისტრირა თავშესაფრის მაძიებელ პირად.

 

ანკეტირებისას რ-----ნმა წარმოშობის ქვეყნის დატოვების ძირითად მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ 2017 წლის 1 იანვარს იგი გახდა ქრისტიანი. ეს ამბავი სოფელში ხალხმა გაიგო, გაბრაზდნენ და მისი მოკვლა უნდოდათ, რის გამოც განმცხადებელი გაემგზავრა დ-----–ი, ხოლო შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-რ-----ნის 20---–-–---------------–-ს განცხადება (ს.ფ. 89);

-თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა (ს.ფ. 80-88);

 

3.1.2. დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2018 წლის 17 ივლისს რ-----ნთან ჩაატარა გასაუბრება. გასაუბრების შედეგად გამოირკვა, რომ პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, მისივე თქმით აღმსარებლობით კონვერტირებული კათოლიკე ქრისტიანი (კონვერტაციამდე მუსლიმი სუნიტი), ეროვნებით პაკისტანელი რ-----ნ დაიბადა 1--- წლის 16 ივლისს, ვაჰარის რაიონის სოფელ 543-ში, სადაც ცხოვრობდა მშობლებთან, 4 ძმასთან და დასთან ერთად. 20---–-–---------5 წლამდე განმცხადებელი სწავლობდა ვაჰარის რაიონის საშუალო სკოლაში. 2017 წლამდე დაკავებული იყო მიწათმოქმედებით, ხოლო 2017 წელს გაემგზავრა დ-----–ი, სადაც მუშაობდა მშენებლობაზე მუშად.

 

თავშესაფრის მაძიებლის განცხადებით, პრობლემები შეექმნა 2016 წელს, როდესაც გახდა ქრისტიანი (კათოლიკე). მამამ გაიგო მისი კონვერტაციის შესახებ და დაიწყო მისი გაკიცხვა. ბრაზით ეკითხებოდა, თუ რატომ შეიცვალა რელიგია და ამის გამო ემუქრებოდა მოკვლით, თუმცა რეალურად მამას არანაირი ქმედება არ განუხორციელებია. რ-----ნი საცხოვრებლად გადავიდა მეგობართან, ბურივალის რაიონში, რის შემდეგაც გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება. თავშესაფრის მაძიებლის თქმით, იგი რელიგიის შეცვლის გამო ოჯახიდან მოკვეთეს.

 

გასაუბრებისას რ-----ნმა აღნიშნა, რომ 2017 წლის იანვარში რელიგიური კონვერტაციის საფუძველზე მამასთან არსებული უთანხმოების გამო, დატოვა პაკისტანი და გაემგზავრა ქ. დ-----–ი. დ-----–ი მყოფმა მეზობლებთან სატელეფონო საუბრის დროს შეიტყო, რომ მამამისი მის მოსაკლავად ჩავიდა ქ. დ-----–ი. თავშესაფრის მაძიებლის განმარტებით, მან მამა შენობიდან გადმოხედვის დროს ქუჩაში შენიშნა. მისივე თქმით, იგი საქართველოში 2017 წლის ნოემბერში, პაკისტანის სამ მოქალაქესთან ერთად ჩამოვიდა, ვინაიდან ვიზა არ ჭირდებოდა და ეძებდა თავშესაფარს. ამდენად, გასაუბრების დროს რ-----ნმა წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შეუძლებლობის მიზეზად მისი რელიგიური კონვერტაციის გამო ოჯახის წევრებისგან და განსაკუთრებით მამისგან მომავალი საფრთხე დაასახელა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-თავშესაფრის მაძიებელი პირის ანკეტა (ს.ფ. 80-88);

-თავშესაფრის მაძიებელ პირთან გასაუბრების ოქმი (ს.ფ. 71-79);

 

3.1.3. დადგენილია, რომ საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რეგისტრაციისა და სტატუსის დადგენის განყოფილებამ რ-----ნის საქმეზე შეადგინა დასკვნა. დასკვნის პირველ ნაწილში აღწერილია ის ფაქტები და მოვლენები, რომელიც თავად თავშესაფრის მაძიებელმა გადმოსცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გასაუბრების დროს. დასკვნაში განმარტებულია, რომ პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე რ-----ნ (დაბ: 16.07.1---წ.) ვერ აკმაყოფილებს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 1A(2) მუხლითა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

 

პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე რ-----ნ (დაბ: 16.07.1---წ.) ვერ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძვლებს ჰუმანიტარული სტატუსის მისანიჭებლად.

 

ამდენად, სამმართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე რ-----ნს (დაბ: 16.07.1---წ.) უარი ეთქვას, როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რეგისტრაციისა და სტატუსის დადგენის განყოფილების დასკვნა (ს.ფ. 64-68);

 

3.1.4. მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ,,ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში პაკისტანში უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხი კომპლექსურია და მასზე გავლენას ახდენს ისეთი შიდა საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური და ეთნიკური კონფლიქტები და კონფესიათაშორისი ძალადობა. პაკისტანში უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენს, ასევე, საერთაშორისო დავები ინდოეთთან და ავღანეთთან, რაც პერიოდულად ძალადობის გაღვივებას იწვევს.

 

პაკისტანში პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას ძირითადად იწვევს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში არსებული არასტაბილური მდგომარეობა, რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია 2001 წელს, ავღანეთში თალიბანის რეჟიმის ჩამოგდების შემდეგ განვითარებული მოვლენებით. ავღანეთის თალიბანის ბევრმა წევრმა, საერთაშორისო კოალიციისგან თავის დაღწევის მიზნით, თავი შეაფარა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციას (North Western Frontier Province NWFP, ამჟამად Khyber Pakhtunkhwa) და ტომების მიერ ფედერალურად ადმინისტრირებულ ტერიტორიას (Federally Administrated Tribal Areas FATA). მსგავსი იდეოლოგიის პაკისტანური ჯგუფები მოექცნენ გავლენის ქვეშ და დაიწყეს ერთობლივად მოქმედება და ჩამოაყალიბეს შეიარაღებული ჯგუფების ფედერაცია. ყოველივე ამან გამოიწვია რეგიონის ე.წ. „თალიბანიზაცია“. მათი პოლიტიკა მოიცავს მკაცრ კონსერვატიულ ისლამურ პრინციპებს, რაც აისახება მშვიდობიანი მოქალაქეებისა და პაკისტანის ხელისუფლების წინააღმდეგ ძალადობაში.

 

პაკისტანის და ზოგადად რეგიონის უსაფრთხოებაზე კვლავ დიდ გავლენას ახდენს კონფესიათაშორისი ძალადობა. შიიტები, ასევე სუნიტებიც (მათ შორის ბარელვები და სუფისტები), აჰმადიები, ქრისტიანები და ინდუსები რელიგიურად მოტივირებული ძალადობის მსხვერპლნი არიან, განსაკუთრებით, რადიკალური შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან. კონფესიათაშორისი ძალადობის მსხვერპლთა უმეტესობა შიიტები არიან, რომლებიც პაკისტანის მოსახლეობის, დაახლოებით 25%-ს წარმოადგენენ; თუმცა, უკანასკნელ პერიოდში სამიზნეებად ე.წ. „არასაკმარისად მორწმუნე“ და „მოდერატორი“ სუნიტებიც იქცნენ. კონფესიათაშორისი ძალადობის მსხვერპლნი არიან ქრისტიანებიც; ხოლო აჰმადიები შეიარაღებული ექსტრემისტული დაჯგუფებების სამიზნეები არიან.

 

უკანასკნელ წლებში სინდჰის პროვინციაში პრობლემას წარმოადგენს ეთნიკური ძალადობა. კარაჩიში გაიზარდა დაძაბულობა მოჰაჯირებსა და პაშტუნებს შორის. ძალაუფლებისთვის ბრძოლამ ორ ჯგუფს შორის გამოიწვია პოლიტიკური მოძრაობების „Muttahadi Qaumi Movement“, „Awami National Party“, „Pakistan People's Party os „Pakistan Tehreek-e-Insaf" წევრების პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობები.

 

უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებაზე, ასევე, გავლენას ახდენს პაკისტანის ურთიერთობა მეზობელ ქვეყნებთან. ავღანეთის საზღვართან არსებული მდგომარეობა გახდა უფრო ძალადობრივი, რაც 2017 წელს განხორციელებულმა რამდენიმე იერიშმა გამოიწვია, რომლის დროსაც საზღვრის გადაკვეთაც მოხდა. ორივე ქვეყანა ადანაშაულებდა ერთმანეთს შეიარაღებული პირებისთვის საზღვრის მიღმა იერიშების განხორციელებაში. ექსპერტების მოსაზრებით, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ზრდა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ახლა ავღანეთს უკეთესი ურთიერთობა აქვს ინდოეთთან. პაკისტანსა და ინდოეთს შორის ურთიერთობა შეირყა 2016 წელს და 2017 წლის დასაწყისში ქაშმირში საკონტროლო ხაზის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო. ურთიერთობა დაიძაბა, ასევე, ირანთან, რომელიც ავღანეთისა და ინდოეთის მსგავსად, არ იწონებს პაკისტანის მიერ სუნიტი ამბოხებულების მხარდაჭერას და მზარდ კავშირებს საუდის არაბეთთან.

 

პაკისტანში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების შეფასებისას ასევე პოლიტიკურ და ეთნიკურ კონფლიქტებსა და კონფესიათაშორის ძალადობაზე ამახვილებს ყურადღებას ავსტრიის წითელი ჯვრის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციისა და თავშესაფრის კვლევის ცენტრი 2016 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ და ეთნიკური ნიადაგის ინციდენტებსა და რელიგიური ნიშნით ძალადობაზე.

 

„Human Rights Watch“ 2018 წლის ანგარიშში პაკისტანის შესახებ წერს, რომ ქვეყანა პოლიტიკურმა არეულობამ და არასტაბილურობამ მოიცვა მას შემდეგ, რაც პრემიერის პოსტზე ნავაზ შარიფი დაბრუნდა. გარდა იმისა, რომ უკანასკნელ წლებში პაკისტანმა განიცადა ისლამისტი შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმები, ბევრი ადამიანი, ასევე, შეეწირა სამართალდამცავ სტრუქტურებსა და რელიგიურ უმცირესობებზე გამიზნულ თავდასხმებს.

 

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში პაკისტანში უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ აღწერს პენჯაბის შტატში უსაფრთხოების მხრივ არსებულ ვითარებას. შეიარაღებული ჯგუფების ქსელი და ექსტრემისტები წარმოდგენილნი არიან პროვინციის სამხრეთ ნაწილში. პენჯაბში მებრძოლებს საშუალება აქვთ წარმართონ როგორც წვრთნა, რეკრუტირება და დაგეგმვა, ასევე განახორციელონ იერიშები. მათი ასეთი თავისუფლება მეტწილად გამოწვეულია სახელმწიფოს პოლიტიკური არჩევანით, რომელიც გულისხმობდა ჯიჰადისტებზე დაყრდნობას ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გასატარებლად. ბევრი მადრასა (ისლამური რელიგიური სასწავლებელი) განთავსებულია პროვინციის სამხრეთ ნაწილში. პენჯაბის ხელისუფლების მცდელობამ, დაეხურა მადრასები სამხრეთ ნაწილში, გამოიწვია რადიკალიზაცია პროვინციის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებშიც. 2016 წლის 27 მარტს ლაჰორში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, 2016 წლის აპრილში ხელისუფლებამ პროვინციაში ერთობლივი ოპერაცია დაიწყო, რომელშიც ჩართული იყო პაკისტანის არმია, რეინჯერები, პოლიცია და ანტი-ტერორისტული დეპარტამენტი. 2016 წელს შეიარაღებული მებრძოლების წინააღმდეგ 179 უსაფრთხოების ოპერაცია ჩატარდა.

 

პაკისტანის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემებით, 2016 წელს პენჯაბში 7 ტერორისტული შეტევა განხორციელდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელთან (25) შედარებით 69%-ით ნაკლებია. 2015 წელთან შედარებით 44%-ით იყო შემცირებული, ასევე, სამხედრო ოპერაციები 2016 წელს. 2017 წლის დასაწყისში პროვინციის დედაქალაქი ლაჰორი კვლავ იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული ინციდენტების ეპიცენტრი. 2017 წლის 13 თებერვალს თვითმკვლელმა ტერორისტმა ფარმაცევტების საპროტესტო აქციაზე 13 ადამიანი შეიწირა; ტერაქტის შედეგად 83 ადამიანი დაშავდა, 2017 წლის 5 აპრილს თვითმკვლელმა ტერორისტმა შეიწირა 6 ადამიანის სიცოცხლე; ინციდენტისას, რომლის სამიზნესაც აღწერის ჯგუფი წარმოადგენდა, 18 ადამიანი დაშავდა.

 

უსაფრთხოების კვლევის ცენტრის ინფორმაციით, 2016 წელს პენჯაბში ინციდენტების შედეგად სიკვდილის 425 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 2015 წლის მონაცემთან შედარებით 30%-ით მეტია. ცენტრის თქმით, სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებელი დაკავშირებული იყო სამხედრო ოპერაციებთან. სამხრეთ აზიის ტერორიზმის პორტალმა 2016 წელს ინციდენტების შედეგად სიკვდილის 244 ფაქტი დააფიქსირა, მათ შორისაა 84 მშვიდობიანი მოქალაქე, 21 უსაფრთხოების ძალების პერსონალი და 139 ტერორისტი. უსაფრთხოების კვლევის ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის პირველ მეოთხედში ინციდენტების შედეგად დაშავების 224 ფაქტი დაფიქსირდა (113 სიკვდილი და 111 დაშავება); აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 30%-ით ნაკლებია. 2017 წლის პირველ 5 თვეში სამხრეთ აზიის ტერორიზმის პორტალმა ინციდენტების შედეგად სიკვდილიანობის 102 ფაქტი დააფიქსირა; მათ შორის 12 იყო მშვიდობიანი მოქალაქე, 16 უსაფრთხოების ძალების პერსონალი და 74 შეიარაღებული მებრძოლი.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (ს.ფ. 103-106);

 

3.1.5. გასაუბრების მასალებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 3-----------ს მიღებული იქნა N MIA 7------------ შეტყობინება, რომლის თანახმადაც რ-----ნს უარი ეთქვა საქართველოში როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 3-----------ს № MIA 7------------ შეტყობინება (ს.ფ. 55-56).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი დასკვნა

სასამართლო გაეცნო სასარჩელო განცხადებას, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

”ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 23-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის და განცხადების განხილვის, ადმინისტრაციული გარიგების მომზადების, დადებისა და შესრულების წესს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ - სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ - ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს. კერძოდ, სადავო ურთიერთობის ერთ - ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ორგანიზაციული გაგებით, აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და იგი შეიცავს მოწესრიგებას, წყვეტს, კონკრეტული პირის, რ-----ნის უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად, გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 3-----------ს № MIA 7------------ შეტყობინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან - ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციასთან, ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმსა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონთან.

 

,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) შექმნას თავშესაფრის პროცედურისთვის საჭირო სამართლებრივი ჩარჩო; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირისა და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა; გ) უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურა ამ კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვის მექანიზმების გამოყენებით.

 

მოცემული კანონის მე-15 მუხლი ადგენს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო, და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს არ მიენიჭება ლტოლვილის სტატუსი, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებს. ანუ სახეზე არ არის ისეთი მნიშვნელოვანი პირობა, როგორიცაა საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

 

სასამართლო მითითებული მუხლის დეფინიციის განმარტებისათვის ასევე მოიხმობს ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის 28 ივლისის კონვენციის პირველი მუხლს, რომლის თანახმად ამ კონვენციის მიზნებისათვის ,,ლტოლვილი” ვრცელდება ნებისმიერ პირზე, რომელიც: (1) მიიჩნევა ლტოლვილად 1926 წლის 12 მაისისა და 1928 წლის 30 ივნისის ან 1933 წლის 28 ოქტომბრისა და 1938 წლის 10 თებერვლის კონვენციებით, 1939 წლის 14 სექტემბრის ოქმით ან ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით; ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მისი საქმიანობის პერიოდში მიღებული დადგენილებები სტატუსზე არაუფლებამოსილების შესახებ ხელს არ შეუშლის იმას, რომ ლტოლვილების სტატუსი მიენიჭოს იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს; (2) 1951 წლის 1 იანვრამდე მომხდარი მოვლენების შედეგად და საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით, ან არ გააჩნია რა გარკვეული მოქალაქეობა და მსგავს მოვლენათა შედეგად იმყოფება რა თავის ადრინდელი საცხოვრებელი ქვეყნის გარეთ, არ შეუძლია ან ამგვარი შიშის გამო არ სურს იქ დაბრუნება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენცია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებულ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, 1951 წლის კონვენციისეული ზემოთ მოყვანილი ცნება შედგება დამდგენი პირობებისგან, რომლებიც აყალიბებს იმის განსაზღვრის კრიტერიუმებს, არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი პირი ლტოლვილი, რომელზე დაყრდნობითაც განისაზღვრება ლტოლვილის სტატუსთან აღნიშნული პირის შესაბამისობა. ეს პირობები ადგენს შემდეგ საფუძვლებს: დევნის საფუძვლიანი შიში; დევნა, რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის მიზეზით; მოქალაქეობის/ყოფილი საცხოვრებელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.

 

დევნა, ასევე დევნის საფუძვლიანი შიში უკავშირდება პიროვნების ისეთ პირობებში ყოფნას, როდესაც მის მიმართ სისტემატურად ხორციელდება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით აღიარებული უფლებების დარღვევა, ხოლო პირი ქვეყნის ხელისუფლებისგან ვერ იცავს თავს, ერთ შემთხვევაში იმის გამო, რომ თავად ხელისუფლებისგან მოდის აღნიშნული ქმედებები, ხოლო მეორე შემთხვევაში ხელისუფლება ვერ ან არ იცავს მას. პიროვნება, რომელიც უარს განაცხადებს წარმოშობის ან საცხოვრებელი ქვეყნის დაცვაზე, მხოლოდ მაშინ მიიჩნევა ლტოლვილად, თუ სურვილის არქონა უკავშირდება დევნის დასაბუთებულ შიშს.

 

შიშის სუბიექტური ხასიათის გამო, კონვენციისეული განმარტება მოიცავს თავშესაფრის მაძიებელი პირის სუბიექტურ ელემენტს. შიშის ელემენტს - განწყობა და სუბიექტური მდგომარეობა - ემატება კვალიფიკაცია „საფუძვლიანი“. ეს ნიშნავს, რომ პირის ლტოლვილის სტატუსს განსაზღვრავს არა მხოლოდ შესაბამისი პირის განწყობა, არამედ ისიც, რომ მისი განწყობა გამყარებულია ობიექტური გარემოებებით. ამდენად, ტერმინი ,,საფუძვლიანი შიში“ შედგება სუბიექტური და ობიექტური ელემენტებისგან და საფუძვლიანი შიშის არსებობის განსაზღვრისას აუცილებელია ორივე ელემენტის გათვალისწინება.

 

გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, იმ მნიშვნელობის გამო, რომელსაც განმარტება ანიჭებს სუბიექტურ ელემენტს - შიშს, აუცილებელია, შეფასდეს, რამდენად სარწმუნოა თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ წარმოდგენილი ფაქტებიდან გამომდინარე საქმეში არსებული ფაქტები არ არის საკმარისად მკაფიო, აუცილებელი იქნება თავშესაფრის მაძიებლის პირადი და ოჯახური ვითარების, მისი კონკრეტული რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, სოციალური ან პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილების, სიტუაციის მისეული განმარტების და მისი პირადი გამოცდილების გათვალისწინება - ანუ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინება, რაც შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ აღნიშული პირის განცხადების ძირითადი მოტივი შიშია. შიში უნდა იყოს გონივრული. თუმცა გადაჭარბებული შიშიც შეიძლება იყოს საფუძვლიანი იმ შემთხვევაში, თუ საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით შესაძლებელია ამგვარი განწყობის დასაბუთება და გამართლება.

 

მანამ, სანამ სასამართლო დაადგენს შიშის ობიექტურს საფუძველს, სასამართლო განმარტავს, რომ ლტოლვილის ცნებიდან გამომდინარე, ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირს არ აქვს არჩევანის შესაძლებლობა, დატოვოს თუ არა თავისი წარმოშობის ქვეყანა. იგი იძულებულია მოიქცეს ასე დევნის საფუძვლიანი შიშის გამო. შესაბამისად ზემოთხსენებულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებასთან - საფუძვლიან შიშთან ერთად სახეზე უნდა იყოს დევნა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ იგი ისლამიდან კონვერტირებული ქრისტიანია (კათოლიკეა), რის გამოც წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. გასათვალისწინებელია, რომ რ-----ნმა აღნიშნულ საკითხზე ანკეტირებისას და გასაუბრებისას განსხვავებული პოზიციები დააფიქსირა. კერძოდ, ანკეტირებისას მიუთითა, რომ მის მიერ რელიგიის შეცვლის შესახებ გაიგეს სოფლის მაცხოვრებლებმა, გაბრაზდნენ და სურდათ მისი მოკვლა, ხოლო გასაუბრებისას განმარტა, რომ რელიგიის შეცვლის გამო საფრთხე ემუქრებოდა ოჯახისგან, განსაკუთრებით მამისგან. ამასთან, გასაუბრებისას მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დ-----–ი ყოფნისას მას დაუკავშირდნენ მეზობლები და შეატყობინეს, რომ მამამისი დ-----–ი მის მოსაკლავად ჩავიდა. ამდენად, რ-----ნის თქმით, მეზობლებმა იგი ტელეფონით გააფრთხილეს, რომ საფრთხე ემუქრებოდა, მაშინ როცა ანკეტირებისას მოსარჩელემ მიუთითა, რომ საფრთხე სწორედ მის სოფელში მყოფი ხალხისგან, მეზობლებისგან მომდინარეობდა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე გასაუბრებისას, თავშესაფრის მაძიებელმა ვერ მიუთითა თუ რატომ შეიცვალა რელიგია და რატომ გახდა ქრისტიანი. ის მოტივი, რომ მოლები სხვადასხვა რაღაცებს ამბობდნენ და არ ქადაგებდნენ ყურანს, სასამართლოს არ მიაჩნია მისაღებ და დამაჯერებელ არგუმენტად, მაშინ როცა მოსარჩელემ ასეთი შემთხვევის ერთი კონკრეტული მაგალითიც ვერ მოიყვანა. ამასთან, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ რ-----ნს უბრალოდ მოეწონა ქრისტიანული რელიგია და ამიტომ გახდა ქრისტიანი, სასამართლოს მიერ ვერ გახდება მოსარჩელის ქრისტიანად კონვერტაციის სანდოდ მიჩნევის საფუძველი, იმ პირობებში, როცა გასაუბრებისას თავშესაფრის მაძიებელი არ ატარებდა ჯვარს, ვერ გაიხსენა ბიბლიის შინაარსი, სრულყოფილად ვერ გაიხსენა ათი მცნება, არ იცოდა თუ რა კათოლიკური დღესასწაულები არსებობს და როდის ტარდება ისინი, ასევე არ ფლობდა ინფორმაციას კათოლიციზმის სულიერი ლიდერის - რომის პაპისა და მისი რეზიდენციის ვატიკანში არსებობის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ გასაუბრებისას მისთვის დასმულ კითხვაზე თუ რამდენ დღეში შექმნა ღმერთმა სამყარო, რ-----ნმა მცდარად უპასუხა, რომ ერთ დღეში, ხოლო იესოს დედის სახელის შესახებ შეკითხვაზე კი განაცხადა, რომ მისი სახელია ჰ------ა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ რ-----ნი მისივე განმარტებით საქართველოში ჩამოვიდა 2017 წლის 1-----------ს, თავშესაფრის მიღების მიზნით, თუმცა საერთაშორისო დაცვის შესახებ განცხადებით მან მხოლოდ 20---–-–----2 თებერვალს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. ამასთან, იმ გარემოებაზე აპელირება, რომ მოსარჩელემ არ იცოდა როგორ მიემართა სამინისტროსთვის, რის გამოც ქვეყანაში ყოფნის სამი თვის მანძილზე ვერ მიმართა სახელმწიფო ორგანოებს, სასამართლოს უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ არგუმენტაციად მიაჩნია.

 

რაც, შეეხება საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებს მემკვიდრეობის ჩამორთმევის შესახებ, სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული სანდოდ, ვინაიდან აღნიშნული საბუთებიდან არ დგინდება გადაწყვეტილების მიმღების ვინაობა და არ იკითხება საბუთის შედგენის თარიღი. ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ ინფორმაცია განთავსებულია ქ------–-----ს ერთ-ერთ კომერციულ გაზეთში, რაც არ მეტყველებს მის ოფიციალურ ხასიათზე და მიჩნეული ვერ იქნება რაიმე გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელის განმარტებები ემსახურება ერთადერთ მიზანს, ყველა შესაძლო ხერხით, მოიპოვოს თავშესაფარი საქართველოში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ 1951 წლის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე დევნას წარმოადგენს სიცოცხლის ან თავისუფლებისათვის საფრთხე რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის გამო. ის თუ რამდენად გაუტოლდება სხვა ზიანის მომტანი ქმედება ან საფრთხე დევნას, დამოკიდებულია გარემოებებზე, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებს ახლავს, მათ შორის, ზემოთ აღნიშნულ სუბიექტურ ელემენტზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სუბიექტური შიშის ობიექტური საფუძველი - წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში რ-----ნის მიმართ ძალადობის განხორციელების ვარაუდის საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონითა და ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციით განსაზღვრული ლტოლვილის ცნების განმსაზღვრელ ძირითად მოთხოვნას, კერძოდ, სახეზე არ არის ადამიანის უფლებების სისტემატურ შელახვაში გამოხატული დევნა ან დევნის განხორციელების რეალური შიში. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ზემოხსენებული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული არგუმენტები, რის საფუძველზეც იგი შეიძლება ჩათვლილიყო დევნის მსხვერპლად. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელისათვის ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის საფუძველზე, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.3. რაც შეეხება, ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხს, სასამართლო მიუთითებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებისას იგი ამ კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის საფრთხის წინაშე დადგება.

 

ამავე კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სერიოზული ზიანია: ა) პირის მიმართ სასიკვდილო განაჩენი ან მისი სიკვდილით დასჯის საფრთხე; ბ) წარმოშობის ქვეყანაში პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა ან სასჯელი; გ) პირის სიცოცხლისთვის სერიოზული ინდივიდუალური საფრთხე განურჩეველი ძალადობის, საერთაშორისო ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.

 

სასამართლო მიუთითებს, მოსარჩელის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ,,ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისი (EASO) 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ ანგარიშში პაკისტანში უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ წერს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხი კომპლექსურია და მასზე გავლენას ახდენს ისეთი შიდა საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური და ეთნიკური კონფლიქტები და კონფესიათაშორისი ძალადობა. პაკისტანში უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენს, ასევე, საერთაშორისო დავები ინდოეთთან და ავღანეთთან, რაც პერიოდულად ძალადობის გაღვივებას იწვევს.“

 

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რ-----ნის ქრისტიანად კონვერტაციის ფაქტი სანდოდ არ იქნა მიჩნეული, სასამართლო იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მოსარჩელე არ დადგება სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის რ-----ნისათვის საქართველოში როგორც ლტოლვილის, ისე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საფუძვლები.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევის, სხდომათა საჯაროობის პრინციპის დარღვევა, კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ სხდომის ჩატარების პროცედურების, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის 2018 წლის 3-----------ს № MIA 7------------ შეტყობინება კანონშესაბამისია, ვინაიდან იგი არ ეწინააღმდეგება ”ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციისა და ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ამასთან, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული აქტის მომზადება-გამოცემის წესის არსებითი დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

”სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქათველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ლტოლვილები – საჩივრებზე მათი ლტოლვილად არცნობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. ვინაიდან ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან (მოპასუხეს, იმავე კოდექსის 53-ე მუხლის დებულებებიდან გამომდინარე, ვერანაირი ხარჯის გადახდა ვერ დაეკისრება), სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები გაღებულია სახელმწიფოს მიერ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20---–-–----6 სექტემბრის დროებითი განჩინება ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 32-ე, 33-ე, 2125-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-9, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 15 დღის განმავლობაში სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი