განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-478-18
(N012280518001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25.02.2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი მერი ლაბარტყავა,ბრალდების მხარე: პროკურორი - ხატია გოგრიჭიანი
დაცვის მხარე: ადვოკატები - შორენა ბაღაშვილი, ნინო გიგაური, მიხეილ მუზაშვილი
ბრალდებულები:
1. ა-----–-------ე
მამის სახელი: გ--
დაბადებული: 21.10.1--- წ.
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ. ქ. რუსთავი, რ---------–-----------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ” და „დ“ ქვეპუნქტით - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიწვევდა მნიშვნელოვან ზიანს, ჩადენილი არაერთგზის, ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
2. გ-----------------–---–ი
მამის სახელი: გ------ი
დაბადებული: 04.11.1--- წ.
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხ. ქ. რუსთავი, დ------------------------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიწვევდა მნიშვნელოვან ზიანს, ჩადენილი ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
სხდომის სახე: ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
2018 წლის 28 მაისს, დაახლოებით 03:40 საათზე, გ-----------------–---–ი, დ-------------ე და 2011 წლის 15 მარტის განმაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით ნასამართლევი ა-----–-------ე, წინასწარი შეთამნხმებით ჯგუფურად ცდილობდნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ ქ. რუსთავში, რ---------–----------ის ეზოში მდგარ ნ----------------–---–ის კუთვნილ “ტოიოტა-პრიუსის“ ფირმის ა/მანქანის სახ. #T-------- ნაწილებს, კერძოდ, ისინი ცდილობდნენ ლითონის ხელსაწყოების გამოყენებით მოეხსნათ ა/მანქანის კატალიზატორი, რისთვისაც მანქანის ქვეშ შედგმული ჰქონდათ ე.წ. „დომკრატი“. მანქანის წინა ნაწილის ქვეშ, ძირს იწვა გ-----------------–---–ი, რომელიც ხსნიდა კატალიზატორის ჭანჭიკებს, იქვე ჩაცუცქული ა-----–-------ე ეხმარებოდა და აწვდიდა ქანჩს. ასევე მანქანასთან იდგა დ-------------ე, რომელიც აკონტროლებდა სიტუაციას, რათა ქურდობის ჩადენისას არ შეემჩნიათ სხვა პირებს. მათ წაასწრეს პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაულის ჩადენისას, რის გამოც ა-----–-------ემ, გ-----------------–---–მა და დ-------------ემ ვერ შეძლეს ქურდობის დასრულება.
ა-----–-------ის, გ-----------------–---–ის და დ-------------ის ქმედებებით ნ----------------–---–ს მიადგებოდა 600(ექვსასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გაანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები ერთობლიობაში და მიიჩნია, რომ ა-----–-------ის და გ-----------------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ არის წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ა-----–-------ის და გ-----------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, შესაბამისად ისინი უნდა გამართლდნენ: ა-----–-------ე - საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ” და „დ“ ქვეპუნქტით და გ-----------------–---–ი - საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული ნ----------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს ქ. რუსთავში, რ---------–----------ში, მე-3 სართულზე. საკუთრებაში ჰყავს ლურჯი ფერის “ტოიოტა-პრიუსის“ ფირმის ა/მანქანა, სახ. #T--------. 2018 წლის 28 მაისს, ღამით ა/მანქანა გაჩერებული ჰყავდა ეზოში, ცხვირით სადარბაზოსკენ. გვიან, ეზოს მხრიდან შემოესმა ხმაური, გადაიხედა და დაინახა, რომ ერთი პირი ჰყავდათ დაკავებული პოლიციელებს. ეზოში ჩასვლისას პოლიციელებისგან გაიგო, რომ დაკავებულები ქურდავდნენ მის კუთვნილ ა/მანქანას. მან ა/მანქანის ადგილზე დათვალიერებაში მიიღო მონაწილეობა, ასევე დაესწრო ა/მანქანების ბაზრობაზე მისი მანქანის შემოწმებას, სადაც ხელოსნისგან გაიგო, რომ ა/მანქანის 1 ან 2 ბოლტი იყო მოშვებული. მისივე განმარტებით, ა/მანქანა ე.წ. „დომკრატით“ ალბათ არ იყო აწეული, რადგან ა/მანქანაში ჩაჯდომისას ვერ იგრძნო. ახსოვს ასევე, რომ პოლიციელებმა ჩანთა მანქანის ქვეშიდან რომ გამოიღეს, ე.წ. „კლუჩებთან“ ერთად დააწყეს და შემთხვევის ადგილი ისე დაასურათეს. მისი განმარტებითვე, კატალიზატორის წასაღებად „გლუშიტელი“ უნდა ჩაეხსანათ, რაც ჩახსნილი არ იყო(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–------–--ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 28 მაისის ღამეს იყო მორიგე. დაახლოებით ღამის 3 სთ-ზე ზ--------–--–---–თან და კ---------–--ესთან ერთად ფეხით მოძრაობდა რ---------–------------- კორპუსის ეზოში შესვლისას შემოესმათ რკინასთან შეხების ხმა, რაც საეჭვოდ მოეჩვენათ. 10-15 მ-ში ამოეფარნენ ხეს და სამივე მიპარვით მიუახლოვდნენ იმ ადგილს, საიდანაც ხმა ისმოდა. პროჟექტორის შუქით განათებულ ადგილზე ჩანდა, რომ გ-----------------–---–ი შემძვრალი იყო ა/მანქანის ქვეშ, რომელიც ცხვირით კორპუსისკენ იყო მიმართული. ა-----–-------ე ქანჩებს აწვდიდა, ხოლო დ-------------ე გარემოს აკონტროლებდა. მათ დანახვაზე დ-------------ემ დაიძახა „ძაღლებიო“ და სამივე მათგანი გაიქცა. ისინი დაედევნენ, მან პირადად ა-----–-------ე დააკავა, ზ--------–--–---–მა - გ-----------------–---–ი, კ---------–--ე გაეკიდა დ-------------ეს, მაგრამ გაექცა. დახმარებისათვის გამოიძახეს დამატებითი ჯგუფი(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზ--------–--–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 28 მაისის ღამეს იყო მორიგე და ი-----–------–--ასთან და კ---------–--ესთან ფეხით შემოვლას აწარმოებდა სამოქმედო ტერიტორიაზე. დაახლოებით ღამის 3 სთ-ზე რ---------–----------- კორპუსის ეზოში პოლიციის მხრიდან შესვლისას შესვლისას შემოესმათ საეჭვო ხმა. ეზო კარგად იყო განათებული და დაინახეს, რომ გ-----------------–---–ი შემძვრალი იყო ა/მანქანის ქვეშ, რომელსაც ცხვირი ჰქონდა აწეული, ა-----–-------ე ქანჩებს აწვდიდა, ხოლო დ-------------ე გარემოს აკონტროლებდა. მათ დანახვაზე დ-------------ემ დაიძახა „ძაღლებიო“ და გაიქცა. ისინი დაედევნენ, მან პირადად გ-----------------–---–ი დააკავა. დახმარებისათვის გამოიძახეს დამატებითი ჯგუფი. მისივე განმარტებით, „დომკრატი“ ჰქონდა თუ არა შეყენებული ა/მანქანას მას პირადად არ უნახავს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ს---------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 28 მაისის ღამეს, დაახლოებით 03 სთ-ზე განყოფილებაში მიიღეს შეტყობინება, რომ მათი განყოფილების მორიგე თანამშრომლებმა წაასწრეს „ტოიოტა-პრიუსის“ კატალიზატორის ქურდობის მცდელობას და შეჩერებული ჰყავდათ 2 პირი. ადგილზე შ-----–------------–თან ერთად მისვლისას ნახა, რომ ზ--------–--–---–ს შეჩერებული ჰყავდა გ-----------------–---–ი. მან ადგილზე, სადაც უცხო პირები არ ყოფილან, შეადგინა დაკავების ოქმი, რომელსაც გ-----------------–---–მა ხელი არ მოაწერა. შემთხვევის ადგილი იყო დაცული, რომელიც დაათვალიერა გამომძიებელმა ს--------–----------ემ(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის შ-----–------------–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 28 მაისს იყო მორიგე. დაახლოებით 03 სთ-ზე განყოფილებამ მიიღო შეტყობინება, რომ ფეხით შემოვლაზე მყოფმა მორიგე თანამშრომლებმა წაასწრეს „ტოიოტა-პრიუსის“ კატალიზატორის ქურდობის მცდელობას. ადგილზე ს---------------–---–თან ერთად მისვლისას ნახა, რომ შემთხვევის ადგილი იყო დაცული. პირადი ჩხრეკისას დაკავებულებს კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ჰქონიათ(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ლ-–------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 28 მაისს იყო მორიგე. დაახლოებით 03 სთ-ზე განყოფილებამ მიიღო შეტყობინება, რომ ფეხით შემოვლაზე მყოფმა მორიგე თანამშრომლებმა წაასწრეს „ტოიოტა-პრიუსის“ კატალიზატორის ქურდობის მცდელობას. ადგილზე იყვნენ დაახლოებით 5 წთ-ში. მან დააკავა ა-----–-------ე და ჩაუტარა პირადი ჩხრეკა. პირადად ა/მანქანა „ტოიოტა-პრიუსთან“ არ მისულა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ------–-----–--ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშაობს რუსთავის ავტობაზრობის სახელოსნოში ზეინკლად. 2018 წლის 28 მაისს, საღამოს საათებში სახელოსნოში პოლიციელებმა მიუყვანეს ა/მანქანა „ტოიოტა-პრიუსი“ და სთხოვეს ა/მანქანის აწევა და შემოწმება. შემოწმებისას ა/მანქანის ე.წ. გლუშიტელის ჭანჭიკები იყო მოშვებული. მისივე განმარტებით, აღნიშნული ჭანჭიკების მოშვება შესაძლებელია თავისითაც; დამცავი გაღუნული იყო. ე.წ. „დომკრატის“ გარეშე შეიძლება ქვაც მოხვდეს და გაიღუნოს. კატალიზატორის ჩამოხსნა „დომკრატის“ გარეშე შესაძლებელია თუ არა, არ შეუძლია პასუხის გაცემა(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.7. საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ბიოლოგიური და ოდოროლოგიური 46/22-675 დასკვნის თანახმად, ქ. რუსთავში, რ---------–----------ის გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ზ/აღნიშნული ა/მანქანის წინ ასფალტის ზედაპირიდან აღებული სუნის კვალის ნიმუში არაიდენტურია ა-----–-------ის და გ-----------------–---–ის ნივთებიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშების(ტ.5, ს.ფ.75-82).
კინოლოგი ნ-----–-----------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ სუნის ნიმუში აღებული იქნა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით.
3.8. საქმეზე ჩატარებული ლევან სამხარაულის სეებ-ის ბიოლოგიური (გენეტიკური და სეროლოგიური) ექსპერტიზის #007352918 დასკვნის თანახმად საქმეზე ამოღებულ ჩანთაზე, დანაზე, ქანჩებზე და გადამყვანზე გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამინის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა (იხ. ტ.5, ს.ფ. 85-89).
გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს გამომძიებლებმა ს--------–----------ემ და ზ---------–---ემ; ასევე დაკითხული იქნენ ექპერტი-კრიმინალისტები ი-----–--–------ა, დ---------–--ე, ა-–-----------–---–ი, კინოლოგი ნ-----–-----------–---–ი, რომლებმაც აღწერეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები; დაკითხული იქნა მოწმე ი---------–--–---–ი, ასევე გამოქვეყნდა წერილობითი მტკიცებულებები.
4. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაცვის მხარის მტკიცებულებები:
4.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ა-----–-------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 28 მაისს საღამოს გვიან შეხვდა მის მეგობარს გ-----------------–---–ს, რომელსაც სთხოვა მამის მეგობარ ტ------–-----–------თან გაყოლა, მამის გარდაცვალების წლისთავის დროის და ადგილის შესატყობინებლად. დაახლოებით ღამის 12-ის ნახევარზე მივიდნენ რუსთაველის ქ.#19-ის ეზოში, სადაც ა---–------ები ცხოვრობენ. თვითონ ავიდა სადარბაზოში, ხოლო გ-----------------–---–ს მოერიდა უცხო ოჯახში გვიან ასვლა და სიგარეტის მოსაწევად დარჩა ეზოში. მე-3 სართულზე, ა---–------ების ბინამდე არ მისულს, შემოესმა გ-----------------–---–ის ყვირილი, აჩქარებული ნაბიჯების და გინების ხმა. უკან შემობრუნდა და ნახა, რომ მეორე სართულზე ამორბოდა გ-----------------–---–ი, რომელსაც სამი პიროვნება მოსდევდა. მის შეკითხვაზე, რა ხდებოდა, უთხრეს რომ პოლიციელები იყვნენ და ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. მან ამოიღო ტელეფონი და დაიწყო გადაღება, რის გამოც ისიც დააკავეს და დაუწყეს ცემა. მის ყვირილზე ჩამოვიდნენ ნ-----–-ა და დ----------–------ები, მან ტელეფონი გადაუგდო დ----------–------ს და სთხოვა გადაეღო. ამავე დროს ნ-----–-ა ა---–------ი ავიდა სახლში ტელეფონის ჩამოსატანად გადაღების მიზნით. ორივე დაკავებული ჩამოიყვანეს ეზოში და დაიწყეს ხალხის გასაგონად ყვირილი, რას იპარავდითო. ადგილზე მოვიდნენ პოლიციის მანქანები და დაიწყეს ძახილი, ვისია ეს მანქანაო. ძახილზე ჩამოსულმა ნ----------------–---–მა შეამოწმა მანქანა, დაქოქა და თქვა, არაფერი არ ჭირსო. ამის შემდეგ ერთმა პოლიციელმა ა/მანქანის ქვეშიდან გამოაცურა ჩანთა, რის შემდეგაც ადგილზე რა ხდებოდა არ იცის, რადგან ეზოდან გამოიყვანეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა გ-----------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 28 მაისს, გვიან საღამოს შეხვდა ა-----–-------ეს და გაჰყვა მამის მეგობართან, რ---------–----------ში. არჩილს სადარბაზოში აღარ აჰყვა, დარჩა ეზოში და ჩაცუცქული ეწეოდა სიგარეტს. მოულოდნელად უკნიდან ხელი მოჰკიდეს სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირებმა და უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. მან დაიწყო ყვირილი და გაიქცა სადარბაზოსკენ. მის ყვირილზე მობრუნებულმა ა-----–-------ემ დაიწყო ტელეფონით გადაღება, რის გამოც ისიც დააკავეს. ამის შემდეგ ხმაურზე გამოსულმა და-ძმა ა---–------ებმა დაიწყეს ტელეფონით გადაღება. დაკავებულები ჩამოიყვანეს ეზოში და დაიწყეს ხალხის გასაგონად ყვირილი, რას იპარავდითო. ადგილზე მოვიდნენ პოლიციის მანქანები და დაიწყეს ძახილი, ვისია ეს მანქანაო. მოვიდა პოლიციის რამდენიმე მანქანა, რომელთა შორის იყო მეორე განყოფილების უფროსი დ-------------–---–ი და უთხრა, ხომ მაინც დაგიჭირეო. დ-------------–---–მა პოლიციელებს დაავალა ჩხრეკა ჩაეტარებინათ და მისთვის მანქანაზე ხელი დაედებინათ, რაც ვერ შეძლეს მისი წინააღმდეგობის გამო. ძახილზე ა/მანქანის პატრონმა შეამოწმა მისი მანქანა და თქვა, არაფერი არ ჭირსო. მანქანის მეპატრონეს უთხრეს, შეიხედე „დომკრატზეა“ ა/მანქანაო. ამის შემდეგ ერთმა პოლიციელმა ა/მანქანის ქვეშიდან გამოაცურა ჩანთა. ის და ა-----–-------ე ეზოდან გამოიყვანეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს. მისივე განმარტებით, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ბინაში ჩაუტარდა ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი ვერ უპოვეს და დ-------------–---–ი დაემუქრა, მაინც დაგიჭერო(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-----–-ა ა---–------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს ქ. რუსთავში, რ---------–---------ში, მე-3 სართულზე. 2018 წლის 28 მაისს, გვიან საღამოს, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც სადარბაზოდან შემოესმა საშინელი ყვირილის და გინების ხმა. ხმაურზე გასულმა განათებულ სადარბაზოში ნახა, რომ 2 პიროვნებას ერთი ბიჭი ჰყავდათ გაკავებული, ხოლო მეორე ბიჭი - წაქცეული ჰყავდათ. ა-----–-------ე ყვიროდა, რას მერჩითო და გადაუგდო ტელეფონი მის ძმას დ----------–------ს და სთხოვა გადაეღო. მანაც სასწრაფოდ გამოიტანა თავისი ტელეფონი და დაიწყო გადაღება. ამ ინციდენტის შემდეგ რამდენიმე წთ-ში მათთან სახლში ავიდნენ პოლიციის თანამშრომლები, მოითხოვეს ტელეფონები და წაშალეს რაც მათ გადაიღეს(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
იგივე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----------–------მა(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ-----------------------–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ცხოვრობს ქ. რუსთავში, რ---------–---------ში, ა-----–-------ე არის მისი შვილის მეგობარი. 2018 წლის 28 მაისს, გვიან საღამოს, იმყოფებოდა ბინის ვერანდაზე და საქმიანობდა საკერავი მანქანით და შესაკრავი ე. წ. პისტოლეტით. დაახლოებით 2 სთ-ზე სადარბაზოდან შემოესმა შეხლა-შემოხლის ხმა და ყვირილი, ესმოდა ხმები, რატომ იპარავთო, რაზეც მეორე ხმა პასუხობდა, საიდან მოიტანეო. ამავე დროს გაიგონა ა-----–-------ის განწირული ხმა, რატომ მცემთო. მისივე განმარტებით, დაზარალებული ა/მანქანა იდგა მისი ვერანდის ქვემოთ და მანამდე იყო აბსოლუტური სიჩუმე, რაიმე რკინასთან შეხების ხმა არ გაუგონია(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს ქმედების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი; დანაშაულის ქურდობით დაკვალიფიცირებისას გათვალისწინებულია, რომ ქურდობა ხელყოფს სხვის საკუთრებას. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება - სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, რა დროსაც კანონიერ მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არ აქვს გააზრებული, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება მის ქონებას.
ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ამიტომ ქურდობა დამთავრებულად იმ მომენტიდან, როდესაც პირი დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა ამ ქონების რეალიზება.
ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ქმედების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი; დანაშაულის ქურდობით დაკვალიფიცირებისას გათვალისწინებულია, რომ ქურდობა ხელყოფს სხვის საკუთრებას. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება - სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, რა დროსაც კანონიერ მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არ აქვს გააზრებული, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება მის ქონებას.
ქურდობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს, ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს ეს ზიანი.
ქურდობის ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და უხელმძღვანელოს მას.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ქურდობას. ეს ისეთი ქურდობაა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ დანაშაულებრივი ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის ყურადღება უნდა მიექცეს იმ სპეციფიკას, რაც ახასიათებს მოქალაქისათვის ქურდობით მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანს. სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ არის მითითებული მნიშვნელოვანი ზიანის თანხა. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზემოთ. მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით, რაც ფასშია გამოხატული. ქონების ღირებულების განსაზღვრისას საჭიროა დანაშაულის ჩადენის დროს არსებულ სახელმწიფო, საცალო, საბაზრო ან საკომისიო ფასებზე დაყრდნობა.
საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო "დ" პუნქტი - ქმედებას ჩადენილს სატრანპორტო საშუალების წინააღმდეგ.
საქართველოს სსკ-ს 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს. მტკიცების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თვითმხილველი მოწმეები, რომელთა ჩვენებები, მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს საქმის მტკიცებულებების უმნიშვნელოვანეს წყაროს. სასამართლოს მხედველობაში აქვს ე.წ. ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი საქმის შედეგით და აძლევენ იმ ჩვენებას, რაც მათ რეალურად ნახეს და აღიქვეს და რომელი ჩვენებებიც სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის და შეფასებისას სასამართლო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ ე.წ. ფაქტის შემსწრე ორი პოლიციელის ურთიერთ საწინააღმდეგო ჩვენებას (მესამე, კ---------–--ე, დასაკითხ პირთა სიიდან ამორიცხა ბრალდებამ).
ზ--------–--–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილზე შევიდნენ პოლიციის მხრიდან, ყოველგვარი თვალთვალის გარეშე დაედევნენ ბრალდებულებს, მაშინ როცა ი-----–------–--ა დაბეჯითებით ადასტურებდა სასამართლო სხდომაზე, რომ სამივე მათგანი(თვითონ, ზვიად ბეჟუაშვილი და კ---------–--ე) შევიდნენ არა პოლიციის მხრიდან, არამედ მის საწინააღმდეგო მხრიდან და ხეს ამოფარებულები რამდენიმე წუთი ახორციელებდნენ თვალთვალს შეცდომის გამორიცხვის მიზნით. ზვიად ბეჟუაშვილის განმარტებით, ა/მანქანა დომკრატით წინა მხარეს აწეული იყო იმდენად მაღლა, რომ შორიდანვე იყო შესამჩნევი, თუმცა დომკრატი არ უნახავს. ი-----–------–--ას ჩვენებით კი - დომკრატზე ა/მანქანა უმნიშვნელოდ იყო შეყენებული, საბურავები არ იყო აცილებული მიწას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შემთხვევის ადგილზე მისული კრიმინალისტი (ა-–-----------–---–ი) და გამომძიებელი (ს--------–----------ე) ა/მანქანის ე.წ. დომკრატზე შეყენებას ა/მანქანის ქვეშ სხვადასხვა ადგილას აფიქსირებენ.
სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელის ჩვენება არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე, არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირისპირო არგუმენტების შეფასების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ,,მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასებასთან მიმართებაში მიუთითა, რომ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით (ოლჩევი რუსეთის წინააღმდეგ, განაცხადი 17828/05, 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება, ასევე ვირაბიანი სომხეთის წინააღმდეგ განაცხადი 40094/05 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება). დაზარალებული ნ----------------–---–ის ჩვენებით, რომელიც წარმოადგენს ე.წ. ნეიტრალურ მოწმეს და რომლის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ აქვს, დადასტურებულია, რომ ა/მანქანა ე.წ. „დომკრატით“ აწეული რომ ყოფილიყო, ა/მანქანაში ჩაჯდომისას იგრძნობდა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნა არის მცოდნე პირის წერილობითი ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დამატებითი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომელთაც სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს. ზვიად ბეჟუაშვილის და ი-----–------–--ას განმარტებით, წინა მხარეს შემძვრალი იყო გ-----------------–---–ი, ხოლო ჩაცუცქული ა-----–-------ე ქანჩებს აწვდიდა. ზემოაღნიშნული პოლიციელების განმარტებით, ა/მანქანის წინა მხრიდან, საიდანაც აქტიურ მოქმედებას ახორციელებდნენ ბრალდებულები, კანონმდებლობის სრული დაცვით აღებული იქნა რა სუნის ნიმუშები, საქმეზე ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არ დაემთხვა ბრალდებულების სუნის ნიმუშებს; გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბრალდებულების მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება, ანუ ჭანჭიკების მოშვება კატალიზატორის ქურდობის მიზნით სასამართლო სხდომაზე ამ ორი პოლიციელის ჩვენების გარდა სხვა მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული: ბრალდების მოწმის, რუსთავის ავტობაზრობის სახელოსნოს ზეინკლის დ------–-----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ აღნიშნული ჭანჭიკების მოშვება შესაძლებელია თავისითაც. შემოწმებისას ე.წ. დამცავი, მართალია გაღუნული იყო, მაგრამ ე.წ. „დომკრატის“ გარეშე შესაძლებელია ქვის მოხვედრითაც გაღუნვა. კატალიზატორის ჩამოხსნა „დომკრატის“ გარეშე შესაძლებელია თუ არა, არ შეუძლია პასუხის გაცემა. გარდა ამისა, ზვიად ბეჟუაშვილი და ი-----–------–--ა სასამართლო სხდომაზე განმარტავდნენ, რომ გ-----------------–---–ი შემძვრალი იყო ა/მანქანის ქვეშ, ხოლო ა-----–-------ე ქანჩებს აწვდიდა. გამოძიებას, რომელსაც მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა, აღნიშნული საკითხის შესასწავლად არ ჩაუტარებია რაიმე საგამოძიებო მოქმედება იმის დასადგენად, ა/მანქანა „ტოიოტა-პრიუსის“ ქვეშ შესაძლებელი იყო თუ არა ე.წ. დომკრატით აწევის გარეშე(ან ისეთ მდგომარეობაში აწევა, რომ საბურავი არ სცილდებოდა ასფალტს) ადამიანის შეძრომა და მით უფრო, ქანჭიკების მოშვება. აღსანიშნავია, რომ საქმის წარმოების ყველა ეტაპზე ბრალდებულები უარყოფდნენ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, ხოლო ექსპერტი-კრიმინალისტი ა-–-----------–---–ის განმარტებით, იმდენად დაბლა იდგა ა/მანქანა, რომ სტანდარტული ფოტოკამერა ვერ შეეტია გადასაღებად. აღნიშნული გარემოებები, მით უფრო ავალდებულებდა ბრალდების მხარეს სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას წარმოედგინა ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა სასამართლოს მათ ბრალეულობაში.
საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება; მოცემულ შემთხვევაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ა-----–-------ის და გ-----------------–---–ის ბრალეულობა მის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებაში და არ გამომდინარეობს საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან და მსგავსი ფაქტებიდან. მტკიცების სტანდარტი, რომ მათ ჩაიდინეს ბრალად შერაცხული ქმედება არ არის საკმარისი აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს, არ ტოვებს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობის (იხ. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „Tenisi v. Turkey”).
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
6.1. ა-----–-------ის და გ-----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს და გათავისუფლდნენ პატიმრობიდან სასამართლოს სხდომის დარბაზიდანვე.
6.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
- საქმეზე ამოღებული ნაჭრის ზურგჩანთა, დასაკეცი დანა, ქანჩი, ქანჩის გადამყვანები თავებით, დომკრატი, სუნის ნიმუშები - უნდა განადგურდეს.
- ა-----–-------ის და გ-----------------–---–ის ტანსაცმელი - უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს(ინახება შსს რუსთავის რაიონული სამმართველოს მეორე განყოფილებაში;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-----–--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ” და „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. გ-----------------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ა-----–-------ის და გ-----------------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის №10ა-149-18 განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.
4. ა-----–--------ეს და გ-----------------–---–ს განემარტოთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
5. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით:
- საქმეზე ამოღებული ნაჭრის ზურგჩანთა, დასაკეცი დანა, ქანჩი, ქანჩის გადამყვანები თავებით, დომკრატი, სუნის ნიმუშები - განადგურდეს.
- ა-----–-------ის და გ-----------------–---–ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს (ინახება შსს რუსთავის რ-ნული სამმართველოს მეორე განყოფილებაში);
6. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი