გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/37458-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 .12.2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელეები: ნ----------–---–ი, ც------------–---–ი, დ--------------–---–ი
წარმომადგენელი: ი-----–--------–---–ი
მოპასუხეები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,წარმომადგენლები: ნ----------------ე, მ---------------–--ე, მ----------–---ი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნ----------–---–სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის 2011 წლის 16 თებერვლის ჩუქების ხელშერკრულება.
1.2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაეკისროს ნ----------–---–ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაუურების მიზნით 89 352 ლარის გადახდა;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ც------------–---–სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2011 წლის 16 თებერვლის ჩუქების ხელშერკრულება.
1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს ც------------–---–ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაუურების მიზნით 89 972 ლარის გადახდა;
1.5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაეკისროს ც------------–---–ის სასარგებლოდ 5 598,58 ლარის გადახდა;
1.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს ც------------–---–ის სასარგებლოდ 5 598,56 ლარის გადახდა;
1.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს დ--------------–---–ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაუურების მიზნით 10 533,5 აშშ დოლარის გადახდა;
1.8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაეკისროს დ--------------–---–ის სასარგებლოდ 10 533,5 აშშ დოლარის გადახდა;
1.9. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაეკისროს ნ----------–---–ის და ც------------–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 45 819,5 ლარის გადახდა:
1.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს ნ----------–---–ის და ც------------–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით 45 819,5 ლარის გადახდა;
1.11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაეკისროს დ--------------–---–ის სასარგებლოდ 3 390,5 აშშ დოლარის გადახდა;
1.12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს დ--------------–---–ის სასარგებლოდ 3 390,5 აშშ დოლარის გადახდა;
სარჩელი ეფუძნება შემდგე ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლის 02 ნოემბერს დააკავეს დ--------------–---–ი, ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით. თავდაპირველად გამოძიება მიმდინარეობდა, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლიც გულისხმობს: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, თუმცა 03 ნოემბერს ბრალდება გადაკვალიფიცირდა იმავე მუხლის მეორე ნაწილზე,რაც გაცილებით მკაცრს სასჯელს ითვალისწინებს. 04 ნოემბერს აღკვეთი ღონისძიების სახით დავით გოგეშვილს შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. დ--------------–---–ის მოთავსებულ იქნა თბილისის მე-8 საპყრობილეში (რაც დასტურდება პროკურატურის 2010 წლის 15 დეკემბრის მომართვის წერილით), სადაც პატიმრების იმყოფებოდნენ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და განსაკუთრებული სისასტიკის პირობებში, აღნიშნული დაფიქსირებულია ამნისტიის შესახებ 2012 წლის კანონის, საქართველოს სახალხო დამცველის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, გაეროს, ევრო-საბჭოს, ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების დასკვნებით. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რის საფუძველზეც იძულებულნი გახდნენ აეღოთ ვალი და ქონება ეჩუქებინათ სახელმწიფო ორგანოებისათვის. აღნიშნულის შესასრულებლად მოსარჩელეებმა, ციური და ნ----------–---–ებმა,მიდიტრი გოგეშვილის პატიმრობის პერიოდში,მათი ნების საწინააღმდეგოდ, დადეს რამდენიმე ხელშეკრულება. კერძოდ, 2010 წლის 31 დეკემბერს, ც------------–---–მა შპს „X-------------ნ“ გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მან სესხად აიღო 40 000 აშშ დოლარი წლიური 48%-ის გადახდის პირობით; 2010 წლის 31 დეკემბერს ც------------–---–სა და შპს „X-------------ნ“დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით მოხდა სესხად აღებული 4000 აშშ დოლარის უზრუნველყოფა ც------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით მდებარე მისამართზე ქ.თბილისი, ქ----------------------------------.91 კვ/მ, მანსარდა 50.85 კვ/მ. საკადასტრო კოდი N0----------------------; 2001 წლის 13 იანვარს პატიმრობაში მყოფმა დ--------------–---–მა მინდობილობა გასცა ნ----------–---–ზე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა-განკარგვის მიზნით. მინდობილობაში კონკრეტულად არის მითითებული დ--------------–---–ის საკუთრებაში არსებული ბინა მდებარე: თბილისში, ქ---------------------- საკადასტრო კოდი N0----------------------, აღნიშნული მინდობილობის გაფორმების საჭიროება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ 2010 წლის 31 დეკემბერს ც------------–---–ის მიერ საკუთარი ბინის იპოთეკით დატვირთვის გზით სესხად აღებული 4000 აშშ დოლარი არ ჰყოფნიდა პროკურატურის მიერ მოთხოვნილი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვას; 2011 წლის 20 იანვარს შპს „ი----------“-სა და ნ----------–---–ს შორის დაიდო კომპიუტერული ტექნიკის ნასყიდობის ხელშეკრულება N20/01-01, რომლითაც შეძენილ იქნა 89.352 ლარის კომპიუტერული ტექნიკა; 2011 წლის 21 იანვარს, შპს „ა-–--ა“-სა და ც------------–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შეძენილ იქნა 89.972 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა; 2011 წლის 16 თებერვალს შპს „ი----------“-სა და ნ----------–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც შეძენილ იქნა კომპიუტერული ტექნიკა და აღნიშნული ტექნიკა მიტანილ იქნა შემდეგ მისამართზე: თბილისი, გ--------–---------- პროკურატურის ოფიცილაური მისამართი; 2011 წლის 16 თებერვალს გადაცემულ იქნა ზემოაღნიშნული კომპიუტერული ტექნიკა, რის შემდეგაც, მეორე დღესვე 2011 წლის 17 თებერვალს შედგა ოქმი, საპროცესო შეთანხმების შესახებ და იმავე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა 2011 წლის 17 თებერვლის განაჩენი, რომლითაც დამტკიცდა დ--------------–---–სა და პროკურატურას შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და დ--------------–---–ი გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან. მნიშვენლოვანია აღინიშნოს, რომ დ--------------–---–ს საპროცესო შეთანხმების შედეგად სასჯელის სახედ შეეფარდა პირობითი პატიმრობა 6 წლის ვადით და 2000 ლარი ჯარიმა, გაცილებით მსუბუქი სასჯელი, ვიდრე ამას ითვალისწინებდა მის მიმართ წაყენებული მუხლი (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), ამასთან, საპროცესო შეთანხმებაში საერთოდ არ არის მითითებული თუ რა იყო პროკურატურის მხრიდან ასეთი ლიბერალური მიდგომის მიზეზი, ვინაიდან პროკურატურა ოფიციალურად ვერ მიუთითებდა ამ „ჰუმანურობის“ რეალურ მიზეზს. 2012 წლის 29 ნოემბბერს დ--------------–---–მა წერილობითი განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, სადაც დეტალურად აღწერა თუ რა სახის დანაშაულებრივ ქმედებებს ჰქონდა ადგილი სამართალდამცავთა მხრიდან მისი და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, გარდა ამისა, დაურთო იმ ჩუქების ხელშეკრულებების ასლებიც, რომლების იძულებით იქნა დადუბული. სამართალდამცავთა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელეებს გარდა მატერიალური ზიანისა, მიადგა მორალური ზიანიც, რომელიც გავლენას ახდენდა და დღემდე ახდენს მათ ჯანმრთელობის მდომარეობაზე. პრობლემაა ისიც, რომ მოსარჩელეებზე მიყენებული ზიანის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად არ აქვთ, ნაწილი დაიკარგა, ნაწილი თავიდანვე არ იქნა შედგენილი, ამიტომ მათი სასარჩელო მოთხოვნები შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რასაც სათანადო მტკიცებულებებით ადასტურებენ. მოსარჩელეები 2012 წელს სახელისუფლო ცვლილების შემდეგ სამართლებრივი გზებით ცდილობენ, მათ წინააღმდეგ ჩადენილ კანონდარღვევებს სახელმწიფომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს და მოხდეს მათზე მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, თუმცა უშედეგოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოდგენილი შესაგებელით არ დაეთანხმა მოსარჩელეების ც------------–---–ის, დ--------------–---–ისა და ნ----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნას.
მოპასუხე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მის მიმართ აღძრულ მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი დასაბუთება, ვინაიდან, მოსარჩელესა და შსს სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საერთო ღირებულება გაცილებით მცირეა, ვიდრე სასარჩელო მოთხოვნით დასაკისრებელი ვალდებულების მოცულობა, რომელიც სოლიდარულად არის განაწილებული მოპასუხეთა მიმართ. ამასთან, მოსარჩელის მტკიცების საგნად მიჩნეული სასარჩელო მოთხოვნათა დასაბუთებულობა მოპასუხისათვის ბუნდოვანია.
სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელეთა მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულება დაიდო იძულების მეშვეობით და განმარტავს, რომ მოსარჩელეთა მიერ მითითებული გარემოებები ვერ უზრუნველყოფენ ქმედების იძულებად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი შემადგენელი ელემენტების დასახელებას. სამინისტრო უარყოფს სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადების მიზნით, მოსარჩელეზე იძულების განხორციელების ფაქტს. გარიგების ბათილობას განაპირობებს მხოლოდ ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს მას, რომ მისი პიროვნება ან ქონება რეალური საფრთხის წინაშეა. იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი. მოსარჩელის შვილთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმება მოსარჩელეზე იძულებით განხორციელების ფაქტს ვერ დაადასტურებს, რადგან, პირველ რიგში, საპროცესო შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს საქართველოს პროკურატურისათვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას და შესაბამისად, საპროცესო შეთანხმების გაფორმება მხოლოდ პროკურატურის და არა შს სამინისტროს კომპეტენციაა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსარჩელეზე იძულებას ვერ განახორციელებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სარჩელში ხსენებული მუქარის შინაარსი, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარის თქმის შემთხვევაში დ. გოგეშვილს დასრებოდა მკაცრი სანქცია, მხარეს არ აძლევს იძულების დამტკიცების საშუალებას. მოპასუხე უთითებს კანონმდებლობაზე, რომლითაც გარიგების იძულებით დადებულად მიჩნევის მიზნებისათვის აუციელებლია აღნიშნულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული იყოს იძულების ფაქტი, რაც მოიცავს, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ იძულებას. აქვე მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იძულებას თან ახლავს პირი ნების თავისუფლების შეზღუდვა, ის მაინც შეიძლება იყოს მართლზომიერი, თუ პირი მართლზომიერი შედეგის მისაღწევად შესაბამის მართლზომიერ საშუალებას გამოიყენებს. კერძოდ, იძულებად არ მიიჩნევა ისეთი მოქმედებანი, რომლებიც არ ხორციელდება არც მართლაწინააღმდეგო მიზნით და არც ამგვარ საშუალებათა გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიზანი და საშუალება არ შეესაბამება ერთმანეთს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის პროკურატურის მითითება ვერ შეადგენდა იძულების შემადგენლობას მოპასუხისათვის, ვინაიდან, მითითებული საპროცესო შეთანხმების გაფორმება პროკურატურის უფლებამოსილებას წარმოადგენს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოდგენილ შესაგებელში უთითებს, რომ მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მათ განემარტათ, დ. გოგეშვილის მიმართ მკაცრი სასჯელის გამოყენების შესახებ, ასევე ვერ შექმნის იძულების შემადგენლობას. სასჯელის განსაზღვრა მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა და სასჯელის ოდენობა კანონმდებლობით მოწესრიგებული.
ამასთან, იძულება, თავისი არსით, მაშინაა შედეგობრივი, როდესაც იგი პიროვნებაში იწვევს შიშს, შეშფოთებას, შეუძლია პირის დამცირება და დაკნინება და ასევე, მისი ფიზიკური თუ სულიერი წინააღმდეგობის გატეხა, ან, როდესაც მიზნად ისახავს, აიძულოს პირი თავისი სურვილისა და შეგნების გარეშე იმოქმედოს. ხსენებული შედეგის დადგომის წინაპირობა სისასტიკის მინიმალური ზღვარის გადალახვა. მოსარჩელის მტკიცებით, ნათელია, რომ მასში შიშისა და დაუცველობის განცდა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მის მიმართ, შესაძლოა, მკაცრი სასჯელი ყოფილიყო გამოყენებული, აღნიშნული გარემოება კი, ვერ გახდიდა იძულებასა და მუქარას რეალურს, ვინაიდან, პირი, რომელიც სარგებლობს პროცესუალური უფლებებით, დაცულია ყოველგვარი არასათანადო მოპყრობისაგან. ინდივიდის უფლებებში ჩარევა მხოლოდ სამართლიანი პროცესის ჩატარების მეშვეობითაა შესაძლებელი. პროცესუალური გარანტიები მიზნად ისახავს პირის დაცვას სახელმწიფო თვითნებობისაგან, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების რეალიზაციას ემსახურება. სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირველ რიგში, ნიშნავს სახელმწიფოს ყველა იმ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების შემთხვევაშიც კი, სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები ვერ ქმნის იძულების შემადგენლობისათვის აუცილებელ ერთობლიობას.
კანონმდებელი იძულებითი გარიგების შეცილებისათვის სსკ 89-ე მუხლით ერთწლიან ვადას აწესებს იძულების დასრულების მომენტიდან, შესაბამისად, სამინისტრო მიიჩნევს, დავა მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულია.
კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ მათი შინაარსი. შესაბამისად, არ უნდა იქნეს გაზიარებული მიდგომა, რომლის თანახმადაც, ,,საკმარისია, არსებობდეს დისპროპორცია ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის“, რათა გარიგება იძულებით დადებულად იქნეს მიჩნეული.
მოპასუხის განმარტებით, საკმარისი არ არის მხოლოდ სესხის ხელშეკრულების წარმოდგენა იმის სამტკიცებლად, რომ სწორედ აქედან მიღებული თანხა მოხმარდა სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრული ქონების შეძენას, იმ პირობების გათვალისწინებისას, რომ ერთ-ერთი მოსარჩელე 2015 წლამდე სარგებლობდა ინდ. მეწარმის სტატუსით და, შესაძლოა, აღნიშნული თანხა მას სწორედ სამეწარმეო საქმის მიზნებისათვის სჭირდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, სასარჩელო მოთხოვნა მის ნაწილში დაუსაბუთებელია, არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს იძულების ფაქტს, ასევე, არ არსებობს დასაბუთებული სასარჩელო მოთხოვნა, როგორც მოთხოვნის ოდენობის, ასევე, მოთხოვნის ადრესატის მიმართ.
წარმოდგენილი შესაგებელით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, მხარე ითხოვს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ვინაიდან, იგი დადებულია იძულების შედეგად. მხარის მიერ სადავო ხელშეკრულებები წარმოდგენილი არ არის, თუმცა, მოპასუხე აღნიშნავს, რომ ჩუქების ლეგიტიმური მოტივის არარსებობას სამართლებრივი მნიშვნელობა შეიძლება მიეცეს მხოლოდ კანონსაწინააღმდეგო მოტივით დადებული გარიგების შეცილებისას. შესაბამისად, მხოლოდ, აბსტრაქტული მითითება მიზეზის არარსებობაზე ვერ გახდება საკმარისი გარიგების მართლსაწინააღმდეგოდ მისაჩნევად.
განსახილველ შემთხვევაში მოტივაცია წარმოადგენილია იძულებით დადებული გარიგების სამართლებრივ კონტექსტში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 85-ე მუხლის მიზნებისათვის, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა იძულებასა და გარიგების დადებას შორის. მოცემულ შემთხვევაში იძულების ნორმატიული შინაარსი მოცემულია ძალადობის და მუქარის შემადგენლობის გათვალისწინებით. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოქმედების იძულებად კვალიფიკაციისათვის უნდა იკვეთებოდეს, რომ სადავო გარიგების მონაწილე მხარეს არ სურდა ხელშეკრულების დადება და მუქარამ ან მისმა შემცველმა ქმედებამ ისეთი ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინა მასზე, რომ იძულებული გახდა დაედო გარიგება. შეეძლო თუ არა მუქარას ზეგავლენა მოეხდინა მოსარჩელეზე და, აგრეთვე, იყო თუ არა მუქარა იმ კატეგორიის, რომელიც ხელშეკრულების იძულებით დადების ფაქტობრივ შემადგენლობას იძლევა, პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს, ხოლო, მარტოოდენ პირის მტკიცება, ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება.
მოპასუხე აქვე მიუთითებს, რომ სარჩელში არაა წარმოდგენილი საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარგებლოს ასეთი იძულების განხორციელების პირდაპირი მტკიცებულებები, ასევე, სხვა სახის იმგვარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მუქარის მცდელობისა და განხორციელების ფაქტს მოსარჩელეთა მიმართ.
სამინისტროს პოზიციით, მოსარჩელის მოთხოვნა წარმოეშვა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან, ანუ 2011 წლიდან, შესაბამისად, გასულია იძულებით დადებული გარიგების შეცილების ვადა.
მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს პოზიციის თანახმად, არ არსებობს მოთხოვნის საფუძველი, ვინაიდან სარჩელი დაუსაბუთებელია, ხოლო, მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით მოთხოვნა ხანდაზმულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2010 წლის 2 ნოემბერს დააკავეს დ--------------–---–ი, რომელსაც წარედგინა ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და თბილისის საქალაქო სასამართლის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ბრალდებულს (დ--------------–---–ს) აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა;
3.1.2. მოსარჩელეები: ნ----------–---–ი წარმოდგენს დ--------------–---–ის დას, ხოლო ც------------–---–ი - დედას;
3.1.3. 2010 წლის 30 დეკემბერს ნ----------–---–მა ს/ს „ლიბერთი ბანკი“-ს მეშვეობით თბილისის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე გადარიცხა 2 000 ლარი. გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებულია: „საპროცესო (ჯარიმა)“;
3.1.4. 2010 წლის 31 დეკემბერს ც------------–---–სა და შპს „X-----------“-ს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ც------------–---–მა სესხის სახით მიიღო 40 000 აშშ დოლარი (დაახლოვებით 70 880 ლარი; იმ პერიოდის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1აშშ დოლარი -1,772), წლიური 48%, ვადა 3 თვე; აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ც------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, ი-------------------;
3.1.5. 2011 წლის 20 იანვარს ნ----------–---–სა და შპს „ი----------“-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლისა საფუძველზე ნ----------–---–მა შეიძინა 89 352 ლარსი ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა;
3.1.6. 2011 წლის 21 იანვარს ც------------–---–სა და შპს „ა-–--ა“-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ც------------–---–მა შეიძინა 89 972 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა. ნასყიდობის ღირებულება მოსარჩელემ გადარიცხა 2011 წლის 22 იანვარს შპს „ა-–--ას“ ანგარიშზე;
3.1.7. 2011 წლის 16 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ც------------–---–ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ საკუთრებაში გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს 83 ერთეული კომპპიუტერული ტექნიკა; (შენიშვნა: დასაჩუქრებულის რეკვიზიტის ქვეშ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოხსენიებულია, როგორც სახელმწიფო);
3.1.8. 2011 წლის 16 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს და ნ----------–---–ს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ნ----------–---–მა საკუთრებაში გადასცა მოპასუხეს 89 352 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა. (შენიშვნა: დასაჩუქრებულის რეკვიზიტის ქვეშ საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტრო მოხსენიებულია, როგორც სახელმწიფო);
3.1.9. 2011 წლის 17 თებერვალს დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება სახელმწიფოს და დ--------------–---–ს შორის და ბრალდებული განთავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან;
3.1.10. დ--------------–---–მა მიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების შესწავლის მიზნით. ამავე განცხადებაში, მოსარჩელე დეტალურად აღწერს სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მის მიმართ მიმდინარე ზეწოლაზე, ასევე უთითებდა პროცესის მწარმოებელი ცალკეული პირების მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს.
ამავდროულად, განცხადებაში აღნიშნულია: „...ჩემი დაკავებიდან ქ. თბილისის პროკურატურამ ზეწოლა დაიწყო ოჯახზე. ეს პიროვნება იყო პროკურორის მოადგილე ვინმე კ-----ა. მან არ გაიკარა ადვოკატი, პირადად ჩემს დას ეკონტაკტებოდა, მასზე ახდენდა ზეწოლას და მოითხოვდა 100 კომპიუტერის შეძენას, ჩემი განთავისუფლების სანაცვლოდ...."
3.1.11. 2013 წლის 7 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ცალკეული საჯარო მოხელეების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ნ----------–---–ი, ც------------–---–ი, დ--------------–---–ი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი
სამოქალაქო კდოექსის 992- მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სახელმწიფო, რომელიც ფუნქციონირებს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით, პოზიტიური ვალდებულებებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელების მექანიზმებს. ამიტომ, უფლებით სარგებლობა კონსტიტუციური და ზნეობრივი წესრიგის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც სამართლებრივი ურთიერთობის უშუალო სუბიექტი სახელმწიფოა.
სახელმწიფოსა და ნებისმიერ პირს შორის ურთიერთობები ყალიბდება ნდობის პირობებში, სადაც სახელმწიფო, როგორც ერთიანი მექანიზმი, საჯარო ფუნქციების განხორციელებით უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდის მშვიდობიან არსებობას და განვითარებას. მაშინაც კი, როდესაც მათი განხორციელება პირდაპირ შემხებლობაშია პირის კერძო-სამართლებრივ უფლებებთან, სახელწმიფოს მაღალი სტატუსი, განსაზღვრავს ქცევის სტანდარტს, რომ მისი იურიდიული მოქმედებები უნდა მიმდინარეობდეს კეთილსინდისიერების საბაზისო პრინციპის ფარგლებში. ყველა სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობის და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. (მსგავსი მოსაზრება ასახულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებაში. საქმე #2ბ/4686-13). ყოველთვის მოქმედებს პრეზუმფცია, რომ საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლები მოქმედებენ კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. მიუხედავად ამისა, არსებული შეხედულება არ გამორიცხავს სახელმწიფოს სტრუქტურული ერთეულების მხრიდან ცალკეული ინდივიდების უფლებებში არაკეთილსინდისიერი ჩარევის შესაძლებლობას.
ამ ინდივიდუალური საქმის განხილვისას, საქართველოს მთავრობის პოზიცია მოსარჩელების პრეტენზიის მიმართ შემოიფარგლება მხოლოდ ზეწოლის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობაზე მითითებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 102-ე მუხლის პირველი ნაწილის კონტექსტში. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს რომ მტკიცების მსგავსი ფორმატი ვერ იქნება რელევანტური მოსარჩელეების მიერ ინიცირებული საკითხების გადასაყვეტად, რადგან ვერ უზრუნველყოფს უფლების რეალიზაციის კონსტიტუციური პრინციპის დაცვას.
მტკიცებულებითი სამართლის მნიშვნელოვანი კომპონენტია მტკიცების ტვირთის გადანაწილება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ხდება დადგენილი ზოგადი პრიციპის შესაბამისად. თუმცა, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკის ან მტკიცებულებათა მოპოვების ობიექტური თუ სუბიექტური შესაძლებლობის გათვალისწინებით, სამართალი განსაზღვრავს მტკიცების ზოგადი პრინციპისგან განსხვავებულ რეჟიმს.
იურიდიული მოცემულობა, სადაც სახელმწიფო მონაწილეობს საკუთრების უფლების სავარაუდო ხელმყოფის სტატუსით, სადაც თვისობრივად იყენებდა „განსაკუთრებული სუბიექტის" მმართველობით ფუნქციებს, ობიექტურად ართულებს დაზარალებული მხარის შესაძლებლობას მოიპოვოს ან უზრუნველოყოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამ პირობებში, სასამართლო იყენებს მტკიცების განსხვავებულ სტანდარტს.
მსგავსი მიდგომა გაზიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2005 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (FEDOTOV VS RUSSIA) სადაც აღნიშნულია, რომ „...ყველა შემთხვევა არ ხასიათდება affirmanti incumbit probatio (ამტკიცებს ფაქტის მიმთითებელი) პრინციპის განუხრელი გამოყენებით, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა...“
მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობს იმ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომ სახელმწიფომ სისხლის-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენა საჯარო მიზნების შეუსაბამოდ. სასამართლო აცნობიერებს, რომ შეუძლებელია პირდაპირი მტკიცებულებების წარმოდგენა და თუ სასამართლო დაავალებს მხარეს იმ მოვლენათა მტკიცების ვალდებულებას, რომელიც სცდება პირის გონივრულ შესაძლებლობებს, შეიზღუდება ინდივიდის უფლების რეალიზაციის კონსტიტუციური პრინციპი. ამიტომ საკმარისია მოსარჩელეთა მიერ გონივრული ვარაუდის შექმნა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. მათ რელევანტური და თანმიმდევრული ფაქტობრივი გარემოებების მითითებით დამაჯერებლად უნდა აჩვენონ, რომ ხელისუფლების საჯარო საქმიანობა იყო არაკანონიერი.
ამის გათვალისწინებით, განსახილველი საქმის ფარგლებში სასამართლო ფაქტობრივი გრემოებების მტკიცების კონტექსტში იყენებს მტკიცების პრეზუმფციის (prima facie) სტანდარტს, როდესაც განმცხადებელის ვერსიის დადასტურება ხდება სხვა საბაზისო ფაქტებზე მითითებით, ხოლო მათი გაუქრწყლებლობის შემთხვევაში მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გარემოებები ითვლება დადასტურებულად. მოვლენები და მოვლენათა თანმიმდევრული და ლოგიკური განვითარება (აშკარა მკიცებულებები) ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით უზრუნველყოფს პირველადი შთაბეჭდილებით შესაბამისი დასკვნების გამოტანას მიზეზთან და შედეგებთან დაკავშირებით და ქმნის ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობის ვარაუდს. მას, ვის წინააღმდეგაც მეტყველებს პირველადი შთაბეჭდილება, მართალია არ ეკისრება საწინააღმდეგოს მტკიცების ვალდებულება, მაგრამ იგი ასევე ვალდებულია, დაასაბუთოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების გონივრული შესაძლებლობა.
ამ ფონზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის შინაარსიდან გამომდინარე, ნ----------–---–ი, ც------------–---–ი და დ--------------–---–ი არ შეიძლება გაიკიცხონ იმისათვის, რომ მათ ვერ უზრუნველყვეს სასამართლოში სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ზეწოლის თაობაზე. უფრო მეტიც, მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, განვითარებული მოვლენები და ჩუქების ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება ქმნის მოსარჩელეთა ვესრიის უტყუარობის ვარაუდს, რომ სახელმწიფომ სისხლის-სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენა, როგორც სტრატეგია სხვა ქონებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად.
ამ ინდივიდუალური საქმის პირობებში, ცალკეული ინდიკატორების შეფასებისას სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ციური და ნ----------–---–ებთან ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებას გააჩნდა განმასხვავებელი ნიშანი. სხვა ინფორმაციასთან ერთად, სასამართლოს ვარაუდს ამყარებს უშუალოდ ჩუქების ხელშეკრულების სამართლებრივი შინაარსი.
როდესაც საკითხი ეხება ამ ტიპის ხელშკრულებას, მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მხარეთა ნების განმსაზღვრელი ორი ძირითადი კრიტერიუმი: გამჩუქებლის დამოკიდებულება დასაჩუქრებულის მიმართ და მისი მატერიალური მდგომარეობა. ფაქტობრივი გარემოებები უნდა დადგინდეს ამ კრიტერიუმის არსებობის მიმართულებით, ხოლო ამ წინაპირობების შეფასებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ,,გონიერი ადამიანის" აბსტრაქტული მოდელით, ანუ მხედველობაში უნდა მიიღოს ანალოგიურ გარემოებებში მყოფი გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტი.
როგორც აღინიშნა, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს გამჩუქებლის დამოკიდებულება დასაჩუქრებულის მიმართ, რაც, როგორც წესი, განაპირობებს მჩუქებლის მიერ ჩუქების ხელშეკრულების დადების მოტივის ჩამოყალიბებას. ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათი მისი არსებითი მაკვალიფიცირებელი წინაპირობაა. ამიტომ, იგი შესაძლებელია, სხვადასხვა მოტივებით იყოს განპირობებული, რომლებიც ძირითადად მორალური ნიშნებით არის განსაზღვრული. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩუქების მოტივი ყოველთვის გამომდინარეობს გამჩუქებლის მხრიდან დასაჩუქრებულის მიმართ არსებული პოზიტიური დამოკიდებულებიდან. ამგვარი ურთიერთობები კი, როგორც წესი, გარკვეული დროის განმავლობაში ყალიბდება და საფუძვლად უდევს მხარეთა შორის არსებული მადლიერება, კეთილგანწყობა, ან დამკვიდრებული ჩვეულებებით დადგენილი ერთგვარი მორალური ვალდებულება. ამდენად, კეთილგანწყობილი ურთიერთობა ან მჭირდო ნათესაური თუ სხვაგვარი დამოკიდებულება, რაც დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, გარკვეულ მორალურ ვალდებულებებს წარმოშობს, წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულების მნიშვნელოვან მოტივს. წარმოდგენილი ანალიზი ცხადჰყოფს, რომ ანალოგიურ ვითარებაში მყოფი გონიერი ადამიანი ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას ხელმძღვანელობს სწორედ აღნიშნული მოტივებით. ხოლო როდესაც მხარეთა შორის არ არსებობს არანაირი მორალური მოტივები, ასევე, არ არსებობს სხვა რაიმე საფუძვლიანი მოტივი, გონივრულობის სტანდარტის გათვალიწინებით, ამგვარი ვითარება, როგორც წესი, ვერ გახდება ჩუქების ხელშეკრულების წინაპირობა. შესაბამისად, ალბათობის მაღალი ხარისხით არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას გამჩუქებელი არ ხელმძღვანელობდა ამ ტიპის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი მიზნებით. გარკვეულ შემთხვევებში მესაკუთრე გადასცემს სახელმწიფოს უძრავ ქონებას ან სხვა აქტივებს, რაც, შესაძლებელია, განპირობებული იყოს სხვადასხვა მოტივით. გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, ასეთი ტრანზაქციები, როგორც წესი, ფორმდება ჩუქების ხელშეკრულებით, ქონების მიტოვებით ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობების შინაარსით. თუმცა, ამგვარი ვითარებაც უნდა შეფასდეს არა განკერძოებულად, არამედ - ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტთან ერთობლიობაში, როგორიცაა გამჩუქებლის მატერიალური მდგომარეობა.
თუმცა, ეს წინაპირობები ავტომატურად არ ვრცელდება ყველა შემთხვევაზე. გონიერი ადამიანის ქცევის სტანდარტს შეესაბამება ასევე ქცევა, როდესაც, მიუხედავად არასახარბიელო მატერიალური მდგომარეობისა, პირის მიერ ხდება სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების უსასყიდლოდ გადაცემა. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, ჩუქების ობიექტია ქონება, რომელსაც ქვეყნისათვის გააჩნია ისტორიული, კულტურული ან სხვაგვარი განსაკუთრებული ღირებულება, ანდა - მჩუქებლისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მისი კუთვნილი ქონების მესაკუთრე სახელმწიფო გახდეს. სახელმწიფოსთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის სურვილი შესაძლოა, მესაკუთრეს გაუჩნდეს იმ შემთხვევაშიც, თუკი სურს, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი კუთვნილი ქონება არ განაწილდეს სამკვიდროს სახით და ა. შ. ამგვარად, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს გარკვეული მოტივები, რაც ჩუქების ხელშეკრულების დადების ნებაზე მიანიშნებს.
ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მჩუქებლის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობის შეფასებისათვის მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს გამჩუქებლის მატერიალური შესაძლებლობა საჩუქრის მოცულობასთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა გამჩუქებლის მიერ მინიმუმ საკუთარი თავისა და მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენის შესაძლებლობა, როგორც ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე, ისე - მის შემდეგაც. პირის მატერიალური კეთილდღეობა ცალსახად გავლენას ახდენს როგორც უშუალოდ ჩუქების ნების გამოვლენაზე, ასევე საჩუქრის მოცულობაზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახეზეა გამჩუქებლის პოზიტიური მოტივები, ნების ფორმირებისათვის მას უნდა გააჩნდეს ადეკვატური მატერიალური შესაძლებლობები. ამ საკითხის აქტუალობა, განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როდესაც ჩუქების საგანს წარმოდგენს საცხოვრებელი ბინა. გამჩუქებლის სურვილი, რომ მადლიერება ან სხვაგვარი კეთილგანწყობა გამოხატოს სხვა პირის მიმართ, უარყოფითად არ უნდა აისახებოდეს მის მატერიალური კეთილდღეობაზე. სწორედ ეს პრინციპია ასახული სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლში, რომლითაც კანონმდებელი გამჩუქებლის მატერიალურ მდგომარეობას იმდენად მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს ჩუქების ხელშეკრულების დადებისათვის, რომ ხელშეკრულების თავისუფლებას გარკვეულწილად ზღუდავს კიდეც და პირს ართმევს უფლებას, გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს. იგივე პრინციპი თავს იჩენს ასევე 530-ე მუხლში, რომელიც შესაძლებლობას ანიჭებს გამჩუქებელს, უკვე ჩუქების ხელშკრულების დადების შემდეგ მძიმე ქონებრივ მდგომარეობაში აღმოჩენისას გამოითხოვოს ჩუქების ხელშეკრულების საგანი.
იმის გათვალისწინებით, რომ ორივე შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულების საგანი (კომპიუტერული ტექნიკა) შეძენილია არა პირადი კაპიტალის, არამედ საკრედიტო ურთიერთობების დახმარებით, რაც დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს აკისრებდა მოსარჩელეებს, ჩუქების ხელშეკრულების არსებობა ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში ნაკლებად სავარაუდოა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას ც------------–---–ი იყო პენსიონერი. ჩუქების ორივე ხელშეკრულების გაფორმების დრო და სავარაუდო ინტერესი თანხვედრაშია დ--------------–---–ის მიმართ განხორციელებულ სისხლის-სამართლებრივ პროცედურებთან. 2010 წლის 4 ნოემბერს დ--------------–---–ს შეეფარდა აღკვეთის რონისძიება - პატიმრობა და იგი მოთავსებული იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ციური და ნ----------–---–ების აქტივობა კომპიუტერული ტექნიკის გადაცემის კუთხით, ამ მოვლენის შემდეგ ვითარდება. აქვე გასათვალისწინებელია ნასყიდობის ხელშეკრულებების თანხვედრა დროში, კერძოდ, 2011 წლის 20 იანვარს ნ----------–---–მა შეიძინა 89 352 ლარის ღირებულების პროდუქცია და 2011 წლის 21 იანვარს ც------------–---–მა შეიძინა 89 972 ლარის კომპიუტერული ტექნიკა. დროში ემთხვევა ასევე სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული საქველმოქმედო ინიციატივები, კერძოდ, 2011 წლის 16 თებერვალს ორივე მოსარჩელემ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს შეძენილი კომპიუტერული ტექნიკა, ხოლო 2011 წლის 17 თებერვალს დ--------------–---–ს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. დროში თანმიმდევრულად და შინაარსობრივად დაკავშირებული მოვლენების შეფასება საკმარის ინდიკატორს წარმოადგენს პრეზუმირებული ვარაუდის შესაქმნელად, რომ სადავო გარიგებების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფოს მხრიდან საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობის მიღება.
გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ მსგავსი პრაქტიკით საკუთრების უფლების ხელყოფა, გამოკვეთილია ვრცელი სასამართლო პრაქტიკის ფონზე, რაც კიდევ უფრო ამყარებს კონკრეტულ საქმეში მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი ვერსიის ნამდვილობის ვარაუდს.
მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებელ სხდომაზე სასამართლომ მიუთითა სახელმწიფოს მის საპროცესო ვალდებულებაზე, გაექარწყლებინა ცალკეული კონსტელაციების ფონზე წარმოშობილი ფაქტების უტყუარობის პრეზუმფცია, იგი შემოიფარგლა მხოლოდ მტკიცებულებათა არარსებობაზე მითითებით. მოპასუხეებს სასამართლომ დაუსვა შეკითხვა ქონების გადაცემის პროცედურასთან დაკავშირებით, კერძოდ, არსებობს თუ არა დოკუმენტი, სადაც ასახულია მოსარჩელეთა ინიციატივა სახელმწიფოსთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, რაზედაც სასამართლოსთვის მოპასუხეებს მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, ბუნდოვანებით არის მოცული მხარეთა შორის მოლაპარაკებების წარმოების დეტალები, თუ როგორ, როდის და რა ვითარებაში შეატყობინეს მოსარჩელეებმა სახელმწიფო ორგანოებს მათთვის ქონების გადაცემის სურვილის თაობაზე, ვინ განიხილა მათი წინადადება და რომელმა უფლებამოსილმა პირმა გადაწყვიტა, თანხმობა განეცხადებინა მასზე. სახეზეა მხოლოდ ჩუქების ხელშეკრულებები, ხოლო რა პროცედურა უძღოდა წინ მათ გაფორმებას, მოპასუხეებმა ნათელი ვერ მოჰფინეს ამ გარემოებებს, რაც კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას მატებს მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მთავრობას არ წარმოუდგენია არანაირი არგუმენტი მოსარჩელეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2011 წლის 16 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულებები არ გაფორმებულა ნინო და ც------------–---–ების ნების თავისუფალი ფორმირების პირობებში და ამ გარიგებების დადებისას განვითარებული მოვლენები შეესაბამება მოსარჩელეთა მიერ მითითებულ ვერსიას.
სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ მცდარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიცია, რომ იგი ამ დავის ფარგლებში არ არის პასუხისმგებელი პროკურატურის მუშაკების მოქმედებებზე და არ ევალებოდა ამ საკითხების გამოკვლევა. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში იგი არ წარმოადგენს მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს და არ არის შებოჭილი მისი უშუალო ინტერესებით. სახელმწიფოს ფუნქციონირების სპეციფიკა სხვადასხვა სფეროში, ურთიერთობის შინაარსის გათვალისწინებით, განსაზღვრულია მისი სტრუქტურული ერთეულების მოღვაწეობით, თუმცა ამით არ ირღვევა სახელმწიფოს - ერთიანი სუბიექტის პრინციპი. მოსარჩელის ახსნა-განმარტების შინაარსი გულისხმობს მის მიმართ სახელმწიფოს ძალადობას გარიგებების გაფორმების მიზნით. შესაბამისად, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით ახორციელებდა სახელმწიფო ამ ქმედებას, რადგან ეს გარემოება არ გამორიცხავს მისი, როგორც ერთიანი სუბიექტის პასუხისმგებლობას. პროცესუალურ-სამართლებრივი სპეციფიკა, რომ ამ დავის ფარგლებში მთავრობა წარმოდგენილია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთი, არ ათავისუფლებდა მას ამ საკითხების მოკვლევის ვალდებულებისაგან, ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრება წარმოეშვა სახელმწიფოს, როგორც კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო კი განსახილველ დავაში სწორედ სახელმწიფოს წარმოადგენენ. (სახელმწიფოს სტატუსით მონაწილეობდნენ მოპასუხეებს გარიგების გარიგებისას) შესაბამისად, როგორც პროცესის მონაწილეებს, გააჩნდათ ვალდებულება, სასამართლოსთვის წარმოედგინათ მტკიცებულებები სახელმწიფო ორგანოებში დაცული ინფორმაციის სახით, რომელთა მოპოვების შესაძლებლობაც, მისთვის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოსთვის, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ხელმისაწვდომია.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლთან მიმართებით:
სასამართლო გამორიცხავს მოსარჩელეების მიერ ინიცირებული საკითხის კვალიფიკაციას იძულებით დადებული გარიგების კონტექსტში, რადგან სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი შესატყვისია სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლთან, რომელიც არეგულირებს ამორალური გარიგების სამართლებრივ მდგომარეობას.
მოცემული დავის ფარგლებში, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლს (ამორალური გარიგების ნაწილში) არ გააჩნია ავტონომიური ფუნქცია და საჯარო დაწესებულებების ცალკეული მოქმედებების შეფასება ამ ნორმის ჭრილში ემსახურება დელიქტური ვალდებულების შემადგენელი ერთ-ერთი ელემენტის - მართლსაწინააღმდეგო ქცევის განსაზღვრას.
უმრავლეს შემთხვევაში, ძალადობის ან მუქარის საფუძველზე დაზარალებული იბოჭება ვალდებულებით ნების თავისუფალი გამოვლენის პირობებში, თუმცა ამ ნების ფორმირება ხორციელდება გარე ფაქტორების ზეგავლენით, რაც იძულებით დადებული გარიგების განმსაზღვრელი ნიშანია. მოტივი, რომელიც ამ ტიპის გარიგებებს ახასიათებს, არის შიში, რომელსაც დაზარალებული განიცდის. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის დადგენა იძულებასა და გარიგების დადებას შორის. ამ კუთხით წარმოდგენილია ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც ქმნის იძულებით დადებული გარიგების კვალიფიკაციას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს მუქარით განხორციელებული იძულება წარმოადგენს, რადგან ძალადობა განიხილება ფიზიკური ზემოქმედების კონტექსტით, ხოლო სარჩელში ასახული ფაქტობრივი შემადგენლობა არ არის წარმოდგენილი ასეთი შინაარსით. სასამართლო განმარტავს, რომ მუქარის, როგორც იძულების ერთ-ერთი კომპონენტის შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული რამდენიმე ფაქტორი. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუქარა თავისი ხასიათის უნდა იყოს სახიფათო. კვლევის ეს სეგმენტი, გულისხმობს მუქარის რეალიზაციის ალბათობის ხარისხის დადგენას, ერთის მხრივ დაზარალებულის პიროვნულ თვისებებთან შესაბამისობაში და მეორე მხრივ მდგომარეობისა და გარემოებების გათვალისწინებით (სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმები).
მუქარის მეორე მნიშვნელოვანი თვისებაა, მისი მართლსაწინააღმდეგო ხასიათი. მუქარა, რომელსაც გააჩნია მართლზომიერი საფუძველი, არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც იძულებით დადებული გარიგების ბათილობის წინაპირობა. სამოქალაქო კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად, 85-87-ე მუხლების მიხედვით იძულებად არ ჩაითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც არ ხორციელდება არც მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშუალება და მიზანი ერთმანეთს არ შეესაბამება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მუქარის განმხორციელებელს გააჩნია ამ ქმედების რეალიზაციის კანონით მინიჭებული უფლება, რაც არ უნდა ბოროტი განზრახვით იყენებდეს იგი ამ უფლებამოსილებას, იმთავითვე გამოირიცხება მუქარის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი. მოსარჩელეთა განმარტებით, მათ მიმართ არსებული მუქარის შინაარსი გულისხმობდა, კომპიუტერული ტექნიკის გადაცემის სანაცვლოდ დ--------------–---–ისათვის საპროცესო გარიგების გაფორმებას, სასჯელზე შეთანხმებით.
(საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ ბუნებას სასამართლო დეტალურად განიხილავს მოთხოვნის შემდეგი საფუძვლის შეფასებისას, თუმცა იძულებით დადებული გარიგების კონტექსტში, მნიშვნელოვანია მისი გაფორმების პროცედურა.)
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს საპროცესო გარიგების ნორმატიულ წინაპირობებს და წარმოადგენს სახელწმიფოს დისკრეციას, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი მოტივების არსებობისას დაასრულოს სისხლის - სამართლებრივი წარმოება გარიგებით. არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს სახელმწიფოს საპროცესო შეთანხმების დადება სავალდებულო ფორმით. დისკრეციის ფარგლებში, სახელმწიფოს ამ ექსკლუზიური უფლების გამოყენება, ნებისმიერი ნეგატიური მიზნებითაც, ვერ იქნება განხილული, როგორც მართლსაწინააღმდეგო. მარინე რუაძის მიმართ არსებული მუქარა, მისი რეალიზაციის შემთხვევაშიც, დასრულდებოდა საპროცესო შეთახმებაზე უარის თქმით. მოსარჩელის მხრიდან, ჩუქების ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაშიც, გამოირიცხებოდა დ--------------–---–ის მიმართ საფრთხის რაიმე დოზით არსებობა, რადგან მისი მიმართ წარდგენილი ბრალის შეფასება გაგრძელდებოდა სასამართლოში სამართალწარმოების გზით. ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს გააჩნდა სრული ლეგიტიმაცია, საკუთარი შეხედულებით გადაეწყვიტა საპროცესო შეთანხმების ბედი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მაშინაც თუ ნინო და ც------------–---–ების მიმართ მუქარის შინაარსი გულისხმობდა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმისას საპროცესო შეთანხმებაზე უარს, ამგვარი ქმედება ვერ იქნება განხილული, როგორც მართლსაწინააღმდეგო, რადგან სახელმწიფო ისედაც სარგებლობდა ამ ინსტიტუტის გამოყენებაზე უარის თქმის ლეგიტიმური უფლებით. განსახვავებული ვითარებაა, თუ სახელმწიფო სისხლის-სამართლებრივ პროცედურებს გამოიყენებდა, როგორც გამიზნულ სტრატეგიას, იძულებული გაეხადა დაზარალებული მისთვის სასურველი მოქმედების შესასრულებლად. თუმცა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტები არ არის ამ შინაარსით და არშესაბამისად, არ შეესაბამება იძულებით დადებული გარიგების იურიდიულ შემადგენლობას.
ვინაიდან, სასამართლო არ განიხილავს სახელმწიფოს მოქმედებებს იძულებით დადებული გარიგების კონტექსტში, არ არის აქტუალური მოპასუხის არგუმენტის შეფასება შეცილების 1 წლიანი ვადის დარღვევის შესახებ.
განსხვავებული მდგომარეობაა, როდესაც სახელმწიფო, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს იყენებს არა მისი საჯარო-სამართლებრივი ფუნქციის შესასრულებლად, არამედ სთავაზობს მას მხარეს მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, რასაც სასამართლო ამორალურად მიიჩნევს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილების თანახმად (საქმე #2ბ/4686-13) ".....გარიგების მართლსაწინააღმდეგობისა და ამორალურობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა ნებას ენიჭება. თუმცა, არ არის აუცილებელი მხარეთა ნება იყოს თანმხვედრი, ანუ გარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა ....". სარჩელში ასახული ფაქტობრივი შემადგენლობის შეფასებისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2010 წლის 22 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულებების მოტივი არ იყო განპირობებული მორალური კატეგორიებით და დადებულია საპროცესო შეთანხმების ფარგლებში.
საპროცესო შეთანხმების იურიდიული ფუნქცია და მიზნები დეტალურად განმარტებულია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებაში (ნაცვლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ) სადაც აღნიშნულია, რომ „..... ევროპული სისხლის სამართლის სისტემებისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო....". ამავე გადაწყვეტილებაში ასახულია, რომ საპროცესო შეთანხმებას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი მიზნები, რომელიც ემსახურება სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა. ეროვნულ სისხლის - სამართლებრივ სივრცეში ამ ინსტიტუტის რეალიზაციის ფუნქცია და მიზნები შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.
როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, საპროცესო შეთანხმების დადება სახელმწიფოს დისკრეციულ უფლებას წარმოადგენს და იგი არ არის შეზღუდული მისი პირობების შერჩევაში. შესაბამისად, სასამართლო არ გამორიცხავს სახელმწიფოს მხრიდან სისხლის-სამართლებრივ შეღავათებზე თანხმობას, მისთვის ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ. საპროცესო შეთანხმების არსებობა მსგავსი პირობებით ლეგიტიმურია და არ სცდება ზემოთ დასახელებულ სტანდარტებს. ამდენად, თუკი არსებობს დროში თანხვედრა საპროცესო შეთანხმებასა და ქონების გადაცემას შორის, ასევე მათ გააჩნიათ გარკვეული სამართლებრივი ურთიერთკავშირი, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, გულისხმობს თუ არა ამ საპროცესო გარიგების ფარგლებში ქონების გადაცემა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუ ქონების გადაცემა განხორციელდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების „სანაცვლოდ".
ამ მიზნით, საგულისხმოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება (ნაცვლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ), სადაც მითითებულია ".....უპირველესად სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელმა თავად მიმართა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების დადების მოთხოვნით, სადაც ნათლად გამოხატა სურვილი აენაზღაურებინა მის მიერ მიყენებული ზიანი....". ასეთი შინაარსით განცხადება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა, როგორც მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ განმცხადებლის მიერ თანხის გადაცემა ემსახურებოდა ზიანის ანაზღაურების მიზნებს. შესაბამისად, სახელმწიფოს ანალოგიურად გააჩნდა სრული შესაძლებლობა, ნათლად განესაზღვრა და მკაფიოდ დაეფიქსირებინა ქონების გადაცემის მიზნები და ამით თავიდან აეცილებინა კითხვის ნიშნები. ამის საწინააღმდეგოდ, მთავრობამ არც ამ ფაქტის მიმართ წარმოადგინა შესატყვისი ინფორმაცია. უფრო მეტიც, მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ მიაწოდა სასამართლოს სამინისტროსათვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემისათვის დადგენილი პროცედურა.
სასამართლოს ამგვარ დასკვნას ამყარებს ასევე ის გარემოებაც, რომ დ--------------–---–ის სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას სახელმწიფო არ სარგებლობდა დაზარალებულის სტატუსით და მისი უფლება ზიანის ანაზღაურებაზე ვერ იქნებოდა განჭვრეტადი ამ სამართალწარმოების ფარგლებში.
გარიგების ამორალური ბუნების განსაზღვრელი ნიშანია, რომ ხელშეკრულების ერთი მხარე იმყოფება მძიმე პირობებში, ხოლო მისი კონტრაჰაგენტი აცნობიერებს ამას და შეგნებულად იყენებს მის გამოუვალ ვითარებას საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გარიგების პირობები აშკარად არახელსაყრელია დაზარალებულისათვის. ამავდროულად, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა არ გულისხმობს ნებისმიერი გარიგების ბათილად ცნობას, რომელიც დადებულია ნების გამომვლენის აუცილებელი საჭიროებებიდან გამომდინარე, რადგან ამგვარი მიდგომა ეჭვქვეშ დააყენებდა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა გარანტიას და იცავს მათ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენისგან და ამავდროულად, ემსახურება სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ნების ავტონომიის და თავისუფლების პრინციპის განმტკიცებას და მისი ზედაპირული გაგების თავიდან აცილებას.
ამორალური გარიგების ცნება გამოიყენება, ასევე ისეთ საგამონაკლისო პირობებში, როდესაც ნების გამოვლენაზე მძიმე ვითარების ზეგავლენა იმდენად დიდია და იმდენად არაგონივრულია ამ ზეგავლენის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, რომ აშკარად გამოირიცხება ნების გამოვლენის თავისუფლების პირობებში ასეთი გარიგების დადება. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 2011 წლის 16 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულებების ამორალურად შეფასებისათვის, საკმარისია ის გარემოებაც, რომ სახელწიფომ სისხლის-სამართლებრივი ინსტიტუტები გამოიყენა არა მათი ლეგიტიმური შინაარსით, არამედ სხვა ეკონომიკური ინტერესებით.
გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ნ----------–---–ის ირგვლივ არსებული ვითარება, რითიც, სასამართლოს მოსაზრებით, სახელწმიფომ ისარგებლა საკუთარი ეკონომიკური ინტერესის დასაკმაყოფილებლად. დ--------------–---–ის დაკავების შემდეგ მოსარჩელის, ისედაც მძიმე ემოციური მდგომარეობა, სახელმწიფომ კიდევ უფრო დაამძიმა, ყოველგვარი მოტივების გარეშე, მისი პროკურატურაში მოწვევით, პერმანენტული სატელეფონო კავშირით და ა.შ. კომუნიკაციის შინაარსის გათვალისწინებით, რომელიც მხოლოდ ქონებრივი ინტერესით იყო განპირობებული და არა მისი ძმის მიმართ მიმდინარე საქმის წარმოების შინაარსით, მოსარჩელეებს გააჩნდა ლეგიტიმური უფლება ევარაუდა, რომ დაწყებული სისხლის-სამართლებრივი პროცედურები წარმოადგენდა სხვა ეკონომიკური ინტერესებით მოტივირებულ სტრატეგიას, ხოლო სანაცვლოდ მოპასუხე თანახმა იყო გაეთავისუფლებინა პატიმრობაში მყოფი დ--------------–---–ი. აღნიშნული ვარაუდი გონივრულად მოსალოდნელია ანალოგიურ ვითარებაში მყოფი საშუალო შესაძლებლობების მქონე ადამიანის პოზიციიდან. ამ გარემოებებით, მოსარჩელეებს სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან შეექმნა მძიმე მდგომარეობა, რამაც განაპირობა მათი მხრიდან გარიგების დადებაზე თანხმობა. შესაბამისად, ამ პირობებში დადებული ჩუქების ხელშეკრულებები შეესაბამება ამორალური გარიგების ნორმატიულ შინაარს და ბათილია.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლთან მიმართებით.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო გარიგებები არ იყო განხორციელებული ნების თავისუფალი ფორმირების პირობებში და წარმოადგენენ სახელმწიფოს მართლსაწინააღმდეგო ჩარევის შედეგს.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დადგენილი პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით, არ გულისხმობს მოვალის არათანაზომიერ ვალდებულებას. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამიტომ, კრედიტორი ვალდებულია კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით მოახდინოს ზიანის მოცულობის შესაძლებელი მინიმალიზაცია. ზიანის მოცულობითი ნაწილი მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილია საკრედიტო ვალდებულებების ფარგლებით, რომელიც მათ მიერ გამოყენებული იქნა ჩუქების საგნის შესაძენად, კერძოდ, ნ----------–---–ის შემთხვევაში საკრედიტო მოცულობის თანხამ შეადგინა 89 352 ლარი, ხოლო ც------------–---–ის ნაწილში 89 972 ლარს. ამას ემატება ც------------–---–ის მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ მის მიერ გადახდილი საპროცენტო განაკვეთის ნაწილში (ნ----------–---–ს ამ შინაარსის მოთხოვნა არ გააჩნია), რომელიც ასევე საკრედიტო პროდუქტის შემადგენელი ნაწილია და გააჩნია მიზეზობრივი კავშირი დავის საგანთან. თუმცა, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტს, რომ საპროცენტო სარგებელი უნდა გადანაწილდეს ორივე სამინისტროზე პროპორციულად, რადგან მისი დანიშნულება გამომდინარეობს 2010 წლის 31 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან და ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის კომპიუტერული ტექნიკის გადაცემას. შესაბამისად, ამ კონტექსტში ზიანის უნდა დაანგარიშდეს ამ კონკრეტული მოპასუხის მიმართ ვალდებულების იმ მოცულობით, რომელსაც ითვალისწინებდა შპს „X-----------“-სთან გაფორმებული 2010 წლის 31 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება, კერძოდ, წლიური 48%, 3 თვის ვადით (თვეში 1600 აშშ დოლარს). ვინაიდან, მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ განსაზღვრულია 5 598,56 ლარის ოდენობით (ს/ფ 185) სასამართლო ვერ გასცდება მოთხოვილ ოდენობას.
რაც შეეხება, დ--------------–---–ის მოთხოვნას, მის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ არის შესატყვისი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ შინაარსთან. მისი მოთხოვნის ფაბულა აგებულია იმ დანახარჯების კომპენსირებაზე, რომელიც მან გასწია ც------------–---–ის სესხის რეფინანსირებაზე. თუმცა, ვინაიდან სასამართლომ გაიზიარა ც------------–---–ის მოთხოვნა და დანაკლისის მოცულობა განსაზღვრა მის მიერ აღებული სესხით და საპროცენტო სარგებლით, დ--------------–---–ის მოთხოვნის გაზიარება გამოიწვევს ერთ სესხზე დუბლირებულ კომპენსაციას, რაც ეწინააღმდეგება დელიქტური სამართლის პრინციპებს. შესაბამისად, გამოირიცხება მისი მოთხოვნა საპროცენტო გადახდების და მიუღებელი შემოსავლის ნაწილშიც.
6.2. სასამართლო ასევე უსაფუძვლოს მიიჩნევს მოსარჩელეთა მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა მისი უფლების ხელყოფის გამო.
განსახილველ შემთხვევაში, დელიქტური ურთიერთობა, რომელიც წარმოდგენს დისკუსიის საგანს არ არის განპირობებული ეკონომიკური ინტერესით, რომელიც უზრუნველყოფდა კრედიტორს დამატებით შემოსავლის წყაროს. მოპასუხეთა მიერ ხელყოფილი საკუთრების უფლების შინაარსი არ იყო მომართული დამატებითი ბენეფიტების შესაძენად. რადგან სასამართლოს მიერ დადგენილი კომპენსაცია ემსახურება მხარეთა პირვანდელ სამართლებრივ მდგომარეობაში დაბრუნებას, ზიანის შინაარსი (კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად მიღებული თანხები) გამორიცხავს მათ ბრუნვაუნარიანობას და ვერ იქნებოდა გამოყენებული სხვა კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებში. შესაბამისად, ამ შემთხვევის განხილვა სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის ჭრილში დაუშვებელია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან ციური და ნ----------–---–ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მათ სასარგებლოდ სასარგბელოდ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის სახით სახით ... ლარის ანაზღაურება. ხოლო დ--------------–---–ის ნაწილში სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ----------–---–ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნ----------–---–სა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის დადებული 2011 წლის 16 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულება;
1.2. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაეკისროს ნ----------–---–ის სასარგებლოდ 89 352 ლარის გადახდა;
2. ც------------–---–ის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.1. ბათილად იქნეს ცნობილი ც------------–---–სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2011 წლის 16 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულება;
2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს ც------------–---–ის სასარგებლოდ 89 972 ლარის გადახდა;
2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს ც------------–---–ის სასარგებლოდ 5 598,56 ლარის გადახდა;
3. ც------------–---–ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. დ--------------–---–ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაკმაყოფილდეს;
5. ნ----------–---–ის, ც------------–---–ის და დ--------------–---–ის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაეკისროს ნ----------–---–ის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 606,56 ლარის ოდენობით.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს ც------------–---–ის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციუალად სახელმწიფო ბაჟის - 648,93 ლარის ანაღაურება.
8. ნ----------–---–ის, ც------------–---–ის და დ--------------–---–ის ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე #2/37458-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
19 .12.2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ნატო ხელაშვილი
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელეები: ნ----------–---–ი, ც------------–---–ი, დ--------------–---–ი
წარმომადგენელი: ი-----–--------–---–ი
მოპასუხეები: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,წარმომადგენლები: ნ----------------ე, მ---------------–--ე, მ----------–---ი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ----------–---–ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნ----------–---–სა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის დადებული 2011 წლის 16 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულება;
1.2. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაეკისროს ნ----------–---–ის სასარგებლოდ 89 352 ლარის გადახდა;
2. ც------------–---–ის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2.1. ბათილად იქნეს ცნობილი ც------------–---–სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2011 წლის 16 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულება;
2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს ც------------–---–ის სასარგებლოდ 89 972 ლარის გადახდა;
2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს ც------------–---–ის სასარგებლოდ 5 598,56 ლარის გადახდა;
3. ც------------–---–ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. დ--------------–---–ის სარჩელი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაკმაყოფილდეს;
5. ნ----------–---–ის, ც------------–---–ის და დ--------------–---–ის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
6. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაეკისროს ნ----------–---–ის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 606,56 ლარის ოდენობით.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისროს ც------------–---–ის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციუალად სახელმწიფო ბაჟის - 648,93 ლარის ანაღაურება.
8. ნ----------–---–ის, ც------------–---–ის და დ--------------–---–ის ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი