გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2019
საქმის ნომერი
160210018002764539
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/1044-18

160210018002764539

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1 მარტი, 2019 წელი ქ.ბოლნისი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი

 

სხდომის მდივანი ლედი ყულიაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,თი---------ი”

წარმომადგენელი - თე-------------ე, სა-–------------–---–ი (არ გამოცხადდნენ)

მოპასუხეები - გი---––-ნ გა------ა, რა-----– ალ---ი, ი/მ ფა-- ალ---ი

თარჯიმანი - სუ-------------–--ლი

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს - გი---––-ნ გა------ას, რა-----– ალ---ს და ფა-- ალ---ს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სს "თი---------ის" სასარგებლოდ N3426968-8928254 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 28041.10 ლარი, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა 22890.63 ლარი, დარიცხული პროცენტი 4043.17 ლარი, კრედიტზე დარიცხული პირგასამტეხლო 1107.30 ლარი.

1.2. მოპასუხეებს - გი---––-ნ გა------ას, რა-----– ალ---ს და ფა-- ალ---ს სს "თი---------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ N3426968-8928254 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, სესხის ძირითად თანხაზე 22890.63 ლარზე დარიცხული 0.1% ყოველდღიურად 2018 წლის 7 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში, რაც ყოველდღიურად შეადგენს 22.89 ლარს, ხოლო ჯამურად 2060.16 ლარს.

 

1.3. საკრედიტო ვალდებულებისა და გაწეული ხარჯების სრულად დაფარვის მიზნით იძულებით სარეალიზაციოდ მიექცეს ოპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება: მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად, მდებარე: რაიონი მა-------–ი, სოფელი ყი----–----–ო, ს/კ 83.01.04.4--.

 

1.4. აღსრულება განხორცეილდეს მოპასუხეების ნებისმიერი შემოსავლისა და ქონების რეალიზაციის, მათ შორის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2013 წლის 24 სექტემბერს სს "ბანკი კო---------სა" (უფლებამონაცვლე სს "თი---------ი") და ი/მ გი---––-ნ გა------ას შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N05-31806-000002, (რომელშიც ცვლილება შევიდა 2017 წლის 25 მაისს), რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 25 მაისს გაფორმებული N3426968-8928254 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 25000 ლარის ოდენობით, წლიური 16%-ის დარიცხვით, 30 თვის ვადით. N3426968-8928254 საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული იყო სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც მოპასუხეებს უნდა შეესრულებინათ ბანკის მიმართ არსებული ვალდებულება. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულეს, 2017 წლის 30 აგვისტოდან დღემდე მოპასუხეებს არცერთი გადახდა არ აქვთ განხორციელებული. შესაბამისად, სესხს დაერიცხა ხელშეკრულების 2.9-2.20 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, კერძოდ, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარის ოდენობით და შემდეგ დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეების დავალიანება ბანკის მიმართ 2018 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით N3426968-8928254 საკრედიტო ხელშეკრულებიდან შეადგენს 28041.10 ლარს, საიდანაც კრედიტის ძირითადი თანხაა 22890.63 ლარი, დარიცხული პროცენტი 4043.17 ლარი, კრედიტზე დარიცხული პირგასამტეხლო 1107.30 ლარი.

 

საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა სოლიდარული თავდებობით, კერძოდ, რა-----– ალ---მა და ი/მ ფა-- ალ---მა სოლიდარულად იკისრეს თავდებობა მსესხებლის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე. თავდების პასუიხსმგებლობის ფარგლები თითოეული შემთხვევაში განისაზღვრა ზღვრული თანხით 26250 ლარით. გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა აგრეთვე, შემდეგი უძრავი ქონება: 1589 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად, მდებარე: რაიონი მა-------–ი, სოფელი ყი----–----–ო, ს/კ 83.01.04.4--, მესაკუთრე გი---––-ნ გა------ა.

 

მოპასუხეებს ბანკის მხრიდან გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები, თუმცა მათ დავალიანება არ დაუფარავთ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,თი---------ი“ სასარჩელო წარმოების წესით ითხოვს დავალიანების თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად გადახდის დაკისრებას და იპოთეკის საგნის რეალიზაციას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, მხოლოდ სესის ძირი თანხის ნაწილში და ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მკაფიოდ არ დააფიქსირეს, მათი მხრიდან შესაგებელში მხოლოდ აღინიშნა რომ ისინი სარჩელში მითითებულ პირველ ფაქტობრივ გარემოებას ნაწილობრივ ეთანხმებიან, ხოლო დანარჩენს არ ეთანხმებიან. სასამართლო სხდომაზე მათ განმარტეს, რომ სარჩელს ნაწილობრივ ცნობენ, სესხის ძირი თანხის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 24 სექტემბერს სს "ბანკი კო---------სა" (უფლებამონაცვლე სს "თი---------ი") და ი/მ გი---––-ნ გა------ას შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N05-31806-000002, (რომელშიც ცვლილება შევიდა 2017 წლის 25 მაისს), რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 25 მაისს გაფორმებული N3426968-8928254 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 25000 ლარის ოდენობით, წლიური 16%-ის დარიცხვით, 30 თვის ვადით. N3426968-8928254 საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული იყო სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც მოპასუხეებს უნდა შეესრულებინათ ბანკის მიმართ არსებული ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 24.09.2013 წლის N05-31806-000002 ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ (ს.ფ.21-29; 30-37)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 70-71)

- 25.05.2017 წლის შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ს.ფ. 20)

- 25.05.2017 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 40-42; 43-45)

- 25.05.2017 წლის სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 46)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 2019 წლის 15 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა სოლიდარული თავდებობით, კერძოდ, რა-----– ალ---მა და ი/მ ფა-- ალ---მა სოლიდარულად იკისრეს თავდებობა მსესხებლის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე. თავდების პასუსისმგებლობის ფარგლები თითოეული შემთხვევაში განისაზღვრა ზღვრული თანხით 26250 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 25.05.2017 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და გრაფიკი (ს.ფ. 43-46);

-25.05.2017 თავდებების განცხადებები და თავდებობის ხელშეკრულებები N1231231572074, N1231231574296 (ს.ფ. 48-57)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 2019 წლის 15 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3 გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა აგრეთვე, უძრავი ქონება: 1589 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად, მდებარე: რაიონი მა-------–ი, სოფელი ყი----–----–ო, ს/კ 83.01.04.4--, მესაკუთრე გი---––-ნ გა------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 24.09.2013 წლის ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ (ს.ფ. 30-37)

- 24.09.2013 წლის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 58-62)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 63-64)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 2019 წლის 15 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი).

3.1.4 გი---––-ნ გა------ას, ფა-- ალ---ის და რა-----– ალ---ის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მათ 2017 წლის 30 სექტემბრის შემდეგ არ განუხორციელებიათ თანხის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 47)

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 19)

 

3.1.6. სს ,,თი---------ის“ მხრიდან მოპასუხეები გაფრთხილებულ იქნენ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ;

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გაფრთხილების წერილები, ჩაბარების დასტურები (ს.ფ. 65-67);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, 2019 წლის 15 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ არსებობს სს ,,თი---------ის’’ მიერ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 867-868-ე, 891-895-ე, 301-ე, 286-ე, 289-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ვალდებულების საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის სამართლებრივ რეგულირებაც მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 867-ე და 868-ე მუხლებში. კერძოდ:

 

სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სსკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდრულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებით აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის საფუძველზე კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ.

 

მოსარჩელის მოთხოვნა მიმართულია როგორც ძირითადი მსესხებლის გი---––-ნ გა------ას, ასევე თავდებების - ფა-- ალ---ის და რა-----– ალ---ის მიმართ, რომელთანაც საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2017 წლის 25 მაისს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები N1231231572074, N1231231574296 - საფუძვლიანია, ვინაიდან ხელშეკრულებით ფა-- ალ---მა და რა-----– ალ---მა სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა სს ,,თი---------ის“ მიმართ გი---––-ნ გა------ას ვალდებულებების სრულად შესრულებაზე.

 

6.3. სკ-ის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დავის ფარგლებში, დადგენილია სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, გი---––-ნ გა------ას მიერ ვალდებულების დარღვევის და მისი შეუსრულებლობის ფაქტი (სკ-ის 361-ე, 400-ე მუხლები), რის თაობაზეც იგი თავდებებთან ერთად ბანკის მიერ გაფრთხილებულ იქნა წერილობით და მიეცა ვალდებულების შესასრულებლად დამატებით ვადა, თუმცა უშედეგოდ, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს კრედიტორის მიერ საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტისა და შესაბამისად, ძირითადი თანხისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის ანაზღაურების საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, მათი წერილობითი შესაგებელი შეიცავდა მხოლოდ ზოგადი ხასიათის შედავებას, ის არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 201-ე მუხლის მოთხოვნებს და, აქედან გამომდინარე, არაკვალიფიციური იყო. მოპასუხეებმა შესაგებელში მხოლოდ აღინიშნეს რომ ისინი სარჩელში მითითებულ პირველ ფაქტობრივ გარემოებას ნაწილობრივ ეთანხმებიან, ხოლო დანარჩენს არ ეთანხმებიან.

 

სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია, მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმისარსებითად განხილვის დროს.

 

ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნისა თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს (შდრ. სუსგ №ას-664-635-2016, 02.03.2017).

 

სასამართლო განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა მიერ წარდგენილი შესაგებელი ზოგადი ხასიათისაა და არ შეიცავს სარჩელში მითითებულ ძირითადი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფის შესაბამის მიზეზებსა და არგუმენტებს. ამრიგად, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, მოპასუხეების მხრიდან არაკვალიფიციურად შედავების პირობებში, სამართლებრივად დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ - სესხის ძირითადი თანხის - 22890.63 ლარის ნაწილში, რაც სესხის ძირითადი თანხის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, 25.05.2017 წლის N3426968-8928254 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 2.9-2.20 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევისას, მსესხებელს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, კერძოდ, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარის ოდენობით და შემდეგ დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

კონკრეტულ შემთხვევაში ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო სასამართლოს მიაჩნია, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და მიიჩნევს, რომ სს ,,თი---------ის” მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდს ნაწილობრივ - 10 ჯერ შემცირდეს პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა და მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით სს ,,თი---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ 110.7 ლარი.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანხმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს, საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხეებს - გი---––-ნ გა------ას, ფა-- ალ---ს და რა-----– ალ---ს სს ,,თი---------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ N3426968-8928254 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა 22890.63 ლარი, პროცენტი 4043.17 ლარი, პირგასამტეხლო 110.7 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 27044.5 ლარს. მოპასუხეებს ასევე სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ N3426968-8928254 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო სესხის ძირ თანხაზე 22890.63 ლარზე დარიცხული 0.01% ყოველდღიურად 2018 წლის 7 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტესე 90 დღისა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.28 ლარს, ხოლო ჯამურად 205.2 ლარს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით, პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით. ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

დადგენილია, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გი---––-ნ გა------ას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: რაიონი მა-------–ი, სოფელი ყი----–----–ო, საკადასტრო კოდით 83.01.04.4--, იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო, მოსარჩელეს, სხვა კრედიტორებთან შედარებით, აქვს უპირატესი უფლება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა (თანხის გადახდა) იპოთეკით დატვირთული კონკრეტული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით. ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გადახდევინების მიქცევა, უნდა მოხდეს მოვალის და თავდების ნებისმიერი ქონებაზე (საკრედიტო პროდუქტით მომსახურების ხელშეკრულების 9.3 პუნქტისა და იპოთეკის ხელშეკრულების 4.6 პუნქტის საფუძველზე);

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე ურს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,თი---------ის“ მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 903.03 ლარის ოდენობით, ამასთან, მოპასუხემ მთავარ სხდომამდე ცნო სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხის ნაწილში, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სს ,,თი---------ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის პროპორციულად - 686.7 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეებს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად - 130.77 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 264-ე, 365-ე, და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,თი---------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გი---––-ნ გა------ას, რა-----– ალ---ის და ფა-- ალ---ს სს ,,თი---------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ =3426968-892854 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 27044.5 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 22890.63 ლარი, პროცენტი - 4043.17 ლარი, პირგასამტეხლო - 110.7 ლარი. ამასთან, თავდებთა რა-----– ალ---ის და ფა-- ალ---ს პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვროს 26250 ლარი;

 

3. გი---––-ნ გა------ას, რა-----– ალ---ს და ფა-- ალ---ს სს ,,თი---------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ =3426968-892854 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო სესხის ძირ თანხაზე 22 890.63 ლარზე, დარიცხული 0.01 პროცენტი ყოველდღიურად 2018 წლის 7 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.28 ლარს, ხოლო ჯამურად 205.2 ლარს.

 

4. დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს გი---––-ნ გა------ას საკუთრებაში არსებული და სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობასთან ერთად, მდებარე მა-------–ი სოფელი ყი----–----–ო, ს/კ 83.01.04.4--; თუ ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, აღსრულება განხორციელდეს - გი---––-ნ გა------ას, რა-----– ალ---ის და ფა-- ალ---ს საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან.

 

5. გი---––-ნ გა------ას, რა-----– ალ---ის და ფა-- ალ---ს სს ,,თი---------ის" სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის ნაწილის - 130.77 ლარის ანაზღაურება;

 

6. სს ,,თი---------ს” (ს/კ 204854595) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 903.03 ლარიდან - 686.7 ლარი, რომელიც გადახდილია 2018 წლის 10 დეკემბერს შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300103150 (საგადასახადო დავალება N1).

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი