გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
190210118002711297
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-2987-18

(საქმე N190210118002711297)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2019 წ. ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - მაია შოშიაშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - სს ,,ფ----------------------–ო”

წარმომადგენელი - ლ-–- ბ------, დ----- გ--------

 

მოპასუხეები: ე-–---- ც---------–---–ი, ლ---- ჭ----–--ე, ა-- კ-----–-ა

ე-–---- ც---------–---–ის წარმომადგენელი - დ-------- ბ--–--------

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ე-–---- ც---------–---–ს, ლ---- ჭ----–--ესა და ა-- კ-----–-ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხის - 3 518.44 (სამი ათას ხუთას თვრამეტი აშშ დოლარი და 44 ცენტი) აშშ დოლარის (საიდანაც ძირი თანხაა 3013.92 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - 381.08 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 123.44 აშშ დოლარი) გადახდა.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხებმა ე-–---- ც---------–---–მა და ლ---- ჭ----–--ემ წარმოდგენილი შესაგებლებით არ ცნეს სარჩელი, ე-–---- ც---------–---–ის წარმომადგენელმა დ-------- ბ--–--------მ ასევე სასამართლო სხდომაზეც არ ცნო სარჩელი და განაცხადა, რომ სესხად მიღებული თანხა გადახდილია.

მოპასუხეები ლ---- ჭ----–--ე და ა-- კ-----–-ა სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან, შესაბამისად სასამართლოსათვის უცნობია მათი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 07 სექტემბერს # 274119.2200.002 ხელშეკრულებით მსესხებელმა ე-–---- ც---------–---–მა სს „ფ----------------------–ო“-სგან სესხად მიიღო 5 000.00 აშშ დოლარი და 0 ცენტი, 07.09.2016-დან 17.09.2018-მდე, ანუ 740 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 23.95%-ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1,00%-ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება ლ---- ჭ----–--ესთან და ა-- კ-----–-ასთან. თავდებთა პასუხისმგებლობა განისაზღვრა 6341.54 აშშ დოლარითა და 54 ცენტის ოდენობით.

 

3.1.3. გამომდინარე ფაქტიდან , რომ მსესხებლისა და თავდები პირების მიერ 2017 წლის 16 ოქტომბრიდან დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, სს „ ფ----------------------–ო“ იძულებული გახდა მიემართა აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის გამარტივებული საქმისწარმოების დაწყების მოთხოვნით.

 

3.1.4. მსესხებელს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარე დავალიანებიდან გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი, ჯამში 3 335.79 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 1986.08 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 993.43 აშშ დოლარი საპროცენტო სარგებელი და 356.28 აშშ დოლარი პირგასამტეხლო. 2017 წლის 16 ოქტომბრიდან მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხულ იქნა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1,00 %-ის ოდენობით, რომლის დარიცხვაც მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში გაგრძელდა და შეადგინა 123.44 აშშ დოლარი.

 

3.1.5. მოვალეებს ბანკის მიმართ აქვთ დავალიანება 3 518.44 (სამი ათას ხუთას თვრამეტი აშშ დოლარი და 44 ცენტი) აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა არის 3013.92 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 381.08 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 123.44 აშშ დოლარი.

 

3.1.6. მსესხებელს და თავდებ პირებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები და მიეცათ დამატებით ვადა ვალდებულების შესასრულებლად, რომელიც მსესხებლის შემთხვევაში ჩაიბარა მისმა დედამ, ხოლო თავდები პირების შემთხვევაში გაფრთხილებები ჩაიბარეს მათმა მეუღლეებმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება,- სესხის გადახდის გრაფიკის ასლი;

- თავდებობის ხელშეკრულების ასლები;

- აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების საფასურის გადახდის ქვითარი;

- სესხის გადახდების ისტორია;

- გაფრთხილების წერილები ;

- ფოსტის უკუგზავნილები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ფ----------------------–ო”-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 405-ე, 418-420-ე, 427-ე-429-ე, 464-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. . საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით სს ,,ფ----------------------–ოს" და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. შესაბამისად, თუ მოსარჩელე (გამსესხებელი) ვერ დაადასტურებს ძირითადი ვალდებულების არსებობის ფაქტს, პროცენტის გადახდის ვალდებულებაც არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ფ----------------------–ოს" და ე-–---- ც---------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ე-–---- ც---------–---–ზე გაიცა სესხი 5000 აშშ დოლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით : სესხის ვადა - 740 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 23.95 % , ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის სახით.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ფ----------------------–ო“-ს მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაცემული იქნა კრედიტი. მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულები შესრულებული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მოპასუხე მხარემ სრულად მიიღო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარჩელი ასევე სრულად უნდა დაკმაყოფილდეს სესხის პროცენტის თაობაზე მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს წარმოდგენილი ხელშეკრულებებით აკისრიათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის, საბანკო ანგარიშიდან ამონაწერით) არ დასტურდება, რომ მსესხებლის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს -თავდებ პირებს ლ---- ჭ----–--ესა და ა-- კ-----–-ას მსესხებელთან ე-–---- ც---------–---–თან ერთად სოლიდარულად.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012).

 

სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო (123.44 აშშ დოლარი ) მოთხოვნილია გონივრული თანხის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი , შესაბამისად, გადახდილი ბაჟი უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ

.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ ძალაში უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ე-–---- ც---------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან - მდებარე გ----------, სოფ. ნ-------, ს/კ 8----------- - მისი კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ მოხსნა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს ,,ფ----------------------–ოს" სარჩელი ე-–---- ც---------–---–ის, ლ---- ჭ----–--ის და ა-- კ-----–-ას მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

2. მოპასუხე ე-–---- ც---------–---–ს, ლ---- ჭ----–--ეს და ა-- კ-----–-ას სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–ოს” სასარგებლოდ - 3518,44 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენს - 3013,92 აშშ დოლარს, პროცენტი - 381,08 აშშ დოლარს და პირგასამტეხლო - 123 ,44 აშშ დოლარს.

 

3. ძალაში დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ე-–---- ც---------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან - მდებარე გ----------, სოფ. ნ-------, ს/კ 8----------- - მისი კუთვნილი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

4. მოპასუხე ე-–---- ც---------–---–ს, ლ---- ჭ----–--ეს და ა-- კ-----–-ას მოსარჩელე სს ,,ფ----------------------–ოს" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 287,63 ლარის და 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი