გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/8382-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი
სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი
მოსარჩელე - ჯ----–--–-----ძე;
წარმომადგენელი - რო-------------–ი;
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - მარ----–---------–-ილი;
მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი - ნი---------------ე;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.01.2016 წლის N7----- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 24.10.2016 წლის N------- ბრძანება.
1.3. დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოსარჩელის 22.12.2015 წლის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე.
1.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს საპროცესო ხარჯების გადახდა, სახელმწიფო ბაჟი - 200 ლარის ოდენობით და ადვოკატის ჰონორარი.
მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო საკუთრებაშია 290 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. მცხეთა, მ-------- მ--------- სანაპირო, ყ------–-------------------ს მოპირდაპირედ (N 7----------- და N 7----------- საკადასტრო კოდების მიმდებარედ). აღნიშნული მიწის ნაკვეთი 1998 წლიდან იყო ჯ----–--–-----ძის მფლობელობაში. ამავე წლიდან მის მიერ მოწყობილია ინფრასტრუქტურა, მ–---- განაშენიანების, მიწასთან მყარად დაკავშირებული ნივთებისა და სხვა ინვენტარის სახით. ჯ----–--–-----ძემ 31.08.2015 წელს თვითნებურად დაკავებულ 290 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას. კომისიის 22.10.2015 წლის გადაწყვეტილებით ჯ----–--–-----ძეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი მოქცეულია მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში. 23.12.2015 წელს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა განცხადების ჩაბარებიდან გონივრულ ვადაში, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მომხდარიყო ჯ----–--–-----ძის კუთვნილი ქონების (ღირებულება დაახლ. 11 000 ლარი) გამოთავისუფლება და მოსარჩელისთვის გადაცემა. აღნიშნულთან დაკავშირებით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 29.01.2016 წლის წერილით მას ეცნობა, რომ უძრავი ქონება რომელზეც არ არის გაცემული ან არ არსებობს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებას, ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებას. ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული ან რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, 21.03.2016 წელს მოსარჩელემ საჩივრით მიმართა მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და 24.10.2016 წლის N------- ბრძანებით მას უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
2. მხარეთა პოზიციები
2.1. მოპასუხის პოზიცია
2.1.1. მოპასუხე - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ვერ ასაბუთებს თუ კონკრეტულად რომელ კანონთან თუ სამართლის პრინციპთან არის შეუსაბამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.01.2016 წლის N7----- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც შეიძლება გახდეს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
2.2.2.მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილობითი შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სარჩელს და მიუთითა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ს----------–--------------------–-----------------–--------’’ 17.08.2015 წლის N----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. მცხეთაში, ყ------–------------ მოპირდაპირედ (ს.კ. 7-----------) 290 კვ.მ. მიწის ნაკვეთი შემოღობილია ხის ღობით, მოწყობილია ბეტონის ცოკოლი და ბეტონის კიბეები. მტკვარზე გაკეთებულია ბეტონის ჯებირი. ტერიტორიაზე დაგებულია ასფალტი და მოწყობილია ელექტრო-განათების ბოძები, ტრასის მხარეს დარგულია კვიპაროსის ხეები და სხვადასხვა ნარგავები, ბაღში მოწყობილია მაგიდა თავისი სკამებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ს----------–--------------------–-----------------–--------’’ 17.08.2015 წლის N----- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 20);
3.1.2. გ------- ხ------–---–-ს, თ------ ქ----–---–-ს, ლ--------–- მ-------ის 24.08.2015 წლის ნოტარიულად დამოწმებული განცხადების თანახმად, განმცხადებლები ადასტურებენ, რომ ჯ----–--–-----ძე 2006 წლიდან დღემდე ნამდვილად ფლობს მიწის ნაკვეთს ფართით 290 კვ.მ და მასზე მოწყობილი ინფრასტრუქტურით და არსებული განაშენიანებით, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. მცხეთა, მ-------- მ--------ა სანაპირო, ყ------–-------------------ს მოპირდაპირედ (ს.კ. 7----------- მიწის ნაკვეთის მიმდებარედ). განმცხადებლები თანახმა არიან ჯ----–--–-----ძემ კანონმდებლობის შესაბამისად მოახდინოს აღნიშნული ქონების ლეგალიზებ/დაკანონება და საკუთარ სახელზე გაფორმება/ რეგისტრაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ------- ხ------–---–-ს, თ------ ქ----–---–-ს, ლ--------–- მ-------ის 24.08.2015 წლის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (ს.ფ. 92-93);
3.1.3. 31.08.2015 წელს ჯ----–--–-----ძემ განცხადებით მიმართა ქ. მცხეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და განმარტა, რომ ქ. მცხეთაში ყ------–-------------------ს მიმდებარედ, მ-------- მ--------- სანაპიროზე ყოფილი რესტორანი ,,მ–---- კ---–---’’ მიმდებარედ, ფლობს მიწის ნაკვეთს ფართობით 290 კვ.მ, რომელზეც 2005 წლიდან აქვს ჩატარებული სამუშაოები: მოწყობილი აქვს ასფალტის ფენა, განათების ბოძები, ტერიტორია შემოღობილია ხის ღობით, რომელსაც აქვს ერთ მეტრამდე ბეტონის ცოკოლი, დარგული აქვს მცენარეები, მოწყობილი აქვს ბეტონის კიბე. განმცხადებელმა ითხოვა საკუთრების უფლების აღიარება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე და საკუთრების მოწმობის გაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯ----–--–-----ძის 31.08.2015 წლის განცხადება (ს.ფ. 28)
3.1.4. ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 22.10.2015 წლის N- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ჯ----–--–-----ძეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 22.10.2015 წლის N- გადაწყვეტილება (ს.ფ. 30-32);
3.1.5. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, (მომზადების თარიღი 2015 წლის 02 დეკემბერი) ქ. მცხეთაში, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (დაზუსტებული ფართობი, 19359.00 კვ.მ., ს/კ N7-----------), რეგისტრირებულია თ---------- უ----–---- საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - (ს.ფ 205-206);
3.1.6. 2015 წლის 22 და 23 დეკემბერს ჯ----–--–-----ძის წარმომადგენელმა განცხადებებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მომხდარიყო ჯ----–--–-----ძის კუთვნილი ქონების (ღირებულება დაახლ. 11 000 ლარი) გამოთავისუფლება და მოსარჩელისთვის გადაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯ----–--–-----ძის წარმომადგენლის 22.12.2015 წლის განცხადება (ს.ფ. 33-35);
- ჯ----–--–-----ძის წარმომადგენლის 23.12.2015 წლის განცხადება(ს.ფ. 122-123);
3.1.7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.01.2016 წლის N7----- წერილით ჯ----–--–-----ძის წარმომადგენელს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ უძრავი ქონება, რომელზეც არ არის გაცემული ან არ არსებობს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებას, ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებას და განკარგვას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ადრესატს ეცნობა, რომ სააგენტოს მიერ არ არის გაცემული რაიმე სახის ნებართვა განცხადებაში მითითებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განცხადებაში დასმული საკითხი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.01.2016 წლის N7----- წერილი (ს.ფ. 36);
3.1.8. 10/02/2016 წელს ჯ----–--–-----ძის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და კიდევ ერთხელ ითხოვა ჯ----–--–-----ძის კუთვნილი ქონების გამოთავისუფლება და მოსარჩელისთვის გადაცემა 2016 წლის 25 თებერვლამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯ----–--–-----ძის წარმომადგენლის 10.02.2016 წლის განცხადება (ს.ფ. 125-126);
3.1.9. 21.03.2016 წელს ჯ----–--–-----ძის წარმომადგენელმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.01.2016 წლის N7----- წერილის ბათილად ცნობა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ჯ----–--–-----ძეს გადაეცემა მისი ქონება, რომელიც მდებარეობს სადავო ფართობზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯ----–--–-----ძის წარმომადგენლის 21.03.2016 წლის საჩივარი (ს.ფ. 37-41);
3.1.10. 29.07.2016 წელს ჯ----–--–-----ძის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და განმარტა, რომ თეორიულად შეუძლებელია 18 წლის წინანდელი საფინანსო/საბუღალტრო დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდა საჩივარში მითითებული ნივთების ჯ----–--–-----ძისადმი კუთვნილებას. იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით ფიზიკური პირი არც იყო ვალდებული ეწარმოებინა მის მიერ შესრულებული სამუშაოების საბუღალტრო აღრიცხვა. შესაბამისად, მხარემ ითხოვა მოწმეების ჩართვა და დაკითხვა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ჯ----–--–-----ძის წარმომადგენლის 29.07.2016 წლის განცხადება (ს.ფ. 44-45);
3.1.11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 24.10.2016 წლის N------- ბრძანებით, უარი ეთქვა ჯ----–--–-----ძეს 2016 წლის 24 მარტის N3------ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 24.10.2016 წლის N------- ბრძანება (ს.ფ. 46-49);
-
3.1.12. 2018 წლის 08 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ ჩატარებულ იქნა ქ. მცხეთაში, მ-------- მ--------- სანაპიროზე მდებარე მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ: მიწის ნაკვეთის ნაწილი არის მოასფალტებული, ტერიტორია შემოღობილია ხის ღობით, ხის შემოღობვის ქვეშ არის ბეტონის საძირკველი და ბეტონის კიბეები, ტერიტორიაზე მოწყობილია ელექტრო-განათების ბოძები, მიწის ნაკვეთზე ტრასის მხარეს დარგულია კვიპაროსის ხეები და ასევე სხვადასხვა მრავალწლიანი ნარგავები, შემაღლებულ ადგილზე მოწყობილია მაგიდა თავისი სკამებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სასამართლოს ადგილზე დათვალიერების 08.05.2018 წლის ოქმი (ს.ფ. 218-219);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს ჯ----–--–-----ძის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 იანვრის N7----- გადაწყვეტილება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 24 ოქტომბრის N------- ბრძანება, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
6.2. მოსარჩელის მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 იანვრის N7----- გადაწყვეტილების, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
სასამართლო მიუთითებს, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1 მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ - ქონების სააგენტო). ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ამავე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა ხორციელდება სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის, პრივატიზების, მართვის უფლებით გადაცემის, რეალიზაციის, ლიზინგის ფორმით გაცემის, განაწილებისა და განადგურების ფორმით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 31 აგვისტოს ჯ----–--–-----ძემ განცხადებით მიმართა ქ. მცხეთის საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და განმარტა, რომ ქ. მცხეთაში ყ------–-------------------ს მიმდებარედ, მ-------- მ--------- სანაპიროზე ყოფილი რესტორანი ,,მ–---- კ---–---’’ მიმდებარედ, ფლობს მიწის ნაკვეთს ფართობით 290 კვ.მ, რომელზეც 2005 წლიდან აქვს ჩატარებული სამუშაოები: მოწყობილი აქვს ასფალტის ფენა, განათების ბოძები, ტერიტორია შემოღობილია ხის ღობით, რომელსაც აქვს ერთ მეტრამდე ბეტონის ცოკოლი, დარგული აქვს მცენარეები, მოწყობილი აქვს ბეტონის კიბე. განმცხადებელმა ითხოვა საკუთრების უფლების აღიარება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე და საკუთრების მოწმობის გაცემა.
ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 22 ოქტომბრის N- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ 2015 წლის 31 აგვისტოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას განცხადებით მიმართა მოქალაქე ჯ----–--–-----ძემ და მოითხოვა ქ. მცხეთაში მდებარე თვითნებურად დაკავებული 290.00 კვ.მ მიწის ფართობზე საკუთრების უფლების აღიარება. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოქალაქე ჯ----–--–-----ძეს განცხადებასთან დაკავშირებულ წარმოების მასალებს ერთვოდა 2015 წლის 20 ოქტომბრის N-- ადგილზე დათვალიერების აქტი, რომლის თანახმადაც თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც დარგულია მრავალწლიანი ნარგავები ნაძვი, ფიჭვი, ჭერამი. მიწის ნაკვეთის ნაწილი მოასვალტებულია. ხის შემოღობის ქვეშ ფიქსირდება ბეტონის საძირკველი და ასევე ფიქსირდება ბეტონის კიბე. მიწის ნაკვეთზე ფიქსირდება ელექტრო განათების ბოძები. განცხადებას ასევე ერთვოდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 02 ოქტომბრის #1--------- წერილი, რომელშიც მიითებული იყო, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი ექცევა “ქ.მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აგვისტოს N-11 დადგენილებით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობის შეზღუდვის არეალში. შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ გადაწყვეტილებაში მიუთითა “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარეგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “გ” პუნქტზე, რომლის თანახმად თვითნებურად დაკავებული მიწა არის, ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასაფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული) ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა”. ზემოაღნიშნული კანონის თანახმად, განმცხადებლის განმარტებიდან, დოკუმენტაციიდან და მოთხოვნის ფარგლებიდან გამომდინარე კომისიამ გადაწყვეტილებით უარი უთხრა ჯ----–--–-----ძეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2015 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელე ჯ----–--–-----ძის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომელშიც მიუთითა, რომ სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს ქ. მცხეთაში მ-------- მ--------- სანაპიროზე, ყ------–-------------------ს მოპირდაპირედ მდებარე მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობი - 290 კვ.მ. (#7----------- და #7----------- საკადასტრო კოდების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი). აღნიშნული მიწის ნაკვეთი 1998 წლიდან არის ჯ----–--–-----ძის მართლზომიერ მფლობელობაში. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ჯ----–--–-----ძეს ჩატარებული აქვს სხვადასხა სახის სამუშაოები, მოწყობილი აქვს ინფრასტრუქტურა, დარგული აქვს მრავალწლიანი ნარგავები: ნაძვი, ფიჭვი და ჭერამი. მიწის ნაკვეთის ნაწილი მის მიერ მოასფალტებულია, ნაკვეთი შემოღობილია ხის მასალით, ხოლო ხის შემოღობის ქვეშ ფიქსირდება ბეტონის საძირკველი და ბეტონის კიბე. მიწის ნაკვეთზე დამონტაჟებულია ელექტროგანათების ბოძები. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ჯ----–--–-----ძის მართლზომიერ მფლობელობაშია, მან 2015 წლის 31 აგვისტოს განცხდებით მიმართა “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის” ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტს და მოითხოვა თვითნებურად დაკავებული 290 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობზე საკუთრების უფლების აღიარება. ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2015 წლის 22 ოქტომბრის N- გადაწყვეტილებით, ჯ----–--–-----ძეს უარი ეთქვა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ. უარი დაეფუძნა შემდეგ გარემოებებს: 1. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ” პუნქტი და მე-51 მუხლის მე-7 ნაწილი (თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე). 2. ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აგვისტოს N-11 დადგენილება (ამ დადგენილების დანართ N 1-ში მოცემულ ტერიტორიებზე აიკრძალოს საკუთრების უფლების აღიარება, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვა). შესაბამისად, ვინაიდან კომისიამ შეუძლებელად მიიჩნია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ჯ----–--–-----ძის საკუთრების უფლების აღიარება, ჯ----–--–-----ძეს წარმოეშვა მისი კუთვნილი ქონების მიღებისა და ნაკვეთიდან გატანის უფლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მომხდარიყო ჯ----–--–-----ძის კუთვნილი ქონების (ღირებულება დაახლ. 11 000 ლარი) გამოთავისუფლება და მოსარჩელისთვის გადაცემა.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 29.01.2016 წლის N7----- წერილით დგინდება, რომ ჯ----–--–-----ძის წარმომადგენელს განცხადების პასუხად ეცნობა, რომ უძრავი ქონება, რომელზეც არ არის გაცემული ან არ არსებობს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და არ წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებას, ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებას და განკარგვას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ადრესატს ეცნობა, რომ სააგენტოს მიერ არ არის გაცემული რაიმე სახის ნებართვა განცხადებაში მითითებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განცხადებაში დასმული საკითხი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, თუ რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ.
საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: Nას- 15-29-1443-2012; Nას-973-1208-04; N ას- 664-635-2016).
განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მისარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებაში ასრებული მიწის ნაკვეთიდან მომხდარიყო ჯ----–--–-----ძის კუთვნილი ქონების (ასფალტის საფარი, ბეტონის კიბე, ბეტონის საძირკველი, ხის შემოღობვა, ელექტროგანათების ბოძები, განაშენიანება (ნაძვი, ფიჭვი, ჭერამი) (ღირებულება დაახლ. 11 000 ლარი) გამოთავისუფლება და მოსარჩელისთვის გადაცემა.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფოს საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის გარეშე თავიდანვე გააჩნია საკუთრება უძრავ ქონებაზე, გარდა კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული კერძო საკუთრებისა. ამდენად, თუკი საჯარო რეესტრში არ არსებობს ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებს კონკრეტულ ობიექტზე კერძო საკუთრების არსებობას, ის წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო რეგისტრაციის მეშვეობით ხდება მხოლოდ არსებული ფაქტის დაფიქსირება.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მიუთითოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.
აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს შემდეგს, არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანად დაკავშირებულია ნივთთან (მიწასთან) და როგორც წესი, იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი ანუ არსებითი შემადგენელი ნაწილი სრულად იზიარებს მთავარი ნივთის ბედს. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია არსებითი შემადგენელი ნაწილის დამოუკიდებლად განკარგვა. იგი განიკარგება მთავარ ნივთთან ერთად და ეს არაა დამოკიდებული ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე. სსკ-ის 150-ე მუხლით განსაზღვრული მთავარი ნივთისა და მისი არსებითი შემადგენელი ნაწილების კავშირურთიერთობის შინაარსი განაპირობებს იმას, რომ ამავე კოდექსის 171-ე მუხლის თანახმად, ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფოს ქონების საკუთრების უფლება, ვრცელდება როგორც მიწის ნაკვეთზე, ასევე მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ ქონებაზე (ასფალტის საფარი, ბეტონის კიბე, ბეტონის საძირკველი, ხის შემოღობვა, ელექტროგანათების ბოძები, განაშენიანება (ნაძვი, ფიჭვი, ჭერამი), როგორც მის არსებით შემადგენელ ნაწილზე და შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მისი კუთვნილი ქონების გამოთავისუფლებისა და მისთვის გადაცემის თაობაზე მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ ქ. მცხეთაში მ-------- მ--------- სანაპიროზე, ყ------–-------------------ს მოპირდაპირედ მდებარე 290 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (N7----------- და N7----------- საკადასტრო კოდების მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი) არსებული ინფრასტრუქტურა, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, განთავსებულია სწორედ მოსარჩელის მიერ.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 იანვრის N7----- გადაწყვეტილება, მოსარჩელე მხარემ კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონს და კონკრეტულად რა გარემოება არ იქნა გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომლის გამოკვლევისა და დადგენის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც ჯ----–--–-----ძის სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 იანვრის N7----- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებაზე უსაფუძვლოა და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 24 ოქტომბრის N------- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ჯ----–--–-----ძის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 24 ოქტომბრის N------- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
6.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ----–--–-----ძის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს მიეკუთვნება ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 200 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ჯ----–--–-----ძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 (ორასი) ლარიდან 100 (ასი) უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო 100 (ასი) უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს, როგორც ზედმეტად გადახდილი. ამასთანავე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჯ----–--–-----ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელეს დაუბრუნდეს 2016 წლის 21 ნოემბერს N- საკრედიტო საგადახდო დავალების საფუძველზე რო-------------–ის ( 0----------) მიერ სს ბანკი ,,რესპუბლიკაში" გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200 (ასი) ლარიდან 100 (ასი) ოდენობით. მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები (თვითმმართველი ქალაქი თბილისი); მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღების ბანკი/ხაზინა - ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; ბანკის კოდი - TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეებზე, ხოლო 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილი