გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210118002708967
საქმე # 2/899-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
(შესავალი ნაწილი)
1--------- წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - გი---------------–---–ი
წარმომადგენელი - შა-–-------------ძე
მოპასუხე - მი----–--------–---–ი
წარომადგენელი - მარ----–-------–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხე მი----–-------–---–ს მოსარჩელე გი---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 582 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მოპასუხესთან დადო ზეპირი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს გურჯაანის რაიონის სოფელ გ---------–ი ,,მუ------ში“ მდებარე №51---------2 და №51---------7 საკადასტრო კოდებით მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონება უნდა შეეძინა. შეთანხმების მიხედვით მოსარჩელეს თანხა ეტაპობრივად უნდა გადაეხადა. ვინაიდან უძრავი ქონება ვალდებულებით იყო დატვირთული, ამიტომ გადახდილი თანხით ჯერ მოპასუხის კრედიტორის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვა მოხდებოდა და შემდგომ უძრავი ქონება მოსარჩელეს უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაეცემოდა. მოსარჩელემ 2017 წლის 15 ივლისს მოპასუხის საბანკო ანგარიშზე 5 550 აშშ დოლარი ჩარიცხა, ხოლო 2018 წლის 05 აპრილს მოპასუხის ანგარიშზე დამატებით 29 532 აშშ დოლარი ჩარიცხა. აგრეთვე, სხვადასხვა კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მოპასუხეს მოსარჩელისგან 15 500 აშშ დოლარი აქვს მიღებული. საერთო ჯამში მოპასუხეს 50 582 აშშ დოლარი გადაეცა. მოპასუხემ 2018 წლის აპრილის თვეში სს ,,თი---------ის“ წინაშე არსებული ვალდებულება შეასრულა და ორივე უძრავ ქონებაზე ბანკის სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა გაუქმდა, მაგრამ მოპასუხემ პირობა არ შეასრულა და ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე უარი განაცხადა. მართალია მოპასუხე დავალიანების არსებობას აღიარებს, თუმცა თანხის დაბრუნება არ ხდება და არც კონკრეტული ვადაა გარკვეული.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელისგან ნამდვილად მიიღო 29 532 აშშ დოლარი, რომლის სანაცვლოდ, მოსარჩელის თხოვნით, მოპასუხემ მოსარჩელის დას ქე---------------–---–ს მიწის ნაკვეთები გადაუფორმა. ერთი მიწის ნაკვეთი კი თავად მოსარჩელის სახელზე გაფორმდა. მოსარჩელისგან 5 550 აშშ დოლარის ჩარიცხვის ფაქტი, აგრეთვე დამატებით 15 500 აშშ დოლარის მიღების ფაქტი კი უარყო. მოპასუხემ მიუთითა, რომ ნაკვეთების შესყიდვის შესახებ შეთანხმება ნამდვილად შედგა, მაგრამ მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის კი არა, არამედ მოქალაქე გი-----------–----სა და მოსარჩელეს შორის, რომლის მიხედვით გი---------------–---–მა აიღო მიწის ნაკვეთების შესყიდვის სანაცვლოდ 220 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. თანხის გადახდა გრაფიკის მიხედვით უნდა მომხდარიყო და ეს გარემოება ხელწერილით არის დადასტურებული. მიწის ნაკვეთები მოპასუხეზე იურიდიულად იყო გაფორმებული და მიწების გადაფორმებაც სწორედ ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.
2.2. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ აგრეთვე მიუთითა, რომ მხარეთა შორის 2017 წლიდან არსებობდა ურთიერთთანამშრომლობა. მოსარჩელეზე და მის დაზე მიწების გაფორმება ამ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. მოსარჩელის მხრიდან თანხის გადმორიცხვა კი საბანკო ვალდებულებების დაფარვის და ახალი ვალდებულებების ასაღებად მოხდა და ამ გადარიცხვის დანიშნულება არ იყო მიწის ნაკვეთების შესყიდვა. მიწების გაფორმება გადარიცხული თანხის სანაცვლოდ კი არა არამედ 2017 წლიდან არსებული უთრიეთთანამშრომლობის ფარგლებში მოხდა. მხარემ განმარტა, რომ გადარიცხვის ქვითარში მითითებული არ არის დანიშნულება. ქვითრის დანიშნულების გრაფაში მხოლოდ პირადი გადარიცხვაა მითითებული და გადარიცხვა რეალურად საბანკო ვალდებულებების დაფარვაში დახმარების მიზნიით მოხდა.
(იხ. სასამართლოს 1--------- წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 1----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელემ 05.04.2018 წელს მოპასუხეს სს ,,თი---------ში“ არსებულ ანგარიშზე 29 532 აშშ დოლარი ჩაურიცხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 2-14; 38-47);
- საგადახდო დავალება (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 1--------- წლის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამში 35 082 აშშ დოლარი ჩაურიცხა, აქედან 5 550 აშშ დოლარი ჩარიცხულია 15.07.2017 წელს, ხოლო 29 532 აშშ დოლარის ჩარიცხვა 05.04.2018 წელს განხორციელდა (ეს უკანასკნელი უდავო ფაქტობრივი გარემოებაა). დანარჩენი 15 500 აშშ დოლარის მოპასუხისთვის ან ამ უკანასკნელის კრედიტორების წინაშე ვალდებულების შესრულების მიზნით გადაცემის ფაქტი საქმის განხილვის შედეგად ვერ იქნა დადასტურებული.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრები, რომელთა მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს თანხა ორჯერ ჩაურიცხა, აქედან 5 550 აშშ დოლარის ჩარიცხვა 2017 წლის 15 ივლისს მოხდა, ხოლო 29 532 აშშ დოლარის ჩარიცხვა 2018 წლის 05 აპრილს განხორციელდა. შესაბამისად, 35 082 აშშ დოლარი ჩარიცხვის ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია.
რაც შეეხება დამატებით 15 500 აშშ დოლარის გადაცემის საკითხს, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმისწარმოების დროს მოქმედებს მტკიცების განაწილების პრინციპი, რომლის მიხედვით, როგორც წესი, მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც ადასტურებს და არა იმას, რომელიც უარყოფს. ამდენად, ფაქტის დადასტურება იმ მხარის ვალდებულებაა, რომელიც ამ ფაქტის არსებობაზე მიუთითებს. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს, გარდა საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხებისა, დამატებით მისგან 15 500 აშშ დოლარი აქვს მიღებული, რომელიც მოპასუხის კრედიტორებს გადაეცა მოპასუხის ვალდებულებების შესრულების მიზნით. სასამართლო მიუთითებს მხარეს, რომ ამ შემთხვევაში იგი ვალდებული იყო სასამართლოსთვის რელევანტური მტკიცებულება წარედგინა, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ მოპასუხისთვის სადავო 15 500 აშშ დოლარის გადაცემა ნამდვილად განხორციელდა. მოსარჩელემ ამ ნაწილში მხოლოდ ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა, რაც ვერ გახდება ფაქტის დადასტურებისთვის საკმარისი მტკიცებულება, ვინაიდან მოპასუხემ თავისი ახსნა-განმარტებით ასეთი ფაქტის არსებობა უარყო.
3.2.2. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრში №51---------1; №51---------6, №51---------7, №51---------8 და №51---------2 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ქეთევან პეტრიაშვილისათვის საკუთრებაში გადაცემა, აგრეთვე №51---------9 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემა, მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის გადარიცხული თანხების სანაცვლოდ არ მომხდარა.
მართალია მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გადასცა ერთ მიწის ნაკვეთი, ხოლო მის დაზე სხვა მიწის ნაკვეთები გააფორმა, თუმცა სასამართლო სხდომაზე არაერთხელ განმარტა, რომ ამ მოქმედებას სადავო თანხის გადაცემასთან კავშირი არ ჰქონდა. ეს მოქმედება 2017 წლიდან დაწყებული ურთიერთთანამშრომლობის და ბიზნეს პარტნიორთან - გი------------–----თან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. ამდენად, მოპასუხემ ფაქტობრივად დაადასტურა მოსარჩელის განმარტება, რომ ამ მიწის ნაკვეთების გაფორმება სხვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში განხორციელდა და იგი მოცემული დავის ფარგლებში განსახილველ საკითხს არ წარმოადგენს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი; შესაგებელი; მოსაზრება წერილობით შესაგებელზე; მოპასუხე მხარის წერილობითი ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-14; 38-47; 66-67; 111-115);
- საგადახდო დავალება (ს.ფ. 15-16)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლოს 1--------- წლის სხდომის ოქმი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტება, სამართლებრივად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე გი---------------–---–ის სარჩელი მოპასუხე მი----–-------–---–ის მიმართ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. გარდა სახელშეკრულებო ურთიერთობებისა, მხარეთა შორის შეიძლება არსებობდეს კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობებს. ეს ისეთი ურთიერთობებია, რომელიც მხარეთა შორის წინასწარ რაიმე შეთანხმების ან ხელშეკრულების დადების აუცილებლობას არ ითვალისწინებს და მის წარმოშობას, კანონიდან გამომდინარე, კონკრეტული გარემოების დადგომა განაპირობებს.
საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 15.07.2017 წელს 5 550 აშშ დოლარი, ხოლო 05.04.2018 წელს 29 532 აშშ დოლარი ჩაურიცხა. მთლიანობაში მოპასუხისთვის გადაცემულმა თანხამ, რაც საქმის განხილვის შედეგად იქნა დადასტურებული, 35 082 აშშ დოლარი შეადგინა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ თანხის გადაცემა მოპასუხის კუთვნილი ორი მიწის ნაკვეთის შეძენის მიზნით მოხდა. მანვე განმარტა, რომ ვინაიდან მიწის ნაკვეთები იპოთეკით იყო დატვირთული, გადაცემული თანხით მოპასუხეს საბანკო ვალდებულებისგან უნდა გაეთავისუფლებინა მიწის ნაკვეთები და შემდგომ მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდებოდა. მოსარჩელის განმარტებით, მართალია მოპასუხემ მიწის ნაკვეთები იპოთეკისგან გაათავისუფლა, მაგრამ მიწის ნაკვეთის გადმოცემაზე შემდგომ უარი განაცხადა. თავის მხრივ მოპასუხემ მიუთითა, რომ თანხის გადაცემა მხოლოდ საბანკო ვალდებულებების შესრულების და შემდგომ სხვა ვალდებულებების აღებაში დახმარების მიზნით მოხდა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრობითობის პრინციპის თანახმად, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები. მათვე ეკისრებათ სადავოდ ქცეული ფაქტობრივი გარემოებების მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთიც. სამოქალაქო სამართალწარმოებაში არსებობს მტკიცების განაწილების როგორც საპროცესო აგრეთვე მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით განაწილების პრინციპი. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ვერცერთმა მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა დამაჯერებელი განმარტება, რომლითაც თანხის გადარიცხვის მიზნობრიობის განსაზღვრა შესაძლებელი იქნებოდა. მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ მისი მხრიდან თანხის გადარიცხვა სარჩელში მითითებული მიწის ნაკვეთების შეძენის მიზნით განხორციელდა. ვერ ის დაადასტურა, რომ მოპასუხესთან საერთოდ ჰქონდა ასეთი შეთანხმება. საქმეში წარმოდგენილი თანხების გადარიცხვის ქვითრებითაც ვერ დგინდება რა მიზნით განახორციელა მოსარჩელემ მოპასუხისათვის თანხების ჩარიცხვა, რადგან გადარიცხვის დანიშნულების გრაფაში მხოლოდ ,,პირადი გადარიცხვა“ არის მითითებული. სხვა რაიმე გარემოება, რაც მხარეთა შორის კონკრეტულ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოპასუხე მხარემაც ვერ შეძლო სასამართლოსთვის დამაჯერებელი განმარტების მიცემა, რომლითაც თანხის გადარიცხვის მიზნობრიობის დადგენა შესაძლებელი გახდებოდა. თავდაპირველად წარმოდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ თანხის ჩარიცხვის სანაცვლოდ მოსარჩელის დის სახელზე საერთო ჯამში 65 034 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი გააფორმა, თავად მოსარჩელის სახელზე კი ერთი მიწის ნაკვეთი გადაფორმდა. შემდგომ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტებაში და სხდომაზე ზეპირი ფორმით მიცემულ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთების გაფორმებას ჩარიცხულ თანხასთან კავშირი არ აქვს და მიწების საკუთრებაში გადაცემა 2017 წელს დაწყებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მოხდა. თანხის ჩარიცხვა კი მხოლოდ საბანკო ვალდებულებების შესრულებაში დახმარების და ახალი ვალდებულებების აღების მიზნით განხორციელდა. ეს უკანასკნელი განმარტება მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა უარყო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სახეზე არ არის სახელშეკრულებო ურთიერთობა, ამიტომ, სადავო ურთიერთობა უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების მიხედვით უნდა მოწესრიგდეს.
მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლზე პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშვა ან შეწყდა შემდგომში. აგრეთვე, მიუთითებს ამავე კოდექსის 991-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა, დაუბრუნოს მას მიღებული.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია პირის გამდიდრება მოხდეს სხვა პირის ხარჯზე და გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ უნდა არსებობდეს ან შემდგომში უნდა შეწყდეს. ანუ, უსაფუძვლო გამდიდრებისთვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს პირი სხვის ხარჯზე იძენს რაიმე ქონებას, თუ ხდება საკუთარი ქონების დაზოგვა. მთავარია ეს სხვა პირის ხარჯზე შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე მოხდეს. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების გამოყენებით გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია გამოირიცხოს სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნებოდა დავის გადაწყვეტა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ წარმოადგინა მოპასუხისთვის თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად ვერ იქნა დადგენილი მხარეთა შორის რაიმე სახის სახელშეკრულებო ან კანონისმიერი ისეთი ვალდებულება, რომელიც მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისთვის თანხის გადაცემის იურიდიული საფუძველი იქნებოდა. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება, ვინაიდან, მოპასუხემ ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი მოსარჩელისთვის დაბრუნებას ექვემდებარება, რადგან უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით - უზრუნველყოს არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღება და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ, მოპასუხისთვის თანხების გადარიცხვით, შეასრულა არარსებულ ვალდებულება. ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ვალდებულების გარეშე გადარიცხული თანხა ექცევა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ნორმების რეგულირების რეჟიმში და მიღებული შესრულება მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამში 35 082 აშშ დოლარი ჩაურიცხა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს 35 082 აშშ დოლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზეა დავის საგნის ფასი გადასახდელი თანხის ოდნეობით განისაზღვრება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირებისთვის სახელმწიფო ბაჟი პირველი ინსტანციის სასამრთლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი განისაზღვრა 50 582 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3 000 ლარის, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიებაზე 50 ლარის ოდენობით, სულ გადახდილია 3 050 ლარი. სარჩელის აღძვრის მომენტისთვის ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2.7251-ით განისაზღვრა. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 35 082 აშშ დოლარის გადახდა. შესაბამისად, დაკმაყოფილებულმა ნაწილმა დავის საგანთან მიმართებით 69.35% შეადგინა.
გამომდინარე აქედან:
· მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაეკისროს 2 080.5 ლარის ანაზღაურება.
· მასვე, სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯიდან (1500 აშშ დოლარი) 69.35%-ის ანაზღაურება, რაც 1040.25 აშშ დოლარს შეადგენს.
· მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კი გაწეული აქვს იურიდიული მომსახურების ხარჯი 700 აშშ დოლარის ოდენობით, მის სასარგებლოდ მოსარჩელეს, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პროპორციულად (30.65%) 214.55 აშშ დოლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591,369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე გი---------------–---–ის სარჩელი მოპასუხე მი----–--------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე მი----–--------–---–ს მოსარჩელე გი---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 35 082 აშშ დოლარის გადახდა.
3. მოპასუხე მი----–--------–---–ს მოსარჩელე გი---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2080.5 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე მი----–--------–---–ს მოსარჩელე გი---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯიდან 1040.25 აშშ დოლარის ანაზღაურება.
5. მოსარჩელე გი---------------–---–ს მოპასუხე მი----–--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯიდან 214.55 აშშ დოლარის ანაზღაურება.
6. მოსარჩელე გი---------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადახდო დავალება №5; გადახდის თარიღი 02.11.2018 წელი; რეფერენსი 7---------; გადამხდელი შა-–-------------ძე; ბანკი - სს ,,სა---------–-------კი“).
7. ძალაში დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 06.11.2018 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოპასუხე მი----–--------–---–ს აეკრძალა გურჯაანის რაიონის სოფელ გ---------–ი (მუ------ი) მდებარე, №51---------3 საკადასტრო კოდით და გურჯაანის რაიონის სოფელ გ---------–ი (ხმ--–---ი) მდებარე, №51---------7 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე