გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23342-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
19 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - სს „თ----------------ა“
წარმომადგენლები - ს--–------–--------------ე, თ---------------ე, ქ--------------ე
მოპასუხე - დ------------------ი
წარმომადგენელი - შ--–-----–--ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დ------------------ს სს „თ----------------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს 4 725.90 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2017 წლის 26 სექტემბერს სს „სადაზღვევო კომპანია თ----------------ას“ და ი-----–- კ------------ეს შორის დაიდო სადაზღვევო ხელშეკრულება (K--------------), რომლითაც სადაზღვევო საგნად მიეთითა ავტომობილი - toyota prius (ტოიტა პრიუსი 2010 წლის) სარეგისტრაციო ნომერი F-------- ავტომობილის ძარის სადაზღვევო თანხად განისაზღვრა 6 000 აშშ დოლარი სრული და ნაწილობრივი დაფარვით, დაზღვეულ ტერიტორიად - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი.
2017 წლის 16 დეკემბერს დ------------------ს და ი-----–- კ------------ეს შორის მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა ქ. თბილისში, ნ--–----------–-----, მე-4 მ/რ, კორპ N25 მიმდებარედ, რომლის გამოც დაზიანდა დამზღვევის ავტომობილი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ავტოსაგზაო შემთხვევის სქემა და ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეთა ახსნა-განმარტებანი, გამოიწერა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და სამართალდამრღვევად განისაზღვრა დ------------------ი.
2017 წლის 19 დეკემბრის ავტოსერვის შპს „ა----------“-ს ავტომობილის აღდგენითი ღირებულების გაანგარიშების აქტით განისაზღვრა ავტომობილის აღდგენითი ღირებულება, რომელმაც შეადგინა 4 725.90 ლარი.
2017 წლის 25 დეკემბერს შედგა სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი NM---------- და მზღვეველის მიერ დამზღვევისთვის ასანაზღაურებელმა სადაზღვევო თანხამ შეადგინა 4 725.90 ლარი, რომლის გადახდაც დასტურდება საგადახდო დავალებით N3--------.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე დ------------------მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. სასამართლო სხდომაზე სადავო გახადა მიყენებული ზიანის ოდენობა. არსებული სხვაობის დასადასტურებლად წარმოადგინა სხვადასხვა კომპანიების მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტონაწილების შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტები, საიდანაც, შპს „ს---------------ი“-ს მიერ საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 950 ლარით, შპს „პ-------ი“-ს მიერ - 1430.50 ლარით, შპს „ე----------------ი“-ს მიერ - 1980 ლარით, შპს „ავ------–----ი“-ს მიერ - 1742 ლარით.
წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე მოპასუხემ მხარი დაუჭირა შპს „ე----------------ი“-ს შეფასების აქტს და აღნიშნულის შესაბამისად, სარჩელი ცნო 1980 ლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 26 სექტემბერს სს „სადაზღვევო კომპანია თ----------------ას“ და ი-----–- კ------------ეს შორის დაიდო სადაზღვევო ხელშეკრულება (K--------------), რომლითაც სადაზღვევო საგნად მიეთითა ავტომობილი - toyota prius (ტოიტა პრიუსი 2010 წლის) სარეგისტრაციო ნომერი F-------- ავტომობილის ძარის სადაზღვევო თანხად განისაზღვრა 6 000 აშშ დოლარი სრული და ნაწილობრივი დაფარვით. სადაზღვევო პერიოდი 26.09.2017 წლიდან 26.09.2018 წლამდე, ტერიტორიული ფარგლები - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ავტომობილის დაზღვევის პოლისი N K-------------- (ს.ფ. 17)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2017 წლის 16 დეკემბერს დ------------------ს და ი-----–- კ------------ეს შორის მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა ქ. თბილისში, ნ--–----------–-----, მე-4 მ/რ, კორპ N25 მიმდებარედ, რომლის გამოც დაზიანდა დამზღვევის ავტომობილი. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა ავტოსაგზაო შემთხვევის სქემა და ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეთა ახსნა - განმარტებანი, გამოიწერა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი და სამართალდამრღვევად განისაზღვრა დ------------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახსნა - განმარტებები (ს.ფ. 18 -19)
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების სქემა (ს.ფ. 20)
- ალკო ტესტი (ს.ფ. 22)
- საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. შპს „ა----------“-ს მიერ 2017 წლის 19 დეკემბერს გაცემული აქტის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის, რომლის მახასიათე-ბლებია: მარკა, მოდელი - TOYOTA PRIUS, გამოშვების წელი - 2010, სახელმწიფო ნომერი - F--------, საიდენტიფიკაციო ნომერი - J---------------- აღდგენითი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 4 725.90 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ა----------“-ს (ს.ფ. 24 - 25);
- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი N M----------- (ს.ფ. 26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული ფრანშიზის გათვალისწინებით სადაზღვევო ანაზღაურებამ შეადგინა 4 725.90 ლარი. სს „თ----------------ამ“ სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი 4 725.90 ლარის ოდენობით, დამზღვევს აუნაზღაურა 2017 წლის 27 დეკემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო დავალება N 3-------- (ს.ფ. 28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს „თ----------------ა“-ს მიერ მზღვეველისთვის ანაზღაურებული თანხა, 4 725.90 ლარი, არ წარმოადგენს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანებული ავტომანქანის თავდაპირველ მდგომარეობაში მოსაყვანად გასაწევი აუცილებელი ხარჯების რელევანტურ და საბაზრო ფასებთან შესაბამისობაში არსებულ ოდენობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტუ-რება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადო-ობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია შპს „ა----------“-ს მიერ შედგენილი აქტი, რომლის თანახმად, ავტომანქანაზე აღდგენითი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 4 725.90 ლარი, ხოლო სადაზღვევო შემთხვევის დარეგული-რების აქტის თანახმად, სადაზღვევო კომპანიამ დამზღვევს აუნაზღაურა ზიანი, ამავე თანხის ოდენობით.
მოპასუხე მხარემ წარმოადგინა არაერთი შეფასების აქტი გაცემული მსგავსი სახის კომპანიების მიერ, სადაც მითითებულია რადიკალურად განსხვავებული ტარიფები.
მოსარჩელის მოსაზრებით, ფასთა სხვადასხვაობა გამოწვეულია ავტომობილის სხვადასხვა პერიოდში შეფასებით. აგრეთვე, შესაძლოა ეს განპირობებული იყოს მსგავსი ტიპის ავტომობილების (TOYOTA PRIUS) სიმრავლით, და ამასთან, წარმოდგენილ შეფასების აქტებში არ არის გათვალისწინებული დღგ-ს თანხა.
სასამართლო აღნიშნული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება სადაზღვევო კომპანიის მიერ დამზვევისათვის ანაზღაურებული ზიანის ოდენობის რელევანტურობა არსებულ საბაზრო ფასებთან.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაზიანებული ავტომანქანის თავდაპირველ მდგომარეობაში მოსაყვანად ამ ოდენობის ხარჯის გაწევა იყო საჭირო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ა----------“-ს მიერ შედგენილი ინვოისი (ს.ფ. 24 -24)
- სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტი NM----------- (ს.ფ. 26)
- შპს „ს---------------ი“-ს მიერ შედგენილი ინვოისი (ს.ფ. 74 -75);
- შპს „პ-------ი“-სმიერ შედგენილი ინვოისი (ს.ფ. 76);
- შპს „ე----------------ი“-ს მიერ შედგენილი ინვოისი (ს.ფ. 77);
- შპს „ავ------–----ი“-ს მიერ შედგენილი ინვოისი (ს.ფ. 81);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს „თ----------------ა“-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხე დ------------------ს უნდა დაეკისროს 1 980 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე, 992-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი 1980 ლარის ნაწილში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სს „თ----------------ა“-ს სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი იგი აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ურთიერთო-ბებში დამკვიდრებული მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადასვლის მექანიზმს (სუბროგაციის პრინციპი). საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტავს სუბროგაციის დოქტრინის სამართლებრივ ფუნქციას სადაზღვევო ურთიერთობის და დელიქტური ვალდებულებების ჭრილში, კერძოდ, “აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).....“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე საქმე №ას-380-364-2016. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx).
ამდენად, სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე. თუმცა მოიაზრებს, თუ არა კანონმდებელი ახალი კრედიტორის უფლებას იმავე მოცულობით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება მესამე პირისაგან, სასამართლო მიიჩნევს, რომ სუბროგაციის ფრაგმენტული განხილვა მხოლოდ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში ვერ იქნება მისი მიზნების შესატყვისი, კერძოდ, უზრუნველყოს ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა და ამავდროულად გამორიცხოს მზღვეველის უსაფუძვლო გამდიდრება. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი ერთმანეთს უკავშირებს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის ცნება და მისი მოცულობითი ნაწილი, რომელიც ორივე სამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული შინაარსით მოქმედებს. ამის გათვალისწინებით, დოქტრინაში ერთმანეთისაგან მიჯნავენ სადაზღვევო-სამართლებრივ ზიანს და სამოქალაქო-სამართლებრივ ზიანს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში.
სადაზღვევო ხელშეკრულება მხარეთა ნების შედეგია, სადაც ისინი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავენ სახელშეკრულებო პირობებს. მათ შორის მომსახურების ხარისხი წარმოდგენს შეთანხმების საგანს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს საპირისპირო ვალდებულების მოცულობაზე. მოცემულ შემთხვევაშიც, სს „თ----------------ა“-ს და დამზღვევს შორის არსებული სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებით და სადაზღვევო პოლისით განისაზღვრა სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურების წესი, კერძოდ, ზარალის შეფასების აქტის (ხარჯთაღრიცხვის) შედგენის შემდეგ დგება სადაზღვევო შემთხვევის აქტი, რომელიც არის მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველი და რომლითაც მხარეები თანხმდებიან სადაზღვევო ანაზღაურების საბოლოო მოცემულობაზე, რის შემდეგაც ანაზღაურების თანხა, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში, გადაირიცხება დამზღვევის (მოსარგებლის) მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე. საქმეში წარმოდგენილი შპს „ა----------“-ს მიერ შედგენილი აქტის თანახმად, ზარალის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 4 725.90 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლში ასახული ზიანის ანაზღაურება, როგორც უფლების გადასვლის წინაპირობა, სადაზღვევო ზიანის მნიშვნელობით მოიაზრება, რომლის მოცულობას განაპირობებს მხარეთა ნება. ამ პირობებით ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შედეგს და არ არის მიმართული დელიქტური რესტიტუციისაკენ. ამდენად, სახელშეკრულებო შესრულე-ბით მესამე პირის ავტომატური ბოჭვა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული მოცულობა შედავებადი კატეგორიაა და ვერ იქნება უპირობოდ გაზიარებული ზიანის კონტექსტში.
როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი, შესაძლებლობას ანიჭებს მზღვეველს წარუდგინოს მოთხოვნა მესამე პირს უკვე დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში და ამავე ურთიერთობის ფარგლებში მოვალეს ანიჭებს დელიქტისთვის დამახასიათებელი შესაგებლის უფლებას, მათ შორის ზიანის მოცულობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
დელიქტური ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით დადგენილ პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით, არ გულისხმობს მოვალის არათანაზომიერ ვალდებულებას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღა-ურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამიტომ, კრედიტორი ვალდებულია კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით მოახდინოს ზიანის მოცულობის შესაძლებელი მინიმალიზაცია. დანაკლისის განსაზღვრის სტანდარტი შემოიფარგლება საბაზრო ღირებულების შეფასების კრიტერიუმით. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილია შპს „ა----------“-ს მიერ შედგენილი აქტი, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ უზრუნველყო საკუთარი ვალდებულების შესრულება დაზღვევის ხელშეკრულების კონტრაჰენტის მიმართ. ზემოთ სასამართლომ აღნიშნა, რომ ამგვარი მოდელით ზიანის მოცულობას განაპირობებს მხარეთა შეთანხმება, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით (ერთ შემთხვევაში მომსახურების ხარისხი, რასაც უკავშირდება შესატყვისი სადაზღვევო პრემია). ამ სქემით ზიანის ანაზღაურება მისაღებია დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებისათვის, თუმცა ვერ იქნება ავტომატურად მბოჭავი მესამე პირებისათვის, რომელთა სამართლებრივი მდგომარეობა ვალდებულებითია. ამავდროულად, შპს „ა----------“-ს ფასების გაანგარიშების ცხრილი წარმოადგენს არა საბაზრო ღირებულების მაჩვენებელს, არამედ ერთ-ერთი კონკრეტული მეწარმე სუბიექტის მიერ შემოთავაზებულ ფასების ჩამონათვალს.
აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების სფეროში შემავალი, სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. შესაბამისად, არსებობს მხოლოდ სარჩელის ცნობის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტა-ნილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფ-ლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან მოპასუხე დ------------------მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 142 ლარის ნაწილი, 59,4 ლარის ოდენობით.
ამასთან, ვინაიდან, სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 82.6 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „თ----------------ა“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. დ------------------ს სს „თ----------------ა“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 1980 ლარის გადახდა;
1.2. სს „თ----------------ა“-ს მოთხოვნა 2 745.9 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. სს „თ----------------ა“-ს დაუბრუნდეს სს „თიბისი ბანკი“-ს N1--------- საგადასახადო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 142 ლარიდან 59.4 ლარი;
3. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი თანხა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე