გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2019
საქმის ნომერი
330210018002698392
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/31576-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

მოსარჩელე - შპს ''კ-–------'';

წარმომადგენელი - ზ---------–--ე;

მოპასუხე - სს ''მ----------------'';

წარმომადგენელი - ა--------–---–ი;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე სს ''მ----------------ს'' მოსარჩელე შპს ''კ-–------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 605.08 ლარის და 2018 წლის 23 ოქტომბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს - 184.54 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე სს ''მ----------------ს'' მოსარჩელე შპს ''კ-–------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 2018 წლის 23 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, დავალიანების ძირითადი თანხის - 605.08 ლარის - 0.07%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც დღეში შეადგენს - 0.42 ლარს.

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:

 

2014 წელს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელე ახორციელებდა მოპასუხისათვის სხვა და სხვა საქონლის მიწოდებას. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდებოდა, რადგან არცერთ მხარეს არ გამოუთქვამს მისი შეწყვეტის სურვილი. ყოველ ცალკეულ მიწოდებაზე ხდებოდა ანგარიშფაქტურების გამოწერა, სადაც მიეთითებოდა მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხა. 2017 წლიდან მოპასუხე სისტემატიურად თავს არიდებს ვალდებულებების შესრულებას, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის დავალიანების ძირითადი თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მხარეებს შორის 2014 წელს გაფორმდა ხელშეკრულება 1 წლის ვადით, რის შემდეგაც ხელშეკრულების ვადა შეიძლებოდა გაგრძელებულიყო ავტომატურად, დამატებით კიდევ ერთი წლით. ამის შემდეგ მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა აღარ არსებობდა. შესაბამისად მოპასუხე მიიჩნევს, რომ ვინაიდან ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო, მათ არ უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელით მოთხოვნილი თანხის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 25 ნოემბერს სს ''მ----------------ს'' და შპს ''კ-–------''-ს შორის დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ დამკვეთისათვის წინასწარი შეთანხმებით, სხვადასხვა დანიშნულებისა და ასორტიმენტის საქონლის მიწოდება. მიწოდებული საქონლის ექსპლუატაციის/გამოყენების უზრუნველსაყოფად დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი გადასცემს მას ხელშეკრულებაში მითითებულ ინვენტარს დროებით სარგებლობაში ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე და ადგილზე განსათავსებლად.

 

ხელშეკრულების 6.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ მხარეები არ არიან წინააღმდეგი, ხელშეკრულება გრძელდება ავტომატურად იგივე ვადით და პირობებით.

 

ხელშეკრულების 6.4. პუნქტით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყვეტილად ჩაითვლება მხარეთა შორის ურთიერთანგარიშსწორების შესახებ საბოლოო ოქმის გაფორმებისას.

 

ხელშეკრულების 5.4. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამკვეთის მიერ ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში დამკვეთს დამატებით დაერიცხება პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს, 2017 წლის 7 სექტემბერს, 2017 წლის 4 აგვისტოს, 2017 წლის 11 ივლისს, 2017 წლის 13 ივნისს, 2017 წლის 25 მაისს, 2017 წლის 5 მაისს, 2017 წლის 13 აპრილს, 2017 წლის 24 მარტს, 2017 წლის 24 თებერვალს შპს ''კ-–------''-ს მიერ მიეწოდა სს ''მ----------------ს'' დამკვეთისათვის წინასწარი შეთანხმებით, სხვადასხვა დანიშნულებისა და ასორტიმენტის საქონელი, საერთო ჯამში - 605.08 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 25-28).

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 15-24).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ''კ-–------მა'' სს ''მ----------------ს'' მიაწოდა - 605.08 ლარის ღირებულების პროდუქცია, ხოლო მოპასუხის მიერ მიწოდებული პროდუქციის საფასური გადახდილი არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის დასადასტურებლად მიუთითებს როგორც ხელშეკრულებაზე, ასევე სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, რომელიც დადასტურებულია მყიდველის მიერ.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი ხელშეკრულების, ასევე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მხარეებს შორის წარმოიშვა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა და ელექტრონული ფორმით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება, კერძოდ:

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №886 ბრძანებით დამტკიცებული ''გადასახადების ადმინისტრირების შესახებ'' მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის გადაყვანას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებს მას ავტორიზაციის შესახებ. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უგზავნის წერილობით უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ვიდეოზარის/წერილობითი განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება ელექტრონულ ანგარიშ-ფაქტურებს, რომელიც დადგენილი წესით დადასტურებას საჭიროებს. ელექტრონული ფორმით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დასადასტურებლად პირი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა იყოს ავტორიზებული, ანუ პირს უნდა ჰქონდეს ელექტრონული სისტემის წვდომისთვის საჭირო ინფორმაცია: პირადი ნომერი და პაროლი, რაც მხოლოდ მომხმარებლისთვის არის ცნობილი. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ელექტრონულად დადასტურებულია მოპასუხე სს ''მ----------------ს'' სახელით. ამდენად, ასეთი დადასტურებით მხარეები ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმდნენ.

 

ამასთან, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შეიცავს ყველა იმ მონაცემს, რაც წერილობითი ხელშეკრულებისთვის არის საჭირო: ''გამყიდველი'' - შპს ''კ-–------'', საიდენტიფიკაციო ნომერი -20------1, ''მყიდველი'' - სს ''მ----------------'', საიდენტიფიკაციო ნომერი - 20------8, ხელშეკრულების საგანი - სხვადასხვა სახის პროდუქცია, ნასყიდობის ფასი - თითოეული ანგარიშფაქტურით არის განსაზღვრული. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და ამის დამადასტურებელი მტკიცებულება სწორედ ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურაა. ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის დავალიანება საერთო ჯამში შეადგენს - 605.08 ლარს (იხ. საგადასახადო ანგარიშფაქტურები - ს.ფ. 15-24).

 

3.2.2. საქმეზე არსებული მტკიცებულებების შესწავლის და გამოკვლევის შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს სადავო ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2014 წლის 25 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოქმედებდა მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებდა - 2016 წლის 25 ნოემბრამდე, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ არის მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ხელშეკრულების 5.4. პუნქტით დადგენილი პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი, რამდენადაც, დადგენილია, რომ 2014 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეთა შორის შეთანხმებული პირობის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 1 (ერთი) წლის ვადით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ხელშეკრულება გაგრძელდა ავტომატურად იგივე ვადით - 1 (ერთი) წლის და იგივე პირობებით.

 

საქმეზე დადგენილია, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს, 2017 წლის 7 სექტემბერს, 2017 წლის 4 აგვისტოს, 2017 წლის 11 ივლისს, 2017 წლის 13 ივნისს, 2017 წლის 25 მაისს, 2017 წლის 5 მაისს, 2017 წლის 13 აპრილს, 2017 წლის 24 მარტს, 2017 წლის 24 თებერვალს შპს ''კ-–------''-ს მიერ მიეწოდა სს ''მ----------------ს'' დამკვეთისათვის წინასწარი შეთანხმებით, სხვადასხვა დანიშნულებისა და ასორტიმენტის საქონელი, საერთო ჯამში - 605.08 ლარის ოდენობით. ამდენად, ცალსახად დგინდება, რომ სხვადასხვა დანიშნულებისა და ასორტიმენტის საქონელის მიწოდება განხორციელდა 2017 წლის თებერვლიდან 2017 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში. ხოლო მხარეთა შეთანხმებით 2014 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულება მოქმედებდა მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებდა 1 (ერთი) წლის ვადით - 2015 წლის 25 ნოემბრამდე, ამასთან, ხელშეკრულების 6.1. პუნქტით მიხედვით, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ხელშეკრულება გრძელდება ავტომატურად იგივე ვადით და პირობებით, ანუ დამატებით კიდევ 1 (ერთი) წლის ვადით - 2016 წლის 25 ნოემბრამდე. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ ხელშეკრულება გაგრძელდა კიდევ იგივე ვადით, ანუ კიდევ 1 (ერთი) წლით - 2016 წლის 25 ნოემბრამდე. შესაბამისად, 2016 წლის 26 ნოემბრიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა, ამასთან, დადგენილია, რომ დავალიანება რომლის გადახდასაც ითხოვს მოსარჩელე წარმოშობილია 2017 წლის თებერვლის თვიდან 2017 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2016 წლის 26 ნოემბრიდან მხარეთა შორის 2014 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება აღარ მოქმედებდა. ამასთან, საქმის მასალებით სხვა რაიმე დოკუმენტაცია მასზედ, რომ მხარეთა შორის ანგარიშსწორების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მხარეთა შეთანხმების არსებობის ფაქტი - არ დასტურდება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მხარეთა მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ შეთანხმება კანონით გათვალისწინებული ფორმით არ მომხდარა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 25-28).

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ს.ფ. 15-24).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 327-ე მუხლით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე კოდექსის 328-ე მუხლით თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.

 

სამოქალაქო კოდექსის 418.2 მუხლით იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ხელშეკრულებაში შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას, რაც ნიშნავს, მატერიალურ დოკუმენტზე ორივე მხარის მიერ ხელმოწერის არსებობას.

 

უდავოდ დადგენილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მხარეები ზეპირ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელე მოპასუხეს ედავება 2017 წლის დავალიანებას, რომელზეც მხარეთა შორის წერილობითი სახით ხელშეკრულება არ გაფორმებულა, შესაბამისად, არც პირგასამტეხლოს დარიცხვაზე განხორციელებულა მხარეთა შორის წერილობითი ფორმით შეთანხმება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418.2 მუხლით პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმების წერილობით ფორმის დაცვის სავალდებულობა გამოწვეულია იმ გარემოებიდან, რომ ვალდებულების დამრღვევი მხარე დაცულ იქნეს არაკეთილსინდისიერი კრედიტორისაგან, ხოლო კეთილსინდისიერი კრედიტორი არაკეთილსინდისიერი მოვალისაგან, ვინაიდან პირგასამტეხლოს ზეპირი ფორმით შეთანხმების შემთხვევაში ყოველთვის სადაო და ძნელად დასადასტურებელი იქნებოდა შეთანხმება პირგასამტეხლოზე, პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მისი გადახდის და დაკისრების ვადების ათვლაზე და მასთან დაკავშირებულ სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე, რის გამოც კანონმდებლის მიერ გამოხატული ნებით შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობითი ფორმის დაცვას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმის შესწავლისა და მტკიცებულების გამოკვლევის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ''კ-–------ის'' სარჩელი დავალიანების ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია, შესაბამისად, სარჩელისუნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე, 68-ე-69-ე, 477-ე, 427-ე-429-ე, 417-ე-418-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მყიდველმა გამყიდველისაგან შეიძინა - 605.08 ლარის ღირებულების პროდუქცია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მყიდველს არ გადაუხდია მიღებული საქონლის ღირებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

სასამართლო განმარტავს, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.

 

ერთია, როდესაც მოვალე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს, ხოლო მეორე - მიიჩნევა თუ არა აღნიშნული შესრულება კრედიტორის მხრიდან მიღებულად და ვინ უნდა ამტკიცოს ეს (ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით დამატებით (იხ.,Palandt, BGB, Beckische Kurs-Kommentar, 62 auflage, Verlag C.H. Beck, 2003, 570).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.

 

შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდის მტკიცების ტვირთი ეკისრება მყიდველს, შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება. შესაბამისად, იგულისხმება, რომ მოპასუხეს მოსარჩელე შპს ''კ-–------ის'' წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნასყიდობის საფასურის გადახდის შესახებ არ აქვს შესრულებული. შესაბამისად, მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების - 605.08 ლარის გადახდა.

 

6.2. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის პირაგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 418.2 მუხლით შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოებების 3.2.2 პუნქტით დადგენილია, რომ მხარეთა შორის შეთანხმება პირგასამტეხლოზე არ მომხდარა კანონით დადგენილი ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლით გარიგების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა. თუ ასეთი ფორმა არ არის დაწესებული, მხარეებს შეუძლიათ თვითონ განსაზღვრონ იგი. ამავე კოდექსის 69-ე მუხლის 1-3 ნაწილებით: 1. გარიგება შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით. 2. გარიგება წერილობითი ფორმით შეიძლება დაიდოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით. 3. გარიგების წერილობითი ფორმის არსებობისას საკმარისია გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59.1 მუხლით ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება. უდავოდ დადგენილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მხარეები ზეპირ სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელე მოპასუხეს ედავება 2017 წლის დავალიანებას, რომელზეც მხარეთა შორის წერილობითი სახით ხელშეკრულება არ გაფორმებულა, შესაბამისად, არც პირგასამტეხლოს დარიცხვაზე განხორციელებულა მხარეთა შორის წერილობითი ფორმით შეთანხმება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთ შორის ზეპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული, წერილობითი ფორმის დაუცველად დადებული შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ უცილოდ ბათილია. შესაბამისად, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას პირგასმტელოს მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 268-ე, 269-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს ''კ-–------''-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე სს ''მ----------------ს'' მოსარჩელე შპს ''კ-–------''-ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 605.08 ლარის გადახდა.

3. მოპასუხე სს ''მ----------------ს'' მოსარჩელე შპს ''კ-–------''-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 18 ლარის გადახდა.

4. მოსარჩელე შპს ''კ-–------''-ის სარჩელი მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი