გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2019
საქმის ნომერი
330210018002747645
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/34905-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - სს „ლ-------------ი’’

წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი

მოპასუხე - ო--------------ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სს „ლ-------------ი’’-ს სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დაეკისროს მოპასუხე ო--------------ას სს „ლ-------------ი’’-ს სასარგებლოდ საბა--ო კრედიტის ხელშეკრულებიდან N18------------3 გამომდინარე დავალიანების 5 423.9 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 4 943.46 ლარი, პროცენტი - 80.44 ლარი და პირგასამტეხლო - 400 ლარი.

 

(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 25 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2008 წლის 05 სექტემბერს სს ,,სა---–--------ი’’-სა და ო--------------ას შორის გაფორმდა #002---------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ბა--მა აიღო ვალდებულება წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით ცალკეული ხელშეკრულებების საფუძველზე გაეცა მსესხებელზე სასყიდლიანი საბა--ო პროდუქტები. ამავე გენერალური ხელშეკრულების თანახმად, საკრედიტო ლიმიტის ოდენობად განისაზღვრა 58 228 ლარი, მოქმედების ვადად - 108 თვე, მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი - 9%. აღნიშნული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში კრედიტის გაცემა განიხილებოდა საზღვარგარეთის ქვეყნების მოწინავე სასწავლებლებში სამაგისტრო პროგრამების დასაფინანსებლად.

 

აღნიშნული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2008 წლის 26 სექტემბერს სს ,,ს----------–--- სა---–--------ი’’-სა და მოპასუხეს შორის გაფორმდა #002-----------1 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 28 137 ლარის ოდენობით, ხოლო იმავე წლის 01 დეკემბერს გაფორმდა #002-----------2 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხის სახელზე დამატებით გაიცა კრედიტი 25 091 ლარის ოდენობით 105 თვის ვადით - 2017 წლის 26 სექტემბრამდე (21 თვე საშეღავათო პერიოდი სესხის ძირითად თანხასა და პროცენტზე).

 

მოსარჩელის განმარტებით, მან შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადასცა მოპასუხეს თანხა. მოპასუხემ 2017 წლის 19 აგვისტოდან დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხადა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაში. მსესხებელს გაეგზავნა ვალდებულებები დავალიანების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.

 

2018 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით, მოპასუხის შემცირებული დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5 423.9 ლარს გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 4 943.46 ლარი, პროცენტი - 80.44 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 400 ლარი.

 

მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ განხორციელდა სს ,,ს----------–--- სა---–--ო ბა--ი’’-ს სახელწოდების ცვლილება და იგი დღეს ბაზარზე წარმოდგენილია როგორც სს ,,ლ-------------ი’’.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია სს ,,ლ-------------ი’’-ს სარჩელთან მიმართებით.

 

მოპასუხე ო--------------ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პოზიციით, მოპასუხემ სარჩელი ცნო სრულად, კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 5 423.9 ლარის გადახდის ნაწილში, საიდანაც ძირი თანხაა - 4 943.46 ლარი, პროცენტი - 80.44 ლარი და პირგასამტეხლო - 400 ლარი.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2008 წლის 05 სექტემბერს სს ,,სა---–--------ი’’-სა და ო--------------ას შორის გაფორმდა #002---------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საკრედიტო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 53 228 ლარით, მოქმედების ვადად - 108 თვე, ხოლო მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი - 9%-ით.

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ბანკის ანგარიშზე არ ჩაირიცხება ფული კრედიტის დაბრუნების გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, ბანკი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შესაბამისი გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

აღნიშნული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, 2008 წლის 26 სექტემბერს სს ,,ს----------–--- სა---–--------ი’’-სა და ო--------------ას შორის გაფორმდა #002-----------1 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 28 137 ლარის ოდენობით, 108 თვის ვადით წლიური 9% სარგებლის დარიცხვის პირობით. იმავე წლის 01 დეკემბერს კი მხარეებს შორის გაფორმდა #002-----------2 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხის სახელზე დამატებით გაიცა კრედიტი - 25 091 ლარის ოდენობით, 105 თვის ვადით, წლიური 9% სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 17-23);

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ.24);

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ.25);

- სესხის დაფარვის გრაფიკები (ს.ფ.26-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სს ,,ს----------–--- სა---–--------ი’’-მა შეიცვალა სახელწოდება და იგი ფუნქციონირებს როგორც სს ,,ლ-------------ი’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ს.ფ. 32-35);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მოპასუხე ო--------------ას მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის N18------------3 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდის ვალდებულება 2017 წლის 19 აგვისტოდან და მას შემდეგ მას აღარ განუხორცილებია თანხის გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.38-45);

- დავალიანების (ს.ფ. 46);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2018 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით, მოპასუხე ო--------------ას სს „ლ-------------ი’’-ს სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან N18------------3 გამომდინარე ერიცხება დავალიანება 5 423.9 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 4 943.46 ლარი, პროცენტი - 80.44 ლარი და პირგასამტეხლო - 1 337.70 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 46);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. მოპასუხემ სარჩელი ცნო სრულად, კერძოდ მან სარჩელი ცნო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან N18------------3 გამომდინარე დავალიანების 5 423.9 ლარის გადახდის თაობაზე, საიდანაც ძირი თანხაა - 4 943.46 ლარი, პროცენტი - 80.44 ლარი და პირგასამტეხლო - 400 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის რომ სს „ლ-------------ი’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე მუხლები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სრულად, კერძოდ მან სარჩელი ცნო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან N18------------3 გამომდინარე დავალიანების 5 423.9 ლარის დაკისრების ნაწილში, საიდანაც ძირი თანხაა - 4 943.46 ლარი, პროცენტი - 80.44 ლარი და პირგასამტეხლო - 400 ლარი. მოპასუხის მიერ სარჩელის სრულად ცნობა კი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

6.2. მოპასუხემ მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება ერთ წლამდე ვადით ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით:

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა მოპასუხის მიერ ცნობილი სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში. ამასთან, მოპასუხემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით მისი ქონებრივი მდგომარეობის გამო მისი აღსრულების ერთ წლამდე ვადით განაწილვადების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

 

შესაბამისად, დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე შეცვალოს გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების პირობები და საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტური გარემოების არსებობას ან მიუთითებს თავის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, რაც, სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოხსენებულ ღონისძიებათა გამოყენებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონის დანაწესი არ უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარის ფინანსური სიძნელეების არსებობა თავისთავად განაპირობებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესსა და საშულებებში კანონით განსაზღვრული ცვლილების შეტანას. მითითებული ღონისძიებები ხელს უწყობს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას და სასამართლო დააკმაყოფილებს მხარის თხოვნას, თუ ეს უკანასკნელი დაასაბუთებს, რომ აღსრულების გადადება, განაწილვადება, მისი საშუალებისა და წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად დაეხმარება. ამგვარი საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა. ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლამ არსებითი გავლენა არ უნდა მოახდინოს გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ შედეგზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებით, ფაქტობრივად მოვალეს ეძლევა შესაძლებლობა ნებაყოფლობით აღასრულოს გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ ეს შესაძლებლობა გამოყენებული უნდა იქნეს ისეთ ობიექტურ ფაქტორებზე დაყრდნობით, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს კრედიტორის ინტერესი. მითითებული ღონისძიება ხელს უწყობს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას. ამგვარი საპროცესო ღონისძიების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა. მართალია, კანონი მოვალის მძიმე ქონებრივი და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით უშვებს გადაწყვეტილების აღსრულების გადადებას, განაწილვადებას, მისი აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ქმედებით უნდა გაუარესდეს კრედიტორის მდგომარეობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია მხარეთა თანასწორობის პრინციპზე და ამ პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა ორივე ურთიერთდაპირისპირებული მხარის ინტერესების თანაბრად გათვალისწინება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების დროს.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებით დაცულია თანასწორობა ორივე მხარის ინტერესებს და კანონით დაცულ უფლებებს შორის. კერძოდ, ერთ მხარეზეა მოსარჩელის ინტერესი დროულად იქნეს უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების აღსრულება, რომელსაც იგი მიაღწევს მოვალის მხრიდან ნებაყოფლობითი შესრულებით, და მეორეს მხრივ, მოპასუხის ინტერესი, რომ თავიდან იქნეს აცილებული იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები და შესაბამისად, მან შეძლოს თავისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოახდინოს დავალიანების დაფარვა, ისე რომ მისი სოციალური მდგომარეობა მკვეთრად არ გაუარესდეს. შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის და ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მისი აღსრულების განაწილვადება მოპასუხის მიერ მითითებული ვადით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 191 ლარი. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხემ კი სრულად ცნო შემცირებული მოთხოვნა, შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების საფუძველი, მოსარჩელეს კი სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ლ-------------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს:

1.1. დაეკისროს მოპასუხე ო--------------ას სს „ლ-------------ი’’-ს სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან N18------------3 გამომდინარე დავალიანების - 5 423.9 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 4 943.46 ლარი, პროცენტი - 80.44 ლარი და პირგასამტეხლო - 400 ლარი.

 

2. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ი’’-ს დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,ლ-------------ი’’ - ში 3.12.2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 191 ლარი (საგადახდო დავალება #-);

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების №2/34905-18 აღსრულება განაწილვადდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია