გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6332-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ხაჟომია
სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი
მოსარჩელე - ა-------- ი-------ი, ა----- ნ--–--------ი, ა----- კ-----------ი
წარმომადგენელი - მ------- ბ---–----ი
მოპასუხე - საქართველოს მთავარი პროკურატურა
წარმომადგენელი - ნ------- ჯ----–--ე
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - მ--- წ-–--–-–---–-
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. უკანონო ბრალდებისა და წამების ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-------- ი-------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
1.2. უკანონო ბრალდებისა და წამების ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა----- ნ--–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
1.3. უკანონო ბრალდებისა და წამების ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა----- კ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით.
1.4. მასობრივი ინფორმაციის საშუალებით სახელგამტეხი ცნობების გავრცელებიდან გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა-------- ი-------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
1.5. მასობრივი ინფორმაციის საშუალებით სახელგამტეხი ცნობების გავრცელებიდან გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა----- ნ--–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
1.6. მასობრივი ინფორმაციის საშუალებით სახელგამტეხი ცნობების გავრცელებიდან გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა----- კ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
1.7. დაევალოთ მოპასუხეებს, საჯაროდ უარჰყონ გავრცელებული ინფორმაცია, მოსარჩელეების წინააღმდეგ, იმავე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რითაც გავრცელდა მათი დაკავების ინფორმაცია (იხ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება, 2018 წლის 7 მაისის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 12:14:36-12:16:17სთ).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. მესამე პირების პოზიცია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2015 წლის 29 ივლისს, 01:10 საათზე, დაკავებულ იქნა ა-------- ი-------ი, მას ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა - დანაშაულის შეუტყობინებლობა.
2015 წლის 29 ივლისს, 03:30 საათზე, დაკავებულ იქნა ა----- ნ--–--------ი, მას ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი და 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, კერძოდ, დანაშაულის შეუტყობინებლობა და პოლიციელზე თავდასხმა.
2015 წლის 30 ივლისს, 00:50 საათზე, დაკავებულ იქნა ა----- კ-----------ი, მას ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა - დანაშაულის შეუტყობინებლობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის განაჩენი (ს.ფ.16-35).
4.2. 2015 წლის 31 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.police.ge) განთავსდა ინფორმაცია, რომლის თანახმად: „შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ართურ ი. და 1982 წელს დაბადებული ა----- კ. დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო წარსულში ნასამართლევი 1989 წელს დაბადებული ა----- ნ. დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები 26 ივლისს, ა---–---–--ის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-----სთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პირებს დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ. კერძოდ, ისინი ნ----–-----ის საბაჟო გამშვებ პუნქტთან დახვდნენ სომხეთიდან მომავალ პიროვნებებს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი და ავტომანქანა დაახვედრეს, რომლითაც მკვლელობაში ბრალდებული პირები საქართველოში შემოსვლის შემდეგ გადაადგილდებოდნენ. მოგვიანებით, დაკავებულებმა ამავე პირებს მოკლულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის მობილური ტელეფონის სიმ-ბარათები შეიძინეს. ა----- ნ-მ დაკავებისას პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. სამართალდამცველებმა ავტომანქანა, რომლითაც მკვლელობაში ბრალდებული პირები გადაადგილდებოდნენ, წალკის რაიონში დამწვარი იპოვეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ართურ ი. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე და 353-ე პრიმა მუხლებით). გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები მკვლელობაში ბრალდებული პირების დასაკავებლად.“
მოცემულ განცხადებასთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფარვით ნაჩვენებია მოსარჩელეების დაკავების ფაქტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ გაკეთებულია ახსნა-განმარტება მიმდინარე გამოძიების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 31 ივლისს განცხადება (განთავსებული შს სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე) (ს.ფ.169);
- DVD დისკი (ს.ფ.187).
4.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის #1/239-15 განაჩენით:
(1) ა-------- ი-------ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა. ა-------- ი-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
(2) ა----- კ-----------ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა. ა----- კ-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
(3) ა----- ნ--–--------ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა. ასევე, ა----- ნ--–--------ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა. ა----- ნ--–--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
(4) გამართლებულებს განემარტათ, რომ მათ აქვთ უფლება, აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.
აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის #1/ბ-477-16 განაჩენით, რომელიც სამცხე-ჯავახეთის პროკურატურის პროკურორის მიერ გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის #126აპ-17 განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის განაჩენი (ს.ფ.16-35);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენი (ს.ფ. 37-55);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინება (ს.ფ. 56).
4.4. 2015 წლის 26 ივლისს შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაწყებულ გამოძიებას სისხლის სამართლის №084260715001 საქმეზე, გამოძიების მწარმოებელი პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში წარდგენილი ა----- ნ--–--------ისა და ა----- კ-----------ის ადვოკატის 2015 წლის 19 აგვისტოს განცხადება შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შსს იურიდიული დეპარტამენტის 2017 წლის 3 ნოემბრის №MIA51702656634 წერილი (ს.ფ.153-154);
- შსს გენერალური ინსპექციის 2017 წლის 15 ნოემბრის №MIA11702760580 წერილი (ს.ფ.155).
4.5. ა-------- ი-------ის, ა----- ნ--–--------ის და ა----- კ-----------ის წარმომადგენელმა მ------- ბ---–----მა 2015 წლის 19 აგვისტოს საჩივრით მიმართა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2015 წლის 12 სექტემბრის №13/34-57779 წერილის თანახმად, სისხლის სამართლის №084260715001 საქმესთან დაკავშირებით, ვინაიდან სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსა და ნ----–-----ის შს რაიონული სამმართველოს შიდა და გარე პერიმეტრებზე სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ არის, შესაბამისად, ახალციხის რაიონული სასამართლოდან, შუამდგომლობის საფუძველზე განჩინების გამოთხოვა, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და ნ----–-----ის შს რაიონული სამმართველოს შიდა და გარე პერიმეტრებზე განლაგებული სათვალთვალო კამერებიდან ვიდეო ჩანაწერების ამოღების თაობაზე ვერ მოხერხდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2015 წლის 12 სექტემბრის №13/34-57779 წერილი (ს.ფ.180).
4.6. 2017 წლის 19 ივლისს ა-------- ი-------ის, ა----- ნ--–--------ის და ა----- კ-----------ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორს შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში 2015 წლის ივლისის თვეში სისხლის სამართლის №084260715001 საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2017 წლის 10 აგვისტოს №13/34-52882 წერილის თანახმად, ა-------- ი-------ის, ა----- ნ--–--------ის და ა----- კ-----------ის წარმომადგენლის 2017 წლის 19 ივლისის განცხადება დაერთო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №084260715001 საქმეს და განუმარტა, რომ აღნიშნული გამოძიების ფარგლებშიც მოხდება განცხადებაში მოყვანილი გარემოებების შესწავლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-------- ი-------ის, ა----- ნ--–--------ის და ა----- კ-----------ის წარმომადგენლის 2017 წლის 19 ივლისის განცხადება (ს.ფ.58-65);
- სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2017 წლის 10 აგვისტოს №13/34-52882 წერილი (ს.ფ.79).
4.7. 2017 წლის 13 სექტემბერს მ------- ბ---–----მა განცხადებით მიმართა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას და მოითხოვა ინფორმაცია სისხლის სამართლის №084260715001 საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ.
სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2017 წლის 26 სექტემბრის №13/34-61997 წერილის თანახმად, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №084260715001 საქმეზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ------- ბ---–----ის 2017 წლის 13 სექტემბრის განცხადება (ს.ფ. 66);
- სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2017 წლის 26 სექტემბრის №13/34-61997 წერილი (ს.ფ.181).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, უკანონოდ დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, მითითებული კონსტიტუციური ნორმით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით -თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტების (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტების თანახმად, „დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
ზემოაღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება.
დადგენილია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ბრალდების საფუძველზე ა-------- ი-------ი დაკავებულ იქნა 2015 წლის 29 ივლისს 01:10 საათზე, ხოლო ა----- კ-----------ი - 2015 წლის 30 ივლისს, 00:50 საათზე. ამასთან, ა----- ნ--–--------ი, ასევე, 2015 წლის 29 ივლისს, 03:30 საათზე დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი და 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ბრალდებით.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის განაჩენით ართურ ი-------ი, ა----- კ-----------ი და ა----- ნ--–--------ი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სამივე მათგანის მიმართ გააუქმა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა. ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.
განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით, ხოლო პროკურორის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეების მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს, უკანონო პატიმრობის და ბრალდების გამო მორალური ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, უნდა დადგინდეს რამდენად არსებობს მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონით დადგენილი საფუძველი.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (08.04.2009წ. საქმეზე №ბს-972-936(3კ-08), „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია, არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულს პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.
ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.
მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უკანონო ბრალდებით და პატიმრობით მოსარჩელეებს მიადგათ მორალური ზიანი, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.
მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობის დადგენის მიზნებისთვის მოსარჩელეები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მათი დაკავების მომენტიდან ილახებოდა მათი პატივი და ღირსება, როგორც მოპასუხეთა მხრიდან. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხდებოდა მათი, როგორც დამნაშავის იდენტიფიცირება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში მოსარჩელეებისათვის მიყენებული მორალური ზიანი უნდა ანაზღაურდეს. თუმცა, სარჩელში მითითებული ოდენობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. ინდივიდუალური გარემოებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს მოსარჩელეების პატიმრობაში ყოფნის ვადას და მათი დაკავებიდან მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის დროის მონაკვეთს. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელეების დაკავებისა და ბრალდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხდებოდა სატელევიზიო მაუწყებლობებისა და ინტერნეტ-მედიის მეშვეობით, სადაც მოხსენიებული იყო დაკავებულების საიდენტიფიკაციო მონაცემები (იხ. ს.ფ. 156-157), რაც მათ, როგორც საკუთარი ოჯახის წევრების თუ ახლობლების, ისე მთლიანად საზოგადოების თვალში წარმოაჩენდა, როგორც დამნაშავეებს. სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებაში პირის მიცემა/პირის მსჯავრდება არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებული არის გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, მნიშვნელოვანია პატიმრობის პერიოდი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შეთხვევაში, თითოეული მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა 5500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარია, რომელიც უნდა დაეკისროს საქართველოს მთავარ პროკურატურას.
7.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უკანონო ბრალდების და პატიმრობის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ დაუსაბუთებელია, დამდგარი ზიანი პროკურატურის ქმედებათა შედეგს წარმოადგენს. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.3. სასარჩელო განცხადების მიხედვით, მოსარჩელეთა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ეფუძნება ასევე მათ მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. მათ შორის _ ამ ფაქტების არასათანადო გამოძიებას, რომელიც დღემდე არ არის დასრულებული. მოსარჩელეთა წარმომადგენლის თქმით, გამოძიების ფარგლებში ჯერ კიდევ არ დაუკითხავთ არც ერთი მოსარჩელე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სარჩელი არის დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტებით, ა-------- ი-------ს, ა----- ნ--–--------ს და ა----- კ-----------ს აწამებდნენ, სცემდნენ, ემუქრებოდნენ მათგან აღიარებითი ჩვენებების მიღების მიზნით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
სასამართლო განმარტავს, რომ მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ქმედების უკანონობა უნდა დასტურდებოდეს კანონით დადგენილი წესით, რომელიც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იქნება დამდგარ ზიანთან. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა კი წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
დადგენილია, რომ 2015 წლის 26 ივლისს დაიწყო გამოძიება შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში სისხლის სამართლის №084260715001 საქმეზე, გამოძიების მწარმოებელი პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2017 წლის 26 სექტემბრის №13/34-61997 წერილის თანახმად, აღნიშნულ საქმეზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება.
შესაბამისად, მოცემული ადმინისტრაციული დავის განხილვის დროისათვის მოსარჩელეთა მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით ზიანის მიყენება არ დასტურდება. ხოლო სასარჩელო განცხადებაში მითითებული ფაქტები, რომლებიც არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, მხოლოდ მოსარჩელეთა განმარტებების საფუძველზე დამტკიცებულად ვერ ჩაითვლება.
დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო წარმოების გამარტივებულ წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი. სასამართლო განმარტავს, რომ ამ თავის საპროცესო დანაწესები განსაზღვრავს სასამართლოში მსგავსი კატეგორიის საქმეთა წარმოების საპროცესო წესს, მტკიცების საგანს, მტკიცების ტვირთის განაწილების წესს, მტკიცებულებათა სახეებს და სხვა საკითხებს, რაც არ გამორიცხავს ამ პროცედურით საქმის განხილვისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებას, რომლებიც ადგენენ მორალური თუ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის საფუძვლებს (ე.წ. მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები), ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს, ზიანის ოდენობის განსაზღვრის წესს და ა.შ. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსში გამარტივებული წარმოების წესის დადგენა განაპირობა საქმის განხილვის გამარტივების აუცილებლობამ ისეთ საქმეებზე, სადაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან შესაბამისი ორგანოს მიერ გამოცემული აქტი ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენის შესახებ.
როგორც აღინიშნა, ამ საპროცესო ნორმათა გამოყენება არ გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების იმავდროულ გამოყენებას და ვერ ჩაანაცვლებს მათ. ამგვარად, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს თავისი არსით დელიქტური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ერთ-ერთ კატეგორიას, რომელთა განხილვის განსხვავებულ, გამარტივებულ წესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კი ასეთი სარჩელები წარმოადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამ მსჯელობას განამტკიცებს თავად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავის სათაურიც - „ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი“.
ამასთან, მოსარჩელეს შეუძლია, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ან სხვა დოკუმენტის გარეშეც, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო ქმედების დადგენა და ზიანის ანაზღაურება. ასეთ შემთხვევაში სარჩელი განიხილება საერთო წესით და არა - გამარტივებული წარმოებით.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ორივე მიმართულებით შეაფასოს მოსარჩელის არგუმენტაცია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელეებისათვის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ საფუძვლით ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის არსებობა, რომელიც ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლი, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად). მოსარჩელეების მიმართ კი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა განაჩენით არ არის დადასტურებული.
რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების ზოგად საფუძვლებს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით სავალდებულოა, დადგინდეს, როგორც ზიანის გამომწვევი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება, ისე - მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 31 იანვრის განაჩენში სააპელაციო სასამართლო „აუცილებლად მიიჩნევს ყურადღება მიექცეს და სათანადოდ შეფასდეს ა----- ნ--–--------ის პრეტენზია მოწმე პოლიციელებთან. იგი (ასევე ა-------- ი-------ი და ა----- კ-----------ი) მიუთითებს, რომ მას უმოწყალოდ სცემეს სამართალდამცავმა ორგანოს თანამშრომლებმა, ბრალდების მხარის განმარტებით ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, თუმცა რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამ ეტაპისთვის არ მიღებულა. შესაბამისად, გაურკვეველია რა ვითარებაში მიიღეს ბრალდებულებმა დაზიანებები და რაც მთავარია, არ არის გამორიცხული, რომ ეს დაზიანებები მათ მიადგათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების შედეგად. ბრალდებულების სხეულის დაზიანების არსებობის ფაქტი დასტურდება დაკავების ოქმებითა და მოწმეთა ჩვენებებით. ბრალდებულის პრეტენზიის უარყოფის გარეშე, შეუძლებელია დადგინდეს მოწმეთა მიუკერძოებლობა და ობიექტურობა. შეუძლებელია პოლიციელის ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირისპირო არგუმენტების შეფასების გარეშე... ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, არ იქნა გაზიარებული ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ვერსია, რადგან იგი არ არის ლოგიკური და არ ემყარება ობიექტურ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი ვერ ადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომ ა----- ნ--–--------ი სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავს დაესხა გამომძიებელს - ზ----- ა-------–---–ს.“
სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ განაჩენში ფიზიკური დაზიანების არსებობის ფაქტზე მითითება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება, წინამდებარე საქმის განხილვისას მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში დაადასტურებდა სარჩელში მითითებულ ფაქტებს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება ამ ეტაპზე არ არის დასრულებული, არ არის დადგენილი დაზარალებული, არ არიან იდენტიფიცირებული ბრალდებული პირები, შესაბამისად მხოლოდ ის ფაქტი, რომ გამოძიება მიმდინარეობს, არ იძლევა შესაძლებლობას, დადგინდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლში მოცემული წინაპირობების არსებობა მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრისათვის. ხოლო თუკი საბოლოო შემაჯამებელი აქტით დადასტურდება მოსარჩელეების მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა, მას უფლება რჩება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით კვლავ მომართოს სასამართლოს კანონით დადგენილი წესით.
7.4. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ა-------- ი-------ისათვის, ა----- კ-----------ისათვისა და ა----- ნ--–--------ისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება სახელგამტეხი ცნობების გავრცელებისათვის, ასევე, მოსარჩელეები ითხოვენ, დაევალოს მოპასუხეებს, საჯაროდ უარჰყონ ინფორმაცია მოსარჩელეების წინააღმდეგ იმავე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რითაც გავრცელდა მათი დაკავების ინფორმაცია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირს უფლება აქვს, სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ცილისწამებასთან დაკავშირებით მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ თუ მოპასუხე კანონით დადგენილ ვადაში განახორციელებს შესწორებას ან უარყოფას, მაგრამ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება.
ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.
გამოხატვის თავისუფლება, როგორც საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხზე თავისუფალი და ღია დისკუსიების გამართვის საშუალება, იმავდროულად თავად წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საჯარო ინტერესს. ეს დებულება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს, როდესაც საქმე პრესის თავისუფლებას შეეხება და ეს ბუნებრივია, ვინაიდან აზრთა თავისუფალი ურთიერთგაცვლა და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე ღია საჯარო დებატები სწორედ პრესისა და მასმედიის სხვა საშუალებებით ხორციელდება. პრესის ფუნქციაა, გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საზოგადოების საჭირბოროტო საკითხებზე. ამ ფუნქციის პრესის მიერ შეუსრულებლობა ტოლფასია საზოგადოებისათვის იმ უფლების წართმევისა, რომ მიიღოს ეს ინფორმაცია და იქონიოს მასზე თავისი შეხედულება, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ პრესის საშუალებით ინფორმაციებისა თუ იდეების გავრცელების თავისუფლება, თავისი არსით, გაცილებით უფრო მეტადაა საჯარო ინტერესის საგანი, ვიდრე ცალკეული ინდივიდის უფლებების დაცვა. ამდენად, პრესის თავისუფლებას მაღალი ღირებულება გააჩნია და ამიტომაც არის, რომ მისი შეზღუდვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით „უჩვეულოდ წონად გამართლებას მოითხოვს“.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 31 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომლის თანახმად: „შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ართურ ი. და 1982 წელს დაბადებული ა----- კ. დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო წარსულში ნასამართლევი 1989 წელს დაბადებული ა----- ნ. დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები 26 ივლისს, ა---–---–--ის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-----სთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პირებს დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ. კერძოდ, ისინი ნ----–-----ის საბაჟო გამშვებ პუნქტთან დახვდნენ სომხეთიდან მომავალ პიროვნებებს, დანაშაულის ჩადენის იარაღი – „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი და ავტომანქანა დაახვედრეს, რომლითაც მკვლელობაში ბრალდებული პირები საქართველოში შემოსვლის შემდეგ გადაადგილდებოდნენ. მოგვიანებით, დაკავებულებმა ამავე პირებს მოკლულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის მობილური ტელეფონის სიმ-ბარათები შეიძინეს. ა----- ნ-მ დაკავებისას პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. სამართალდამცველებმა ავტომანქანა, რომლითაც მკვლელობაში ბრალდებული პირები გადაადგილდებოდნენ, წალკის რაიონში დამწვარი იპოვეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ართურ ი. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე და 353-ე პრიმა მუხლებით). გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები მკვლელობაში ბრალდებული პირების დასაკავებლად.“
მოცემულ განცხადებასთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფარვით ნაჩვენებია მოსარჩელეების დაკავების ფაქტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ გაკეთებულია ახსნა-განმარტება მიმდინარე გამოძიების შესახებ.
ამგვარად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინფორმაციის გავრცელებისას გაჟღერდა საქმის ძირითადი გარემოებები და ინფორმაცია კონკრეტული ბრალდებით პირების დაკავების თაობაზე, თუმცა, მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები არ ყოფილა მოხსენიებული. მათი გვარები იყო დაფარული, ნახსენები იყო მხოლოდ სახელები, რაც არ ქმნის პირის იდენტიფიცირებისთვის საკმარის საფუძველს.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საიდენტიფიკაციო მონაცემების გაჟღერების გარეშე სავარაუდო დანაშაულის ჩადენისათვის პირთა დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ვერ ჩაითვლება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად და ეს ქმედება მოსარჩელეთათვის არ წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში დამკვიდრებული სტანდარტის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად არ მიიჩნევა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის თაობაზე განცხადების გამოქვეყნება სავარაუდოდ დანაშაულის ჩამდენი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მოხსენიების გარეშე. კერძოდ, ერთ-ერთ საქმეში (იხ. 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი #9043/05) სასამართლომ განმარტა, რომ: „უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუკი საჯარო ხელისუფების წარმომადგენელების განცხადება პირის დანაშაულში მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოხატავს აზრს ამ პირის დამნაშავეობაზე. აღნიშნული განცხადება სასამართლოს მიერ დანაშაულის დამტკიცებას წინ უნდა უძღვოდეს. აღნიშნულისათვის საკმარისია ვარაუდი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ბრალდებულს დამნაშავედ მიიჩნევენ (ალენ დე რიბემონი საფრანდეთის წინააღმდეგ, § 35, Allenet de Ribemont v. France, 10 February 1995, Series A no. 308, და მინელი შვეიცარიის წინააღმდეგ, § 37, Minelli v. Switzerland, 25 March 1983, Series A no. 62). სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხელისუფლების წარმომადგენელთა სიტყვების მნიშვნელობაზე (დაკტარასი ლიტვის წინააღმდეგ, § 41, Daktaras v. Lithuania, no.42095/98, ECHR 2000‑X). უდანაშაულობის პრეზუმფცია შეიძლება დაირღვეს არა მხოლოდ სასამართლოს და მოსამართლეთა მხრიდან, არამედ ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა მხრიდან, მათ შორის პროკურატურის მხრიდან (კუზმინი რუსეთის წინააღმდეგ, §§ 51-63, Kuzmin v. Russia, no. 58939/00, 18 March 2010 დაკტარასი ლიტვის წინააღმდეგ, § 42; კონსტანსი საბერძნეთის წინააღმდეგ, § 32, Konstas v. Greece, no. 53466/07, 24 May 2011). არღვევს თუ არა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას, უნდა შეფასდეს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც განცხადების გაკეთებასთან იყო დაკავშირებული (დაკტარასი ლიტვის წინააღმდეგ, &43).“... სასამართლომ მითითებულ საქმეში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სადავო განცხადებაში არ იყო მითითებული პირის დამნაშავეობაზე. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ „აგრესიულმა მედია კამპანიამ შეიძლება, გავლენა მოახდინოს სამართლიან სასამართლო განხილვაზე. აღნიშნულს შეიძლება ადგილი ჰქონდეს როგორც სასამართლოს მიუკერძოებლობის, ასევე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის თვალსაზრისით (შუვალოვი ესტონეთის წინააღმდეგ, § 82, Shuvalov v. Estonia, no. 39820/08 and 14942/09, 29 May 2012; ნინ-ჰანსერი დანიის წინააღმდეგ, Ninn-Hansen v.Denmark (dec.), no. 28972/95, ECHR 1999‑V; ანგუელოვი ბულგარეთის წინააღმდეგ Anguelov v.Bulgaria (dec.), no. 45963/99, 14 December 2004).“
ამგვარად, უდანაშაულობის პრეზუმფცია დარღვეულად ითვლება, თუკი შესაბამის სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან პირი მოხსენიებული იყო, როგორც დანაშაულის ჩამდენი, საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფარვის გარეშე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო განცხადებებში ყურადღება გამახვილებული იყო ფაქტების აღწერაზე, დაკავებულ პირთა ვინაობა არ ყოფილა მოხსენიებული.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას, რომ სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გაჟღერდა სამაუწყებლო საშუალებებში მათი, როგორც დაკავებულების საიდენტიფიკაციო მონაცემები, სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეს გარემოება არ დასტურდება. რაც შეეხება სატელევიზიო თუ ინტერნეტ მედიის მხრიდან ინფორმაციის გაშუქებას, ამის გამო პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მედიასაშუალებების მიერ მომზადებული სატელევიზიო თუ ინტერნეტ სიუჟეტის შინაარსის შედგენისას სამინისტროს მხრიდან რაიმე ზეგავლენის არსებობა საქმის განხილვის შედეგად არ დადასტურებულა. სასამართლო მიუთითებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობის საფუძველი არ შეიძლება, გახდეს სხვა პირის მიერ განხორციელებული ქმედება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სარჩელი ამ ნაწილშიც მოკლებულია ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მოსარჩელეები – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე. ამდენად, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 46-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ა-------- ი-------ის, ა----- ნ--–--------ისა და ა----- კ-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე ა-------- ი-------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 5 500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
1.2. საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე ა----- ნ--–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 5 500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
1.3. საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე ა----- კ-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 5 500 (ხუთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
1.4. ა-------- ი-------ის, ა----- ნ--–--------ისა და ა----- კ-----------ის სარჩელი სხვა ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ხაჟომია