გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.03.2019
საქმის ნომერი
010210017002047776
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210017002047776

# 2-3104/2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე: სს ,,ს----------–---------”

წარმომადგენელი: და---- გ---------

მოპასუხეები: თე--------- ე----, ნე------ ა--–---

წარმომადგენელი: ლ----- შა-–------------------

დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე თე--------- ე----ს მოსარჩელის სს ,,ს----------–---------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 131590,75 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 121833,78 აშშ დოლარი, პროცენტი - 4931,76 აშშ დოლარი, საკომისიო - 255,17 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 4600 აშშ დოლარი.

1.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 5000 ლარის გადახდა.

1.3. დაკისრებული თანხების ამოღების მიზნით, სარეალიზაციო მიექცეს იპოთეკით დატვირთული, ნე------ ა--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, გ------–-- ქუჩა #5-, ს/კ #05.29.33.0---

იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერდხდება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ან რეალიზაციით მიღებული თანხები არ იქნება საკმარისი არსებული დავალიანების დასაფარად, აღსრულება განხორციელდეს თე--------- ე---ის სხვა მოძრავ-უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.

1.4. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსრულებას.

 

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

- სს ,,ს----------–--------სა’’ და თე--------- ე----ს შორის 2016 წლის 19 მაისს დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ GAI072327, რომლითაც მსესხებელს გაეხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი საკრედიტო ლიმიტის 150000 აშშ დოლარის ოდენობით.

- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 19 მაისს ბანკსა და ნე------ ა--–---ს შორის შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #SAI072328, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ნე------ ა--–--ის კუთვნილი უძრავი ქონება,მდებარე: ქ. ბათუმი, გ------–-- ქუჩა #5-, ს/კ #05.29.33.0---

- 2016 წლის 19 მაისს ბანკსა და თე--------- ე----ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის მომსახურების შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #SBI072329, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა კრედიტი 127000 აშშ დოლარის ოდენობით 120 თვის ვადით (25.05.2026 წლამდე), წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 7,5%-ით, პირგასამატეხლო ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური 0,5%-ით.

- სარჩელის აღძვრის დროისათვის, დავალიანება შეადგენს 131590,75 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 121833,78 აშშ დოლარი, პროცენტი - 4931,76 აშშ დოლარი, საკომისიო - 255,17 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 4600 აშშ დოლარი.

- მსესხებლის მიერ ხდებოდა ვალდებულების დარღვევა, ვადებისა და გრაფიკის მიხედვით არ ხორციელდებოდა გადახდები. შემდეგში მოპასუხემ საერთოდ სეწყვიტა სესხის და სარგებლის გადახდა, მას გაეგზავნა სეტყობინება აღნიშნულზე, მიეცა 2 კვირა ვადა არსებული დავალიანების გადასახდელად, თუმცა უშედეგოდ. ბანკი ვერ იბრუნებს მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მომართა სასამართლოს.

- მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მსესხებელს თანხა აღარ გადაუხდია 2017 წლის 25 იანვრის შემდეგ, რაზედაც გაეგზავნა ფოსტით წერილობითი შეტყობინება მოპასუხეს, მას მიეცა ვადა 2 კვირა, თუმცა მოპასუხემ დავალიანება არ გადაიხადა, რის საფუძველზეც ბანკმა ხელშეკრულება 2017 წლის თებერვლის თვიდან ცალმხრივად შეწყვიტა. სარგებლის/პროცენტის დარიცხვა კი ბანკმა შეწყვიტა 2017 წლის სექტემბრიდან. აქვე განმარტავს, რომ საკომისიო თანხა 255,17 აშშ დოლარი არის მთლიანი სესხის მომსახურებისათვის ერთჯერადი გადასახადი და სესხის გაცემისას მსესხებელს გამოაკლდა განაღდების საკომისიო 0,6%-ის ოდენობით.

(იხ. სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს ცნობს ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხე ეთანხმება სესხის ძირ თანხას და სარგებელს/პროცენტს, თუმცა სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს და საკომისიო თანხას.

მოპასუხის პოზიცია ემყარება შემდეგ არგუმენტებს:

- მოპასუხე ადასტურებს სესხის მიღებას 127000 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მასზე დარიცხული პირგასამტეხლო 0,5%-ის გაანგარიშებით მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად;

- მოპასუხე ასევე სადავოდ ხდის საკომისიო თანხის - 255,17 აშშ დოლარის დაკისრებას, ვინაიდან აღნიშნული თანხა მას გადახდილი აქვს, როცა სესხი გაიცა, მაშინ გამოუქვითეს.

- მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოპასუხე - მსესხებელი თე--------- ე---- სესხს 2016 წლის 19 მაისიდან 2017 წლის თებერვლის თვემდე კეთილსინდისიერად იხდიდა, თებერვლის თვის შემდეგ შეექმნა პრობლემები, ითხოვა სესხის რესტრუქტურიზაციას, სესხის ყოველთვიური გადასახდელი თანხის შემცირებას სესხის ვადის გაზრდას, თუმცა ბანკთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

- მოპასუხის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მიუხედავად იმისა, არ ჩაბარებიათ რა ფოსტით წერილობითი გაფრთხილება, სატელეფონო საუბრით ცნობილი იყო თე--------- ე---ისათვის ამის შესახებ და ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ინფორმირებული იყო.

(იხ. შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება სხდომის ოქმში).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. სს ,,ს----------–--------სა’’ და თე--------- ე----ს შორის 2016 წლის 19 მაისს დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ GAI072327, რომლითაც მსესხებელს გაეხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი საკრედიტო ლიმიტის 150000 აშშ დოლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2016 წლის 19 მაისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ GAI072327;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.2. საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 19 მაისს ბანკსა და ნე------ ა--–---ს შორის შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #SAI072328, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ნე------ ა--–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, გ------–-- ქუჩა #5-, ს/კ #05.29.33.0---

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2016 წლის 19 მაისის იპოთეკის ხელშეკრულება #SAI072328;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა განმარტებები;

3.1.3. 2016 წლის 19 მაისს ბანკსა და თე--------- ე----ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის მომსახურების შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #SBI072329, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა კრედიტი 127000 აშშ დოლარის ოდენობით 120 თვის ვადით (25.05.2026 წლამდე), წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 7,5%-ით, პირგასამატეხლო ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური 0,5%-ით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2016 წლის 19 მაისის იპოთეკის ხელშეკრულება #SAI072328;

-2016 წლის 19 მაისის საკრედიტო ხაზის მომსახურების შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #SBI072329;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.1.4. მსესხებელს - მოპასუხე თე--------- ე----ს სესხის ყოველთვიური გადასახადი თანხა 2017 წლის 25 იანვრის შემდეგ აღარ გადაუხდია, რაზედაც მას მიეცა ვადა 2 კვირა, თუმცა მოპასუხემ დავალიანება არ გადაიხადა, რის საფუძველზეც ბანკმა ხელშეკრულება 2017 წლის თებერვლის თვიდან ცალმხრივად შეწყვიტა. სარჩელი აღძრულია 2017 წლის 11 აგვისტოს და სესხზე სარგებლის/პროცენტის დარიცხვა კი ბანკმა შეწყვიტა 2017 წლის სექტემბრიდან და სარჩელის აღძვრის დროისათვის, სარჩელის თანახმად, დავალიანება შეადგენს 131590,75 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 121833,78 აშშ დოლარი, პროცენტი - 4931,76 აშშ დოლარი, საკომისიო - 255,17 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 4600 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2016 წლის 19 მაისის იპოთეკის ხელშეკრულება #SAI072328;

-2016 წლის 19 მაისის საკრედიტო ხაზის მომსახურების შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #SBI072329;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეებს შორის სადავოა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა, ასევე საკომისო თანხის დაკისრება. მოპასუხეები აღიარებენ მხოლოდ სესხის ძირი თანხის დავალიანებას 121833,78 აშშ დოლარის, ასევე პროცენტი/სარგებლის - 4931,76 აშშ დოლარის დავალიანებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობისა და მართებულობის საკითხი წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საკითხებს და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.

 

3.2.2. დადგენილია, რომ მოპასუხე თე--------- ე----მ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია. მას სესხის ყოველთვიური გადასახადი თანხა 2017 წლის 25 იანვრის შემდეგ აღარ გადაუხდია,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.3. სარჩელი აღძრულია 2017 წლის 11 აგვისტოს და სესხზე სარგებლის/პროცენტის დარიცხვა კი ბანკმა შეწყვიტა 2017 წლის სექტემბრიდან და სარჩელის აღძვრის დროისათვის, სარჩელის თანახმად, დავალიანება შეადგენს 131590,75 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 121833,78 აშშ დოლარი, პროცენტი - 4931,76 აშშ დოლარი, საკომისიო - 255,17 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 4600 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

- 2016 წლის 19 მაისის იპოთეკის ხელშეკრულება #SAI072328;

-2016 წლის 19 მაისის საკრედიტო ხაზის მომსახურების შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #SBI072329;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.2.4. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიო თანხა 255,17 აშშ დოლარი (საკომისიო 0,6%-ის ოდენობით) არის მთლიანი სესხის მომსახურებისათვის ერთჯერადი გადასახადი და სესხის გაცემისას მსესხებელს გამოაკლდა. აღნიშნულს დაეთანხმა მოსარჩელის წარმომადგენელიც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი, შესაგებელი;

-2016 წლის 19 მაისის საკრედიტო ხაზის მომსახურების შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #SBI072329;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- მხარეთა განმარტებები სხდომის ოქმში

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,ს----------–---------ს’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ:

- სარჩელი სესხის ძირითადი თანხის 121833,78 აშშ დოლარის და სარგებლის/პროცენტის - 4931,76 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად;

- სარჩელი პირგასამტეხლოს/ჯარიმის - 4600 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 460 აშშ დოლარამდე, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 4140 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. - სარჩელი საკომისიო თანხის სახით 255,17 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს კონსტიტუცია

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხეზე გასცა სესხი, რასაც ეთანხმებიან მოპასუხეებიც. მოპასუხემ მიიღო სესხის თანხა, მაგრამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და დაარღვია ვალდებულება, შეწყვიტა სესხის გადახდა. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის დაუბრუნებლობა შეფასებული უნდა იქნეს მოსარჩელის უფლების დარღვევად. მოსარჩელეს, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით უფლება აქვს მომართოს სასამართლოს - სარჩელი აღძრას და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.

 

6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე (კრედიტორი) ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან (მოვალესთან). ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეს მოპასუხისათვის სესხი აქვს გადაცემული. ასეთი ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადავო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. შესაბამისად მათი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.3. მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”.

 

დადგენილია, რომ:

- სს ,,ს----------–--------სა’’ და თე--------- ე----ს შორის 2016 წლის 19 მაისს დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ GAI072327, რომლითაც მსესხებელს გაეხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი საკრედიტო ლიმიტის 150000 აშშ დოლარის ოდენობით.

- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 19 მაისს ბანკსა და ნე------ ა--–---ს შორის შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #SAI072328, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ნე------ ა--–--ის კუთვნილი უძრავი ქონება,მდებარე: ქ. ბათუმი, გ------–-- ქუჩა #5-, ს/კ #05.29.33.0---

- 2016 წლის 19 მაისს ბანკსა და თე--------- ე----ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის მომსახურების შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება #SBI072329, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა კრედიტი 127000 აშშ დოლარის ოდენობით 120 თვის ვადით (25.05.2026 წლამდე), წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 7,5%-ით, პირგასამატეხლო ვადაგადაცილებული დავალიანების დღიური 0,5%-ით.

- მსესხებელს - მოპასუხე თე--------- ე----ს სესხის ყოველთვიური გადასახადი თანხა 2017 წლის 25 იანვრის შემდეგ აღარ გადაუხდია, რაზედაც მას მიეცა ვადა 2 კვირა, თუმცა მოპასუხემ დავალიანება არ გადაიხადა, რის საფუძველზეც ბანკმა ხელშეკრულება 2017 წლის თებერვლის თვიდან ცალმხრივად შეწყვიტა. სარჩელი აღძრულია 2017 წლის 11 აგვისტოს და სესხზე სარგებლის/პროცენტის დარიცხვა კი ბანკმა შეწყვიტა 2017 წლის სექტემბრიდან და სარჩელის აღძვრის დროისათვის, სარჩელის თანახმად, დავალიანება შეადგენს 131590,75 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 121833,78 აშშ დოლარი, პროცენტი - 4931,76 აშშ დოლარი, საკომისიო - 255,17 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 4600 აშშ დოლარი.

- ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიო თანხა 255,17 აშშ დოლარი (საკომისიო 0,6%-ის ოდენობით) არის მთლიანი სესხის მომსახურებისათვის ერთჯერადი გადასახადი და სესხის გაცემისას მსესხებელს გამოაკლდა. აღნიშნულს დაეთანხმა მოსარჩელის წარმომადგენელიც.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

6.5. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას.

 

განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსესხებელმა - მოპასუხე თე--------- ე----მ საბანკო პროდუქტით ისარგებლა და მიიღო სესხის თანხა. თანხის მიღების შემდეგ ის ვალდებული იყო ყოველთვიურად ეხადა სესხი, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მას წარმოშობილი ვალდებულება უნდა შეესრულებინათ იმ პერიოდული შენატანებით, რაც გათვალისწინებული იყო შესაბამისი ხელშეკრულებით და შეტანხმებული გრაფიკით. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ/არ შეასრულა, რითაც დაირღვა ხელშეკრულება. დავალიანების დარჩენილი თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე გაცილებით მეტი პერიოდი, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

მოსარჩელემ, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დადებისა და ბარათის გადაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოპასუხისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. საკრედიტო ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გაცემის შემდეგ, კრედიტის გამცემს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ მოპასუხეები მოვალე იყვნენ ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინათ ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ბარათიდან ათვისებული თანხა დაებრუნებინათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული წესით და დათქმულ დროში. მოპასუხეებს ასეთი მოვალეობა უჩნდებათ ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები ერთმანეთთან სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულება და ბარათიდან ათვისებული თანხები ბანკს არ დაუბრუნეს, რითაც დაარღვიეს თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. მოპასუხის ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მოპასუხეს გადასახდელი აქვთ ძირი თანხა 121833,78 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხად მიღებული თანხა, რასაც ასევე ეთანხმებიან მოპასუხეები. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

6..7. საქ. სკ-ის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.

 

საქ. სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 6,5%-ს. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირ თანხის მსგავსად ბანკში უნდა შეტანილიყო ყოველ თვეში. როგორც ზემოთ განიმარტა, მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით ,, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებები სასყიდლიანი ხელშეკრულებებია. მოპასუხე მასზე ყოველთვიურად იხდიდა სარგებელს, წლიურ 6,5%-ს. მოსარჩელე ამ ხელშეკრულებიდან ელოდებოდა მოგებას, მაგრამ მოპასუხემ სარგებელის გადახდა მართლსაწინააღმდეგოდ შეწყვიტა, რითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მოსარჩელემ დაკარგა ის შემოსავალი, რაც დაგეგმილი ჰქონდა ხელშეკრულების დადებისას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეი ვალდებულია არიან მას აუნაზღაუროს დაკარგული მიუღებელი შემოსავალი წლიური 6,5% - 4931,76 აშშ დოლარი, რასაც მოპასუხეები სადავოდ არ ხდიან.

 

6.9. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემელ შემთხვევაში მოპასუხეთა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ძირითადი დავალიანების მოთხოვნის ნაწილში იქნა ცნობილი, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას.

 

6.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ხსენებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა, იმ მოთხოვნის ფარგლებში რაც ცნო, სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.

 

6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისთვის პირგასამტეხლოს გადახდა, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ ძირი თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის დავალიანებად დარჩენილი თანხის 0.5 %-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო შეადგენს 4600 აშშ დოლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოპასუხეები არიან ფიზიკური პირები, ვერ იხდიან ძირ თანხას, პროცენტს. მასზე დამატებით მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მათი გადახდის უნარს. პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად, დავალიანების 0.5 %-ის დარიცხვა არაგონივრულია. თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის აღდგენისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 0,5%-იდან 0,05%-მდე, 4600 აშშ დოლარიდან 460 აშშ დოლარამდე, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 4140 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოქმედ სასამართლო პრაქტიკაში პირგასამტეხლოდ განსაზღვრული პროცენტის მოცულობა არაერთგვაროვანია. აღნიშნული არაერთგვაროვნება გამოწვეულია თითოეული საქმის ინდივიდუალურობით. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ გაითვალიწინა წინა გადახდების ისტორია, ვადაგადაცილების პერიოდი, სესხით სარგებლობის პერიოდი, გადასახდელი თანხის მოცულობა, ასევე ის გარემოება, რომ კმაყოფილდება მოთხოვნა სესხის ძირი თანხისა და პროცენტის დაკისრების ნაწილში სრულად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ, პირგასამტეხლოს გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრულია. შესაბამისად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა 460 აშშ დოლარის ოდენობით.

 

6.12. როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკომისიო თანხა 255,17 აშშ დოლარი (საკომისიო 0,6%-ის ოდენობით) არის მთლიანი სესხის მომსახურებისათვის ერთჯერადი გადასახადი და სესხის გაცემისას მსესხებელს გამოაკლდა. აღნიშნულს დაეთანხმა მოსარჩელის წარმომადგენელიც. ამდენად, ეს ტანხა გადახდილია და სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა.

 

6.13. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.

 

საქმეში წარმოდგენილია იპოთეკის ხელშეკრულება, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 19 მაისს ბანკსა და ნე------ ა--–---ს შორის შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #SAI072328, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ნე------ ა--–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, გ------–-- ქუჩა #5-, ს/კ #05.29.33.0---

 

6.14. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით ,,1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.

 

დადგენილია, რომ თე--------- ე----მ ბანკის მიმართ ვადებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მას გადასახდელი აქვს გარკვეული თანხები. მან გადააცილა კრედიტის დაფარვის გრაფიკს, რამაც ბანკს უფლება მისცა გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოყვეს ვალდებულების მთლიანი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.

 

6.15. სასამართლო მიიჩნევს, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნა არაა უფლების ბოროტად გამოყენება. გასათვალისწინებელია, რომ პირველ რიგში იპოთეკის დანიშნულებაა სესხის უზრუნველყოფა. ანუ თუ მოვალე სესხს არ იხდის, მაშინ იგი ამოღებული უნდა იქნას იმ უძრავი ქონების რეალიზაციიდან, რაზეც მხარეები წინასწარ შეთანხმდენ. მოვალე კრედიტორს გაურიგდა მასზედ, რომ თუ სესხს არ დაუბრუნებდა, სესხი დაიფარებოდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით. მასზე უფლების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაციის მინიჭებით, ამ ინსტიუტს დაეკარგება დანიშნულება. მოსარჩელე იმპერატიულად არ მოითხოვს იპოთეკის საგნის რეალიზაციას. ის ქონების რეალიზაციას ითხოვს მხოლოდ იმ პირობით, თუ მოპასუხე არ დაფარავს დავალიანებას. ასეთ შემთხვევაში იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნა სრულიად სამართლიანი მოთხოვნაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.

მოცემულ შემთხვევაში გადახდილი ბაჟის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. მოპასუხეებმა სარჩელი მოსამზადებელ ეტაპზე სცნეს ნაწილობრივ. კერძოდ, სარჩელი ცნეს სესხის ძირი თანხის 121833,78 აშშ დოლარის, ასევე პროცენტის - 4931,76 აშშ დოლარის ნაწილში, საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის გადახდა მხარეებს შორის უნდა გადანაწილდეს გადაწყვეტილების შესაბამისი პროპორციის მიხედვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

- მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან უნდა დაუბრუნდეს 4375 ლარი.

- მოსარჩელეს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს ნაწილის - 4140 აშშ დოლარის, ასევე საკომისიოს 255,17 აშშ დოლარის დაკისრებაზე, რის საფუძველზეც მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 561,50 ლარის გადახდა, რაც მას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან უნდა ჩაეთვალოს გადახდილად.

- სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნის პროპორციულად, პირგასამტეხლოს ნაწილი თანხის დაკისრების გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 62,50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

აღნიშნულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

9. აღსრულების წესის განსაზღვრა

 

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს ბანკის მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესს ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილებაში. სს ,,ს----------–---------ს” მოთხოვნა აღსრულების დამატებითი წესის (თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ დაფარავს ვალს, აღსრულება განხორციელდეს მსესხებლისა სხვა ქონებიდან) განსაზღვრის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

10. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი

 

10.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები. იმავე მუხლის 11-ე ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

ზ/მითითებული ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანი მიაყენოს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის გადაუდებლობის აუცილებლობას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.11-ე ნაწილის დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე, ისინი-მხარეები შეთანხმდნენ ამ პირობაზე, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არის დასაბუთებული და მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 268-ე-270-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ს----------–---------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეს თე--------- ე----ს მოსარჩელის სს ,,ს----------–---------ს” სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 121833,78 აშშ დოლარის და სარგებლის/პროცენტის - 4931,76 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეს თე--------- ე----ს მოსარჩელის სს ,,ს----------–---------ს” სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს/ჯარიმის გადახდა 460 აშშ დოლარის ოდენობით.

4. სარჩელი პირგასამტეხლოს სახით 4140 აშშ დოლარის და საკომისიო თანხის სახით 255,17 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

5. მხარეთა მიერ გაწეული საპროცესო ხარჯები გადანაწილდეს შემდეგნაირად:

5.1. მოსარჩელეს სს ,,ს----------–--------ს” სახელმწიფო ბიუჯეტში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (5000 ლარი) დაუბრუნდეს 4375 ლარი. (იხ. საგადახადო დავალება #2471, 11/08/2017წ., გადამხდელი: სს ,,ს----------–---------”, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300693150, ბანკის კოდი: TRESGE22).

5.2. მოსარჩელეს სს ,,ს----------–--------ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 561,50 ლარის გადახდა, რაც მას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან ჩაეთვალოს გადახდილად.

5.3. მოპასუხეს თე--------- ე----ს დაეკისროს მოსარჩელის სს ,,ს----------–---------ს” სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება - 62,50 ლარის გადახდა.

 

6. მოპასუხე თე--------- ე----ზე დაკისრებული თანხების ამოღების მიზნით, განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, ნე------ ა--–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია, ქონება მდებარე: ქ. ბათუმი, გ------–-- ქუჩა #5-, ს/კ #05.29.33.0--- იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ან რეალიზაციით მიღებული თანხები არ იქნება საკმარისი არსებული დავალიანების დასაფარად, აღსრულება განხორციელდეს თე--------- ე---ის სხვა მოძრავ-უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.

 

7. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

8. გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 12 (თორმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. № 30).

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე