გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/7566-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე) - თ---------------–---–ი
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
მოპასუხე (შეგებებული სარჩელის ავტორი) - სს „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი - დ--------------–ი
დავის საგანი - ვალის არ არსებობის აღიარება, თანხის დაკისრება
შეგებებული სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებულ იქნეს თ---------------–---–ის ვალდებულების 2 494.70 აშშ დოლარის არ არსებობა სს „ს----------–--------ი“-ს მიმართ;
1.2. სს „ს----------–--------ს“ თ---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხების, რაც შეადგენს 2 664.00 აშშ დოლარს, უკან დაბრუნება;
1.3. სს „ს----------–--------ს“ თ---------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ შპს „ი-–------------------------სთვის“ გადახდილი 7 454.02 ლარის გადახდა.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2016 წლის 28 მარტს, მოსარჩელემ შპს „ი-–---------------------------სგან“ განვადებით შეიძინა ავტომანქანა G---------------------, 2015 VIN: L---------------- 16 000 აშშ დოლარად. კერძოდ, 7 545.02 ლარი (იმ დროისათვის 3 000 აშშ დოლარი) გადაუხადა კომპანიას, ხოლო თანხის დანარჩენი ნაწილი 13 070 აშშ დოლარი მაღაზიას (შპს „ი-–--------------------------“) დაუფარა სს „ს----------–--------მა“.
2016 წლის 30 მარტს სს „ს----------–--------ს“ და თ---------------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ 4--------, რომლის ფარგლებშიც 2016 წლის 30 მარტს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 4--------, 4------ და თ. ზ-------–---–ზე გაიცა სესხი 13 070 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი - 11 % დარიცხვით.
მითითებული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „ს----------–--------ს“ და თ---------------–---–ს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება 4-------01, რომლის მიხედვითაც დაგირავდა შპს „ი-–---------------------------სგან“ ნაყიდი ავტომანქანა. თ---------------–---–ის მიერ კეთილსინდისიერად ხდებოდა გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადახდა, თუ არ ჩაითვლება ერთი ან ორი დღით ვადაგადაცილება, რის შემდეგაც იხდიდა როგორც ყოველთვიურ შესატანს, ასევე ვადაგადაცილებისათვის შესაბამის ჯარიმას.
მიუხედავად აღნიშნულისა, 2016 წლის 14 ნოემბერს სს „ს----------–--------მა“ შეტყობინებით მიმართა თ---------------–---–ს, სადაც მიუთითა, რომ ვინაიდან მის მიერ ირღვეოდა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, წინამდებარე გაფრთხილების მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში: ა) სრულად და ჯეროვნად დაეფარა საკრედიტო დავალიანება ან ბ) გირავნობის საგანი და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, მფლობელობაში გადაეცა ბანკისათვის. ამავე წერილით ირკვევა, რომ 2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, დავალიანება ბანკის წინაშე სესხზე - 3------ შეადგენდა ჯამში, 12249.43 აშშ დოლარს, ხოლო სესხზე 344296 – 540.83 აშშ დოლარს.
2016 წლის 25 ნოემბერს თ---------------–---–მა განცხადებით მიმართა სს „ს----------–--------ს“ და მიუთითა, რომ ბანკს წერილობით გაეცა პასუხი იმ საკითხებზე თუ რამ განაპირობა მისი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ თ---------------–---–ს სრულად გადაეხადა კრედიტის თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაეცა გირავნობის საგანი, მაშინ, როდესაც მოსარჩელის მიერ გრაფიკის მიხედვით ხდებოდა კრედიტით გათვალისწინებული თანხის დაფარვა. ამასთან, ბანკის გაფრთხილების ჩაბარებიდან მეორე დღესვე, მოსარჩელემ მოპასუხის სასარგებლოდ გადაიხადა საკრედიტო გრაფიკის მიხედვით ყოველთვიური შესატანი თანხა, მათ შორის ვადაგადაცილებული დღეების გამო დარიცხული პირგასამტეხლო, ჯამში 405 აშშ დოლარის ოდენობით, რაც სს „ს----------–--------ი“-ს მიერ მოხსნილი იქნა ანგარიშიდან, როგორც მოსარჩელის მიერ შეტანილი ერთი თვის გადასახადი.
მოსარჩელის განმარტებით, წერილზე რეაგირება არ მომხდარა და 2016 წლის ნოემბრის თვეში, თ---------------–---–ის კუთვნილი ავტომობილი სს „ს----------–--------ი“-ს მოთხოვნით, საპატრულო პოლიციის მიერ წაყვანილი იქნა მოსარჩელის საცხოვრე-ბელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუატორის მეშვეობით მისი ნების საწინააღმდეგოდ და მასთან შეთანხების გარეშე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მანქანის წაყვანის მომენტისათვის მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ დავალიანება - გრაფიკის დარღვევა არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, ყოვლად უსაფუძვლოდ განხორციელდა ბანკის მიერ მოსარჩელისათვის მანქანის ჩამორთმევა.
ავტომობილი მოპასუხე მხარის მიერ შეფასდა 10 000 აშშ დოლარად, რაც შეუსაბამოა, ვინაიდან იყო რეალურად მეტი ღირებულების, კერძოდ, მისი თავდაპირველი ღირებულება შეადგენდა 16 000 აშშ დოლარს და ხუთი თვის შემდეგ მისი ცვეთის გათვალისწინებით, ღირებულება 6 000 აშშ დოლარით ვერანაირად ვერ შემცირდე-ბოდა. მიუხედავად მოთხოვნისა ბანკმა არ გადასცა ავტომანქანის შეფასების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც შესაძლებელს გახდიდა დადგენილიყო ვის მიერ იქნა შეფასება გაკეთებული და რამდენად კომპეტენტური იყო შემფასებელი. აგრეთვე, მოსარჩელემ ითხოვა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც რამდენიმე მცდელობის შემდგომ დაკმაყოფილდა.
ბანკის ქმედება არაკეთილსინდისერია იმ კუთხითაც, რომ 10 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა გამოაკლო ძირითად ვალს 12 249.43 აშშ დოლარს და საბოლოოდ მოსარჩელის ვალდებულება განსაზღვრა დარჩენილი თანხით 2 494.70 აშშ დოლარით.
1.2. შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა
1.2.1. თ---------------–---–ს სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 3 222.02 აშშ დოლარის გადახდა საიდანაც, სესხის ძირი თანხა არის 2 487.95 აშშ დოლარი, პროცენტი - 350.90 აშშ დოლარი, ჯარიმა 383.17 აშშ დოლარი.
შეგებებული სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 30 მარტს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 13 070 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 11%-ის ოდენობით, პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატება კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სარჩელთან დაკავშირებით:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და ხელშეკრულების 9.2.1.1. პუნქტის შესაბამისად ბანკს სრული უფლება ქონდა შეეწყვიტა ხელშეკრულება კლიენტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
2.2. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია რამოდენიმეჯერ მოხდა სესხის გრაფიკის დარღვევა ორდღიანი ვადაგა-დაცილებით თუმცაღა ორი დღის შემდგომ მოხდა გადახდა, როგორც ყოველთვიური შენატანის ასევე ვადაგადაცილებული დღისთვის გათვალისწინებული ჯარიმის პირგასამტეხლოს ჩათვლით. ამასთან, ავტომანქანის იძულებითი გზით წაყვანის დროსაც არანაირი დავალიანება არ გააჩნდა.
ავტომობილის შეფასება განხორციელდა საეჭვო ვითარებაში, უფრო მეტიც ს----------–--------მა დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად არ წარადგინა შეფასების ფურცელი სადაც დაფიქსირებული იქნებოდა ავტომობილის ღირებულება. აქედან გამომდინარე, უცნობია მოხდა თუ არა ავტომობილის შეფასება ბანკის მიერ და ასევე ბუნდოვანია ის ფაქტი საიდან გამოითვალა ს----------–--------მა თ---------------–---–ის დავალიანება ძირი თანხის 2 487.95 აშშ დოლარის ნაწილში, მაშინ როდესაც მათი დაკვეთით შეფასებულ იქნა ავტომანქანა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სადაც მანქანის ღირებულება განისაზღვრა 10 800 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, არასწორია ბანკის მხრიდან ძირი თანხის 2 487.92 აშშ დოლარის და ასევე ამ თანხიდან გამომდინარე არსებული ჯარიმის და პროცენტის მოთხოვნა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 28 მარტს, თ---------------–---–მა შპს „ი-–---------------------------სგან“ განვადებით შეიძინა ავტომანქანა G---------------------, 2015 VIN: L---------------- 16 000 აშშ დოლარად.
თ---------------–---–მა 7 545.02 ლარი (იმ დროისათვის 3 000 აშშ დოლარი) გადაუხადა კომპანიას, ხოლო თანხის დანარჩენი ნაწილი 13 070 აშშ დოლარი მაღაზიას (შპს „ი-–--------------------------“) დაუფარა სს „ს----------–--------მა“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინვოისი (ს.ფ. 19);
- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 20)
3.1.2. 2016 წლის 30 მარტს სს „ს----------–--------ს“ და თ---------------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ 4--------, რომლის ფარგლებშიც 2016 წლის 30 მარტს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება 4--------, 4------ და თ. ზ-------–---–ზე გაიცა სესხი 13 070 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური საპროცენტო სარგებელი - 11% დარიცხვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 21);
- სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია (ს.ფ. 22 -23);
- საკრედიტო ხელშეკრულება N4---------4------ (ს.ფ. 24 - 25);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 26 - 27)
3.1.3. 2016 წლის 30 მარტს სს „ს----------–--------ს“ და თ---------------–---–ს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება N4-------01, რომლის მიხედვითაც დაგირავდა შპს „ი-–---------------------------სგან“ ნაყიდი ავტომანქანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 37 - 46)
3.1.4. სს „ს----------–--------ს“ და თ---------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეთანხმება (ს.ფ. 31)
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 33 - 34)
- დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 47)
3.1.5. 2016 წლის 14 ნოემბრის წერილის თანახმად, თ---------------–---–ის დავალიანება 2016 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით სესხზე L-------- შეადგენს სესხის ძირი თანხა 12 077.59 აშშ დოლარი, პროცენტი 153.33 აშშ დოლარი, ჯარიმა 18.51 აშშ დოლარი.
სესხზე L---------- დავალიანება შეადგენს სესხის ძირი თანხა 525.97 აშშ დოლარი, პროცენტი 8.99 აშშ დოლარი, ჯარიმა - 5.87 აშშ დოლარი.
აღნიშნულის საფუძველზე თ---------------–---–ს ეცნობა წერილობითი გაფრთხი-ლების მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში ა) სრულად და ჯეროვნად დაეფარა საკრედიტო დავალიანება ან ბ) გირავნობის საგანი და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი მფლობელობაში გადაეცა ბანკისთვის.
წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი მიმართავდა ზემოაღნიშნული საკრედიტო და გირავნობის ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწი-ნებულ ყველა ღონისძიებას, მათ შორის მოგირავნე უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით და დამგირავებლის დამატებითი თანხმობის გარეშე მიიღოს სააღსრულებო ფურცელი მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აღსასრულებლად მისაქცევად, ასევე ბანკი უფლებამოსილია მიმართოს შსს - ს მომსახურების სააგენტოს გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით, შემდგომში ავტომობილის რეალიზაციის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილობითი გაფრთხილება (ს.ფ. 51)
3.1.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 04 აპრილის დასკვნის თანახმად, ავტომობილის “G--------------ის (სახ. ნომერი M------, საიდენტიფიკაციო ნომერი L----------------) საბაზრო ღირებულებამ დღევანდელი დღის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგინა 10 800 აშშ დოლარი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსით შეადგენს 25 880 ლარს. (20.04.2017)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ს.ფ. 106 - 113)
3.1.7. ხელშეკრულების შეწყვეტისა და ავტომობილის სარეალიზციოდ მიქცევის შემდგომ თ---------------–---–ის დავალიანების ოდენობა 2016 წლის 16 დეკემბრის მდგომარეობით განისაზღვრა სესხზე N 3------ სესხის ძირი თანხა - 2 487.95 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების შესახებ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. თ---------------–---–მა ვერ დაადასტურა სს „ს----------–--------ი“-ს მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად რას შეადგენდა მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა;
3.2.2. სს „ს----------–--------ი“-ს მხრიდან თ---------------–---–ისათვის ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმების დარღვევით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალ-წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალში მტკიცებულებათა სახეებად განსაზღვრულია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტთა დასკვნა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების სტანდარტი, კერძოდ, განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ძირითადი სარჩელით მოსარჩელე მხარის მტკიცებას ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობისა და მისი კალკულაციის შესახებ. დადგენილია, რომ სს „ს----------–--------ი“-ს მხრიდან ავტომანქანის ღირებულება განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარით. ასევე, დადგენილია, რომ თ---------------–---–ის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 04 აპრილის დასკვნის თანახმად, ავტომობილის “G--------------ის (სახ. ნომერი M------, საიდენტიფიკაციო ნომერი L----------------) საბაზრო ღირებულებამ დღევანდელი დღის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგინა 10 800 აშშ დოლარი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსით შეადგენს 25 880 ლარს. (20.04.2017).
სასამართლოს მიაჩნია, რომ სხვაობა რაც წარმოადგენს ბანკისა და მხარის მიერ ავტომობილის შეფასებაში განისაზღვრა 800 აშშ დოლარით, რაც ავტომობილის შეძენიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ და აღნიშნულის გამორიცხვის შემთხვევაშიც არ წარმოადგენს იმ რადიკალურ სხვაობას, რომ ეჭვ ქვეშ დადგეს და გავლენა იქონიოს ზიანის ფაქტის არსებობაზე.
რაც შეეხება, შეგებებული სარჩელის მოთხოვნას. დადგენილია, რომ 2016 წლის 14 ნოემბრის წერილით ბანკმა მოვალეს განუსაზღვრა 14 დღის ვადა და მოითხოვა საკრედიტო დავალიანების სრულად და ჯეროვნად დაფარვა ან გირავნობის და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ბანკის მფლობელობაში გადაცემა. მხარეებს შორის ხელშეკრულება დაიდო 2021 წლის 01 აპრილამდე. მსესხებელმა კრედიტორის წერილის მიღებიდან ორი დღის ვადაში ანუ ბანკის მიერ განსაზღვრულ 14 დღეში, 2016 წლის 16 ნოემბერს უზრუნველყო მიმდინარე დავალიანების, როგორც ძირი თანხის ასევე პროცენტის დაფარვა, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა ბანკმა მოახდინა ავტომანქანის მხარისათვის ჩამორთმევა და ხელშეკრულების შეწყვეტა, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და კეთილსინდისიერების პრინციპს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ ხელშეკრულების 9.2.1.1 პუნქტის შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება, ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათ შორის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მართლსაწინააღმდეგოდ უნდა ჩაითვალოს უფლების განხორციელება, რომელიც სხვა პირს ზიანს აყენებს და „არ ისახავს უფლების განხორციელების აუცილებელობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას“. (ას -1535-1438-2012). მართალია, ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 50-ე და 327-ემუხლებიდან გამომდინარე, მხარეთა ნების გამოვლენაა და მხარეები ყველა მის არსებით პირობაზე უნდა შეთანხმდნენ, მაგრამ ისეთ სამართლებრივ ურთიერთობაში, როდესაც გარიგების ერთ-ერთი მხარე მსხვილი საწარმოა ბანკის სახით, ხოლო მეორე მხრივ ფიზიკური პირი, მოლაპარაკების ძალთა ბალანსი არ დაიცვა კრედიტორმა. კერძოდ, ხელშეკრულების დადების მომენტში მას გათავისე-ბული ქონდა რა ვადით გაცემდა თანხას, ამასთან, წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან ორი დღის ვადაში არ არსებობდა მიმდინარე დავალიანება და მაინც შეწყვიტა ხელშეკრულება. სწორედ ამიტომ, ბანკის მხრიდან აღნიშნული უფლების გამოყენება ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების პრინციპს და წარმოადგენს ბანკის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, და ვერ ადასტურებს თუ რა უფლების დაცვას ემსახურებოდა მისი აღნიშნული ქმედება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილობითი გაფრთხილება (ს.ფ. 51)
- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 207)
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ თ---------------–---–ის სარჩელი და ს----------–--------ის შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 352-ე, 361-ე, 405-ე, 867-ე, 873-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
ძირითად სარჩელთან დაკავშირებით:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
მოსარჩელე თ---------------–---–მა საკუთარი ინიციატივითა და მხარეებთან პირობების შეთანხმებით უზრუნველყო ერთის მხრივ შპს „ი-–--------------------------სთან“ და მეორეს მხრივ სს „ს----------–--------თან“ სახელშეკრულებო ურთიერთობების დამყარება.
ძირითადი სარჩელით მოთხოვნას წარმოადგენს ბანკის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თუმცა, ზიანის ოდენობად მხარე ასახელებს შპს „ი-–--------------------------“-სთვის გადახდილ 3 000 აშშ დოლარს. ამასთან, მხარე თავადვე განმარტავს, რომ კომპანიისთვის აღნიშნული თანხის გადახდა უზრუნველყო ბანკთან ურთიერთობის წამოწყებამდე, შესაბამისად, გაურკვეველი და უსაფუძვლოა მესამე პირისათვის გადახდილი თანხის გადახდის დაკისრება ამჟამინდელი მოპასუხისთვის. მითუფრო, იმ პირობებში, როდესაც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მოთხოვნათა კალკულაცია. ასევე დაუსაბუთებელია, სასარჩელო მოთხოვნები დანარჩენ ნაწილშიც.
შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით:
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, სს ''ს----------–--------ი'', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე თ---------------–---–ი შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას მასზედ, რომ მოპასუხე მხარე არ ასრულებდა ჯეროვნად ფულადი ვალდებულების შესრულებას. ამის საპირისპიროდ მეტყველებს საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებები და სესხის დაფარვის გრაფიკი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
კერძო სამართალში მოქმედი მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი მოიცავს ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის თავისუფლებას. მხოლოდ მხარეთა რეალური თანასწორობის პირობებში მოქმედებს სრულყოფილად ეს პრინციპი, ხოლო იქ, სადაც მხარეები მხოლოდ ფორმალურად არიან თანასწორი, რეალურად კი - ერთ-ერთი მხარე აშკარა უპირატესობით სარგებლობს ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისას, მეორე მხარეს კი მხოლოდ - შეთავაზებულ პირობებზე დათანხმება ან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა შეუძლია, ამ დროს ნების ავტონომია სრულყოფილად ვერ ხორციელდება და მხარეთა ინტერესების სამართლიანი გათანაბრების მიზნით კანონი უშვებს ხელშეკრულების შინაარსის კონტროლს.
სამოქალაქო კოდექსის ტენდენცია, რომ დამოუკიდებელი მოწესრიგების ფარგლებში მოაქციოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, მეტყველებს იმაზე, რომ კანონმდებლის მიერ გაზიარებულია ეკონომიკურ ურთიერთობებში დანერგილი „ძლიერი“ და „სუსტი“ მხარის იურიდიული მოდელი, რომლის ფუნქციაა, უზრუნველყოს არათანაბარ პირობებში მყოფი მხარეების, ეკონომიკურად უფრო სუსტი მხარის სამართლებრივი მდგომარეობა და დაიცვას ისინი საბანკო ურთიერთობებში არსებული ჩვეულებრივი რისკებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსი ამკვიდრებს ურთიერთობის მონაწილეთა დაცვის ერთიან სტანდარტს, „სუსტი მხარის“ ინტერესების დაცვის აუცილებლობა და აღნიშნული მიზნების სამართლიანი განხორციელება მოითხოვს კანონით გარანტირებული მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან ფორმალურ გადახვევას. პოზიციური ბალანსის დაცვა ფაქტობრივად უზრუნველყოფს სუსტი მხარის დამატებით უფლებებს და შესაბამისად, აკისრებს მის ოპონენტს იმაზე მეტ ვალდებულებებს, ვიდრე სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში. ამავდროულად, სასამართლო განმარტავს, რომ „სუსტი მხარის“ დეფინიცია არ გულისხმობს პირის სტატუსს, არამედ მის მდგომარეობას სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საქმეზე არ დგინდება აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად მოსარჩელე მხარის მიერ შესაბამისი მოქმედების განხორციელება. კერძოდ, სახეზეა შეტყობინების გაგზავნა ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, თუმცა, ამავდროულად, შეტყობინების მიღებიდან ორი დღის ვადაში მოვალის მხრიდან განხორციელდა მიმდინარე დავალიანების დაფარვა. შესაბამისად, ბანკის მხრიდან ვალდებულების შეწყვეტა ეწინააღმდეგება სწორედ კეთილსინდისიერებისა და სუსტ და ძლიერ მხარეს შორის საჭირო ძალთა ბალანსის დაცვას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვინაიდან არ დაკმაყოფილდა არც ძირითადი და არც შეგებებული სარჩელი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ---------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. სს „ს----------–--------ი“-ს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე