გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.03.2019
საქმის ნომერი
330310018002659806
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6199-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ხაჟომია

 

სხდომის მდივანი გვანცა გერმანიშვილი

 

მოსარჩელე - გ------- ა------ე

წარმომადგენელი - ლ--–- თ--------ე-ა----–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურა

წარმომადგენელი - ნ------- ჯ----–--ე

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს ზიანის ანაზღაურება გ------- ა------ის მიმართ - 12 600 (თორმეტიათას ექვსასი) ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის სახით, ხოლო მორალური ზიანის სახით 150 000 (ასორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. (იხ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება, 2019 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი 12:55:02-12:56:11სთ და 2018 წლის 23 ოქტომბრის დაზუსტებული სასარჩელო განცხადება (ს.ფ.71-79)).

 

2. მოპასუხის და მესამე პირის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.2. მესამე პირს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენით გ------- ა------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ------- ა------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2006 წლის 6 სექტემბრიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენი №1/ა.გ.496-17 საქმეზე (ს.ფ.11-37).

 

3.2. გ------- ა------ის პირადი საქმიდან ამონაწერის თანახმად (ცნობის ასლი №0675919), გ------- ა------ე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში 2006 წლის 6 სექტემბრიდან 2011 წლის 4 მარტამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ------- ა------ის პირადი საქმიდან ამონაწერი - ცნობის ასლი №0675919 (ს.ფ.172).

 

3.3. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა შუამდგომლობით მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის განაჩენის გადასინჯვა მსჯავრდებულ - გ------- ა------ის მიმართ, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენით (№1/ა.გ.496-17 საქმეზე) საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის განაჩენი. გ------- ა------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენის მიხედვით, 2015 წლის 27 ივლისის საქართელოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №074270715803 საქმე, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 3691 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. სახელმწიფო ბრალმდებლის მითითებით, მოცემულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მსჯავრდებულის უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები, გამოვლინდა ახალი გარემოებები, რომელიც ბრალდებულის სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვისას არ იყო ცნობილი. მსჯავრდების საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამ მტკიცებუებათა დადგენილი გარემოებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებულ მტკიცებულებებთან. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებული მსჯავრდებულის უფლებების (თავისუფლების, სამართლიანი სასამართლო, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა) არსებით დარღვევის ფაქტი არ იყო ცნობილი გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს. აღნიშნული უფლებების დარღვევის ფაქტი დადგენილ იქნა მხოლოდ ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით და ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას.

 

განაჩენის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება გ------- ა------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლებების არსებითი დარღვევა, რაც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას და მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებულ მტკიცებულებებთან, რაც ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ გ------- ა------ეს არ ჩაუდენია მისთვის შერაცხული დანაშაული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენი №1/ა.გ.496-17 საქმეზე (ს.ფ.11-37).

 

3.4. გ------- ა------ის სს „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, 2007 წლის პირველი იანვრიდან 2011 წლის 30 აპრილის ჩათვლით გ------- ა------ის ანგარიშზე ჩარიცხული 12 600 (თორმეტიათას ექვსასი) ლარი, რომელიც გამოყენებულ იქნა სხვადასხვა საქონლის/მომსახურების შესასყიდად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ------- ა------ის სს „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ.38-55).

 

3.5. ქ. სამტრედიის მ/პოლიკლინიკის შპს „მკურნალის“ ცნობის (სერია №095196) თანახმად, მ-----– ა------ე (მოსარჩელის თქმით _ მისი მამა) ცნობილ იქნა შრომისუუნაროდ მორიგი გადამოწმების თარიღამდე _ 2010 წლის პირველ დეკემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.სამტრედიის მ/პოლიკლინიკის შპს „მკურნალის“ ცნობა სერია №095196 (ს.ფ.57).

 

3.6. „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2016 წლის 18 მარტის ცნობის თანახმად, მ-----– ა------ის დიაგნოზად განსაზღვრულია ინსულტის გადატანის ნარჩენი მოვლენები, მარცხენამხრივი მნიშვნელოვნად გამოხატული ჰემიპარეზი, არტერიული ჰიპერტენზია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2016 წლის 18 მარტის ცნობა (ს.ფ.58).

 

3.7. შპს „საქართველოს რკინიგზის“ 2018 წლის 2 აგვისტოს №166 ცნობის თანახმად, მ-----– ა------ე (მოსარჩელის თქმით _ მისი მამა) მუშაობდა შპს „საქართველოს რკინიგზის“ დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოში 2001 წლის პირველი ივნისიდან 2009 წლის 10 სექტემბრამდე შემდეგ სტრუქტურაში: 1. 2001 წლის პირველი ივნისიდან მიღებულ იქნა სამტრედიის რეგიონის ლანდაგის შემკეთებელი კოლონის ლიანდაგის მონტიორად (მიღების ბრძანება №48, 01.06.2001წ.); 2. 2001 წლის 3 დეკემბრიდან გადაყვანილ იქნა სამტრედია II საოსტატოში ლიანდაგის მონტიორად (გადაყვანის ბრძანება №100, 30.11.2001წ.); 3. 2009 წლის 10 სექტემბრიდან შეუწყდა შრომითი ურთიერთობა საქართელოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს „საქართველოს რკინიგზის“ 2018 წლის 2 აგვისტოს №166 ცნობა (ს.ფ.59).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის (ძველი რედაქციით _ 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი მექანიზმი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით.

 

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტების (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ.), თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (08.04.2009წ. საქმეზე №ბს-972-936(3კ-08), „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია, არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენით გ------- ა------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) გათალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განაჩენით.

 

დადგენილია, რომ გ------- ა------ე იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში 2006 წლის 6 სექტემბრიდან 2011 წლის 4 მარტამდე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 მაისის განაჩენით (№1/ა.გ.496-17 საქმეზე) საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 აგვისტოს განაჩენი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის განაჩენი. გ------- ა------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულს პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.

 

ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.

 

6.2. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უკანონო პატიმრობით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

 

ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობის დადგენის მიზნებისთვის მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი მამა მ-----– ა------ე სამსახურიდან გაათავისუფლეს, რის გამოც მიიღო ინსულტი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მისი შრომისუუნარობის გამო ოჯახი იმყოფება გ------- ა------ის პენსიონერი დედის კმაყოფაზე. საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, მ-----– ა------ე სამსახურიდან გათავისუფლდა 2009 წლის 10 სექტემბერს. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული გარემოებებით არ დასტურდება 2006 წელს გ------- ა------ის დაკავებასა და 2009 წელს მისი მამის სამსახურიდან გათავისუფლებას, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შორის მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, სასამართლო ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში ვერ მიიღებს ამ გარემოებას. თუმცა, გასათვალისწინებელია მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობა, კერძოდ _ ის ფაქტი, რომ თავად მოსარჩელეს არ აქვს შემოსავალი.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის _ იმის გათვალისწინებით, რომ პირის ბრალდება ეფუძნებოდა გამოძიების პროცესში მისი უფლებების (თავისუფლების, სამართლიანი სასამართლო, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა) დარღვევას, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს უკანონო პატიმრობით გამოწვეულ მორალურ ტანჯვას, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხაა 35 000 ლარი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 35 000 ლარის გადახდა.

 

6.3. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 12 600 (თორმეტიათას ექვსასი) ლარის ოდენობით. კერძოდ, აღნიშნული თანხა მოიცავს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას საკვებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო შესაძენად ჩარიცხულ თანხას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვების პროდუქტებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით.

 

ამავე კოდექსის 23-ე მუხლით დარეგულირებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვებასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება. მე-3 ნაწილის მიხედვით, ბრალდებული/მსჯავრდებული ადმინისტრაციამ ყოველდღიურად უნდა უზრუნველყოს სამჯერადი კვებით. მე-7 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.

 

მსგავს დანაწესს ითვალისწინებდა ასევე 2010 წლის პირველ ოქტომბრამდე მოქმედი „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრებელი სადგომით, კვებით, ტანსაცმლითა და შრომის უსაფრთხოებით.

 

მითითებული კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვების ორგანიზაცია უნდა შეესაბამებოდეს მოსახლეობის კვების ტრადიციებს და შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის დაქვეითება. მე-4 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სასმელი წყალი.

 

ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველჰყოს თავისუფლებაშეზღუდული პირისათვის, მათ შორის არასრულწლოვანისათვის, აუცილებელი სოციალური თუ პირადი უფლებების დაცვა, უზრუნველყოს იგი საცხოვრებლით, კვებითა თუ პირადი ჰიგიენით. ამდენად სახელმწიფო, პირის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ ვალდებულია, იზრუნოს მასზე და უზრუნველჰყოს იგი კანონით დადგენილი აუცილებელი პირობებით. შესაბამისად, ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულისათვის სხვა დამატებითი პირობების უზრუნველყოფის მიზნით საკვებისა და სხვა პირადი ნივთების შეძენა სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღაზიაში ხორციელდება ინდივიდუალურად, ოჯახის შეხედულების და შესაძლებლობის მიხედვით. ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას აუცილებელია შეფასდეს, რეალურად საჭირო იყო თუ არა ამ ხარჯის გაწევა და უშუალო კავშირშია თუ არა ბრალდებულის სახით წინასწარ პატიმრობაში ყოფნასთან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ პატიმრობაში ყოფნის გამო მოუწია რაიმე ისეთი სახის პროდუქტის თუ მომსახურების შეძენა, რასაც თავისუფლების შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში არ საჭიროებდა. შესაბამისად, ამ ნაწილში ზიანის ფაქტი არ დასტურდება და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. გ------- ა------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. საქართველოს გენერალურ პროკურატურას გ------- ა------ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 35 000 (ოცდათხტუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

1.2. მორალური ზიანის ანაზღაურების სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

1.3. მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ხაჟომია