გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.02.2019
საქმის ნომერი
330310018002702005
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №3/6856-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელები - მ-------------ა, დ------–----ა

 

მოპასუხე - შპს „A--------“

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - შპს „A--------“-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურების საფასურის - 252.60 ლარისა და აკუმულატორის საფასურის - 24 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის განმარტებით, ერთვის მხრივ საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა (შემდგომში ,,შემსრულებელი’’) და მეორეს მხრივ შპს „A--------“-ს (შემდგომში ,,დამკვეთი’’) შორის 2012 წლის 31 მაისს გაფორმებული იქნა N1----- ხელშეკრულება ქ. თბილისი, ღ----–--------------ში არსებული ოფისის დაცვითი სიგნალიზაციის მეშვეობით დაცვის შესახებ.

 

ხელშეკრულების თანახმად დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში ,,დაცვა’’) ხელშეკრულების 1.1 და 1.3 პუნქტის თანახმად ვალდებულებას იღებდა დამკვეთის ოფისის ,,დაცვა“ განეხორციელებინა ,,დამკვეთის მიერ ,,ობიექტის“ დაცვის ცენტრალური პუნქტზე ჩაბარებისა და ,,დაცვის“ მიერ ობიექტის დაცვაში აყვანის შემდეგ. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად დაცვის მომსახურების საფასური თვეში შეადგენდა 145 ლარს დღგ-ს ჩათვლით. 2.2 პუნქტის თანახმად კი ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა მომხდარიყო ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს. ,,დაცვამ’’ თავისი ვალდებულება პირნათლად შეასრულა, ხოლო ,,ობიექტის’’ მიერ დარღვეული იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 2.1 - 2.2. პუნქტები, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა და ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის შეადგინა 252.60 ლარი, რომელიც გაფრთხილების მიუხედავად მხარის მიერ დღემდე არ არის გადახდილი.

 

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის N2------ წერილის საფუძველზე მხარეთა შორის 2015 წლის 24 დეკემბრიდან შეწყდა ზემოთაღნიშნული ხელშეკრულება და გამოიცა სათანადო N2------ ბრძანება დაცვის მომსახურეობის შეწყვეტის შესახებ, მათ მიერ ასევე დღემდე არ იქნა გადახდილი შეცვლილი 7 ამპერიანი აკუმულატორის ღირებულება თანხით 24 ლარი, ხოლო ობიექტზე 2016 წლის 25 დეკემბერს მოიხსნა მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის აპარატურა და შედგა სათანადო ცნობა აპარატურის მოხსნისა და მისი ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.

 

შპს „A--------“-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის გადასახდელი აქვს, დაცვის მომსახურეობის და აკუმულატორის საფასური ჯამში 276.60 (252.60 +24) ლარი.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე „A--------“-ს წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 31 მაისს, შპს „A--------“-სა (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული), და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ,,დაცვა“ შესაბამისი მოკვლევის აქტის საფუძველზე იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო შპს „A--------“-ის ოფისის დაცვა (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ღ----–-------------) ,,დამკვეთის’’ მიერ ,,ობიექტის’’ დაცვის ცენტრალიზებულ პუნქტზე ჩაბარებისა და ,,დაცვის’’ მიერ ობიექტის დაცვაში აყვანის შემდეგ. დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენდა 145 (ასორმოცდახუთი) ლარს, დ.ღ.გ-ს ჩათვლით.

 

ამავე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების 5.1. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება ძალაში შედის ობიექტის დაცვაში აყვანის დღიდან და მოქმედებს ერთი წლის ვადით, ხოლო ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე, მხარეთა მიერ ხელშეკრულების გაწყვეტაზე წერილობითი შეტყობინების არ არსებობის შემთხვევაში, ხელშეკრულება ყოველწლიურად გაგრძელდება იგივე ვადით და იგივე პირობებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 31 მაისის ხელშეკრულება N1----- (ს.ფ. 11-13);

 

3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2012 წლის 07 ივნისის N7----- ბრძანების თანახმად, დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს 1-ლი სამმართველოს „125“-ის განყოფილებას დაევალა უზრუნველეყო ქ. თბილისში, ღ----–--------ში მდებარე შპს „A--------“-ის ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს 1-ელ სამმართველოს დაევალა ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზაში შეყვანა, რიგითი ნომრით N0-------. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს 1-ლი სამმართველოს N125 განყოფილების უფროსს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2012 წლის 07 ივნისის N7----- (ს.ფ. 14);

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის N2------ ბრძანებით, შეწყვეტილ იქნა შპს „A--------“-ის ობიექტის (ქ. თბილისი, ღ----–-------) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. ამავე ბრძანებით დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს 1-ელ სამმართველოს დაევალა, რომ უზრუნველეყო ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზიდან №0------- რადიოგადამცემზე ჩართული ობიექტის გათიშვა და აღნიშნული რადიოგადამცემის დემონტაჟი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2015 წლის 17 დეკემბრის N2------ ბრძანება (ს.ფ. 16).

 

3.1.4. შპს „A--------“-ს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ 2012 წლის 31 მაისის N1----- ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 07 ივნისის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება 252.60 (ორას ორმოცდათორმეტი ლარი და 60 თეთრი) ლარი, მათ შორის 145 ლარი 2015 წლის ნოემბრისთვის, ხოლო 107.60 ლარი 2015 წლის დეკემბრისთვის.

 

2018 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით, მოპასუხე შპს „A--------“-ს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება სიგნალიზაციის მონტაჟის დებიტორული დავალიანება 24.00 (ოცდაოთხი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 07 ივნისის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 17);

- 2018 წლის 16 აგვისტოს ცნობა (ს.ფ. 18)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების მე-22 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს.

 

რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, აღნიშნული პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება. ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული 2012 წლის 31 მაისის N1----- ხელშეკრულების პირობები, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა გადახდილი დაცვის მომსახურების ღირებულება 2015 წლის ნოემბერში - 145 ლარის ოდენობით, ხოლო დეკემბერში - 107,60 ლარის ოდენობით, სულ 252.60 ლარი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხე შპს „A--------“-ს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 252,60 (ორას ორმოცდათორმეტი ლარი და 60 თეთრი) ლარის ოდენობით.

 

6.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის აკუმულატორის საფასურის - 24 ლარის ანაზღაურება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მის მიერ მოპასუხის ობიექტზე განხორციელდა 7 ამპერიანი აკუმულატორის შეცვლა, ღირებულება თანხით 24 ლარი. საქმეში წარმოდგენილია 16.08.2018წ. (ს.ფ. 18) ცნობა სიგნალიზაციის მონტაჟის დავალიანების თაობაზე, თუმცა სასამართლო სხდომაზე მხარემ დაადასტურა, რომ სიგნალიზაციის მონტაჟის ღირებულებას არ ითხოვს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს მოპასუხე - შპს „A--------“-ისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ აკუმულატორის საფასურის - 24 ლარის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამავე დროს წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ითხოვდა მოპასუხე - შპს „A--------“-ის მიერ 276.60 ლარის გადახდას მოსარჩელის სასარგებლოდ, თუმცა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს - შპს „A--------“-ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 252.60 ლარის გადახდა, რაც წარმოადგენს სარჩელით მოთხოვნილი თანხის 91.32%-ს. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული თანხის პროპორციულად, რაც შეადგენს 91 (ოთხმოცდათერთმეტი) ლარს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე - შპს „A--------“-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურების ღირებულების - 252.60 (ორას ორმოცდათორმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა;

 

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

4. მოპასუხე - შპს „A--------“-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 91 (ოთხმოცდათერთმეტი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი