გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.02.2019
საქმის ნომერი
330310018002734160
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №3/7311-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენლები - მ-------------ა, დ------–----ა

 

მოპასუხე - გ---------–------

 

დავის საგანი - თანხის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - გ---------–------ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს სიგნალიზაციის აპარატურის მონტაჟის - 399.01 ლარის, დაცვის მომსახურეობის დავალიანების - 269.24 ლარის და პირგასამტეხლოს - 363.52 ლარის, ჯამში 1031.77 ლარის ანაზღაურება

 

მოსარჩელის განმარტებით, ერთის მხრივ საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა (შემდგომში ,,შემსრულებელი’’) და მეორეს მხრივ გ---------–------ს (შემდგომში ,,დამკვეთი’’) შორის 2014 წლის 27 ოქტომბერს და 10 ნოემბერს გაფორმებულ იქნა N1----- და N 1----- ხელშეკრულებები ქ. თბილისი, წ--------------------- არსებულ სახლში დაცვითი სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო სამუშაოების (შემდგომში მისი დაცვის მიზნით) ჩატარების შესახებ.

 

ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტის თანახმად ,,შემსრულებელი’’ ვალდებული იყო უზრუნველეყო ,,დამკვეთის’’ ობიექტზე შეესრულებინა დაცვითი სიგნალიზაციის სამონტაჟო-სამუშაოები, რაც დაცვის მიერ შესრულდა ჯეროვნად და სამუშაოს შესრულების შემდგომ 3.2.2 პუნქტის თანახმად გაფორმდა დაცვითი სიგნალიზაციის სისტემის მიღება-ჩაბარების აქტი, სამუშაოს ღირებულებით 399.01 ლარის ოდენობით, რომელიც მას დღემდე არ გადაუხდია.

 

,,დამკვეთის’’ მიერ ასევე არ შესრულდა აგარაკის დაცვის მომსახურების N1----- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში ,,დაცვა’’) ხელშეკრულების 1.1 1.3 პუნქტის თანახმად ვალდებულებას იღებდა დაცვა განეხორციელებინა ,,დამკვეთის’’ მიერ ,,ობიექტის’’ დაცვის ცენტრალურ პუნქტზე ჩაბარებისა და ,,დაცვის’’ მიერ ობიექტის დაცვაში აყვანის შემდეგ. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად დაცვის მომსახურების საფასური თვეში შეადგენდა 110 ლარს დღგ-ს ჩათვლით. 2.2 პუნქტის თანახმად კი ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა მომხდარიყო საგადახდო დოკუმენტის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. ,,დაცვამ’’ თავისი ვალდებულება პირნათლად შეასრულა, ხოლო ,,ობიექტის’’ მიერ დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 2.1 2.2 პუნქტები რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა და ხელშეკრულების შეწყვეტის დროისთვის შეადგინა 269.24 ლარი, რაც მიუხედავად ობიექტის არაერთი გაფრთხილებისა დღემდე არ იქნა გადახდილი.

 

ურთიერთშორის გაფორმებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულება - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 08 აგვისტოს N1------ წერილის საფუძველზე შეწყდა მხარეთა შორის და 2016 წლის 10 აგვისტოს გამოიცა სათანადო N2------ ბრძანება დაცვის მომსახურების 15 აგვისტოდან შეწყვეტის შესახებ, ხოლო ობიექტზე 2016 წლის 18 აგვისტოს მოიხსნა დროებით სარგებლობაში გადაცემული დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის აპარატურა და შედგა სათანადო ცნობა აპარატურის მოხსნისა და მისი ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.

 

ურთიერთშორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.7 პუნქტის თანხმად ,,ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ,,დაცვა’’ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,დამკვეთს’’ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2 %-ის ოდენობით’’, რამაც წარმოდგენილი დარიცხვით შეადგინა 363.52 ლარი.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე განსაზღვრულ პირობას, კერძოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, პირგასამტეხლო-მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ მოითხოვა მოპასუხისათვის სიგნალიზაციის მონტაჟის 399.01 ლარი, დაცვის მომსახურების დავალიანების 269.24 ლარი, ასევე ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს 363.52 ლარი, ჯამში საერთო თანხით 1031.77 ლარის დაკისრება.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გ---------–------ს წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებისას განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე მიუთითა სიგნალიზაციის მონტაჟის ნაწილში წარმოდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 27 ოქტომბერს, გ---------–------სა (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება მონტაჟის (ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით) შესახებ, რომლის თანახმად, ,,შემსრულებელი“ უზრუნველყოფდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას, დამკვეთის ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, წ---------------------

 

ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 134.54 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.

 

2014 წლის 10 ნოემბერს, გ---------–------სა (შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება მონტაჟის შესახებ, რომლის თანახმად, ,,შემსრულებელი“ უზრუნველყოფდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას, ,,დამკვეთის’’ ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. თბილისი, წ---------------------

 

ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 264.47 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 27 ოქტომბრის N1----- ხელშეკრულება (12-13);

- 2014 წლის 10 ნოემბრის N1----- ხელშეკრულება (15-16).

 

3.1.2. 2014 წლის 05 ნოემბრის დაცვითი - საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ - ინსტალაციის მიღება ჩაბარების აქტის თანახმად მოქალაქე გ---------–-----ის აგარაკზე, მდებარე ქ. თბილისი, წ----------------------ზე, 2014 წლის 27 ოქტომბრის N1----- მონტაჟის ხელშეკრულების საფუძველზე დამონტაჟდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის საშუალებები, საერთო ღირებულებით 134.54 ლარით.

 

2014 წლის 12 ნოემბრის დაცვითი - საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ - ინსტალაციის მიღება ჩაბარების აქტის თანახმად მოქალაქე გ---------–-----ის აგარაკზე, მდებარე ქ. თბილისი, წ----------------------ზე, 2014 წლის 10 ნოემბრის N1----- მონტაჟის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულდა დაცვითი-საგანაგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი-ინსტალაცია, საერთო ღირებულებით 264.47-ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაცვითი - საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ - ინსტალაციის მიღება ჩაბარების 2014 წლის 05 ნოემბრის აქტი (ს.ფ.22);

- დაცვითი - საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ - ინსტალაციის მიღება ჩაბარების 2014 წლის 12 ნოემბრის აქტი (ს.ფ.21).

 

3.1.3. 2014 წლის 27 ოქტომბერს, გ---------–------სა (შემდგომში ,,დამკვეთად“ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა N1----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დაცვა იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო გ---------–-----ის საცხოვრებელი აგარაკის დაცვა, ხელშეკრულების მისამართზე - ქ. თბილისი, წ---------------------. დამკვეთი ვალდებული იყო ყოველ საანგარიშო თვეში გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 110,00 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

 

ამავე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამკვეთს“ პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2014 წლის 27 ოქტომბრის N1----- ხელშეკრულება (18-20).

 

3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 06 ნოემბრის N2------ ბრძანების თანახმად, 2014 წლის 06 ნოემბრიდან დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს 1-ლი სამმართველოს „125“-ის განყოფილებას დაევალა უზრუნველეყო წ-----–ი, ნ-------------ში მდებარე გ---------–-----ის ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. დაცვის ორგანიზაციის მთავარ სამმართველოს ,,125-ის’’ განყოფილებას დაევალა ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზაში შეყვანა, რიგითი ნომრით N0-------. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალა დაცვის ორგანიზაციის მთავარ სამმართველოს პირველი სამმართველოს N125 განყოფილების უფროსის მოადგილეს ა. მ-----–-–---–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 06 ნოემბრის N2------ ბრძანება (ს.ფ. 23);

 

3.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 10 აგვისტოს N2------ ბრძანებით, შეწყვეტილი იქნა გ---------–-----ის ობიექტის (წ-----ი, N4-- ნაკვეთი) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. ამავე ბრძანებით დაცვის ორგანიზაციის მთავარ სამმართველოს 1-ელ სამმართველოს დაევალა, რომ უზრუნველეყო ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზიდან N0------- რადიოგადამცემზე ჩართული ობიექტის გათიშვა და აღნიშნული რადიოგადამცემის დემონტაჟი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 10 აგვისტოს N2------ ბრძანება (ს.ფ. 25).

 

3.1.6. გ---------–------ს, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ, 2014 წლის 27 ოქტომბრის N1----- ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 07 ივნისის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება, ყოველთვიური მომსახურების - 269.24 (ორასსამოცდაცხრა ლარი და 24 თეთრი) ლარი და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ ყოველ დღეზე 0.2% - 363.52 (სამასორმოცდასამი ლარი და 55 თეთრი) ლარი, სულ დებიტორული 632.79 (ექსასოცდათორმეტი ლარი და 79 თეთრი) ლარი.

 

2018 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით, მოპასუხე გ---------–------ს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ ერიცხება სიგნალიზაციის მონტაჟის დებიტორული დავალიანება 399,01 (სამასოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ერთი თეთრი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 07 ივნისის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 26);

- 2018 წლის 16 აგვისტოს ცნობა (ს.ფ. 29);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების მე-22 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს.

 

რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, აღნიშნული პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება. ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესრულებული იქნა 2014 წლის 27 ოქტომბრის N1----- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა გადახდილი დაცვის მომსახურების ღირებულება 269.24 ლარი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხე გ---------–------ს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 269.24 ლარის ოდენობით.

 

6.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგადამტეხლოს დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, შესრულებული ვალდებულების, დაკისრებული დავალიანებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე სასამართლო მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილ პირგასამტეხლოს - 363.52 ლარს, შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნევს და თვლის, რომ ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და გ---------–------ს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

 

6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, მოპასუხე - გ---------–------ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს სიგნალიზაციის აპარატურის მონტაჟის ღირებულება - 399.01 ლარის ოდენობით, სასამართლო მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.

 

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომელიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ასევე, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.

 

მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობა უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი დაცვითი - საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ - ინსტალაციის მიღება ჩაბარების 2014 წლის 05 ნოემბრის და 2014 წლის 12 ნოემბრის აქტების საფუძველზე დგინდება, რომ მოქალაქე გ---------–-----ის აგარაკზე, მდებარე ქ. თბილისი, წ----------------------ზე, 2014 წლის 27 ოქტომბრის N1----- მონტაჟის ხელშეკრულების საფუძველზე დამონტაჟდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის საშუალებები, საერთო ღირებულებით 134.54 ლარით და 2014 წლის 10 ნოემბრის N1----- მონტაჟის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულდა დაცვითი-საგანაგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟი-ინსტალაცია, საერთო ღირებულებით 264,47-ლარით, რის შემდეგაც, მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოპასუხის მიერ უნდა განხორცილებული მონტაჟი-ინსტალაციის ღირებულების გადახდა, რაიმე დამატებითი აქტი აღარ გამოიწერებოდა (იხ. 15.02.2019წ. სხდომის ოქმის 13:46:09-დან). შესაბამისად, ცალსახაა, რომ მოსარჩელისათვის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო დაცვითი - საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ - ინსტალაციის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტების შედგენიდან ( 2014 წლის 05 ნოემბრი და 2014 წლის 12 ნოემბრი) და ამოიწურა 2017 წლის ნოემბერში, სარჩელი კი სასამართლოსი წარდგენილი იქნა 22.11.2018წ., ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

ამდენად, იქიდან გამომდინარე, რომ გასულია 2014 წლის 27 ოქტომბრის N1----- - 2014 წლის 10 ნოემბრის N1----- მონტაჟის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნისათვის კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ამ ნაწილსი სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხანდაზმულობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამავე დროს წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ითხოვდა მოპასუხე - გ---------–-----ისთვის 1031,77 ლარის გადახდას მოსარჩელის სასარგებლოდ, თუმცა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს - გ---------–------ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 319,24 ლარის გადახდა, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული თანხის პროპორციულად, რაც შეადგენს 31 (ოცდათერთმეტი ლარი) ლარს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე - გ---------–------ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 319,24 (სამას ცხრამეტი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარის ანაზღაურება, საიდანაც 269,24 (ორას სამოცდაცხრა ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარი არის დაცვის მომსახურების ღირებულება, ხოლო 50 (ორმოცდაათი) ლარი - პირგასამტეხლო.

 

3. მოპასუხე - გ---------–------ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 31 (ოცდათერთმეტი ლარი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი